Blogეკონომიკაპოლიტიკა

კორუფციასთან ბრძოლა გადასახადების შემცირებით: საქართველოს საქმე

“ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა პოლიტიკის შეფასება მისი განზრახვით და არა შედეგებით” – მილტონ ფრიდმანი

საქართველოს გზა დამოუკიდებელ, თავისუფალ, ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილურ სახელმწიფომდე მშვიდობიანი ნამდვილად არ ყოფილა. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლისა და სისხლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 65%-ით შემცირდა. ეს იყო წარმოუდგენელი ეკონომიკური კოლაფსი პოსტ-საბჭოთა სახელმწიფო სტანდარტებითაც კი. 

1992-1994 წლებში ინფლაციამ საშუალოდ 7 000% შეადგინა. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის აქამდე ძალიან მჭიდრო ურთიერთობა განაგრძობდა ჩამოშლას. ამას მოჰყვა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ მძიმე სანქციების დაწესება და სავაჭრო ბრუნვის შემცირება, რამაც ამ უკანასკნელის მთლიანი შიდა პროდუქტის საგრძნობი კლება გამოიწვია. 

საქართველოს პრო-ევროპულმა მისწრაფებამ კიდევ უფრო მეტად დაამძიმა არსებული სიტუაცია. რაც უფრო დასავლურ გეზს იღებდა საქართველო, მით მეტი იყო რისკი, რუსეთის იაფ ენერგიაზე წვდომა დაეკარგა და ქვეყანაში ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გაეძვირებინა. ვინაიდან ეს ორი ეკონომიკა ერთმანეთზე იყო ურთიერთგადაჯაჭვული, რუსეთის 1998 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა და კორუფციის დონის ზრდამ დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზეც. 

კორუფციის გამომწვევი მიზეზები საქართველოში

სანამ ეფექტურ რეფორმებზე ვისაუბრებდეთ, აუცილებელია განვიხილოთ, საერთოდ რატომ ან როგორ გახდა საქართველო ასეთი კორუმპირებული ადგილი. 

მიუხედავად იმისა, რომ სოციალიზმის დაძლევამ გააუმჯობესა ზოგადი გამჭვირვალობის დონე, პოლიტიკოსები და საგადასახადო მოხელეები საგადასახადო სისტემის შექმნისას მაინც მიკერძოებულნი იყვნენ. 1999 წელს წინასწარ დაგეგმილი შემოსავალი ქაღალდზე რომ დაეკმაყოფილებინა, მთავრობამ თაღლითური აღრიცხვის მეთოდები გამოიყენა – ერთი ხაზიდან მეორე ხაზში თანხის “გადაგზავნა” და ფიქტიური საგადასახადო კომპენსაციების შემოღება სწორედ ამის მაგალითებია. ეს კი გამოწვეული იყო იმით, რომ წინა მთავრობამ მათ ზედმეტი ინტერვენციებისა და შეცდომებისაგან დაცარიელებული ხაზინა დაახვედრა. 

ახალშექმნილი დემოკრატიები კორუფციის მიმართ უფრო მოწყვლადნი არიან, ვინაიდან პოლიტიკოსები საარჩევნო ხმების მისაღებად იმაზე უფრო მეტად ზრუნავენ, როგორ გამოიყურება საგადასახადო სისტემა, ვიდრე იმაზე, თუ რამდენად კარგად მუშაობს ის. ბევრი რამ იმალება. საგადასახადო მოხელეები რეალური შემოსავლების მალვაში იღებდნენ ფინანსურ სარგებელს. 

ვარდების რევოლუცია და რეფორმები

2003 წლის ვარდების რევოლუცია ქართულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ისტორიაში შემობრუნების წერტილი იყო. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მნიშვნელოვანი სამმართველო რეფორმები გატარდა მძიმე ეკონომიკური სიტუაციის დასაძლევად. კორუფციის აღმოსაფხვრელად დაიწყო კორუმპირებული პირების დევნა და საგადასახადო სისტემის გამარტივება. 

მთავრობის ბრმად ნდობის ჩვევის დასაძლევად, რომელიც მოსახლეობას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ჰქონდა შემორჩენილი, დაიწყო მასობრივი დერეგულაციის პროცესი. შემცირდა სახელმწიფო კონტროლი დამოუკიდებელ ინსტიტუციებზე, რამაც ხელი შეუწყო მათ პრივატიზაციას. შედეგად არასახელმწიფოებრივი სექტორებში გაიზარდა ეკონომიკური სარგებელი. 

პროდუქტიულობის პირველ შემაფერხებლად დასახელდა მაღალი ზღვრული გადასახადები. მთავრობამ 2004 წლის საგადასახადო კანონმდებლობით  დაბეგვრის სახეობების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა – ოციდან დარჩა მხოლოდ შვიდი, რამაც სისტემა გაამარტივა. დამატებითი ღირებულებისა და სახელფასო გადასახადები შემცირდა, ძველი პროგრესული გადასახადები კი ფიქსირებულმა საშემოსავლო გადასახადებმა ჩაანაცვლა.  

რეფორმები გასცდა გადასახადებს და მოიცვა საჯარო რეესტრები, ბიზნეს რეგულაციები, საბაჟო, საგზაო პოლიცია და ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა. ამ ცვლილებებმა ინდივიდებისათვის უფრო მიმზიდველი გახადა დინამიკურ ეკონომიკურ პროცესებში ჩართვა და ხელი შეუწყო ბიზნესის კეთებისათვის უფრო სტაბილური, დაცული ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებას.

შედეგად 2010 წელს გადასახადების შეგროვებამ მშპ-ს 25% შეადგინა, რაც საგრძნობი ზრდაა 2003 წლის 12%-თან შედარებით. გარდა ამისა, საქართველოს გლობალური რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რამაც ის პოსტსაბჭოთა სფეროში ბიზნესის კეთების ლიდერად აქცია. 

მიზესისა და ჰაიეკის ეკონომიკური თეორიის განხორციელება

ექსპერტები ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოს პოლიტიკას ლუდვიგ ფონ მიზესისა და ფრიდრიხ ჰაიეკის კლასიკური ლიბერალური ეკონომიკური თეორიის განხორციელებად მიიჩნევენ. მართლაც, ყოვლისმომცველმა დერეგულაციის პროგრამამ და მინიმალურმა რეგულაციურმა ჩარჩომ საქართველოს ეკონომიკა არნახულად გააუმჯობესა. 

აქამდე რეგიონში ცნობილი, როგორც კორუფციისა და მაღალი კრიმინალური აქტივობის კერა, საქართველო ახლა სულ სხვა სახით მოექცა ყურადღების ცენტრში. მსოფლიო ბანკმა იგი 2005-2010 წლების საუკეთესო გლობალურ რეფორმატორად დაასახელა. 2007 წელს საქართველომ მშპ-ს 12,5%-იანი ზრდა განიცადა, რამაც იმ წელს ზრდის მაჩვენებლით საუკეთესო სამეულში მოაქცია. ასეთი გაუმჯობესება მეტწილად სწორედ საგადასახადო სისტემის სტრატეგიულ გამარტივებასა და შემცირებას მიეწერება. 

ეკონომიკური თავისუფლება და დემოკრატია არაა ექსკლუზიურად ურთიერთგადაჯაჭვული. მიუხედავად სამოქალაქო თავისუფლებების მუდმივი რღვევისა, ჰონგ-კონგი შედარებით ღია ბაზარს ინარჩუნებს. არც დემოკრატიულობა განსაზღვრავს იმას, ეკონომიკურად ლიბერალური იქნება ქვეყანა, თუ არა. 1990-იან წლებამდე ინდოეთს ჰქონდა დემოკრატიული სტრუქტურა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ეკონომიკა საერთაშორისო ასპარეზზე.

მიუხედავად ამისა, ამ ორ ფაქტორს შორის კავშირი არ უნდა უგულებელვყოთ. საქართველოს მაგალითი ამტკიცებს ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლების კორელაციას. ეკონომიკური თავისუფლება, რომელიც ზოგად თავისუფლებაში დიდ როლს თამაშობს, პოლიტიკური თავისუფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია.


ავტორი

  • მარიამ ბერძენიშვილი

    მარიამ ბერძენიშვილი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ის ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტები თავისუფლებისთვის" ევროპული პროგრამების სტაჟიორი. მისი კვლევის სფერო მოიცავს თემებს, როგორებიცაა: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რუსეთი და ჰიბრიდული ომი, ენერგოუსაფრთხოება, პოლიტიკური კრიზისი და კონფლიქტის ეკონომიკური დანახარჯები. იგი ასევე არის ეკონომიკის ლექტორი "დიპლომატიის სკოლაში" და ონლაინ ჟურნალი "SpeakFreely"-ის მიმომხილველი.

მარიამ ბერძენიშვილი

მარიამ ბერძენიშვილი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ის ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტები თავისუფლებისთვის" ევროპული პროგრამების სტაჟიორი. მისი კვლევის სფერო მოიცავს თემებს, როგორებიცაა: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რუსეთი და ჰიბრიდული ომი, ენერგოუსაფრთხოება, პოლიტიკური კრიზისი და კონფლიქტის ეკონომიკური დანახარჯები. იგი ასევე არის ეკონომიკის ლექტორი "დიპლომატიის სკოლაში" და ონლაინ ჟურნალი "SpeakFreely"-ის მიმომხილველი.