Blog

ნოვი სადის ტრაგედია და სერბეთის საპროტესტო ტალღა: სისტემური ცვლილებების მოთხოვნა სერბეთში

ხანდახან, უსამართლობას წლების განმავლობაში იტანს ეროვნული ცნობიერება, ზოგჯერ კი, ერთი მოვლენა საბოლოოდ ტეხავს ნავსს და გადმოხეთქავს ,,მოშუშებული”, თუ ჯერ კიდევ ღია ეროვნული ჭრილობების სისხლი, პროტესტის ტალღად ქცეული, რომელიც ბრძოლით ჩამორეცხავს მთავრობათა დანაშაულებს. სწორედ ასე მოხდა სერბეთის შემთხვევაში, რომლის ფართომასშტაბიანმა პროტესტებმა გაარღვია ეროვნული საზღვრები და ხმა მთელ მსოფლიოს მიაწვდინა. 

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც 2024 წლის პირველ ნოემბერს, სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქში, ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ჩამოინგრა ბეტონისა და მინის კონსტრუქცია, რამაც  16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 9 და 5 წლის ბავშვებისა.  2022 წელს, თავად სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა გახსნა ნოვი სადის სადგური და ის ევროპისა და პროგრესული სერბეთისკენ მიმავალ გზად შერაცხა. სერბმა ხალხმა, კი მის მიმართულებად დაინახა კორუფცია და უსამართლობა, რამაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გამოიწვია.

მომხდარმა ტრაგედიამ და სტუდენტების მიერ ორგანიზებულმა ანტიკორუფციულმა გამოსვლებმა მალევე გაიკვლია გზა ყველა ასაკისა და შეხედულების სერბს შორის და დაიწყო  ცვლილებების მსურველი და წარსული შეცდომებით დაღლილი ადამიანების მრავალათასიანი პროტესტი. 

2024 წლის პირველი ნოემბრის შემდეგ, საპროტესტო ტალღა სულ უფრო და უფრო ძლიერდება.  სტუდენტების მარშმა, რომელმაც ბელგრადიდან ნოვი სადამდე არსებული 80 კილომეტრი დაფარა, ხალხი სახლებიდან ქუჩაში, ქუჩებიდან კი მაგისტრალებზე გამოიყვანა. სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქცია ერთი რამით გამოირჩევა – ის მოძრავია.

წაწერა: “შენს ხელებზე სისხლია” [ფოტო: Darko Vojinovic/Alamy]

პროტესტის რუკა

ნოემბრიდან მოყოლებული, პროტესტის ტალღა არ გაყინულა ერთ ადგილზე, არამედ მოიცვა საკვანძო მნიშვნელობის მქონე მაგისტრალები, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და კულტურული ცენტრები, ათობით კილომეტრიანი მარშებით გადაკეტა გზები.

სერბ მომიტინგეებს რამდენიმე მთავარი მოთხოვნა აქვთ: მთავრობის მიერ ოფიციალური პასუხისმგებლობის აღება ნოვი სადის ტრაგედიაზე, ნოვი სადის რკინიგზის სადგურის ჩინეთის მიერ ორგანიზებულ რემონტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის გამოქვეყნება  და წინა საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების წინააღმდეგ საქმეების დასრულება.

პროტესტთა მამოძრავებელ ძალას სტუდენტები და უნივერსიტეტები წარმოადგენენ. მარშებსა და ბლოკადებში აქტიურად მონაწილეობენ როგორც სტუდენტები, ასევე მათი ლექტორები. ბელგრადის დრამატული ხელოვნების ფაკულტეტის (Faculty of Dramatic Arts) სტუდენტებზე თავდასხმას მოჰყვა უნივერსიტეტების ბლოკირება სტუდენტების მიერ როგორც ბელგრადში, ასევე ნოვი სადსა და სხვა ქალაქებში. 

22 ნოემბერს, სახურავის ჩამონგრევიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, ბელგრადის დრამატული ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა 15-წუთიანი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულებს, როდესაც მათ თავს დაესხნენ და სიტყვიერი, თუ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საპასუხოდ, სტუდენტებმა უნივერსიტეტის ბლოკადა დაიწყეს, მოითხოვეს თავდამსხმელების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა. ბლოკადას სხვა ფაკულტეტებიც შეუერთდნენ

 გამოძიებამ დაადგინა, რომ სტუდენტებზე თავდამსხმელები მმართველი, სერბეთის პროგრესული პარტიის (SNS) წევრები იყვნენ. მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია და სტუდენტები აქტიურად ითხოვენ დამნაშავეთა დასჯას. 

სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია პროტესტის შემდეგი ფორმა: ყოველ დღე, 11:52-ზე, იმ დროს, როდესაც დატრიალდა ნოვი სადის ტრაგედია, ხალხი ჩერდებოდა და 15 წუთიანი დუმილით პატივს აგებდა შემთხვევის შედეგად დაღუპულ ადამიანებს. სიმბოლური მნიშვნელობის შენობებისა და ადგილების გადაკვეთა ასევე დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო სერბ ხალხში კოლექტიური ტკივილისა და პროტესტის გასაღვიძებლად. 

,,სამი თვე – სამი ხიდის” პროტესტის ფორმატში, ნოვი სადის მნიშვნელოვანი ხიდები და მისი მიმდებარე ტერიტორიები ათასობით ადამიანით გაივსო. აქციის დაწყებამდე ქალაქში შესასვლელი გზები მანქანებით იყო გადაჭედილი, რადგან ხალხი ბელგრადიდან და სერბეთის სხვა ქალაქებიდან ნოვი სადში ჩასვლას ცდილობდა. ხიდების ბლოკირებაში მონაწილე პირების დასახმარებლად, 2025 წლის 30 იანვარს ბელგრადიდან სტუდენტთა მარში დაიძრა, რომლებიც ნოვი სადის პროტესტის მონაწილეებს 31 იანვარს შეუერთდა. ხიდზე, სიმბოლური ჟესტით, სტუდენტებმა გაცვალეს, როგორც ბელგრადისა და ნოვი სადის, ასევე ამ ორი ქალაქის  უნივერსიტეტების დროშები.  ისინი ერთად გაემართნენ მთავარი რკინიგზის სადგურისკენ, სადაც 15 წუთიანი დუმილით პატივი მიაგეს ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. 

აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ფორმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სამთავრობო, თუ სამოქალაქო მანქანების მიერ აქციის მონაწილეებში შევარდნა და მათთვის ზიანის მიყენება. ერთ-ერთი აქციის დროს, მაშინ, როდესაც დემონსტრანტებს გზა 15 წუთიანი ბლოკადით უნდა გადაეკეტათ, ავტომობილი გამიზნულად წავიდა მათი მიმართულებით და დაეჯახა ერთ-ერთ მონაწილეს. იყო სხვა შემთხვევაც, როდესაც პოჟარევაცის აქციის დროს, მამაკაცი დემონსტრანტებში შევარდა და რამდენიმე მათგანი დააზარალა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა არ აუღია ამ შემთხვევებზე. პოჟარევაცის შემთხვევის საქმეზე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ეს ადამიანი უბრალოდ ,,თავის გზაზე მიდიოდა” და კანონი არ დაურღვევია.

სერბული პროტესტის დინამიკის პიკია 15 მარტის საპროტესტო აქცია, სადაც აქციის მონაწილეთა რიცხვმა რეკორდულ რაოდენობას მიაღწია.  დამსწრეთა რაოდენობის შესახებ რამდენიმე ვერსია გავრცელდა: მთავრობის განცხადებით, მონაწილეთა რაოდენობა 107 000 იყო, დამოუკიდებელი წყაროების მიხედვით კი, დემონსტრანტების რაოდენობა 100 000-დან 325 000-დე მერყეობდა.  

ბელგრადი | 15 მარტი, 2025 [ფოტო: Srdjan Stevanovic/Getty Images]

ხელისუფლების სტრატეგია – რა ხდებოდა 15 მარტის აქციამდე?

ვითარება სერბეთში ჯერ კიდევ 15 მარტამდე დაიძაბა, როდესაც მთავრობა ყველანაირად ეცადა, ხელი შეეშალა აქციის მონაწილეებისთვის. პრეზიდენტის მხარდამჭერებმა პრეზიდენტის სასახლის წინ მდებარე პარკში ბანაკის გაშლა დაიწყეს. ამასთანავე, მთავრობა ერთი კვირით ადრე იუწყებოდა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენებდა ძალას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. 

ხელისუფლების განცხადებით,  ,,უსაფრთხოების მიზეზების გამო” შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოქმედებაც, ხოლო ბელგრადისკენ მიმავალი გზები მანქანების კოლონით გადაიკეტა – გაჩნდა ეჭვი, რომ ამგვარი ზომები ხალხის აქციაზე მისვლის აღსაკვეთად მიიღეს. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა და კიდევ უფრო მეტად გაფართოვდა. 

მედია პროტესტის ეპიცენტრში 

კორუფციის, უსამართლობისა, თუ სხვა პრობლემებთან ერთად, აქციის მონაწილეთა თქმით, სერბეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას მიკერძოებული მედია წარმოადგენს. 15 აპრილს სტუდენტებმა დაიკავეს სერბეთის მთავარი სამაუწყებლო არხის შენობა (RTS– Radio-televizija Srbije). ტელევიზია მათ ყურადღებას არ აქცევდა, ამიტომაც, თავად მიიქციეს მათი ყურადღება და ღიად დაადანაშაულეს პროტესტის არსის უყურადღებობასა და მთავრობის მხარდაჭერაში. ბლოკადის მოსახსნელად, სერბი სტუდენტები ელექტრონული მედიის მარეგულირებელი ორგანოს (REM) სათავეში ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნას მოითხოვდნენ, რომელიც უზრუნველყოფს პლურალიზმსა და განსხვავებულ პერსპექტივებს მედიაში. ბლოკადა ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა, რომლის დროსაც, შენობის დატოვება ნებისმიერს შეეძლო, ხოლო შესვლა არავის. ზოგიერთი თანამშრომელი პოლიციის თანხლებით შეიყვანეს, რამაც მომიტინგე სტუდენტებთან დაძაბულობა გამოიწვია. ამ პერიოდში RTS ჩვეულებრივზე ნაკლებ პროგრამას გადასცემდა. 

ბლოკადის დაწყებიდან 14 დღეში, მას შემდეგ, რაც პარლამენტის კულტურისა და ინფორმაციის კომიტეტმა გააუქმა ელექტრონული მედიის მარეგულირებელი ორგანოს, REM-ის საბჭოს წევრების შესარჩევი ძველი კონკურსი და ახალი პროცესი დაიწყო. ეს მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა იყო. 

სერბეთის საზღვრებს გარეთ

3 აპრილი, 2025 | სერბი სტუდენტები სტრასბურგში ველოსიპედებით გაემართნენ ევროკავშირის მხარდაჭერის მოსაპოვებლად (ფოტო: AP Photo/Marko Drobnjakovic)

საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მეთოდად, სერბმა სტუდენტებმა პროტესტის მასშტაბები კიდევ უფრო მეტად გაზარდეს და წამოიწყეს ველოსიპედების მარში სტრასბურგის მიმართულებით. დაახლოებით 80 სტუდენტისგან ფორმირებულმა ჯგუფმა ჯგუფმა ნოვი სადი 3 აპრილს დატოვა და, ძლიერი წვიმისა და სიცივის პირობებში, 1300 კილომეტრზე მეტი გაიარა. სტუდენტთა განცხადებით, გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებულ პროტესტებს საკმარის ყურადღებას არ აქცევენ არც ევროპაში, არც სერბულ მედიაში. 

პრემიერის გადადგომა – პროტესტის წარმატება?

19 მარტს, სერბეთის პარლამენტმა ოფიციალურად მიიღო პრემიერ-მინისტრ მილოშ ვუჩევიჩის გადადგომა, რომელმაც პოსტი ჯერ კიდევ 28 იანვარს დატოვა. ამის შედეგად, სერბეთის მთავრობას ახალი მთავრობის ფორმირებისთვის ან ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის 30-დღიანი ვადა დაეკისრა. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტ ვუჩიჩს 30 დღე ჰქონდა იმისთვის, რომ ახალი მთავრობა წარედგინა, ან ვადამდელი არჩევნები ჩაეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი შეხედვით მრავალთვიანი პროტესტის წარმატებად მიიჩნევა, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ვადამდელი არჩევნები, თუ ახალი მთავრობა სიტუაციის დარეგულირების საშუალება. 

16 აპრილს, წინა მთავრობის გადადგომის კანონით დადგენილ ვადამდე სულ რაღაც ორი დღით ადრე, სერბეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა დურო მაჩუტის ხელმძღვანელობით. ახალ ადმინისტრაციაში 30 მინისტრიდან 22 წინა მთავრობიდანაა და ძირითადად იმავე სამინისტროებს ხელმძღვანელობენ, ხოლო 5 ახალი კანდიდატის წარსული პოლიტიკური გამოცდილება სრულიად უცნობია. 

საინტერესოა თავად ახალი პრემიერ-მინისტრის ,,პოლიტიკური წარსულიც”. პროფესიით ექიმსა და ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორს არანაირი პოლიტიკური გამოცდილება და წარსული არ გააჩნია. მისი პირველი საჯარო გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე იანვარში შედგა, როდესაც ის მმართველი, სერბეთის პროგრესული პარტიის დემონსტრაციაზე გამოვიდა. მოგვიანებით ის „ხალხისა და სახელმწიფოსთვის მოძრაობის“ საინიციატივო კომიტეტის წევრი გახდა – ესაა პოლიტიკური პროექტი, რომელიც პრეზიდენტ ვუჩიჩმა წამოიწყო და SNS-ის (სერბეთის პროგრესული პარტია) მემკვიდრედ განიხილება. პროექტის წამოწყების მიზანი ამ უკანასკნელის პოპულარობის შემცირება შეიძლება იყოს. 

ეს გადაწყვეტილება ვუჩიჩის მიერ ხელისუფლებისა და გავლენების შენარჩუნების მიზნით გადადგმული ნაბიჯი იყო. პრეზიდენტი ვუჩიჩი კვლავ ცენტრალურ პოლიტიკურ აქტორად რჩება და ახალი მთავრობა, სავარაუდოდ, ძირითადად მისი ხელმძღვანელობით იმოქმედებს. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალი მთავრობის პირობებში, სულ უფრო და უფრო იზრდება აქციის მონაწილეების უკმაყოფილება. მაისში, უკმაყოფილების ზრდასთან ერთად, სერბ სტუდენტებში გაჩნდა ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნა. 

ვადამდელი გულისხმობს პოპულისტური უმრავლესობის მქონე პარლამენტის დათხოვნას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება უარყოფს ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის საჭიროებას და აცხადებს, რომ ეს ქვეყანაში ,,კატასტროფას” გამოიწვევს. 

საეჭვოა თავად ვადამდელი არჩევნების წარმატების საკითხიც. სერბეთის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ვადამდელი არჩევნები უცხო თემა არაა. 2012 წლიდან, SNS-ს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნა 2014, 2016, 2022 და 2023 წლებში.  უკანასკნელ შემთხვევაში, პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ეროვნული ასამბლეა 2023 წლის 1 ნოემბერს დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რის მიზეზადაც ოპოზიციის მოთხოვნები და იმავე წლის დასაწყისში მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად გამოწვეული პოლიტიკური არეულობა დაასახელა. მმართველმა ძალამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ვადამდელი არჩევნები კი ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების გაძლიერებისა და შენარჩუნების მექანიზმად იქცა. ასეთი წარსული გამოცდილების შემდეგ, რთულია, ვიწინასწარმეტყველოთ, რამდენად უპასუხებს ვადამდელი არჩევნები დემონსტრანტების რეალურ მოთხოვნებს.

სერბეთში 2024 წლის ნოემბერში დაწყებული პროტესტი ექვს თვეზე მეტია ყოველდღიურ წინააღმდეგობად იქცა ხელისუფლებისადმი. ნოვი სადის ტრაგედიამ ღრმა სისტემური პრობლემები — კორუფცია, დაუსჯელობა და მართული მედია — საჯაროდ გამოავლინა და ფართო სოციალური გაერთიანება წარმოშვა.

პრემიერის ფორმალური ცვლილების მიუხედავად, რეალური ძალაუფლება უცვლელად ვუჩიჩის ხელში რჩება, რის გამოც პროტესტი სისტემური გარდაქმნების მოთხოვნად კვლავ გრძელდება.

მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ვუჩიჩი 9 მაისს მოსკოვში იმყოფებოდა — თარიღზე, რომელიც ძლიერი სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია რუსული იმპერიალისტური ნარატივისთვის — ამ ვიზიტს სერბი დემონსტრანტების მხრიდან მასშტაბური პროტესტი არ მოჰყოლია. ეს მიანიშნებს, რომ სერბი მომიტინგეების მთავარი მიზანი კვლავ  შიდა პრობლემებთან, განსაკუთრებით კი კორუფციასთან  ბრძოლაა. რუსული გავლენების ან იმპერიალისტური პოლიტიკისადმი კრიტიკა, ან ზოგადად ანტირუსული განწყობები, პროტესტის დისკურსში ნაკლებადაა წამოწეული,  რაც სერბეთში ისტორიულად არსებულ პრორუსულ განწყობებს ასახავს.

ავტორი

  • მარიამ კაპანაძე

    მარიამი თბილისის თავისუფალი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. სწავლობს არაბულს. დაინტერესებულია პოლიტიკით, დიპლომატიითა და საერთაშორისო ურთიერთობებით, განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ პროცესებსა და ისტორიულ კონტექსტს.

მარიამ კაპანაძე

მარიამი თბილისის თავისუფალი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. სწავლობს არაბულს. დაინტერესებულია პოლიტიკით, დიპლომატიითა და საერთაშორისო ურთიერთობებით, განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ პროცესებსა და ისტორიულ კონტექსტს.