Blogსაზოგადოება

პროტესტი კედლებზე: ის, რისი წაშლაც უნდათ ჩვენი მეხსიერებიდან [ფოტორეპორტაჟი]

ავტორიტარული რეჟიმები ძალაუფლების გამყარებას საზოგადოებაში იდენტობის მარკერების მოშლით იწყებენ. ისინი ცდილობენ, რომ მოქალაქეები დააპირისპირონ ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, რომლებშიც ფაქტები დამახინჯებულია. ადამიანის უფლებები, მათი ფიზიკური უსაფრთხოება, რუსული აგრესიის შეკავება, საქართველოს დემოკრატიული მომავალი – ეს ყველაფერი, პროპაგანდის წყალობით, საზოგადოებაში ქაოსურად არის გააზრებული.
ავტორიტარები, ერის კოლექტიურ მეხსიერებასთან ერთად, აქრობენ საერთო აწმყო გამოცდილებისა და ისტორიის შექმნის შესაძლებლობას. პროტესტის ნებისმიერი მცდელობა აღმოცენებისთანავე უნდა ჩაიხშოს ან დაიმალოს – ეს კანონია.

წინააღმდეგობის ახალი ტალღა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. თბილისის ქუჩებში საპროტესტო წარწერები მალევე გამოჩნდა – რევოლუცია! აჯანყება! – ითხოვდა ხალხი. თუმცა გვიან ღამით დატოვებულ საპროტესტო შინაარსის წარწერებს მეორე დილით ყოველთვის ედებოდა თეთრი ან შავი საღებავის სქელი ფენა.

პარლამენტის შენობაზე, გადასასვლელებზე, დროებით კონსტრუქციებზე, ხიდებსა და სადარბაზოების კედლებზე გაკეთებული მინაწერებით მოქალაქეები რეჟიმის ცვლილებას ითხოვენ. ნოემბრის დასაწყისში ეს წარწერები ახალი არჩევნების ჩანიშვნისკენ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, ახლა კი, 3 თვის თავზე, მოთხოვნათა სია გაფართოვდა – “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”, “ბრძოლა იქნება ბოლომდე”, “ACAB/1312” (აკრონიმი: All Cops Are Bastards), “ირაკლი დგებუაძე, ყ*ე ხარ!’ და სხვა სლოგანები პროტესტის მასშტაბურ ხასიათზე მიუთითებს. ეს წინააღმდეგობა არა მხოლოდ არჩევნების ჩანიშვნას, არამედ ავტორიტარული, პოლიციური რეჟიმის სრულად ჩამოშლას ისახავს მიზნად.

2024 წლის 15 იანვარს, გაბრაზებული ადამიანების ხმაურით შეწუხებულმა “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის რკინის ჯებირს საქართველოს დროშა დაახატა. მანამდე, პროტესტის მონაწილეები ამ ჯებირს, ქვებისა და მუშტების დახმარებით, საკუთარი ბრაზის გამოსახატად იყენებდნენ – რუსთაველის გამზირზე კი დრამატულ, რეჟიმისთვის ავისმომასწავებელ მელოდიას ქმნიდნენ.
არაღიარებული ხელისუფლების მიზანი მარტივი იყო – მოქალაქე საქართველოს დროშას ქვებისა და მუშტების რტყმას არ დაუწყებდა. თუ მავანი ამას მაინც გააკეთებდა, პროპაგანდის მიერ კარგად გამოწრთობილი მანქანაც არ დააყოვნებდა.

მიუხედავად “ქართული ოცნების” ამ ინოვაციური გამოგონებისა, პარლამენტის კედლები პროტესტის გამოხატვის მნიშვნელოვან ფორმად დარჩა – ადამიანებმა ჯებირზე წარწერების დატოვება დაიწყეს აფხაზეთის ომის ტრავმის, პოლიციური რეჟიმისადმი წინააღმდეგობისა და პროტესტის სულისკვეთების გამოსახატად.

ჩვენ გავიმარჯვებთ, საქოცეთი დამარცხდება!”, “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!”, “რუსეთი მტერია, თქვენ [ქართული ოცნება] კი – საქართველოს და ერის სირცხვილი!“, “საქართველოს სიყვარულით არასდროს დავიღლებით“, “ჩახერგეთ გზები, უკან დასახევი”, “საქართველო მტრებს და მოღალატეს არასდროს დაუჩოქებს!”, – ვკითხულობთ დროშიან ჯებირზე, რომელზეც კარგად ჩანს მარკერის კვალი, თეთრ ფონზე შავი, ღრუბლის ფორმა – მანამდე აქ ზემოთ ჩამოთვლილი ეს წარწერები იყო განთავსებული. თბილისის მერიის თანამშრომლების მიერ წარწერების წაშლის შემდეგ, კვლავ ახალი გრაფიტები ჩნდება. ამიტომ, ნებისმიერ დღეს, როდესაც პარლამენტის წინ დადგებით, სულ სხვადასხვა სათქმელს ამოიკითხავთ.

დროშიან ჯებირამდე

პარლამენტის ჯებირი, მტკივნეული კოლექტიური მეხსიერების გარდა, სხვა მნიშვნელობასაც იტევს. 2024 წლის ე.წ “რუსული კანონის” პროტესტების დროს, სწორედ ჯებირის ჯგუფურად დაზიანების გამო 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მაშინ ჯებირი ასეთი მყარი და მაღალი არ იყო, მხოლოდ და მხოლოდ, 400 ლარი ღირდა, ადამიანს მისი დაზიანებისთვის ციხეში რომ ვერ გაუშვებდი, სწორედ ისეთი იყო.
ხელისუფლებამ პარლამენტის წინ სქელი კედელი სწორედ ამ შემთხვევის, 2024 წლის მაისის შემდეგ აღმართა. მანამდე კი მისი დაზიანებისთვის სასჯელი გაამკაცრა.

დემონსტრანტები პარლამენტის ჯებირთან | 14 მაისი, 2024 წელი

ნოემბერ-დეკემბერში, სანამ ჯებირს უფრო სქელს გახდიდნენ და საქართველოს დროშას დაახატავდნენ, ის ასე გამოიყურებოდა.

“თავისუფლება ლუკა ჯაბუას! [სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირი]”, ‘F*CK RUSSIA!”, “DEAD OCCUPANT”, – ვკითხულობთ ჯებირზე მოკლე შეძახილებს. თუმცა გვხვდება უფრო ვრცელი გზავნილებიც.

წერილი მონებს:
თუ გინდათ გერქვათ პოლიციელები, ადამიანით, მათი უმწეობით ვაჭრობას, მიაქციეთ ყურადღება (თავისუფლების მეტროსთან) და ნუ დასდევთ ქართულ დროშას.

თქვენი თანამოქალაქე!”

უკვე გარკვეულია, ვინ გმირია და ვინ, მოღალატე ღორი!
გიორგი ანწუხელიძის სახელს და ხსოვნას საღებავით ვერ წაშლით! პარაზიტებო!

2024 წლის დეკემბრიდან პარლამენტის შენობაზე ან მის მიმდებარედ ჩნდება პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაბადებული ახალი სლოგანებიც: “გამარჯვება ხალხშია”, “საქართველო, აჯანყდი”, “უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეს”, “არ გაჩერდება ხალხის მდინარე”, “ცეცხლის ოლიგარქიას” და სხვა.

მეორე დღეს ყველაფერი საგულდაგულოდ იშლება.

თუმცა ასევე საგულდაგულოდ ჩნდება ახალი წარწერებიც, ახალი გამოხატვის ფორმებით, ახალი სათქმელით.


პარლამენტის გარდა, მსგავსი წარწერები მთელ თბილისში გვხვდება. შავი საღებავის სქელი ფენის ქვეშ წარწერის ამოკითხვა კი ხან არც ისე მარტივია. რამდენიმე კედელზე ვკითხულობთ: “F*CK BIDZO”, “ACAB”, “რევოლუცია”. ასევე, ვხედავთ გენერალი კვინიტაძის პოსტერს, რომელზეც ფოტო ხელუხლებელია, ხოლო მისი სიტყვები – გადაშლილია. პოსტერის თავდაპირველ ვერსიაზე ვკითხულობთ:

საქართველო და საქართველოს ხალხი თავისი ჩვეულებით, თავისი ადათებით, მოწყობით სახელმწიფოსი, არის ევროპული, არა აზიური.

ქუჩაში გაჩაღებული წარწერათა ომი მისწვდა სასამართლო სისტემასაც. მართალია, მოსამართლე ლევან მურუსიძის ცხოვრების კრედო – “მე მირჩევნია ერთი ხოხობი, ალაზანზე რომ შეიფრთხიალებს” – მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და წარმატებითაც მიჰყვება მას, თუმცა მოქალაქეები ასე არ ფიქრობენ – “სასამართლო კლანი დაგვღუპავს!”, – წერენ ისინი.

მოქალაქეები წუხან სოციალურ პრობლემებზეც, რომელიც, თავის მხრივ, მთავრობის დისფუნქციის შედეგია, 16 თებერვლიდან თბილისში ჩნდება წარწერები: “კიდევ რამდენი ბავშვის სული გსურთ? სისტემა გვჭამს. აჯანყდი!“. დღეს ეს წარწერები წაშლილია.

მსგავსი გრაფიტები 15 თებერვალს “ოცნების ქალაქში” ტრაგიკულად გარდაცვლილ 2 ბავშვს უკავშირდება. მათ გარდაცვალებამდე 1 კვირით ადრე, ამ ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” ღონისძიება ჩატარდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ორმო, რომელშიც ბავშვები ჩაცვივდნენ, სწორედ ამ ღონისძიების შემდეგ იყო ამოუვსებელი და შემოუღობავი.

ქუჩის პროტესტის გრაფიკული გამოხატვა, თავისი არსით, ახალი არ არის, თუმცა ახალია ნებისმიერი სიტყვა და შინაარსი, პროტესტის ხმა, რომელიც ქუჩის კედლებიდან ჟღერდება. კედლები გვიყვებიან ამბებს, გარდაცვლილი ბავშვების, რუსული ოკუპაციის, ომის ტრავმის, დაკანონებული უსამართლობისა და ეგზისტენციალური საფრთხეების შესახებ.

გასაკვირი არაა, რომ ყოველივე ამ უსამართლობის პროტაგონისტს, მთავარ შემოქმედს ამ წარწერების გაქრობა სურს. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ცენზურა საქართველოსთვის ძალიან ნაცნობი რამაა, სწორედ ამიტომ არიან მოქალაქეები ჩართული წინააღმდეგობის მოძრაობასა და წარწერათა ომში. რადგან ვინც იგებს ქუჩას, იგებს ბოლომდე.

ცენზურის გამკაცრების მიზნით, 2025 წლის თებერვალში “ქართულმა ოცნებამ” გაამკაცრა მუხლი ვანდალიზმის შესახებ. ქუჩებში წარწერების დატოვება 1000 ლარი ან, გამეორების შემთხვევაში, 2000 ლარიც კი დაგიჯდებათ. თუ თქვენსას მაინც არ მოიშლით, ხელისუფლებამ უფლება დაიტოვა, რომ 60 დღემდე ვადით აღგიკვეთოთ თავისუფლება.

როგორც ვხედავთ, წარწერები ჯერ არსად გამქრალან. ისინი არც მაშინ გაქრებიან, თუ ქვეყანაში საღებავებს ერთ დღესაც უბრალოდ ააორთქლებენ.


ავტორი

  • ელენე დევიძე

    ელენე არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და სოციალური მეცნიერებების სტუდენტი. მისი ინტერესის სფერო მოიცავს ჟურნალისტიკას, სოციალურ პროტესტებს და საჯარო პოლიტიკის ანალიზს.

ელენე დევიძე

ელენე არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და სოციალური მეცნიერებების სტუდენტი. მისი ინტერესის სფერო მოიცავს ჟურნალისტიკას, სოციალურ პროტესტებს და საჯარო პოლიტიკის ანალიზს.