Blogეკონომიკაპოლიტიკა

კორუფციის საფრთხე საქართველოს ელექტროსისტემაში

ენერგეტიკული რესურსების მოპოვება, წარმოება და გადაცემა დიდ ეკონომიკურ სარგებელთანაა დაკავშირებული. ენერგეტიკის სექტორში ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მონაცემებით, 2010-2022 წლებში საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ჯამში 2,3 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. დღეს საქართველოს მთავრობა სრულიად ზედამხედველობს ენერგიის სექტორში შემოდინებულ მსხვილ კაპიტალს და შესყიდვებს როგორც საჯარო, ასევე კერძო კომპანიებში. ეს კი ენერგიის სექტორს ქვეყანაში კორუფციის მნიშვნელოვან წყაროდ და სამიზნედ აქცევს.

იმისათვის, რომ ელექტროენერგიის სექტორში კორუფციის რისკები ამოვიცნოთ, აუცილებელია წარმოდგენა შევიქმნათ მისი მიწოდების ჯაჭვზე. ბაზარი შედგება ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. მისი გენერირება ხდება სპეციალურ სადგურებში (ქარის, ელექტრო, ჰიდრო და თბოელექტროსადგურები), მაგრამ დღეს საქართველო მეტწილად სწორედ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. ვაჭრობაში რამდენიმე მსხვილი კომპანიაა ჩართული, რომელთაგან უმეტესობა სახელმწიფო მფლობელობაშია. 

სემეკის მონაცემებით ქართულ ბაზარზე ელექტროენერგიის მწარმოებელი სამი უმსხვილესი კომპანიაა შპს „ენგურჰესი“ (28,1%), რომელიც სრულიად საქართველოს მთავრობის მფლობელობაშია, შპს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ (13,3%), რომლის 100%-საც ჩეხური კომპანია Energo-Pro ფლობს, და შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ (7,9%), რომლის 100%-ს ფლობს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. ელექტროგადამცემი ქსელი სრულიად ცენტრალიზებულია და მას მართავს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე), რომლის აქციების სრულ პაკეტს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ ფლობს.

არსებული კანონმდებლობით თითოეულ ჩვენგანს აქვს უფლება, ელექტროენერგია ნებისმიერი გამყიდველისაგან შეისყიდოს, მაგრამ, პრაქტიკულად, ეს ჩვენთვის შეუძლებელია ბაზარზე სათანადო არჩევანის არარსებობის გამო.

საინტერესოა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ლიბერალური ეკონომიკის მქონეა ქვეყანა თუ მაღალი რეგულაციის დონით გამოირჩევა, ელექტროენერგიის მიწოდების სისტემაში კორუფციის საფრთხე მაინც არსებობს და ის დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკურ მიწოდების ჯაჭვსა და პოლიტიკურ ვითარებაზე. კონკურენტული ბაზრის მქონე ქვეყნებში, მაგალითად, აშშ-ში, მეტად გვხვდება ინტერესის ჯგუფების მიერ ქრთამების გაცემა ბაზარზე შესვლის სანაცვლოდ. ამგვარი არასისტემური, წვრილმანი კორუფციის საპირისპიროდ, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებში, სადაც შეზღუდულია პოლიტიკური კონკურენცია და ელიტის ჰეგემონია ან ოლიგარქია ყვავის, უფრო ხშირად შევხვდებით ინდივიდების ან ჯგუფების მიერ თავიანთი პოლიტიკური ძალისა და გავლენის ბოროტად გამოყენებას. ისინი ყიდიან ენერგიის ბაზარზე წვდომას და სახელმწიფოს გაღარიბების ხარჯზე მდიდრდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გამოთქვამს ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის სურვილს, დღევანდელი მონაცემებით მიწოდების მხარე არაა საკმარისად დივერსიფიცირებული არც საცალო და არც საბითუმო ბაზრებზე. არსებული კანონმდებლობით თითოეულ ჩვენგანს აქვს უფლება, ელექტროენერგია ნებისმიერი გამყიდველისაგან შეისყიდოს, მაგრამ, პრაქტიკულად, ეს ჩვენთვის შეუძლებელია ბაზარზე სათანადო არჩევანის არარსებობის გამო. დღეს ელექტროენერგიის მიწოდების ლიცენზია თბილისში აქვს მხოლოდ „თელასს“, ხოლო რეგიონებში – „ენერგო-პრო ჯორჯიას“. მრავალფეროვანი მიმწოდებლების ბაზარზე შემოსვლას, პირველ რიგში, ელექტროსისტემაში ნეპოტიზმისა და საჯარო შესყიდვების კორუფციის (ე.წ. “ტენდერის კორუფციის”) შემთხვევები უშლის ხელს.

სემეკი იურიდიულად და ფინანსურად დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან, თუმცა მისი თავმჯდომარე და წევრები საქართველოს პარლამენტის მიერაა არჩეული, რაც მის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების სრულ მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ მიერ ენერგეტიკული სიღარიბის შესახებ მომზადებულ ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი მეწარმე და სადისტრიბუციო კომპანიების დამოუკიდებლობას აქვს. მაღალი რანგის პირებთან კავშირის მქონე კომპანიებისათვის ხშირად ტენდერებში ჩართვა და კონკურსის მოგება გამარტივებული წესებით ხდება. ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ტენდერების წესები და მოთხოვნები სპეციალურად მოურგიათ ამა თუ იმ მსხვილი კომპანიისათვის. ამ პრაქტიკის გამო დღეს ელექტროენერგიის სექტორში ბაზრის უმსხვილეს წილს ნაკლებად კონკურენტუნარიანი კომპანიები ფლობენ, რომელთა გადაცემისა და დისტრიბუციის დანაკარგები მსოფლიო საშუალოზე მაღალია. სემეკის 2022 წლის შეფასებით გადაცემის დანაკარგები საქართველოს მსხვილ ენერგომიმწოდებლებში მერყეობდა 5,57%-9,8%-მდე, რაც საგრძნობლად აღემატება 2017 წლის ევროპული ენერგიის რეგულატორების საბჭოს ანგარიშში გამოქვეყნებულ 0,89%-2,77% გადაცემის დანაკარგებს ევროკავშირის ქვეყნებში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სემეკი იურიდიულად და ფინანსურად დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან, თუმცა მისი თავმჯდომარე და წევრები საქართველოს პარლამენტის მიერაა არჩეული, რაც მის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების სრულ მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

სახელმწიფოს მიერ ქალაქებისა და რეგიონების ელექტროენერგიით მომარაგების პროექტებში მუდმივად ცხადდება კონკურსები. დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებული ერთ-ერთი ასეთი ელექტრონული ტენდერი რეგისტრაციიდან სამ კვირაში შპს „რეალ ენერჯიმ“ მოიგო, რომელიც ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო 2020 წლის ოქტომბერში შავ სიაში შეიყვანეს. აღსანიშნავია, რომ იმავე ბიზნესმენის კიდევ სამი კომპანიის შავ სიაში ყოფნის მიუხედავად, მან მეხუთე კომპანიით კიდევ ერთი სახელმწიფო ტენდერი მოიგო. ეს ყველაფერი მიუთითებს სახელმწიფოს შესყიდვების სისტემაში კორუფციისაკენ მიდრეკილებაზე. შპს “რეალ ენერჯის” აღმასრულებელი დირექტორი რუსეთ-საქართველოს, ხოლო გენერალური დირექტორი – რუსეთის მოქალაქეა. გამოწვევად რჩება რუსეთის აქტიური ჩართულობა არა მარტო ენერგიის იმპორტის ნაწილში, არამედ საქართველოს ენერგომომარაგებაშიც.

შესყიდვების კორუფციის კიდევ მრავალი შემთხვევა არსებობს. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონაცემებით, 2002 წლიდან სახელმწიფო საწარმოს წარმოადგენს შპს „ენერგოტრანსი“, რომლის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ პარტიული სიიდან. 2020 წელს ეს კომპანია გადაეცა სსე-ს, ხოლო 2021 წელს აღნიშნული პირი სსე-ს დირექტორად დაინიშნა. მის განკარგულებაშია იურიდიული და სემეკ-თან ურთიერთობის დეპარტამენტები და ამ ორ დეპარტამენტში ხელისუფლებასთან და სასამრთლო კლანის წარმომადგენლებთან დაახლოვებული პირები არიან დასაქმებულნი.

ლიბერალიზაციისა და საბაზრო კონკურენციის საფუძველს ინფორმაციის გამჭვირვალობა წარმოადგენს. გადასახადების, სუბსიდიებისა და ტარიფების შესახებ ზუსტი ანგარიშგების წარმოდგენა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება კორუფციული აქტივობების აღსაკვეთად.

საქართველოს ენერგიის გამჭვირვალობის ინდექსი 2021 წელს 61-ს შეადგენდა, რაც ფასდება, როგორც საშუალო დონის გამჭვირვალობა. გამოწვევად რჩება განვითარების გეგმებსა და ტარიფების დაწესებაზე ინფორმაციის ღიაობა. ტარიფებისა და სუბსიდიების დაწესების შესახებ წესების დამალვა საშუალებას აძლევს მაღალი რანგის პირებს, საკუთარი ინტერესის მიხედვით გაანაწილონ რესურსები, იმის მაგივრად, რომ ეს საქმე უფრო კომპეტენტურ, განსწავლულ, დამოუკიდებელ ინსტიტუციებს მიანდონ. ეს კი, თავის მხრივ, საზოგადოებრივ დანაკარგებს ზრდის.  მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ მესტიის რეგიონი, რომელიც დღეს სახელმწიფო სუბსიდიების პროგრამაშია ჩართული და ელექტრომომარაგებაში საერთოდ არაფერს არ იხდის. ამის გამო მკვეთრადაა გაუარესებული მომსახურების ხარისხი, რაზეც ადგილობრივ მოსახლეობას არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება.

როგორც ვნახეთ, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში კორუფციის ყველაზე დიდი რისკი მისი დისტრიბუციის ხაზში ვლინდება. გვხვდება როგორც უსამართლოდ ჩატარებული ტენდერების, ასევე სახელმწიფო ნეპოტიზმის შემთხვევები, რომელთა დამსახურებითაც მიწოდების ბაზარზე შემოდიან ნაკლებად კონკურენტული, არაეფექტიანი კომპანიები. ეს ვითარება აუარესებს საქართველოს ენერგეტიკული სიღარიბის პრობლემას – მიწოდებას სჭირდება მეტი დრო და მიწოდებული ელექტროენერგიის ხარისხი საკმაოდ დაბალია, რაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს. 


ავტორი

  • მარიამ ბერძენიშვილი

    მარიამ ბერძენიშვილი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ის ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტები თავისუფლებისთვის" ევროპული პროგრამების სტაჟიორი. მისი კვლევის სფერო მოიცავს თემებს, როგორებიცაა: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რუსეთი და ჰიბრიდული ომი, ენერგოუსაფრთხოება, პოლიტიკური კრიზისი და კონფლიქტის ეკონომიკური დანახარჯები. იგი ასევე არის ეკონომიკის ლექტორი "დიპლომატიის სკოლაში" და ონლაინ ჟურნალი "SpeakFreely"-ის მიმომხილველი.

მარიამ ბერძენიშვილი

მარიამ ბერძენიშვილი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ის ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტები თავისუფლებისთვის" ევროპული პროგრამების სტაჟიორი. მისი კვლევის სფერო მოიცავს თემებს, როგორებიცაა: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რუსეთი და ჰიბრიდული ომი, ენერგოუსაფრთხოება, პოლიტიკური კრიზისი და კონფლიქტის ეკონომიკური დანახარჯები. იგი ასევე არის ეკონომიკის ლექტორი "დიპლომატიის სკოლაში" და ონლაინ ჟურნალი "SpeakFreely"-ის მიმომხილველი.