Blogპოლიტიკა

ლიბანი – ახალი ღაზა?

25 მარტს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ღაზას მოდელი არ უნდა განმეორდეს ლიბანში.

ირანის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ჰეზბოლასა და ისრაელს შორის ომი კვლავ განახლდა, რასაც უკვე 1000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ხოლო მილიონზე მეტს საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი, ღაზას სტილის ტაქტიკების გამოყენებას აანონსებს.

ეს ყოველივე კი აჩენს კითხვას – გახდება თუ არა ლიბანი ახალი ღაზა?

როდის დაიწყო ყველაფერი

მიმდინარე კონფლიქტის საფუძვლები, როგორც ახლო აღმოსავლეთი ომების უმეტესობა, წინა საუკუნიდან მოდის. 

ლიბანის სამოქალაქო ომის დროს (1975-1990) შექმნილ ქაოსში ქვეყნის სამხრეთში ჩამოყალიბდა ირანის პროქსი დაჯგუფება „ჰეზბოლა“, რომლის მიზანიც იყო ისრაელისა და დასავლური გავლენებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალადობრივი გზით, რის გამოც, რა თქმა უნდა, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა.

თითქმის 40 წლიანმა დაპირისპირებამ მხარეებს შორის, რომელიც მოიცავდა მრავალ ტერორისტულ აქტს და სამხედრო მოქმედებას, კულმინაციას მიაღწია 2023 წლის ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის დროს.

2023 წლის 8 ოქტომბერს ჰეზბოლამ პალესტინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად ისრაელის ტერიტორია დაბომბა. რაც ფართმასშტაბიან ომში გადაიზარდა.

11 თვიანი ომის შემდეგ კი ისრაელმა მოახერხა 2024 წლის 27 სექტემბერს ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას, მოკვლა, რამაც ტერორისტულ დაჯგუფებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

ნასრალა სასტიკი, თუმცა ეფექტური ლიდერი იყო, რომელიც ორგანიზაციას 30 წელზე მეტი მართავდა. მისი დამსახურებით ჰეზბოლა გადაიქცა ადგილობრივი დაჯგუფებიდან რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე დისციპლინირებულ სამხედრო ძალად. მან ლიბანში შექმნა „სახელმწიფო სახელმწიფოში მოდელი“ სკოლების, საავადმყოფოების, ფერმერების, მედიის, ტელეკომუნიკაციების და საბანკო სისტემის დაფინანსებით. მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ ჰეზბოლამ, ნასრალას მეთაურობით, შეძლო ადგილობრივი მხარდაჭერის ყიდვა.

შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მის გარეშე შექმნილი ვაკუუმი რთულად შესავსები იყო, რაც ჰეზბოლას ომზე უარის თქმისკენ უბიძგებდა.

არასტაბილური მშვიდობიდან ომამდე

ომი ოფიციალურად ნასრალას სიკვდილის შემდეგ ორ თვეში, 2024 წლის 27 ნოემბერს, დასრულდა, თუმცა მხარეებს შორის გაფორმებულმა შეთანხმებამ სტაბილურობა ვერ მოიტანა – ჰეზბოლამ უარი თქვა სასაზღვრო ტერიტორიის ნაწილის დემილიტარიზაციაზე, ხოლო ისრაელმა შეინარჩუნა 5 სტრატეგიული ობიექტი სამხრეთ ლიბანში.

სანამ მსოფლიოს ყურადღება პალესტინაზე ჰქონდა გადატანილი, ისრაელ-ჰეზბოლას კონფლიქტი მაინც აქტიური იყო, თუმცა წინა წლის განმავლობაში არსებობდა უსიტყვო შეთანხმება – შეტაკებები იყო იზოლირებული, დარტყმები და პასუხი კი გამოზომილი. ასეთ არასტაბილურ სიტუაციაში ჩამოყალიბდა რუტინა, სადაც ომი ყოველდღიურობა, ხოლო მშვიდობა მიუღწეველი იყო.

ღაზაში სიტუაციის ნელ-ნელა დასტაბილურების პარალელურად ლიბანის და ისრაელს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა – უკვე ღაზასგან დამოუკიდებლად გაგრძელდა. შეტაკებები გახშირდა, მოსახლეობის ევაკუაციამ მასობრივი სახე მიიღო და საზღვრიდან მოშორებით არსებული სტრატეგიული ობიექტებიც სამიზნეებად გადაიქცა. კონფლიქტი, რომელიც დამხმარე ფრონტად დაიწყო, უკვე სრულფასოვან ომად ჩამოყალიბდა.ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რთულია დაზუსტებით მივიჩნიოთ ომის განახლების ზუსტი თარიღი, თუმცა ყველაზე მიახლოებული 2 მარტია, როდესაც ირანის ომის საპასუხოდ ჰეზბოლამ ისრაელთან გაფორმებული ხელშეკრულება ოფიციალურად დაარღვია ისრაელის დაბომბვით.

„ღაზას ტაქტიკები“

ისრაელმა მიმდინარე თვეში რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება ლიბანის მიმართ. რაც გამოიხატება იმაში, რომ ის აღარ არიდებს თავს მკაცრი ზომების მიღებას, რასაც პოლიტიკოსების რიტორიკის შეცვლაც დაემატა. 

თავდაცვის მინისტრის მიერ ღაზას მოდელის გამოყენების დაანონსებასთან ერთად ისრაელის სამხედრო სპიკერმა, ავიჩაი ადრაემ, მოუწოდა ლიბანის მოსახლეობას, რომ სასაზღვრო ტერიტორია დატოვონ, რადგან ისრაელის თავდაცვის ძალები ჰეზბოლას ინფრასტრუქტურასთან ან შეიარაღებასთან ახლოს მყოფ ნებისმიერ მოსახლეს სამიზნედ მიიჩნევს, რაც ფაქტობრივად მოიცავს ქვეყნის დაახლოებით 15%-ს

ომის დაწყების პირველივე თვეში რეგიონი მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რომელთაგანაც 370,000-ზე მეტი ბავშვია. მოსახლეობის უმეტესობა ჩრდილოეთ ლიბანში გადავიდა, თუმცა მნიშვნელოვანმა ნაწილმა თავი ტვიროსს შეაფარა, მიუხედავად იმისა, რომ ომმა ის იზოლირებული დატოვა ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან.

ამასთანავე, ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელი გეგმავს სამხრეთ ლიბანში ბუფერული ზონის შექმნას, რომელსაც გამოიყენებს თავისი მოქალაქეების დასაცავად და ჰეზბოლას სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასასხმელად. ასევე ისინი აპირებენ იმ სახლების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, რომელსაც ტერორისტები იყენებდნენ ოპერაციებისთვის.

ეს ყოველივე, ისრაელის ოფიციალური პოზიციის განხილვის გარეშეც, ემსგავსება იმ ტაქტიკებს, რომლებიც ისრაელმა ჰამასთან კონფლიქტის დროს დანერგა.

What is Israel’s plan for Lebanon? (Fiona Katauskas/The Guardian)

სტრატეგიული დანახარჯები

ისრაელის სტრატეგია სერიოზულ კითხვებს აჩენს, რადგან ტერორისტებთან ბრძოლისას გამოყენებული ტაქტიკების გარკვეულწილად ლოგიკურობის მიუხედავად, მათი მიზნები ფუნდამენტურ პრობლემებს ვერ ჭრის.

პირველ რიგში, სამხრეთ ლიბანის ინფრასტრუქტურის განადგურება ფაქტობრივად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების გარეშე დატოვებს ასობით ათას ადამიანს, მათ შორის შიიტ მოსახლეობას, რომელიც ჰეზბოლას მთავარი დასაყრდენი ძალაა, ასევე სუნიტებს და ქრისტიანების სხვადასხვა დენომინაციებს.

ასევე, შეუძლებელია განვიხილოთ ჰეზბოლას ნებისმიერი ქმედება ირანისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, ლიბანის ტერიტორიაზე მიმდინარე ოპერაციები ებრძვის მხოლოდ სიმპტომს და არა „დაავადების“ წყაროს – ირანს. გამომდინარე აქედან, ლიბანში დახარჯული რესურსები მხოლოდ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე კონფლიქტს აკლდება.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ლიბანის დაკავებით ჰეზბოლა მნიშვნელოვან ტერიტორიებს კარგავს, ისრაელთან მრავალწლიანი კონფლიქტის გამო მათმა სტრატეგიულმა ცენტრმა ჩრდილოეთით გადაინაცვლა. მაგალითად, დაჰიეს რეგიონში, რომლის დაკავებაც არ შედის ისრაელის გეგმებში, გამომდინარე იქიდან, რომ ბუფერული ზონის ჩრდილოეთ საზღვარი დაჰიეს სამხრეთით მდინარე ლიტანზე უნდა გავიდეს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჰეზბოლას ლოჯისტიკურ და სამმართველო ცენტრზე, რომელიც ბეკას რეგიონში მდებარეობს, თავდასხმების მხოლოდ 10%-ია კონცენტრირებული, რაც ისრაელის სტრატეგიულ მიზნებზე აჩენს მნიშვნელოვან კითხვას – რამდენად მიმართულია ეს ომი ჰეზბოლას საბოლოო განეიტრალებისკენ?

დღეს ისრაელის საერთაშორისო რეპუტაცია ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, შესაბამისად, ლიბანში ომი ბევრ ყურადღებას და კრიტიკას იწვევს, ამიტომაც სჭირდება ისრაელს სიფრთხილე თავისი მიზნების განხორციელების დროს. რადგან, შეიძლება ითქვას, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით ისრაელის ოპერაციები ჰეზბოლას წინააღმდეგ უფრო დიდ დანახარჯებს წარმოქმნის მისთვის, ვიდრე ის სტატუს-კვო, რომელიც ჰეზბოლას მიერ განახლებულ ომამდე იყო.

გახლეჩილი სახელმწიფო

ჰეზბოლას პრობლემები საგარეო საფრთხეებთან ერთად საშინაო განხეთქილებასაც მოიცავს. ომმა ქვეყნის სექტარიანული ბალანსი დაარღვია. ქრისტიანებითა და სუნიტებით დასახლებული რეგიონები, რომლებსაც მოუწიათ სამხრეთიდან შიიტი მოსახლეობის მიღება, ღიად ადანაშაულებენ ჰეზბოლას ლიბანში მიმდინარე კრიზისის გამო. 

ამასთანავე, ეტაპობრივად იზრდება უკმაყოფილება შიიტების მიმართ, რომლებიც, რა თქმა უნდა, თავიანი ნების საწინააღმდეგოდ, დასახლდნენ ბეირუთის ჩრდილოეთში. შესაბამისად, ომმა მორალი და ერთიანობა ლიბანის მოსახლეობაში თითქმის სრულად გააქრო.

საზოგადოების ფრაგმენტაციას ზუსტად ირეკლავს სახელმწიფოც. ჰეზბოლას წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი გავლენა და მხარდაჭერა ჰქონდა ლიბანში, რასაც ხელისუფლება ხელს არ უშლიდა, თუმცა ჰეზბოლას ავტონომიურმა ქმედებებმა ბზარი გააჩინა ამ ბალანსში.

2025 წელს ლიბანის პრეზიდენტმა, ჟოზეფ აუნმა, ჰეზბოლა არალეგიტიმურ სამხედრო ძალად გამოაცხადა და ორგანიზაციის განიარაღების ბრძანება გასცა, ისრაელთან ომის დაწყების საფრთხის საფუძველზე. თუმცა, ლიბანის არმიამ სამოქალაქო ომის დაწყების შიშის გამო ვერ შეძლო ბრძანების აღსრულება.

ჰეზბოლას დამოუკიდებლობა მთავრობის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს. რაზეც მეტყველებს საერთაშორისო რეაქციებიც. ისრაელი ლიბანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულადაა განწყობილი, რის გამოც მხარეებს შორის მოლაპარაკებები ვერ შედგა. მსგავსი მიდგომა აქვს აშშ-საც, რომელიც ლიბანის ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიუღწევლად მიიჩნევს. ასევე ირანი ლიბანის ლეგიტიმურ ძალად ჰეზბოლას აღიქვამს.

შეუძლებელია უგულვებელყოთ პარალელები პალესტინასა და ლიბანს შორის, სადაც ტერორისტული ორგანიზაციის კონტროლს წინააღმდეგობას ცენტრალური ხელისუფლება ვერ უწევს. ეს უუნარობა კი ნეგატიურად აისახება ქვეყანაზე. ხოლო ამ პოლიტიკური მოდელის მოშლა ერთადერთი გამოსავალია გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის მისაღწევად.

არის თუ არა ლიბანი ახალი ღაზა?

შეიძლება ჯერ კიდევ ადრეა ლიბანის ღაზასთან შედარება, რადგან პოლიტიკური სისტემა ფუნქციურია, ეკონომიკური მდგომარეობა კი შენარჩუნებადი. მაგრამ შედარების მიზანი არც არის სრული დამთხვევების პოვნა, არამედ იმ მსგავსი მიმართულების დანახვა, რომლითაც სიტუაცია ვითარდება.

კონფლიქტის ამ ტრაექტორიით გაგრძელება სრულმასშტაბიან ომთან ერთად მუდმივი არასტაბილურობის მდგომარეობას შექმნის, სადაც ეკონომიკა ჩამოშლილია და პოლიტიკური დაყოფა ნორმაა.

ლიბანის „ახალ ღაზად“ ჩამოყალიბება სახელმწიფო კოლაფსთან ერთად რეგიონის ახალ რეალობაზე გადასვლას ნიშნავს – სადაც სტაბილური მშვიდობა მხოლოდ მიუწვდომელი ცნებაა.

ავტორი

  • ილია ჟუჟუნაშვილი

    ილია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია. კონცენტრირებულია ახლო აღმოსავლეთზე და სწავლობს არაბულ ენას. დაინტერესებულია პოლიტიკით, ეკონომიკით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და კულტურის კვლევებით.

ილია ჟუჟუნაშვილი

ილია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია. კონცენტრირებულია ახლო აღმოსავლეთზე და სწავლობს არაბულ ენას. დაინტერესებულია პოლიტიკით, ეკონომიკით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და კულტურის კვლევებით.