Blogეკონომიკა

მწვანე რევოლუცია საქართველოში

საქართველო დიდი ეკოლოგიური გადაწყობის ზღვარზეა, რომელსაც ზოგი „მწვანე რევოლუციას“, ზოგი კი ბიზნესისთვის დაწესებულ მძიმე ბარიერს უწოდებს. ეს ყველაფერი ახალი არ არის საქართველოსთვის. 2018 წლიდან საქართველოში ოფიციალურად აიკრძალა პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

მალე პლასტმასის ბოთლები და ერთჯერადი ჭურჭელი გაქრება ქართული რეალობიდან. საინტერესოა, გადარჩება თუ არა ქართული ბაზარი პლასტმასის გარეშე და რა დაგვიჯდება ეკოლოგიურად სუფთა მომავალი?

რა ხდება რეალურად?

საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში შემუშავებული/დახვეწილი დადგენილებები პირდაპირ დარტყმას აყენებს პლასტმასის ინდუსტრიას. მთავრობა აპირებს რომ ერთჯერადი პლასტმასის ნივთები ეტაპობრივად წარსულს ჩააბაროს. 2026 წლის 1 იანვრიდან აიკრძალა „საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება“. ასევე აიკრძალა სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი სხვა ტიპის პლასტმასის ნივთები. 2027 წლის 1 თებერვლიდან აკრძალვის ტალღა ბევრად კრიტიკულ სექტორს გადაუვლის. სრულად აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების წარმოება (საქართველოს შიდა ბაზრისთვის), იმპორტი და საქართველოს ბაზარზე განთავსება (გაყიდვა მაღაზიებში).  

ეკომეგობრული შეფუთვები შეამსუბუქებს იმ საგანგაშო მდგომარეობას, რომელიც მოცემულია საქართველოში ჩატარებულ კვლევებში. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ჩატარებული კვლევის მონაცემებით, საქართველო ყოველწლიურად მოიხმარს 613.5 მილიონ ერთეულ ერთჯერად პლასტიკის ნივთს, რაც ჯამურად შეადგენს 3.9-დან 5.9 ათას ტონამდე პლასტიკის ნარჩენს წელიწადში. საქართველოში არ გვაქვს მაღალტექნოლოგიური გადამუშავების დაწესებულება. ეს პროცესი (მაგალითად, ბოთლიდან ისევ ბოთლის მიღება) დიდ ინვესტიციასა და ნედლეულის სტაბილურ, დიდ ნაკადს მოითხოვს, რაც საქართველოში, ქვეყნის ზომისა და მომხმარებელთა რაოდენობის არასტაბილურობის გამო ჯერ კიდევ პრობლემაა და ცალკე ინდუსტრიად ვერ ყალიბდება. არსებობენ ერთეული კომპანიები, რომლებიც აგროვებენ, ახარისხებენ და ექსპორტზე გააქვთ ნარჩენები, რათა დაპრესილი, კუბებად ქცეული პლასტიკი გადამუშავდეს და უცხოურ ბაზარზე ახალ პროდუქტად ჩამოყალიბდეს. საქართველოში დაპრესილი პლასტმასისგან მხოლოდ სარწყავი მილები და პლასტმასის ყუთები მზადდება. საქსტატის მონაცემებით ნარჩენები უმეტესად ხვდება მეზობელ ქვეყნებში (თურქეთსა და აზერბაიჯანში), სადაც მისგან ტექსტილს (პოლიესტერს) ან სხვა ინდუსტრიულ მასალას ამზადებენ. საქართველო საკუთარ რესურებს სხვა ქვეყნებს აძლევს, როდესაც შესაძლებელია ჩვენივე ქვეყანაში ხდებოდეს ჩვენივე ნარჩენების გადამუშავება და ახალი პროდუქციის შექმნა. ამ დროისთვის საქართველოს საკმარისი ინფრასტრუქტურა არ აქვს ნარჩენების გადასამუშავებლად.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურ

საქართველოს მთავრობის დადგენილება

პლასტიკის მოხმარების შემცირებაზე მთავრობა წლებია მუშაობს. ჩატარდა ძალიან ბევრი კვლევა როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტების მიერ და დადგინდა, რომ საქართველოს მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების 88% პლასტმასია და ამ ნარჩენებში პლასტმასის ბოთლების წილი 41%-ს შეადგენს. სწორედ ამ პრობლემის შესამცირებლად და საბოლოოდ აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა დაედგინა გარდამავალი ვადები 2026 წლის 1 იანვრიდან. ახალი რეგულაციების მიხედვით, ქვეყანაში თანდათან დაიწყება პლასტიკის აკრძალვა ისე, რომ ბიზნესებმა შეძლონ არსებული მარაგების ამოწურვა და კანონთან ადაპტაცია ზარალის გარეშე. ანუ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში აკრძალული პროდუქტების მოხმარება კვლავ შესაძლებელია. გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის შემდეგ, 1 აპრილს, ოფიციალურად აიკრძალა პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზებისა და სხვა მსგავსი ერთჯერადი მოხმარების ნივთების რეალიზაცია. აიკრძალა როგორც მათი გაყიდვა, ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში (რესტორნები, კაფეები, მიტანის სერვისები) მზა სურსათის მიწოდება ერთჯერადი პლასტმასის კონტეინერებითა და ჭიქებით. ასევე სახელმწიფო უწყებებს აეკრძალათ საბიუჯეტო სახსრებით პლასტმასის ჭიქების/კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების შეძენა. შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ თავდაცვის ძალებისა და სამხედროების საჭიროებებისთვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებას.

“დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, ხოლო განმეორებითი დარღვევა – 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმასა და პროდუქციის კონფისკაციას.” – წერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

კანონის სამართლიანად აღსრულებაზე პასუხისმგებელია სამი უწყება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უშუალოდ უნდა გააკონტროლოს ბიზნესოპერატორები, დააკვირდეს როგორ მიმდინარეობს რესტორნებსა და მაღაზიებში ახალ კანონთან შესაბამისი ცვლილებები. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კი წარმოების პროცესსა და სხვა სარეალიზაციო ობიექტებს დააკვირდება. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა კი იმპორტი უნდა გააკონტროლოს. თუ საბაჟოზე აღმოაჩენენ აკრძალულ ნივთებს, ის გაბრუნდება უკან ან განადგურდება იმპორტიორის ხარჯით. 

თუ ზემოთხსენებული ქართული სარეალიზაციო ობიექტები აწარმოებენ პლასტმასის დანა-ჩანგალს ექსპორტისთვის, ისინი ვალდებულნი არიან წარმოების დაწყებამდე 1 თვით ადრე წერილობით აცნობონ სახელმწიფოს თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული დეტალები (რამდენს აწარმოებს, წლის რომელ პერიოდში გააქვს საქონელი, რომელ ქვეყანაში მიაქვს საქონელი და ა.შ.).

2018 წლის „პარკების ომი“: გაკვეთილი 2026 წლისთვის?

როდესაც 2018 წელს მთავრობის დადგენილებით პლასტიკის პარკები აიკრძალა, პირველი ნაბიჯი გადაიდგა მწვანე მომავლისკენ. მაშინაც იყო პროტესტი, სკეპტიციზმი და რიგითი მომხმარებლის დაბნეულობა. დღევანდელი რეგულაცია ბევრად უფრო მასშტაბურია. თუ მაშინ ხელისუფლება ერთჯერადი პარკების მოხმარებას ებრძოდა, ახლა ბრძოლა ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილის, პლასტმასის ბოთლის წინააღმდეგაა, რომელსაც იაფი ჩამნაცვლებელი არ ჰყავს. 

იმისათვის, რომ გავიგოთ, რა ელის საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის შემდეგ, უნდა დავუბრუნდეთ 2018 წელს. სწორედ მაშინ, მთავრობის დადგენილებამ პლასტიკის წინააღმდეგ პირველი მასშტაბური ბრძოლა დაიწყო. რეგულაციამ ორ ეტაპად სრულად აკრძალა ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ბაზარზე კი მხოლოდ ბიოდეგრადირებადი ალტერნატივები დატოვა, რომლებიც აკმაყოფილებენ ევროპულ სტანდარტს, შესაბამისად გარემოსთვის ნაკლებ საფრთხეს შეიცავენ.

პლასტიკის პარკების აკრძალვამ, პირველ რიგში, მომხმარებლის ჯიბეზე იქონია გავლენა. სუპერმარკეტების ქსელები სწრაფად ადაპტირდნენ. უფასო პარკები ფასიანი, ხშირად უხარისხო, ბიოდეგრადირებადი ალტერნატივებით ჩაანაცვლეს. ეკოლოგიური ლოზუნგების მიღმა რიგითმა მოქალაქემ უბრალოდ დამატებითი ხარჯი მიიღო. ხალხი პირველადი პესიმიზმის მიუხედავად ცვლილებას შეეგუა, რადგან პარკი იაფია, თუმცა ბოთლის შემთხვევაში  გაცილებით ძვირადღირებულ შოკთან გვაქვს საქმე. პარკების მოხმარება საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ ღია ბაზრობებისა და პატარა მაღაზიების კონტროლი პრობლემად დღემდე რჩება, სადაც ხშირად კონტრაბანდული, უხარისხო და გარემოსთვის საზიანო პარკები ხვდება. იმავე პრობლემას შეიძლება გადავაწყდეთ ახალი რეგულაციების ფარგლებში.

მხოლოდ კანონის მიღება არ კმარა, საჭიროა მკაცრი კონტროლი როგორც წარმოებაზე, ისე იმპორტსა და რეალიზაციაზე.

რატომაა პლასტიკი ასეთი მიმზიდველი?

როდესაც სახელმწიფო ეკოლოგიურ რეგულაციებზე საუბრობს, აქცენტი ყოველთვის „ნათელ მომავალსა“ და „სუფთა ბუნებაზე“ კეთდება. თუმცა, თუ ამ ყველაფრის მიღმა გავიხედავთ, დავინახავთ ციფრებს, რომლებიც ქართული ბიზნესისთვის და რიგითი მომხმარებლისთვის დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს. 2026 წლის „მწვანე რევოლუციამ“ შესაძლოა ეკონომიკური შოკი გამოიწვიოს, რაც ქვეყანაში ისედაც მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს.

ბიზნესი კალკულაციებზეა დაფუძნებული, შესაბამისად რიცხვებით უნდა განვსაზღვროთ ბიზნესის მოტივაცია დარჩეს საქართველოს ბაზარზე და იფუნქციონიროს. საქართველოში ერთი 0.5 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლის დამზადება საშუალოდ 10-18 თეთრი ჯდება, მაშინ როდესაც მინის ბოთლის თვითღირებულება 45-დან 80 თეთრამდე მერყეობს. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ტარა მინიმუმ 3-5-ჯერ უფრო ძვირია. 0.5ლ PET ბოთლი იწონის დაახლოებით 20-25 გრამს. სწორედ ამ რაოდენობის პლასტმასის გრანულების ფასი და ბოთლის ფორმირება (პროცესი მიმდინარეობს 100°C – 150°C-ზე) ჯდება 10-18 თეთრი. იმავე მოცულობის 0.5ლ მინის ბოთლი იწონის დაახლოებით 200-300 გრამს. ამავე წონის მასალა და მისი გამოდნობისთვის საჭირო ენერგია (პროცესი მიმდინარეობს 1500°C-ზე) პირდაპირ განაპირობებს 45-80 თეთრიან თვითღირებულებას. მინის ბოთლების დასამზადებლად მეტი მასალა, მეტი ენერგია და მეტად ფრთხილი მუშაობაა საჭირო. შესაბამისად, აშკარაა წარმოების ხარჯების ზრდა პლასტმასის ბოთლების მინით ჩანაცვლებისას. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ მიზეზით ფასები 3-5-ჯერ გაიზრდება.ასევე უნდა ვახსენოთ, რომ BMG-ის ცნობით, საქართველოში მინის ტარის ერთადერთი მწარმოებელი კომპანია არსებობს, რომელიც ჯერ კიდევ ზარალზე მუშაობს და თურქული ფირმა „შიშეჯამი“ ფლობს. მიუხედავად სიმძლავრეების 90 ათას ტონამდე გაზრდისა, კომპანია ფინანსურ ზარალს განიცდის, რაც აჩვენებს, რომ მინის წარმოება საქართველოში იმდენად ხარჯიანია, რომ მისი „სიკეთე“ მხოლოდ გაზრდილ ფასებში აისახება. მსგავსი ცვლილებების ფონზე საეჭვოა რამდენად მზადაა ერთი კომპანია მთელ ქვეყანას მოემსახუროს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიებს მოუწევთ დამოკიდებულნი გახდნენ იმპორტზე, რაც კიდევ უფრო გააძვირებს პროდუქტს.

რატომ ვერ ჩაანაცვლებს მინა პლასტმასს უმტკივნეულოდ?

პირველი ფაქტორი ბოთლის დამზადებისთვის დახარჯული ენერგიაა. მინის გამოსადნობად ღუმელების 1500°C-ზე მეტ ტემპერატურაზე გახურებაა საჭირო, რაც ბევრ ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიას მოითხოვს. შედარებისთვის, პლასტმასის (PET) ბოთლის ფორმირებას მხოლოდ 100°C-150°C სჭირდება. ქვეყანაში, სადაც ენერგორესურსების ფასი მუდმივად იზრდება, ეს სხვაობა ითვლება პროდუქტის ხარჯებზე და საბოლოოდ მის ფასზე.

მეორე კრიტიკული ფაქტორი ლოჯისტიკაა. პლასტმასის ბოთლი მსუბუქია, დაახლოებით 20-25 გრამი, მინა კი 200-300 გრამს იწონის. მძიმე ტვირთის გადასაზიდად მეტი საწვავია საჭირო, მინის მსხვრევადობა კი დამატებით ხარჯებსა და რთულ შეფუთვას მოითხოვს. შედეგად, ტრანსპორტირების ხარჯი რამდენჯერმე იზრდება. მინის ბოთლებთან შედარებით პლასტმასის ბოთლების ტრანსპორტირება მეტად მარტივია. გასათვალისწინებელია, რომ უცხოური კომპანიები ვერ მოახერხებენ სასმელების შემოტანას პლასტმასის ბოთლებით. ისინი იძულებულნი ხდებიან პლასტმასის ბოთლები მინით ჩაანაცვლონ. აღნიშნული, როგორც ვახსენეთ, ზრდის კომპანიის ხარჯებს და სავარაუდოა, რომ ბევრი კომპანია დამატებითი ბიუროკრატიის მაგივრად უბრალოდ დატოვებს ქართულ ბაზარს. ქართულ ბაზარზე კონკურენცია შემცირდება, რაც ბევრი ეკონომისტის აზრით იწვევს ფასების ხელოვნურ ზრდას და ხარისხის ვარდნას.ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ადგილობრივი გიგანტები, როგორიცაა „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და წამყვანი ლუდის ქარხნები, რომლებიც მძიმე არჩევანის წინაშე დგებიან. მათ მოუწევთ უმოკლეს ვადებში სრულიად შეცვალონ წლების განმავლობაში აწყობილი წარმოების ხაზი და ლოჯისტიკური ჯაჭვი, რაც ძალიან დიდ ინვესტიციებს მოითხოვს. მინის ბოთლებზე გადასვლა წარმოების თვითღირებულებასთან ერთად ტრანსპორტირებისა და დასაწყობების ხარჯებსაც აორმაგებს. ბიზნესისთვის ეს ნიშნავს რთულ დილემას: ან მკვეთრად გაზარდონ პროდუქციის ფასი, რაც მომხმარებლის მსყიდველუნარიანობაზე პირდაპირ აისახება, ან იმუშავონ მინიმალურ მოგებაზე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების რესურსს საერთოდ აქრობს. საბოლოო ჯამში, ამგვარი რეგულაციები აჩენს კითხვას, არის თუ არა მზად ადგილობრივი ინდუსტრია სწრაფი ეკოლოგიური ტრანსფორმაციისთვის ფინანსური კოლაფსის გარეშე?

გარემოს დაცვის ნიღბის მიღმა

2018 წლის „პარკების ომმა“ შექმნა პრეცედენტი, თუ როგორ შეიძლება ეკოლოგიური მიზნებით ეკონომიკური პრობლემების გადაფარვა. ბოთლების შემთხვევაში ეკოლოგიურ პირობებზე მეტად უფრო გვაშინებს სოციუმის რეაქცია. ინფლაციის პირობებში, წყლისა და სხვა პირველადი მოხმარების სასმელების პოტენციური გაძვირება სოციალურ უკმაყოფილებას ახალ ნიშნულზე აიყვანს.

მინა მართლაც 100%-ით გადამუშავებადია და ბუნებასაც არ აზიანებს, პლასტმასი 500 წელი რჩება ნიადაგში და ცხოველებთან ერთად ჩვენც გვაზიანებს, მაგრამ რამდენად მზად არის გაღარიბებული მომხმარებელი, გადაიხადოს სამჯერ ძვირი „ეკოლოგიურ“ შეფუთვაში? 2026 წლის „მწვანე რევოლუცია“ რისკავს, რომ დარჩეს მხოლოდ ლამაზ ფასადად, რომლის მიღმაც დაზარალებული ბიზნესები, გაზრდილი ფასები და შემცირებული არჩევანი დაიმალება.

გარემოს დასაცავად მრავალწლიანი ომის შემდეგ, “არჩევანი ჩვენზეა”, გავაგრძელოთ ცხოვრება იაფი, მაგრამ დამღუპველი პლასტმასით, თუ გადავიხადოთ მეტი “სუფთა” გარემოსთვის.

ავტორი

  • ნინია ციცვიძე

    ნინია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტია ევრო-ატლანტიკის მიმართულებით და სწავლობს ფრანგულ ენას. დაინტერესებულია საერთაშორისო ურთიერთობებით, კულტურისა და პოლიტიკის თანაკვეთითა და განსაკუთრებით აკვირდება დასავლური პოლიტიკის მიმდინარეობას.

ნინია ციცვიძე

ნინია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტია ევრო-ატლანტიკის მიმართულებით და სწავლობს ფრანგულ ენას. დაინტერესებულია საერთაშორისო ურთიერთობებით, კულტურისა და პოლიტიკის თანაკვეთითა და განსაკუთრებით აკვირდება დასავლური პოლიტიკის მიმდინარეობას.