Blogპოლიტიკასაზოგადოება

რუსული კანონი 2.0

3 აპრილს “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ განაცხადა.

გასული წლის მარტში სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის შედეგად “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონი ხელისუფლებამ გაიწვია. კანონპროექტის მიხედვით, ყველა ტელევიზია, მასობრივი ინფორმაციის საშუალება და არაკომერციული იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტია “უცხოური ძალად” მიიჩნეოდა. მსგავსი ორგანიზაციები კი  “უცხოური გავლენის აგენტებად” უნდა დარეგისტრირებულიყვნენ.

მიუხედავად დანაპირებისა, ერთი წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“, ანუ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის ინიცირება კიდევ ერთხელ დაიწყო. შემოთავაზებულ კანონში მხოლოდ ერთი ცვლილებაა –  ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

მდინარაძის მიხედვით, კანონი სამოქალაქო საზოგადოებაში გამჭვირვალობის გაზრდას ისახავს მიზნად, მაგრამ ამ საბაბით მკაცრი რეგულაციების და მეთვალყურეობის დაწესება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას. 

“უცხოური ძალის” განმარტება არ არის მკაფიო და კონკრეტული. ეს მოიცავს უცხოეთის მთავრობებს, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს და საქართველოს კანონმდებლობის მიღმა შექმნილ სუბიექტებს. ამგვარად განზოგადებული განმარტება აყალიბებს ფართო ქსელს, პოტენციურად მოიცავს ლეგიტიმურ ორგანიზაციებს, რომლებიც დადებით როლს ასრულებენ ქვეყნის განვითარებაში. ასეთმა ბუნდოვანმა კატეგორიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს დემოკრატიისა და სამართლიანობის მომხრე ორგანიზაციების მიზანმიმართული ჩახშობა.

ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად” დარეგისტრირების მოთხოვნა არ არის საჭირო ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ორგანიზაციების უმეტესობა უკვე ინარჩუნებს გამჭვირვალობას ფინანსებთან დაკავშირებით წლიური ანგარიშების გამოქვეყნებით, მაგრამ ეს ნებაყოფლობითია. სახელმწიფოს შემოსავლების სამსახურის მეშვეობით შეუძლია გაიგოს თანხების რაოდენობისა და წყაროს შესახებ ინფორმაცია. მსგავსი კანონპროექტი უფუნქციოა გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის კუთხით და დამატებით ბიუროკრატიული ტვირთის დაკისრებას ისახავს მიზნად. უფრო მეტიც, ასეთი მოთხოვნები ხელს უწყობს ლეგიტიმური ორგანიზაციების საქმიანობის სტიგმატიზაციას და ცდილობს შეამციროს საზოგადოების ნდობა არასამთავრობო სექტორის მიმართ. მდინარაძემ ბრიფინგზე მთავრობის გასული წლის ნარატივი გაიმეორა და კანონპროექტი წარმოაჩინა მნიშვნელოვან პირობად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგარეო ჩარევისგან დასაცავად.

იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ ხელი შეუწყოს სამოქალაქო ჩართულობისა და პლურალიზმისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, შემოთავაზებული კანონი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ეჭვსა და უნდობლობას აღვივებს.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება კიდევ უფრო ამძაფრებს შეშფოთებას კანონპროექტის მოტივებთან დაკავშირებით. მის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არჩევნების გაყალბებაში, რევოლუციის შემუშავებასა და ექსტრემიზმში არის სამოქალაქო საზოგადოების როლის დელეგიტიმაციის მცდელობა. ასეთ ბრალდებებს არა მხოლოდ არ გააჩნია სათანადო მტკიცებულებები, არამედ დაგვანახებს განსხვავებული აზრის ჩახშობისა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის ტენდენციას. 

კანონპროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა დასავლური სივრცეებიდან. აშშ-ის საელჩომ კანონის ინიცირება მიიჩნია საქართველოს “დემოკრატიის ბნელ დღედ”. ევროკავშირის საგარეო სამსახურმა განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა 12-პუნქტიან გეგმას.

აუცილებელია, გავიაზროთ ამ კანონის ფართო შედეგები და ვიბრძოლოთ დემოკრატიულ ღირებულებებს და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვა მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის. 


ავტორი

  • ლიზი ბასილაია

    ლიზი ბასილაია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი. ლიზი "ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის" გუნდს შემოუერთდა 2023 წელს, როგორც ადგილობრივი კორდინატორი. Მისი კვლევის სფერო მოიცავს თემებს, როგორებიცაა: არაძალადობრივი აქტივიზმი, სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობა და პოლიტიკური კრიზისი.

ლიზი ბასილაია

ლიზი ბასილაია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი. ლიზი "ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის" გუნდს შემოუერთდა 2023 წელს, როგორც ადგილობრივი კორდინატორი. Მისი კვლევის სფერო მოიცავს თემებს, როგორებიცაა: არაძალადობრივი აქტივიზმი, სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობა და პოლიტიკური კრიზისი.