Blogპოლიტიკა

სტიპენდიების გაცემის ახალი სისტემის უარყოფითი მხარეები

პოზიტიური დისკრიმინაციისკენ გადახრა, გამჭვირვალობის ნაკლებობა და მთავრობის მიერ კრიტერიუმების ცენტრალიზაცია

2023 წლის 11 სექტემბერს საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტიპენდიის გაცემის წესში ცვლილებებზე გააკეთა განცხადება. სტიპენდიების გაცემის პროცესში მთავრობის გაზრდილი როლის გამო, მას სტუდენტებისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

ცვლილებების მიხედვით, თვიური სტიპენდია გაორმაგდა და 300 ლარი გახდა, გაიზარდა სტიპენდიატების რაოდენობაც. სამწუხაროდ, ცვლილებებს უარყოფითი მხარეებიც აქვს. 2023 წლამდე სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეძლოთ თავისით განესაზღვრათ სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმები. ახლა კი მათ მოუწევთ, განათლების სამინისტროს მიერ შედგენილი საერთო შესარჩევი კრიტერიუმებით იხელმძღვანელონ.

ახალი სტიპენდიების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლი არის პოზიტიური დისკრიმინაციის დანერგვა. შერჩევის კრიტერიუმებში გათვალისწინებული იქნება ისეთი სოციალური ფაქტორები, როგორებიცაა:

  • სოციალურად დაუცველის სტატუსი (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70 000 და ნაკლები);

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი;

  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი;

  • მრავალშვილიანი ოჯახის წევრობა (4 და მეტი შვილი) და სხვა.

ამით მთავრობა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ინკლუზიურობას. თუმცა ამ მიდგომამ შეიძლება გამოიწვიოს დისკრიმინაცია იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც აკადემიურად წარჩინებული არიან, მაგრამ ვერ ერგებიან ამ კონკრეტულ კრიტერიუმებს.

აკადემიურ მოსწრებაზე დაფუძნებული კრიტერიუმები უფრო სამართლიანია, რადგან იგი აჯილდოებს ინდივიდებს მხოლოდ მათი აკადემიური მიღწევებისა და პოტენციალის საფუძველზე. პოზიტიურმა დისკრიმინაციამ შეიძლება უნებლიედ შექმნას სისტემა, რომელშიც სტუდენტები შეირჩევიან მათ კონტროლის მიღმა ფაქტორებზე დაყრდნობით, როგორიცაა მათი ოჯახური სიტუაცია ან ფიზიკური შესაძლებლობები.

თუ სტიპენდიის ასაღებად კონკრეტული სოციალური ფაქტორები უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე აკადემიური მოსწრება, ეს ძირს გამოუთხრის თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს. თავის მხრივ, ეს უარყოფითად აისახება სტუდენტების მოტივაციაზე, ისწავლონ უკეთ.

უნივერსიტეტებისთვის სტიპენდიის კრიტერიუმების განსაზღვრის წესის უფლებამოსილების ჩამორთმევას კიდევ ერთი უარყოფითი მხარეც აქვს. ამ რეფორმამდე თვითონ უნივერსიტეტებს შეეძლოთ დაედგინათ კრიტერიუმები, რომელიც შეესაბამებოდა მათ საგანმანათლებლო მიზნებსა და ღირებულებებს. თუმცა მთავრობის ჩარევა ამ ავტონომიას ცვლის. ერთიანმა მიდგომამ შეიძლება შეამციროს საგანმანათლებლო დაწესებულებების მრავალფეროვნება, რადგან ის ნაკლებად უპასუხებს ცალკეული უნივერსიტეტის სპეციფიკურ გამოწვევებსა და მიზნებს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ცვლილებები უკვე ძალაშია, მაგრამ ამასთან დაკავშირებით სტუდენტებმა და უნივერსიტეტებმა ნოემბერში მიიღეს ინფორმაცია, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამჭვირვალობას. სტუდენტები და უნივერსიტეტები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ამ კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში, რათა სისტემა ნამდვილად ასახავდეს განათლების სექტორის ღირებულებებსა და მისწრაფებებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განახლებული სტიპენდიების სისტემის განზრახვა შეიძლება დადებითი იყოს, პოზიტიური დისკრიმინაციისკენ გადახრა, გამჭვირვალობის ნაკლებობა და მთავრობის მიერ კრიტერიუმების ცენტრალიზაცია პოტენციურ გამოწვევებს ქმნის. სტუდენტების შრომის დაფასება და უნივერსიტეტის ავტონომიურობის შენარჩუნება გადამწყვეტია სამართლიანი და ეფექტიანი სტიპენდიების სისტემისთვის.

ამ ეტაპზე აუცილებელია მუდმივი დიალოგი და თანამშრომლობა დაინტერესებულ მხარეებს შორის პრობლემების გადასაჭრელად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ სტიპენდიების სისტემა ნამდვილად ემსახურებოდეს სტუდენტების ინტერესებს.


ავტორი

  • ლიზი ბასილაია

    ლიზი ბასილაია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი. ლიზი "ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის" გუნდს შემოუერთდა 2023 წელს, როგორც ადგილობრივი კორდინატორი. Მისი კვლევის სფერო მოიცავს თემებს, როგორებიცაა: არაძალადობრივი აქტივიზმი, სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობა და პოლიტიკური კრიზისი.

ლიზი ბასილაია

ლიზი ბასილაია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი. ლიზი "ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის" გუნდს შემოუერთდა 2023 წელს, როგორც ადგილობრივი კორდინატორი. Მისი კვლევის სფერო მოიცავს თემებს, როგორებიცაა: არაძალადობრივი აქტივიზმი, სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობა და პოლიტიკური კრიზისი.