Blogპოლიტიკა

ქრისტიანების გენოციდი სირიაში? – რუსული ნარატივის ანატომია

მარტის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც სირიაში ქრისტიანების გენოციდსა და ეთნიკურ წმენდას აღწერდა. ეს გზავნილები ყურადღებას ამახვილებდა ლატაკიისა და ტარტუსის პროვინციებში ქრისტიანთა მასობრივ დახოცვაზე. 

თუმცა, დამოუკიდებელი წყაროები, როგორიცაა Open Doors და The Catholic Herald Institute, ხაზს უსვამენ, რომ დაპირისპირებაში ძირითადად ალავიტები იყვნენ დაზარალებულნი და ქრისტიანების მიზანმიმართული გენოციდის მტკიცებულებები არ არსებობს. ამის ფონზე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მსგავსი ნარატივი შესაძლოა რუსეთის ჰიბრიდული ომის სტრატეგიის ნაწილი იყოს — მიზნად ისახავდეს დასავლური საზოგადოებების ემოციურ მანიპულაციას და პოლიტიკური დღის წესრიგის გავლენის ქვეშ მოქცევას.

ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას? 

სირიაში მომხდარ მოვლენებში გამოიკვეთა დეზინფორმატორთა ქსელი, რომელიც მოიცავს სახელმწიფო მედიებს, პოლიტიკურ ფიგურებს, დასავლეთში მოღვაწე მარიონეტულ ქრისტიანულ ორგანიზაციებსა და საეჭვო რეპუტაციის მქონე ჟურნალისტებს. Sputnik და RT აქტიურად იყენებდნენ ქრისტიანების გენოციდის ნარატივს საკუთარ ინფორმაციულ ველში, რასაც შემდეგ იმეორებდნენ დასავლეთში არსებული “ალტერნატიული” და კონსპირაციული თეორიების მოყვარული მედია ქსელები

ისინი ხშირად საკუთარ ნარატივებს ზურგს უმაგრებდნენ ძალადობის ამსახველი შემზარავი ვიდეოებით – ამ ვიდეოებში ქრისტიანებს თავს აჭრიან, ჯვარზე აკრავენ, ქალებს კი აშიშვლებენ. თუმცა გავრცელებული ვიდეოების უმეტესობა ახალი არ იყო, ისინი ასადის მმართველობის პერიოდში მომხდარ ძალადობას ასახავდა. დეზინფორმაციის გავრცელებას ხელს უწყობდნენ გარკვეული დასავლელი და რეგიონული პოლიტიკოსებიც. მაგალითად, საქართველოში სირიელი ქრისტიანების გენოციდი აქტიურად ვრცელდებოდა ისეთი პრორუსული ჯგუფებისა და პარტიის წარმომადგენლებისგან, როგორებიცაა კონსტანტინე მორგოშია, გოგა ხაინდრავა, ნიკოლოზ მჟავანაძე და სხვა.

მიუხედავად სხვადასხვა ტრაგიკული ნარატივის გავრცელებისა, ფაქტობრივი მტკიცებულებებს მივყავართ უფრო ნიუანსურ პრობლემასთან. ადამიანთა უფლებების დამოუკიდებელი სამეთვალყურეო ჯგუფები და სირიაში მოქმედი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ქრისტიანები ნამდვილად ემსხვერპლნენ სირიაში დაწყებულ დაპირისპირებას. თუმცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება მიზანმიმართული სამთავრობო ანტიქრისტიანული ძალადობრივი ქმედებებისა. ამას ადასტურებს ისეთი საერთაშორისო სამეთვალყურეო ორგანიზაციებიც, როგორებიცაა Open Doors და საერთაშორისო ქრისტიანული სოლიდარობა (Christian Solidarity International). ეს ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სირიაში მომხდარი დაპირისპირება ყველაზე მტკივნეული და ტრაგიკული იყო ასადთან ასოცირებული ჯგუფისთვის, ალავიტებისთვის. მათივე თქმით, სწორედ სამთავრობო ძალებსა და ასადთან აფილირებული ჯგუფების კონფლიქტს ემსხვერპლა რამდენიმე ქრისტიანის სიცოცხლე. 

ამ ორგანიზაციების დასკვნას ამყარებს სირიის მთავრობის ოფიციალური ანგარიშებიც, სადაც სიღრმისეულადაა განხილული ეს დაპირისპირება და მასთან დაკავშირებული ფაქტები. ანგარიშის მიხედვით, 6 მარტს სირიის ქალაქ ლატაკიაში სირიის უსაფრთხოების ძალებსა და ასადის მომხრე ჯგუფებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რის შედეგადაც დაიღუპა სირიის უსაფრთხოების ძალების 16 პირი. საპასუხოდ, ასადთან აფილირებული ჯგუფების წინააღმდეგ, სამთავრობო ძალებმა დაიწყეს ოთხდღიანი ოპერაცია, რომელსაც მხარს უჭერდნენ ადგილობრივი და უცხოელი გასამხედროებული დაჯგუფებები. სირიის ადამიანის უფლებათა  ქსელის (SNHR) თანახმად, ეს ფრაქციები პასუხისმგებელნი იყვნენ სექტების მიმართ ძალადობაზე, უპირველესად ალავიტების, წინააღმდეგ. 

სირიის კათოლიკე ეპისკოპოსმა ჟაკ მურადმა ოფიციალურად გამოქვეყნებულ წერილში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქრისტიანები არ იყვნენ ოპერაციის განზრახული სამიზნეები, არამედ იყვნენ შემთხვევითი მსხვერპლები. 8 მარტს სირიელმა ქრისტიანმა ლიდერებმა დაგმეს ძალადობა, მაგრამ უარყვეს რუსულ და ირანულ მედიებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სირიული ეკლესიები თავშესაფარს აძლევდნენ იმ ქრისტიანებს, რომლებიც გენოციდის მსხვერპლნი იყვნენ.

რა კავშირშია რუსეთი სირიელ ქრისტიანებთან?

რუსეთის ფედერაცია და მასთან აფილირებული ჯგუფები ინფორმაციულ ომს ძალიან დახვეწილად იყენებენ, რაც ართულებს დამოუკიდებელი და ფაქტებით დამტკიცებული ინფორმაციის გავრცელებას. რუსეთის ჰიბრიდული ომი მრავალმხრივია და მოიცავს ეკონომიკურ ზეწოლას, კიბერშეტევებს და მასობრივ ინფორმაციულ კამპანიებს. სწორედ ამგვარი კამპანიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია დეზინფორმაციის სისტემური გამოყენება. ეს მეთოდი რუსეთმა დახვეწა ჯერ კიდევ სსრკ-ს არსებობის დროს – ამას აქტიურ ღონისძიებებს (Активные мероприятия) უწოდებდნენ.

აქტიური ღონისძიებები იყო საბჭოთა კავშირის საიდუმლო ზემოქმედების ოპერაციები, რომელიც მიზნად ისახავდა დეზინფორმაციის გავრცელებას, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას და მოწინააღმდეგეების დასუსტებას. არასტაბილურობის შესაქმნელად ისინი იყენებდნენ შემდეგ მეთოდებს: ყალბი ახალი ამბების შექმნას, პროპაგანდას, პოლიტიკურ დივერსიებს, რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერას და ჯაშუშობას.

რუსული სახელმწიფო მედია საშუალებები, როგორებიცაა Sputnik და RT, ავრცელებდნენ ნარატივს, რომ დასავლური ძალები, სირიის ახალი მთავრობის მხარდაჭერით, ირიბად უწყობენ ხელს სირიელი ქრისტიანების გენოციდს.

ქრისტიანებზე ძალადობის პროპაგანდას, ეს არხები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავრცელებენ ქრისტიანულ საზოგადოებებში. რუსეთის მსგავსი დეზინფორმაციები აქტიური ღონისძიებების  პირდაპირი რეალური გამოყენებაა და მიმართულია როგორც დასავლური ევანგელური თემებისკენ, ისე დასავლურ საზოგადოებაზე, რომელიც სენსიტიურად რეაგირებს რელიგიური დევნის ნარატივებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი დეზინფორმაციით რუსეთი თავს მოწყვლადი ქრისტიანული უმცირესობების დამცველად წარმოაჩენს – ეს მარტივად ვრცელდება იმ საზოგადოებებში, რომლებშიც ქრისტიანული ღირებულებები და ადამიანის უფლებები უმთავრესია. რუსული მედია შერჩევითად ხაზს უსვამს ძალადობის შემთხვევებს, ხშირად არ ითვალისწინებს დაპირისპირების კონტექსტს ან აკნინებს არსებული კონფლიქტის უფრო ფართო ხასიათს. ძალადობის ასახვა, როგორც ქრისტიანების წინააღმდეგ ორკესტრირებული გენოციდის ნაწილი, ყურადღებას ამცირებს სხვა სისასტიკეებზე – განსაკუთრებით ისეთი ჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, რომლებიც კავშირში არიან ან ითვლებიან ასადის რეჟიმის ნარჩენებად. ისინი წლების განმავლობაში რუსეთისგან ფინანსდებოდნენ. რუსეთის, როგორც დევნილი ქრისტიანების მფარველის როლის პოპულარიზაციით, კრემლი ცდილობს დაუპირისპირდეს დასავლურ ნარატივებს და,  უკრაინაში დაწყებული აგრესიის გამო, დასავლეთის კოლექტიურ კრიტიკას.

დეზინფორმაციას და სირიაში ქრისტიანების გენოციდის ნარატივს რუსეთი იყენებს სტრატეგიულად, რათა დასავლურ ქვეყნებში შეცვალოს აღქმები მის ქმედებებთან დაკავშირებით. თუ დასავლელი ხალხი ჩათვლის, რომ მათი მთავრობები უგულებელყოფენ ქრისტიანული უმცირესობების მდგომარეობას სირიაში, მათ შეიძლება უფრო თანაუგრძნონ რუსეთის პოზიციას და გაავრცელონ რუსული ნარატივები.

დეზინფორმაცია – ძალთა ბალანსის შენარჩუნების გზა

მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთი ინარჩუნებს ჯარებს, საჰაერო ბაზებსა და დიპლომატიურ არხებს სირიაში. 2015 წლიდან რუსეთის ფედერაციის მიერ სირიის მხარდაჭერა აძლევს მას მნიშვნელოვან ბერკეტს რეგიონულ ძალთა ბალანსზე. ამავდროულად, რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ინტერესები და წარმოაჩინოს თავი სიტუაციის სტაბილიზატორად. ეს განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სირიის ახალ მთავრობას ევროკავშირი და აშშ  უცხადებს ნდობას და მზადაა თანამშრომლობისთვის. ამ კონტექსტში, ქრისტიანული გენოციდის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება არის პროვოკაციის მიზანმიმართული მცდელობა დასავლეთის წინააღმდეგ. ამ პროპაგანდისტული კამპანიის ტალღოვანი ეფექტი დასავლურ დემოკრატიებში შესამჩნევია. ქრისტიანების ტანჯვის შესახებ ემოციურად დატვირთული, თუმცა გაზვიადებული, ნარატივების განმეორებითი ზემოქმედება ხელს უწყობს ტრადიციული მედიისა და სამთავრობო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის გაღვივებას და ისეთ კონსპირაციულ ნარატივებზე ასხამს წყალს, როგორიცაა დასავლეთის ბრძოლა ქრისტიანობის წინააღმდეგ. 

რას პასუხობს დასავლეთი?

დასავლეთი კონფლიქტის დაწყების დღიდან ჩართული იყო სირიაში მშვიდობის დამყარების პროცესში. 8 მარტს ევროკავშირის დელეგაციამ დაგმო ასადის მხარდამჭერების თავდასხმები გარდამავალ სამთავრობო ძალებზე. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას და მოუწოდა გარე აქტორებს, პატივი ეცათ სირიის სუვერენიტეტისთვის.

საფრანგეთმა და გერმანიამ მოუწოდეს სირიის გარდამავალ მთავრობას, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები. დიდმა ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, ფინეთმა, შვედეთმა, ესტონეთმა და იტალიამ ხაზი გაუსვეს ყველა სირიელის, მათ შორის ქრისტიანებისა და ალავიტების, დაცვის აუცილებლობას. 

9 მარტს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაგმო რადიკალი ისლამისტების მიერ ჩადენილი მკვლელობები ალავიტების წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს და მთავრობას დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდა. 

11 მარტს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დაგმო როგორც ასადის მხარდამჭერი მილიციის თავდასხმები უსაფრთხოების ძალებზე, ასევე მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ევროკავშირი მიესალმა ძალადობის გამოძიების შესახებ გეგმას, რომლის ინიციატორი თავად სირიის მთავრობა იყო და მოუწოდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან თანამშრომლობისკენ. 

ამ პოზიციის გაგრძელება იყო 17 მარტს ბრიუსელში გამართული კონფერენცია სირიის პოლიტიკურ გარდამავალ ფაზასა და რეკონსტრუქციაზე, რომელსაც სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასად ალ-შაიბანიც დაესწრო. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ასადის შემდგომი სირიის, ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური ანგარიშვალდებულებისადმი. კონფერენციაზე დაიგმო თავდასხმები როგორც უსაფრთხოების ძალებზე, ისე სამოქალაქო მოსახლეობაზე და ხაზი გაესვა სამართლიანობისა და სტაბილურობის აუცილებლობას — პრინციპებს, რომლებიც სირიის მთავრობის წარმომადგენლებმაც საჯაროდ გაიზიარეს.

ქრისტიანობა – რუსეთის მთავარი დეზინფორმაციული იარაღი

რუსეთის მიერ ქრისტიანობის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენება გაცხადებულად ხდება უკრაინაშიც 2022 წლიდან. ოლექსანდრ ლუკიანენკოს ანალიზი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ (ROC) გვაჩვენებს, თუ როგორ იყენებს რუსეთი დეზინფორმაციას არა მხოლოდ სირიაში, არამედ უკრაინაშიც.

ლუკიანენკო წერს იმაზე, ​​თუ როგორ აერთიანებს რუსეთის ეკლესია რელიგიურ რიტორიკას ნაციონალისტურ პროპაგანდასთან რუსული აგრესიის გამართლების, ისტორიის დამახინჯების და უკრაინის სუვერენიტეტის დელეგიტიმაციის მიზნით. 

„რუსული სამყაროს“ (Русский мир) იდეოლოგია უკრაინის დამოუკიდებლობას წარმოაჩენს დასავლური იდეოლოგიის ხელოვნურ კონსტრუქტად.

ლუკიანენკო ხაზს უსვამს პატრიარქ კირილის ქადაგებებსაც, რომელიც რუსეთის ჰიბრიდულ ომის ერთ-ერთი იარაღია.  უკრაინაში კირილი რუსეთს წარმოაჩენს ქრისტიანული ცივილიზაციის მცველად “გარყვნილი” დასავლური ინტერვენციის წინააღმდეგ. ამასთანავე, პროპაგანდა ცდილობს გადაწეროს კიევის რუსეთის ისტორია, რათა წაშალოს უკრაინის დამოუკიდებლობის არსი.

ლუკიანენკოს ნაშრომის ანალიზი და მასში მოცემული რუსული ჩარჩოების სირიის მოვლენებთან გამოყენებით, ცხადი ხდება, რომ რუსეთის დეზინფორმაციის სტრატეგია არ არის მხოლოდ ნარატივების გაკონტროლება-გავრცელება ცალკეულ კონფლიქტებში – ეს არის უფრო ფართო იდეოლოგიური ომის ნაწილი დასავლეთის წინააღმდეგ. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიის, მანიპულირებული ისტორიული ნარატივებისა და რელიგიური რიტორიკის მეშვეობით რუსეთი ცდილობს შექმნას ისეთი რეალობა, რომელშიც მისი სამხედრო ინტერვენციები თავდაცვითი ხასიათისაა და არა ექსპანსიური. დასავლეთის გავლენები კი დამანგრეველია ქრისტიანული სამყაროსთვის. 


უკრაინის მაგალითის ანალიზით კიდევ უფრო ვრწმუნდებით იმაში, რომ რუსეთის ფედერაცია ქრისტიანობას იყენებს საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამ ყველაფრის პირველი მხარდამჭერი კი რუსეთის საპატრიარქოა. 

რელიგია რუსეთში არასდროს ყოფილა მხოლოდ სულიერი, სარწმუნოებრივი სივრცე. ის მუდმივად ემსახურებოდა პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცებას. დღესაც, პუტინის რეჟიმი მართლმადიდებლობას გეოპოლიტიკურ იარაღად იყენებს: სირიის კონფლიქტში ქრისტიანების დაცვის მოტივით წარმოებული საინფორმაციო კამპანიები სწორედ ამ ისტორიული ნარატივის თანამედროვე გაგრძელებაა – მცდელობაა, რუსეთი წარმოაჩინოს არა როგორც აგრესორი, არამედ როგორც მართლმადიდებელი სამყაროს მფარველი და კულტურულ ფასეულობებზე მზრუნველი ძალა.


ავტორი

  • გიორგი ქაჯაია

    გიორგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი. ის იზიარებს ინდივიდუალური თავისუფლების, თვითმმართველობისა და პირადი პასუხისმგებლობის ლიბერტარიანულ ხედვას. დაინტერესებულია პოლიტიკური ფილოსოფიით, დიპლომატიითა და ხელოვნური ინტელექტით.

გიორგი ქაჯაია

გიორგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი. ის იზიარებს ინდივიდუალური თავისუფლების, თვითმმართველობისა და პირადი პასუხისმგებლობის ლიბერტარიანულ ხედვას. დაინტერესებულია პოლიტიკური ფილოსოფიით, დიპლომატიითა და ხელოვნური ინტელექტით.