Blogპოლიტიკა

ყველაზე დიდი სავაჭრო შეთანხმება თუ ყველაზე დიდი დათმობა? – როგორ შეცვალა ევროკავშირი–აშშ-ის ახალმა სავაჭრო შეთანხმებამ ძალთა ბალანსი

2025 წლის ივლისის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გააფორმეს ახალი, ფართომასშტაბიანი სავაჭრო შეთანხმება, რომლის დამსახურებითაც ორივე ქვეყანამ თავიდან აიცილა სრულმასშტაბიანი სატარიფო ომი. შეთანხმებით აშშ-მ მიიღო სატარიფო უპირატესობა და ახალი ინვესტიციები ენერგოსექტორში, ხოლო ევროკავშირი რიგი პოლიტიკოსების კრიტიკის საგანი გახდა ეკონომიკური სტაბილურობის საბაბით ზედმეტ დათმობებზე წასვლის გამო.

საერთაშორისო ვაჭრობაზე საუბრისას, ადამიანების დიდი ნაწილი თვლის, რომ ქვეყანა, რომლის ექსპორტიც მეტია იმპორტზე, ვაჭრობაში იმარჯვებს. მსგავსი შეხედულება ეფუძნება მერკანტილიზმის ძველ ეკონომიკურ დოქტრინას, რომელიც ვაჭრობას ნულოვანი ჯამის თამაშად განიხილავს და წარმატებას სავაჭრო სიჭარბეს უკავშირებს. თუმცა, ეკონომიკურმა კვლევებმა და თანამედროვე სამყაროს გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ დღევანდელი ეკონომიკები ასეთ პრინციპებს აღარ ემორჩილება. რეალური განვითარება მოაქვს ღია, თავისუფალ ვაჭრობას, როგორც იმპორტს, ისე ექსპორტს, და არა ცალმხრივ “გამარჯვებებს”.

ისტორია ნათლად გვაჩვენებს, რომ ტარიფები და სავაჭრო შეზღუდვები ეკონომიკას არ იცავს. პირიქით, ისინი ზრდიან ფასებს მომხმარებლებისთვის, აზიანებენ მწარმოებლებს, რომელთაც პროდუქტის შესაქმნელად იმპორტირებული ნაწილები სჭირდებათ, და ქმნიან არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოს, რაც აფერხებს ინვესტიციებს.

დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს კარგად გამოჩნდა, თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს ცალმხრივ გამარჯვებაზე ორიენტირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ. 2017 წლიდან დაწესებულმა ტარიფებმა დოლარი გააფასურა, გლობალური ბაზრები არასტაბილური გახადა და 2019 წლისთვის მსოფლიო რეალური სავაჭრო კრიზისის რისკის წინაშე დააყენა.

დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებით საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები კვლავ აირია. ისევე როგორც პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ტრამპმა საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკა აგრესიული სატარიფო მოთხოვნებით და მერკანტილისტური “უფრო სამართლიანი” შეთანხმებების მოთხოვნით დაიწყო. 2025 წლის 27 ივლისს, შოტლანდიაში, ტრამპის გოლფის კურორტზე, პრეზიდენტმა ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადეს ახალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ.

შეთანხმების წინაპირობა

ახალი სავაჭრო შეთანხმების მიღების წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს პრეზიდენტ ტრამპის მიერ 2 აპრილს გამოცხადებული “განთავისუფლების დღე“ (Liberation day), როდესაც მან დაანონსა რიგი ახალი ტარიფები, აშშ-ს სავაჭრო დეფიციტისა და უსამართლო სავაჭრო შეთანხმებების აღმოფხვრის მოტივით. ევროკავშირი სავაჭრო პოლიტიკის მოულოდნელი ცვლილების შემდეგ არასტაბილურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თავდაპირველად, ის დაბალანსებული შეთანხმებისკენ მიისწრაფოდა, თუმცა რამდენიმე მცდელობის შემდეგ აღიარა ტრამპის ადმინისტრაციასთან ნებისმიერი პოტენციური შეთანხმების ასიმეტრიულობა. ევროკავშირი ორად გაიყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპასუხათ. საფრანგეთი და ესპანეთი უფრო მკაცრ, საპასუხო მიდგომას უჭერდნენ მხარს, ხოლო გერმანია და იტალია უფრო ფრთხილ, ზომიერ პოლიტიკას. მას შემდეგ, რაც ტრამპმა უარყო ევროკავშირის მიერ შეთავაზებული 10%-იანი ტარიფის წინადადება და დაიმუქრა 1 აგვისტოს 30%-იანი სადამსჯელო ტარიფების დაწესებით, ევროკავშირს მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლა მოუწია.

შეთანხმების დეტალები

15%-იანი ტარიფი ევროკავშირის ექსპორტზე – 15%-იანი ტარიფი შეეხება ევროკავშირის აშშ-ში ექსპორტის დაახლოებით 70%-ს, რომლის ღირებულება წელიწადში 380 მილიარდ ევროს შეადგენს. ახალი ტარიფი მნიშნელოვნად გაზრდილია 3%-თან შედარებით, რომელიც ევროკავშირის საქონელზე იყო დაწესებული ტრამპის გაპრეზიდენტებამდე, თუმცა 30%-იანი ტარიფის ნახევარია, რომლითაც ტრამპი თვეების განმავლობაში იმუქრებოდა.

ევროკავშირი მომდევნო სამი წლის განმავლობაში აშშ-დან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს შეისყიდის, მათ შორის თხევად ბუნებრივ აირს (LNG), ნავთობსა და ბირთვულ საწვავს.

ევროპული კომპანიები შეერთებულ შტატებში ჯამში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ.

ევროკავშირმა ასევე დათანხმდა აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვანი რაოდენობით შეძენას, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალები არ გაჟღერებულა.

ავტომობილების სექტორი – ევროკავშირიდან აშშ-ში ავტომობილების იმპორტი, რომელიც აქამდე 27.5%-ით იბეგრებოდა, 1 აგვისტოდან 15%-იან განაკვეთს დაექვემდებარა. პირიქით, აშშ-დან ევროკავშირში ავტომობილების ექსპორტი, რომელიც აქამდე 10%-ით იბეგრებოდა, ახლა საბაჟო გადასახადისგან თავისუფალი იქნება.

აშშ-ს საქონელი სრულიად გათავისუფლდება მასზე დაწესებული ტარიფებისგან.

მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სექტორებთან დაკავშირებით. შეთანხმების სამართლებრივ ტექსტად გარდაქმნას, სავარაუდოდ კვირები ან თვეები დასჭირდება. ღიად რჩება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ფარმაცევტულ პროდუქტებზე ტარიფების დაწესების საკითხი.

რეაქციები აშშ-დან

პრეზიდენტ ტრამპმა შეთანხმება უდიდეს გამარჯვებად გამოაცხადა. თეთრი სახლის განცხადებით, შეთანხმება ფუნდამენტურად აბალანსებს ეკონომიკურ ურთიერთობებს, აძლიერებს აშშ-ს ეკონომიკასა და წარმოების შესაძლებლობებს. სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციებმა, მათ შორის ამერიკის ნავთობის ინსტიტუტმა, ამერიკის ფერმერთა ბიუროს ფედერაციამ და ავიაციის ასოციაციამ, შეაქეს შეთანხმება და ხაზი გაუსვეს მის სარგებლიანობას ამერიკელი მეწარმეებისთვის. რესპუბლიკური პარტიის სხვადასხვა წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” პოლიტიკის მიმართ.

რეაქციები ევროკავშირიდან

საფრანგეთი – საფრანგეთი შეთანხმების ყველაზე ღია კრიტიკოსად მოგვევლინა. რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ, შეთანხმება ევროკავშირისთვის “ბნელ დღედ” გამოაცხადა და განაცხადა, რომ “თავისუფალი ხალხის ალიანსმა…საკუთარი თავი მორჩილი გახადა”. საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრმაც, ლორან სენ-მარტენმაც, დასძინა, რომ “ბრიუსელს მკაცრად უნდა ეპასუხა” და განაცხადა, რომ “დონალდ ტრამპს მხოლოდ ძალის ესმის“.

გერმანია – გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ შეთანხმებით მოხდა “პოტენციურად დამანგრეველი შედეგების” თავიდან აცილება. 

იტალია – იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ კი უფრო თავშეკავებული მხარდაჭერა გამოხატა. 

ესპანეთი – ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა შეთანხმებას “ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე” დაუჭირა მხარი.

ევროკომისია – ევროკომისიამ მიღწეული შეთანხმება დადებითად შეაფასა. ვაჭრობის კომისარმა მაროშ შევკოვიჩმა ხაზი გაუსვა, რომ ალტერნატივა იყო სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი და შეაქო ურსულა ფონ დერ ლაიენი მისი ძალისხმევის გამო.

მშვიდობა თუ დამოკიდებულება?

ეკონომიკური გადმოსახედიდან, ევროკავშირის გადაწყვეტილება, არ დაეწესებინა საპასუხო ტარიფები აშშ-ზე სწორი ნაბიჯი იყო. ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირმა თავიდან აიცილა გრძელვადიანი ეკონომიკური ზარალი. ეკონომიკური სტაბილურობის პრიორიტეტიზაცია და პოტენციურად 30%-აინი ტარიფის თავიდან აცილება ხელს შეუწყობს სხვადასხვა სექტორს, განსაკუთრებით, ავტომობილების მწარმოებელ კომპანიებს, რომელთაც საექსპორტო ტარიფი შეუმცირდათ.

თუმცა, ძალთა ბალანსის თვალსაზრისით, ხელშეკრულება უთანასწორო და აშშ-ს გეოპოლიტიკური გამარჯვებაა. შოტლანდიაში, ტრამპის გოლფის კლუბში ხელმოწერილი შეთანხმება, რომლითაც აშშ-მ მიიღო 750 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ენერგოსექტორში, 600 მილიარდი დოლარის ინვესტიცია სხვა სექტორებში, სამხედრო აღჭურვილობის გაზრდილი ექსპორტი და 0%-იანი ტარიფი ამერიკულ საქონელზე, დიდი დათმობების გარეშე, ევროკავშირს აჩენს სუსტ ბლოკად, რომელიც ეკონომიკურად და თავდაცვითაც აშშ-ზეა დამოკიდებული.

ევროკავშირის ქვეყნების რეაქციებიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვები: სწორი იქნებოდა თუ არა ევროკავშირისთვის აშშ-თან სატარიფო ომის გაგრძელება? გააძლიერებდა თუ არა სავაჭრო დაპირისპირება ევროკავშირის პოზიციას მსოფლიოში? გაზრდიდა თუ არა მის გავლენას აშშ-თან ურთიერთობაში?

ისტორია გვიჩვენებს, რომ არა. 

საუკუნეებით უკან დაბრუნება საჭირო არ არის. 2018 წლის კანადა-აშშ-ს სავაჭრო ომიც ადასტურებს, რომ ხანგრძლივი სავაჭრო დაპირისპირება არავის პოზიციებს არ აძლიერებს , არამედ აზიანებს ყველას. როდესაც დონალდ ტრამპმა კანადის ფოლადსა და ალუმინზე ტარიფები დააწესა, ოტავამ საპასუხო ტარიფები შემოიღო ამერიკულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე. ამ ნაბიჯით კანადამ ზუსტად ის გააკეთა, რასაც ბევრი ევროპელი ლიდერი და ბიუროკრატი ურჩევდა ურსულა ფონ დერ ლაიენს. თუმცა შედეგი იყო ორივე ქვეყნისთვის დამაზიანებელი და სულაც არა კანადის გამაძლიერებელი. კანადელი მომხმარებლებისთვის ამერიკულ პროდუქციაზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო ამერიკელი მწარმოებლებისთვის გაძვირებულმა ფოლადმა და ალუმინმა ექსპორტის ბაზარი დააზიანა. კანადის წინააღმდეგობამ, ნაცვლად იმისა, რომ ვაშინგტონზე ზეწოლა მოეხდინა, შექმნა დამატებითი ეკონომიკური კრიზისი სხვადასხვა სექტორში. 

ევროპისთვის რისკები გაცილებით მასშტაბური იყო. აშშ-თან სრულმასშტაბიან სატარიფო ომს შეეძლო მთელ კონტინენტში გამოეწვია რეცესია, ევროს გაუფასურება და მრავალი სექტორის, მათ შორის ავტომობილებისა და ენერგეტიკის, შეფერხება. დაპირისპირებაზე უარის თქმა შეიძლება პოლიტიკურად სუსტ ნაბიჯად გამოჩნდა, თუმცა პრაგმატულად, ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილებამ, ევროკავშირს უდიდესი ზარალი ააცილა თავიდან.

უფრო ფართოდ ჭრილში, სატარიფო ომებს გამარჯვებული არ ჰყავს. ისინი ზრდიან ფასებს, აზიანებენ მომხმარებლებსა და მწარმოებლებს და ანელებენ ეკონომიკურ ზრდას. ტრამპის პირველ საპრეზიდენტო ვადაში ნათლად გამოჩნდა, რამდენად არასტაბილური ხდება გლობალური ეკონომიკა, როდესაც აშშ-ს მსგავსი დიდი ძალა ცდილობს ვაჭრობის თავის სასარგებლოდ შეზღუდვას. 

შოტლანდიაში გაფორმებული ხელშეკრულება შეიძლება ევროპის გამარჯვებად არ ჩაითვალოს, თუმცა მიღწეულმა კომპრომისმა თავიდან აიცილა პოტენციური უზარმაზარი დანაკარგები ორივე მხარისთვის. დღეს, როდესაც მსოფლიოში იზრდება ავტორიტარული და მერკანტილისტური ეკონომიკების მომხრე ქვეყნების რიცხვი, სტაბილურობა და ღია ბაზრები გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე ტარიფებით მიღებული სიძლიერის ილუზია.

ავტორი

  • გიორგი ქაჯაია

    გიორგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი. ის იზიარებს ინდივიდუალური თავისუფლების, თვითმმართველობისა და პირადი პასუხისმგებლობის ლიბერტარიანულ ხედვას. დაინტერესებულია პოლიტიკური ფილოსოფიით, დიპლომატიითა და ხელოვნური ინტელექტით.

გიორგი ქაჯაია

გიორგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი. ის იზიარებს ინდივიდუალური თავისუფლების, თვითმმართველობისა და პირადი პასუხისმგებლობის ლიბერტარიანულ ხედვას. დაინტერესებულია პოლიტიკური ფილოსოფიით, დიპლომატიითა და ხელოვნური ინტელექტით.