Blogპოლიტიკა

როდესაც 3%-იანი პარტია საფრთხე ხდება: რუსეთის საარჩევნო პრობლემა

2026 წლის 10 აგვისტოს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა პარტიას, რომლის წინასაარჩევნო რეიტინგი შეადგენდა 3%-ს. პარტია „იაბლოკოს“ 2003 წლის შემდეგ პარლამენტში არასოდეს ადგილი არ დაუკავებია და ყოველგვარი ჩვეულებრივი საზომით არავისთვის რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა.

„იაბლოკო” რუსეთის ერთადერთი ოფიციალურად რეგისტრირებული ომის მოწინააღმდეგე მოძრაობაა.სასამართლომ ის სექტემბრის შუალედურ არჩევნებს ჩამოაშორა პროცედურული დარღვევების საბაბით. კონკრეტულად, უცხოური დაფინანსების, აკრძალულ სოციალურ ქსელებში წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების და ტექნიკური ხარვეზების მიზეზით.

პარტია, რომელსაც არანაირი ბერკეტი არ გააჩნია

ნებისმიერი ჩვეულებრივი პოლიტიკური საზომით, „იაბლოკო“ უმნიშვნელო პარტიაა. წლის დასაწყისში ჩატარებულ გამოკითხვებში მისი რეიტინგი 3%-ს შეადგენდა, რაც პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერისგანაც კი შორსაა. მისი ლიდერი, ნიკოლაი რებაკოვი, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, ხოლო პარტიის ლოზუნგი “მშვიდობისა და თავისუფლებისთვის“ უცნაურად ჟღერს რუსეთის პოლიტიკურ გარემოში ოთხნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის ფონზე.

მიუხედავად ყველა ფაქტორისა, ყველასთვის მოულოდნელად, კრემლმა პარტია მაინც აკრძალა. ეს ერთი გადაწყვეტილება 2026 წლის რუსეთის პოლიტიკურ სისტემაზე ბევრად მეტს ამბობს, ვიდრე არჩევნებზე დაფიქსირებული ნებისმიერი შედეგი იტყვის.

აკრძალვის მექანიზმი

„იაბლოკოს“ არჩევნებიდან ჩამოშორების გარშემო განვითარებული მოვლენები რუსული პოლიტიკური რეპრესიული სისტემის ნათელი მაგალითია. უზენაესი სასამართლოს სხდომამდე რამდენიმე კვირით ადრე, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია „იაბლოკო” ერთხმად დაარეგისტრირა. ეს უპრეცედენტო ნაბიჯი იყო რუსეთის ბოლო ათწლეულის პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც უფრო და უფრო იზღუდებოდა. ამ მოვლენამ ომის საწინააღმდეგოდ განწყობილ რუსეთის მოქალაქეებს მცირე იმედი გაუჩინა, რომ სექტემბერში საკუთარ პოზიციას ომთან დაკავშირებით კანონიერად გამოხატავდნენ. თუმცა, უპრეცედენტო გადაწყვეტილებიდან მალევე კრემლის ნაციონალისტურმა პარტიამ „როდინამ“ სარჩელი შეიტანა უზენაეს სასამართლოში „იაბლოკოს“ საარჩევნო სიიდან ამოღების მოთხოვნით. „როდინას“ წარმომადგენლებმა მოწინააღდეგე პარტიის კამპანიას, რომელიც მშვიდობაზე იყო აგებული, ექსტრემისტული უწოდეს.

საქმე განიხილა უზენაესმა მოსამართლე კირილოვმა, რომელმაც მანამდე ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ ცნო ექსტრემისტულად. „იაბლოკოს“ ლიდერმა რებაკოვმა თითოეული ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს არანაირი კანონდარღვევა არ აღმოუჩენია პარტიისგან მისი რეგისტრაციის პროცესში.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისას ასობით ახალგაზრდა მხარდამჭერი შეიკრიბა გასაპროტესტებლად. თუმცა, როგორც რუსეთში ხდება, როცა გადაწყვეტილება მიღებულია, ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს

კრემლის საფრთხე

რუსეთის არასამთავრობო სოციოლოგიური კვლევითი ორგანიზაციის „ლევადა-ცენტრის“ მონაცემებით, 2026 წლის ივლისში უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედების მხარდაჭერა 66%-მდე შემცირდა, რაც ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კვლევის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების 64% კიევთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების მომხრეა, ხოლო 18-24 წლამდე ახალგაზრდებში ეს რიცხვი 78%-ს აღწევს. ომის გაგრძელების მხარდაჭერა 24%-მდე დაეცა, რაც რუსეთის მოსახლეობის ომისგან გადაღლილობის დასტურია.

მთავრობა, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერაში დარწმუნებულია 3%-იან პარტიას არ აკრძალავს არჩევნებიდან, რომელშიც მას გამარჯვების შანსი ისედაც არ ჰქონდა. აკრძალვის საჭიროება უბრალოდ არ არსებობდა, თუ კრემლის ლიდერებსა და „ეფ-ეს-ბეს“ არ ექნებოდათ ინფორმაცია მოულოდნელ შედეგებზე. „ლევადა-ცენტრის“ მონაცემების მიხედვითაც, რომელიც ვერ წარმოაჩენს მოსახლეობის უმრავლესობის პოზიციის რეალურ პროცენტს რუსეთში არსებული უზარმაზარი სოციალური წნეხის გამო, აშკარად შეიმჩნევა ანტი-საომარი განწყობების ზრდა, რომელსაც შესაძლოა შემოდგომის არჩევნებზე ამოეხეთქა.

„იაბლოკოს“ ლიდერმა, რებაკოვმაც განაცხადა, რომ მშვიდობისა და თავისუფლების მოთხოვნა ბევრად ძლიერი აღმოჩნდებოდა, ვიდრე ხელისუფლება თავიდან ვარაუდობდა. კრემლმაც ცივი გონებით გაიაზრა პოტენციური რისკები და თავიდან აიცილა დამატებითი ქაოსი.

პარანოიდული სისტემა

ავტორიტარული სისტემები კრძალავენ იმას, რისიც ეშინიათ და არა რის მიმართაც გულგრილები არიან. კრემლს შეეძლო „იაბლოკოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა, თვალი ედევნებინა, როგორ ვერ გადალახავდა პარტია საპარლამენტო ბარიერს და ეს შედეგი ომისადმი საზოგადოების მხარდაჭერის დამამტკიცებელ საბუთად წარმოედგინა. ეს თავდაჯერებული მთავრობის ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა, რუსეთის პარანოიდულმა სისტემამ ომის მოწინააღმდეგე მოსახლეობის ხმების დათვლის შესაძლებლობაც კი გაანადგურა.

2003 წლის შემდეგ ყველა საპარლამენტო არჩევნებში პუტინის პარტიამ “ედინაია რასიამ“ გაიმარჯვა. სექტემბრის არჩევნებიც უკვე დანამდვილებით იმავე სცენარით წარიმართება. თუმცა, ბიულეტენიდან „იაბლოკოს“, ისტორიულად მარგინალური პარტიის, ჩამოშორება ამჟღავნებს რუსეთის სისტემაში არსებულ მზარდ ბზარებს. კრემლი უკვე აღარაა დარწმუნებული, რომ მოვლენათა განვითარების ნარატივს აკონტროლებს. რუსეთის ერთ დროს შეუვალი სისტემა ნელ-ნელა იქცევა პარანოიდულ სტრუქტურად, რომელიც უკვე საკუთარი ხალხის ბრმა ერთგულებაშიც აღარაა დარწმუნებული.

ავტორი

  • გიორგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი. ის იზიარებს ინდივიდუალური თავისუფლების, თვითმმართველობისა და პირადი პასუხისმგებლობის კლასიკურ ლიბერალურ ხედვას. დაინტერესებულია პოლიტიკური ფილოსოფიით, საერთაშორისო ეკონომიკით და კონფლიქტოლოგიით.

გიორგი ქაჯაია

გიორგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი. ის იზიარებს ინდივიდუალური თავისუფლების, თვითმმართველობისა და პირადი პასუხისმგებლობის კლასიკურ ლიბერალურ ხედვას. დაინტერესებულია პოლიტიკური ფილოსოფიით, საერთაშორისო ეკონომიკით და კონფლიქტოლოგიით.