Blogსაზოგადოება

რუსული მიგრაციის ახალი ტალღა: რა შეიცვალა საქართველოში 2022 წლის შემდეგ?

2022 წლამდე ქვეყანაში ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობდა. რუსი მოქალაქეების მასიური მიგრაციის ტალღა უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი  შეჭრისა და შემდგომში რუსეთის ნაწილობრივ მობილიზაციის გამოცხადებას მოჰყვა.ამის ფონზე ათიათასობით რუსეთის მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. ომის დაწყებიდან ათი თვის განმავლობაში საქართველოს საზღვარი, ტრანზიტული გადაადგილებების ჩავლით, 1,4 მილიონზე მეტმა მათგანმა გადმოკვეთა. ამავე პერიოდში, მხოლოდ ერთ წელიწადში, 11 000-ზე მეტი რუსული წარმომავლობის მქონე ბიზნესი დარეგისტრირდა საქართველოს ბაზარზე. 

ოთხი წლის შემდეგ სურათი უკვე განსხვავებულია, არა იმიტომ, რომ პრობლემა გადაიჭრა, არამედ, პირიქით, აღნიშნულმა საკითხმა უფრო სტრუქტურული პროცესის ხასიათი შეიძინა. 2022 წელს რუსი მოქალაქეების მასობრივი შემოდინება ძირითადად ომსა და მობილიზაციას უკავშირდებოდა, თუმცა მალევე გამოიკვეთა, რომ პროცესი მხოლოდ დროებითი გადაადგილებით არ შემოიფარგლებოდა. რუსეთის მოქალაქეების ზრდასთან ერთად გაჩნდა კითხვები არამხოლოდ მათი რაოდენობის, არამედ ქვეყანაში მათი ხანგრძლივი ყოფნის, ეკონომიკური აქტივობისა და ქართულ  საზოგადოებრივ გარემოზე მათი გავლენის შესახებ. ამასთან, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბიზნესების რეგისტრაციამ და ეკონომიკურ საქმიანობაში მათმა მზარდმა მონაწილეობამ მიგრაცია ცალკე ეკონომიკურ პროცესად აქცია.

დროებითი მიგრაციის ტალღიდან მუდმივ მოსახლეობამდე

2022 წელს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა დიდწილად აღიქმებოდა როგორც ომისა და მობილიზაციის შედეგად გამოწვეული დროებითი გადაადგილება. თუმცა შემდგომმა პროცესებმა აჩვენა, რომ მათი ნაწილისთვის საქართველო მხოლოდ დროებითი გაჩერების ადგილი არ ყოფილა. რეგიონების გათვალისწინებით, ახალი მიგრანტების უმეტესობა, თბილისსა და ბათუმში დასახლდა. ეს ყოველივე კი საბოლოო ჯამში, მოსახლეობის აღწერის შედეგებშიც აისახა: 2024 წლის ბოლოს ჩატარებულმა საყოველთაო აღწერამ საქართველოს მოსახლება 3,9 მილიონამდე გაზარდა და ამ ზრდის მთავარი ფაქტორი სწორედ ქვეყანაში მუდმივად დამკვიდრებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა გახდა. 

IDFI-ის მონაცემებით, 2022 წლის მარტი-ივნისის ინტერვალში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასა და გასვლას შორის სხვაობა 49,505-ს ადამიანს შეადგენდა. ამასთან, 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში შემოვიდა და 3 ოქტომბრის დღის მდგომარეობით კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ: 112 733 რუსეთის, 25 779  უკრაინის, ხოლო 13 151 ბელარუსიის მოქალაქე, ანუ სამივე იმ ქვეყნის წარმომადგენელი, საიდანაც მასობრივი გადინება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. IDFI-ის შეფასებით, ეს მონაცემები მიუთითებს ,რომ პირველი ტალღის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში ხანგრძლივი ყოფნის მზარდ ტენდეციას ავლენდა. ამ ყველაფერს ემატება 2022 წლის საქსტატის მონაცემებიც, რომლის მხედვითაც რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში გატარებული ღამეების საშუალო რაოდენობა 2019 წლის შესაბამის პეროდთან შედარებით თითქმის გაორმაგდა.

მომდევნო წლებში ეს ცვლილება კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. 2024-2025 წლების მოსახლეობის აღწერის შესახებ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მიგრანტებს შორის რუსეთის მოქალაქეები ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს წარმოადგენენ. კერძოდ, 134 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქიდან 37,715-ს რუსეთის მოქალაქეები შეადგენენ. მათი რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 60.8%-ით (26,453-დან 42,545-მდე) არის გაზრდილი. რუსეთის მოქალაქეების გარდა, მზარდი რაოდენობა შეიმჩნევა ინდოეთის (23 925 ადამიანი), უკრაინის (11 542 ადამიანი), აზერბაიჯანის (8 309 ადამიანი) და სომხეთის (5 381 ადამიანი) მოქალაქეებში.

ეკონომიკური გავლენა

2022 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა საცხოვრებელზე, მომსახურებაზე, ტრანსპორტსა და კვებაზე. რუსეთის მოქალაქეების აქტიურობა განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა უზრავი ქონების ბაზარზე. 2022 წლისთვის მათი წილი ბინებისა და სახლების შესყიდვის ტრანზაქციებში თბილისში 0,9%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ბათუმში 5%-დან 17,6%-მდე.  ამ მასშტაბის მოთხოვნამ ხელი შეუწყო ახალი ბიზნესების სწრაფ, ხშირად არარეგულირებად, გაფართოებას, რასაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საცხოვრებლისა და მომსახურების ფასების ზრდა მოჰყვა. ეს ციფრები მკაფიოდ აჩვენებს, თუ რამდენად მყარად ჩაშენდა ეს ჯგუფი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ დარგში. ამ ვითარებაში მთავარი დილემა არის ის, რომ რუსეთის მოქალაქეების ხარჯვა მოკლევადიან ეკონომიკურ “სარგებელს” ქმნის, თუმცა საკითხავია, რამდენად მდგრადია ასეთი სარგებელი და რა რისკებს შეიცავს როგორც მისი გაგრძელება, ასევე შეზღუდვა. 

რუსეთის მოქალაქეების ეკონომიკური აქტივობა რამდენიმე გზით ფიქსირდება: ფულადი გზავნილებით (2022 წლისთვის რუსეთიდან გადმორიცხულმა თანხა ხუთჯერ გაიზარდა და 1,135 მლნ შეადგინა), ტურისტული ხარჯვით და საბანკო დეპოზიტებით. სწორედ ამან განაპირობა ის ისტორიული მაჩვენებლები, რომლის შეუზრუდავად გაგრძელებასაც საკუთარი რისკები ახლავს. მოთხოვნის ზრდამ საცხოვრებელსა და მომსახურებაზე ფასები აწია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში. ამასთან, პირველი ტალღის რუსეთის მოქალაქეების თავისებურება იყო ის, რომ საქართველოში ჩამოსულთა ნაწილი არა მხოლოდ დასაქმდა ადგილობრივ სამუშაო ადგილებზე, არამედ თავად გახდა ბიზნესის მფლობელი. საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში ათიათასობით კომპანიაა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი 2022 წლის შემდეგ არის დარეგისტრირებული. ფიქტიურ მისამარტებზე ფიქსირებული ათასობით კომპანია ართულებს რეალური მესაკუთრეების იდენტიფიცირებას ბაზარზე და 

ბიზნეს რეგისტრაციის გამჭირვალობას. ეს ყოველივე მხოლოდ ეკონომიკურ საფრთხეს არ წარმოადგენს, რისკები შეიძლება პოლიტიკურ და საქართველოს რეპუტაციული რისკის შემცველ ფაქტორად იქცეს. არსებობს საფრთხე, რომ საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიები გამოყენებულ იქნენ რუსეთისთვის სანქცირებული საქონლის “გამტარად” ან ისეთი სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად, რომლებიც სანქციების გვერდით ავლის რისკს შეიცავს. ამგვარი პრატიკის არსებობა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება და დამატებით კითხვებს აჩენს ქვეყნის მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასა და კონტროლის ეფექტიანობაზე. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავეა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში მიმდინარეობს.

როგორ მიმდინარეობს რუსი მიგრანტების ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში

საქართველოში ჩამოსული რუსი მოქალაქეების უმრავლესობა, რომელთა რიცხვიც დღემდე იზრდება, ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის მცდელობას არ ავლენს, არამედ, პირიქით, ფიქსირდება ხშირი ფაქტები, როდესაც თავად მასპინძელი მოსახლეობისგან მოითხოვენ რუსულ ენაზე საუბარს, მომსახურებას და ამის ნორმალიზებას ქართულ საჯარო სივრცეში. ამიტომ ამ საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, როგორ განიხილება მიგრაცია არა მხოლოდ მიგრანტების, არამედ მასპინძელი საზოგადოების პერსპექტივიდან.საქართველოში ჩამოსული რუსი მიგრანტების საკითხი არაერთგვაროვანია, თუმცა ექვემდებარება განზოგადებას არსებული ფაქტობრივი მასალის გაანალიზებით. საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის თანახმად, მეწარმე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურება სახელმწიფო ენაზე შესთავაზოს მომხმარებელს. 2023 წლის 1 აგვისტოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელტა დაცვის სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დაიწყო შესწავლა ბათუმის კვების ობიექტების, კაფეებისა და ბარების მიმართ, სადაც 11-მა მოვაჭრემ მომსახურება მხოლოდ “უცხო ენაზე” გასწია. სააგენტოს ცნობით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიმართვის საფუძველზე დადგინდა, რომ საკვები ობიექტების მეინიუები შედგენილი და მიწოდებული იყო არასახელმწიფო ენაზე, ხოლო ქართული ენის არცოდნის გამო მომხმარებლებისთვის ხშირად უარის თქმა უწევთ ქართულ ენაზე მომსახურებაზე. 

მსგავსი შემთხვევაზე წერს ასევე ადგილობრივი მედია. მათი თქმით, ბათუმში რუსეთის, ბელარუსისა და ურაინის მოქალაქეების მიერ გახსნილმა კაფე-ბარებმა, სილამაზის სალონებმა და უძრავი ქონების სააგენტოებმა ქვეყანაში პარალელური ეკონომიკური სივრცე შექმნა, რომელიც ახალ მოსახლეობას ემსახურება.  

მიგრაცია არ უნდა ნიშნავდეს მხოლოდ საქართველოში ცხოვრებას ან ადგილობრივ ეკონომიკაში მონაწილეობას. ის ასევე გულისხმობს ადგილობრივი ენის, კულტურის, საზოგადოებრივი ნორმებისა და ქვეყნის ისტორიული გამოცდილების პატივისცემას. საქართველოს შემთხვევაში ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, როდესაც რუსეთის მოქალაქეების მასობრივი მიგრაცია მიმდინარეობს ქვეყანაში, რომელსაც რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური მოქმედებების მიმართ მწვავე ისტორიული გამოცდილება აქვს, რუსეთის მოქალაქეებისგან მსგავსი ქმედები, ქართულ საზოგადოებაში ოკუპაციიის, ომისა და პოლიტიკური ზეწოლის კოლექტიურ გამოცდილებას კვლავ ააქტიურებს.

2026 წლის ლარსის საზღვირს მოვლენები

2026  წლის აგვისტოში ზემო ლარსზე რუსეთის მოქალაქეების გადაადგილების მკვეთრმა ზრდამ 2022 წლის მოვლენები კვლავ გაახსენა საზოგადოებას. 

ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით 113 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქის გადაადგილება დაფიქსირდა. წინა წლებისგან განსხვავებით საქართველო ახალ რუსულ მიგრაციულ პროცესს ხვდება უკვე ჩამოყალიბებული რუსული ბიზნეს ქსელებით, ეკონომიკური კავშირებითა და რუსულენოვანი სოციალური სივრცეებით. ოთხწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ პირველი ტალღა არ იყო მხოლოდ დროებითი კრიზისი, არამედ საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სივრცის ხალგრძლივი გარდაქმნის დასაწყისი. 

2022 წლის შემდეგ საქართველოში რუსული მიგრაციის მასშტაბიც შეიცვალა  და ხასიათიც. დროებით მიგრაციულ ტალღას მოჰყვა ხალგრძლივი ბინადრობა, ბიზნესის, უძრავი ქონების ბაზარზე ჩართულობა და საკუთარი ეთნიკური საზოგადოებრივი სივრცეების ჩამოყალიბება. შედეგად მიგრაცია აისახა ქვეყნის არამხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დღის წესრიგზეც.

ოთხი წლის შემდეგ ამ პროცესის მთავარ გამოწვევად კვლავ არა მიგრაციის ფაქტის აღიარება, არამედ მისი მასშტაბებისა და გძელვადიანი გავლენის გააზრება რჩება. 

ავტორი

  • ქრისტინე თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტია, შორეული აღმოსავლეთის მიმართულებით. მისი ინტერესების ცენტრშია საკითხი, თუ როგორ აყალიბებს ისტორია, ძალაუფლება და კოლექტიური მეხსიერება თანამედროვე სამყაროს და როგორ უმკლავდებიან საზოგადოებები ისტორიულ ტრავმებსა და პოლიტიკურ ტრანსფორმაციებს. გარდა ამისა, დაინტერესებულია გეოპოლიტიკითა და საერთაშორისო უსაფრთხოებით.

ქრისტინე ნინიძე

ქრისტინე თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტია, შორეული აღმოსავლეთის მიმართულებით. მისი ინტერესების ცენტრშია საკითხი, თუ როგორ აყალიბებს ისტორია, ძალაუფლება და კოლექტიური მეხსიერება თანამედროვე სამყაროს და როგორ უმკლავდებიან საზოგადოებები ისტორიულ ტრავმებსა და პოლიტიკურ ტრანსფორმაციებს. გარდა ამისა, დაინტერესებულია გეოპოლიტიკითა და საერთაშორისო უსაფრთხოებით.