Blogპოლიტიკა

როდესაც ,,დიდი ძმა” სუსტდება. რა ცვლილებებია მოსალოდნელი აფხაზეთის პოლიტიკურ რეალობაში? 

აფხაზეთში ახლა რაღაც შეუქცევადად იცვლება  და ეს ცვლილება არა პოლიტიკოსთა კაბინეტებში, არამედ ქუჩებსა და ადამიანების გონებაში ხდება. 

ერთი მხრივ, ახალგაზრდა ბლოგერის, დაურ ბუავას ტრაგიკული გარდაცვალება და მის გარშემო ატეხილი პროპაგანდისტული ტალღა, მეორე მხრივ კი – ამბავი იმის შესახებ, რომ ადგილობრივები აფხაზეთში რუს ტურისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთი და იმავე პროცესის ორი სახეა. 

ეს არის კოლექტიური ფსიქოლოგიური ზღვარი, რომლის მიღმაც ძველი შიში უკვე ნელ-ნელა ბრაზში და უნდობლობაში გადადის 

დაურ ბუავას გარდაცვალება – დაკარგული ხმა და ორმაგი ტრაგედია.

დაურ ბუავას საჯარო ფიგურა და მისი აქტივიზმი იმ მცირერიცხოვან ხმებს განეკუთვნებოდა, რომლებიც აფხაზურ საზოგადოებაში დოგმებსა და ტაბუირებულ თემებს უპირისპირდებოდნენ. როდესაც პოლიტიკურად მოაზროვნე ან ალტერნატიული აზრის მქონე პირი იღუპება და სისტემა ცდილობს, მთელი ყურადღება მყისიერად „ნარკოტიკულ ვერსიაზე“ გადაიტანოს, სახეზეა კლასიკური ავტორიტარული მექანიზმი. ეს ინდივიდუალური ტრაგედიის დამალვის მცდელობასთან ერთად პოლიტიკური დისკრედიტაციის იარაღია.

ავტორიტარული და მარიონეტული რეჟიმები მსგავსი ნარატივებით ცდილობენ, ნებისმიერი განსხვავებული აზრი „მორალურად გაანადგურონ“. მათი ამ ქმედებით საზოგადოებას ეგზავნება სისტემური მესიჯი,  გზავნილი კი მეტად მარტივი გახლავთ – ვინც სისტემას უპირისპირდება ან დიალოგზე საუბრობს, ის „არასანდოა”.

ქართველებისთვის დაურის ტრაგედია არის იმ იშვიათი, ცოცხალი და გულწრფელი ხმის დაკარგვა, რომელიც მცდარი სტერეოტიპებისა და მტრული ნარატივების მიღმა ადამიანურ სახეს აჩვენებდა. ეს არის იმედის კიდევ ერთი მცირე ნაწილის ჩაქრობა, რომ გამყოფ ხაზს მიღმა შეიძლება არსებობდნენ ფიგურები, რომლებიც მზად არიან დიალოგისთვის, ურთიერთგაგებისთვის და არა სიძულვილისთვის.

აფხაზეთს კი მოაკლდა პიროვნება, რომელიც ღიად საუბრობდა იმაზე, რაზეც სხვები შიშის გამო დუმდნენ. მისი წასვლით კიდევ უფრო პატარავდება ისედაც მწირი სივრცე, სადაც შიდა პრობლემებზე, სისტემურ უსამართლობასა და განსხვავებულ აზრზე ხმამაღლა ფიქრია შესაძლებელი. სისტემის მცდელობა, ყველაფერი მარტივად შეფუთოს, აფხაზ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს იმ მყიფე და საშიშ რეალობას, რომელშიც სიტყვის თავისუფლება მუდმივი საფრთხის ქვეშაა. 

თუმცა, აფხაზური საზოგადოების რეაქციამ აჩვენა, რომ პროპაგანდის ეფექტიანობა სუსტდება. ამის თვალსაჩინო დასტურია სოციალურ ქსელებსა და ადგილობრივ საინფორმაციო სივრცეებში გაჩენილი ღია კრიტიკული გამოხმაურებები, სადაც მოქალაქეები საჯაროდ უპირისპირდებიან დე ფაქტო უწყებების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ, ე.წ. „ნარკოტიკულ ვერსიებს. 

როდესაც ოფიციალურ ახსნა-განმარტებებს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სკეპტიციზმით ხვდება და მას ცინიკურად ან უნდობლობით ეპყრობა, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობასა და მმართველ წრეებს შორის ნდობის რესურსი სრულად ამოწურულია. დაურ ბუავას გარდაცვალება აფხაზურ საზოგადოებაში აღიქმება არა როგორც იზოლირებული შემთხვევა, არამედ იმ მყიფე და დაუცველი გარემოს სიმპტომი, სადაც ნებისმიერი განსხვავებული აზრი და თავისუფალი სიტყვა მუდმივი ფიზიკური თუ მორალური საფრთხის ქვეშაა.

რუსი ტურისტები და ამოფრქვეული ყოველდღიური აგრესია

დაურის გარდაცვალებიდან მალევე, 2026 წლის 26 აგვისტოს მომხდარი ინციდენტი, როდესაც ადგილობრივები რუს ტურისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, არ უნდა განვიხილოთ როგორც უბრალო ყოფითი ხულიგნობა. ეს ისე იკითხება, თითქოს არა მხოლოდ პირადი მოტივით, არამედ საზოგადოებრივი გაბრაზება უფრო იყო; შედეგის მაგივრად კი აქ საქმე გვაქვს სოციალური ზეწოლის ზღვარამდე მიყვანის პარალელთან. ათწლეულების განმავლობაში აფხაზურ საზოგადოებას უნერგავდნენ ნარატივს, რომ რუსეთი მათი „ერთადერთი გადამრჩენი და მფარველია“, თუმცა ყოველდღიური რეალობა სრულიად საპირისპიროს აჩვენებს. 

ადგილობრივები ხედავენ, რომ რეგიონი სრულ იზოლაციაში ექცევა, სტრატეგიული ობიექტები და მიწები რუსული კაპიტალის ხელში გადადის, ხოლო თავად აფხაზი მოსახლეობა საკუთარ მიწაზე მეორეხარისხოვან როლში რჩება. როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთი გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად იფიტება, მისი ადგილობრივი მმართველი ძალაუფლებაც სუსტდება, რაც ქუჩის დონეზე ასეთი მწვავე დაუცველობითა და აგრესიით ვლინდება. 

უკრაინის ომის ეკონომიკური ექო: საწვავის კრიზისი და რუსეთის მფარველობის მითის მსხვრევა. 

უკრაინაში მიმდინარე ომმა და დასავლეთის სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა მძიმე გამოცდის წინაშე დააყენა. რუსეთის შიგნით შექმნილი მწვავე ეკონომიკური კრიზისი – განსაკუთრებით საწვავის დეფიციტი, ფასების ზრდა და ინფლაცია – სცილდება რუსეთის ფედერაციის საზღვრებს და მტკივნეულად აისახება მის სატელიტებზეც, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთზე. 

აფხაზეთის ეკონომიკა აბსოლუტურად მიბმულია რუსულ დოტაციებსა და რესურსებზე – რეგიონი იყენებს რუსულ რუბლს, ხოლო მისი ფინანსური სისტემა, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა სრულად რუსულ დოტაციებზეა დამოკიდებული. არსებული მონაცემები და ციფრები ზუსტად აჩვენებს ამ დამოკიდებულების მასშტაბსა და ზიანს:

წლების განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი (30%-დან 40-50%-მდე) პირდაპირ რუსული ფინანსური დახმარებით და გრანტებით იფარებოდა. მაგალითად, 2023-2024 წლებში მოსკოვიდან მიღებული მხარდაჭერა ათეულობით მილიონ დოლარს შეადგენდა (სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილი იყო მილიარდობით რუბლი).

მას შემდეგ, რაც რუსეთში შიდა ეკონომიკური კრიზისი და სანქციების ზეწოლა გაიზარდა, მოსკოვმა დაიწყო აფხაზეთისთვის სხვადასხვა სახის დაფინანსების შეკვეცა ან შეწყვეტა (მაგალითად, სოციალური გადახდების ნაწილის შეჩერება და ენერგოსუბსიდირების შემცირება), რამაც მყისიერად გამოიწვია დე ფაქტო მთავრობის მძიმე ფინანსური კრიზისი.

თვალთახედვიდან არ უნდა გამოგვეპაროს ფაქტიც, რომ აფხაზეთი ენერგიის ძირითად ნაწილს ენგურჰესიდან იღებს, თუმცა ადგილზე არსებული უკონტროლო კრიპტოვალუტის მაინინგისა და დეფიციტის გამო, რეგიონი კრიტიკულადაა დამოკიდებული რუსული ელექტროენერგიის კომერციულ და სოციალურ მიწოდებაზე, რაშიც მილიონობით რუბლს იხდიან. როდესაც რუსეთში ენერგორესურსებისა და საწვავის კრიზისი იქმნება, ეს მყისიერად აისახება აფხაზეთის შიდა ბაზარზეც.

ეს ციფრები და მონაცემები მკაფიოდ აჩვენებს, რომ როდესაც „დიდი ძმა“ ეკონომიკურად იფიტება და თავად უჭირს, მისი სატელიტი – აფხაზეთი ავტომატურად დგება სრული კოლაფსისა და ინფლაციური რღვევის პირას.აფხაზურ საზოგადოებაში წლების განმავლობაში არსებობდა მყარი მითი, რომ მიუხედავად პოლიტიკური პრობლემებისა, რუსეთის ეკონომიკური ზურგი მათ ყოველთვის უზრუნველყოფდა მინიმალური სტაბილურობით. როდესაც ხალხი ხედავს, რომ რუსეთი შიგნიდან იფიტება, ფასები იზრდება და რეგიონს ვეღარაფერს სთავაზობს გარდა იზოლაციისა, ილუზიები იფანტება.

რაში „არგია“ ეს ყველაფერი საქართველოს? 

რუსეთის დასუსტება, მისი ეკონომიკური პრობლემები და აფხაზეთში დაგროვილი შიდა დაძაბულობა ქართული მხარისთვის არ არის მხოლოდ „სხვისი უბედურებით გახარების“ მომენტი. ეს არის სტრატეგიული შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც სერიოზულ ანალიტიკურ მიდგომას მოითხოვს: უპირველესად, იმსხვრევა მითი, რომ აფხაზეთი რუსეთის გარეშე ვერ იარსებებს. ეკონომიკური კრიზისი აფხაზურ საზოგადოებაში აჩენს კითხვას: რა არის ალტერნატივა? როდესაც რუსული ორბიტა მხოლოდ სიღარიბესა და სრულ იზოლაციას ჰპირდებათ, თბილისის მიერ შეთავაზებული პრაგმატული, მშვიდობიანი და ეკონომიკურად მიმზიდველი მომავლის პერსპექტივა სულ სხვა წონას იძენს.

აქ რეალისტურად უნდა შევხედოთ სიტუაციას. ბოლო პერიოდის პროტესტების ფონზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ძალიან პოპულარული იყო „ევროპული აფხაზეთის“ იდეა – აფხაზეთის მიერ დასავლეთისკენ კურსის აღება ისე, რომ არც რუსულ ორბიტაზე დარჩეს და არც საქართველოსკენ შემოტრიალდეს. შესაბამისად, იმის მოლოდინი, რომ აფხაზები მყისიერად საქართველოსთან შერიგებაზე დაიწყებენ საუბარს, ან  სენტიმენტები რაიმე სახით წამოიწევს წინ, რასაკვირველია,  არასწორი იქნებოდა. თუმცა, რუსული იზოლაციისა და ეკონომიკური კოლაფსის ფონზე, ეს „მესამე გზის“ ილუზია თანდათან ეჯახება მკაცრ გეოპოლიტიკურ რეალობას. 

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რუსეთისთვის აფხაზეთის შენარჩუნება სულ უფრო ძვირი ჯდება იმ დროს, როცა საკუთარი რესურსები უკრაინის ომში ეწურება.  მოსკოვის კონტროლის მექანიზმები  რეგიონზე სუსტდება და ამცირებს მის უნარს, ბოლომდე ჩაახშოს ადგილობრივი მოსახლეობის განსხვავებული აზრი თუ პროტესტი. 

რა არის მოსალოდნელი?

რასაც აფხაზეთში უნდა ველოდეთ, ალბათ, უპირველესად შიდაპოლიტიკური და სოციალური არასტაბილურობაა: ეკონომიკური სირთულეები და საწვავის კრიზისი, მასზე ფასების ზრდა გამოიწვევს პროტესტის ახალ ტალღებს მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ვეღარ შეძლებს სოციალური ვალდებულებების შესრულებას.

ამასთან, არ უნდა გამოგვრჩეს რუსული ზეწოლის შესაძლო გაზრდა და წინააღმდეგობა. ცდილობს რა საკუთარი ინტერესების შენარჩუნებას, მოსკოვი შეეცდება ძალის გამოყენებით გაატაროს სკანდალური კანონები (მიწებისა თუ ბინების გასხვისებაზე), რასაც აფხაზური საზოგადოების მხრიდან უფრო მკაცრი წინააღმდეგობა მოჰყვება.

საქართველოსთვის კი ეს არის დრო, აჩვენოს მაქსიმალური სიფრთხილე და მზაობა. რეგიონში მიმდინარე ძვრები ცხადყოფს, რომ ძალისმიერი მეთოდების ნაცვლად, მთავარი ძალა ადამიანურ კავშირებს, ეკონომიკურ მიმზიდველობასა და ურთიერთნდობის აღდგენაზე ზრუნვაშია.

რა შეიცვლება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში?

იმ ფონზე, როდესაც რუსული გავლენა სუსტდება და აფხაზეთი თანდათან მარტო რჩება საკუთარ ეკონომიკურ და შიდა კრიზისებთან, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში მყისიერი გარდატეხის მოლოდინი რეალისტური არ არის. საქართველოს მიმართ არსებული ძველი შიშები და სკეპტიციზმი ერთ დღეში არ გაქრება, ხოლო „ევროპული აფხაზეთის“ იდეა აჩვენებს, რომ საზოგადოების ნაწილი ალტერნატივას კვლავ მესამე გზაში ეძებს. 

თუმცა, იცვლება გარემო პირობები, კერძოდ: მარტო მყოფ და იზოლირებულ ტერიტორიაზე საქართველოს შეუძლია, თავისი მშვიდობიანი პოლიტიკა და პრაგმატული შეთავაზებები ბევრად უფრო ეფექტიანად და მარტივად მიიტანოს აფხაზებამდე. როდესაც მფარველი იმპერია ძალას კარგავს, ამგვარად, მყარდება ახალი პერსპექტივა, რომ ადამიანურ კავშირებსა და საერთო, უსაფრთხო მომავალზე ზრუნვაშია. 

დიდი მნიშვნელობა აქვს დიალოგსაც, იმის ნაცვლად, რომ პროცესი დაჩქარდეს, თბილისმა უნდა აჩვენოს მაქსიმალური ჰუმანიზმი, მოთმინება და სიფრთხილე. ურთიერთობების ცვლილება მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც აფხაზური საზოგადოება დაინახავს, რომ საქართველოსთან დიალოგი არ ნიშნავს დაკარგვას, არამედ წარმოადგენს რეალურ, უსაფრთხო და პრაგმატულ გამოსავალს არსებული კოლაფსიდან.

რა არის გამოსავალი?  

იმ ფონზე, როდესაც ძველი სისტემა იბზარება და იქმნება ისტორიული „ფანჯარა“, საქართველოს მხრიდან საჭიროა არა პასიური დაკვირვება, არამედ პროაქტიული და ღრმა პრაგმატიზმზე აგებული სტრატეგია. ზედმეტად ემოციურმა მიმართვებმა ან ზოგადმა „თანაგრძნობამ“ ამ მომენტში შესაძლოა საპირისპირო ეფექტი გამოიღოს, რადგან აფხაზურ საზოგადოებაში მსგავსი გზავნილები ხშირად მტრული მხრის მანიპულაციად აღიქმება. ამიტომ, საჭიროა მკაფიო, კონკრეტული ნაბიჯები.

პირველ რიგში, აუცილებელია პოლიტიკური სიგნალები და დაუცველობის განცდის მოხსნა: თბილისმა მკაფიოდ უნდა აჩვენოს, რომ მისი მიზანი არ არის ძალისმიერი ინტეგრაცია ან რეგიონის სოციალური კოლაფსი, არამედ საუბარია თანასწორუფლებრივ და უსაფრთხო თანაცხოვრებაზე. პარალელურად, საჭიროა კონკრეტული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული შეთავაზებები – კრიზისისა და რუსული იზოლაციის ფონზე საქართველოს უნდა ჰქონდეს მზა პრაგმატული ალტერნატივები, რათა მოსახლეობამ რეალურად დაინახოს სარგებელი. 

ასევე მნიშვნელოვანია განათლებისა და სერვისების ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას სამედიცინო და საგანმანათლებლო მიმართულებით. საბოლოო ჯამში, საზოგადოებათაშორისი ურთიერთობები უნდა აიგოს არა ზემოდან ქვემოთ მიმართულ რიტორიკაზე, არამედ პრაგმატულ პროფესიულ, აკადემიურ და კულტურულ თანამშრომლობაზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილ სტერეოტიპებს დაანგრევს.

ავტორი

  • ელენე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია. კონცენტრირებულია ახლო აღმოსავლეთზე და სწავლობს თურქულ ენას. დაინტერესებულია პოლიტიკით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და ეთნოლოგიით.

ელენე ხარაზიშვილი

ელენე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია. კონცენტრირებულია ახლო აღმოსავლეთზე და სწავლობს თურქულ ენას. დაინტერესებულია პოლიტიკით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და ეთნოლოგიით.