Blogპოლიტიკა

BRICS-ის ამბიციები ახალი მსოფლიო წესრიგის ძიებაში 

XXI საუკუნის გეოპოლიტიკურ არენაზე BRICS-ი თავს მრავალპოლარული მსოფლიოს ავანგარდად და „გლობალური სამხრეთის“ მთავარ ხმად წარმოაჩენს, რომელიც დასავლურ ჰეგემონიასა და დოლარის დომინაციას ებრძვის. ბლოკი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ იგი არსებული წესრიგის ერთადერთი რეალური ალტერნატივაა.

თუმცა, რამდენად რეალურია ეს თვითპრეზენტაცია?

სინამდვილეში, ეს ნარატივი რამდენიმე მითს ეფუძნება. 

პირველი: რუსეთი, როგორც ბლოკის დამფუძნებელი არ მიეკუთვნება „გლობალურ სამხრეთს“, ხოლო მის გარეშე „გლობალური სამხრეთი“ სამხედრო-პოლიტიკურად დასავლეთის კონკურენტი ჯერ არანაირად არ არის. 

მეორე: ბლოკის ეკონომიკური წონა პრაქტიკულად სრულად ჩინეთის დამსახურებაა, რომელსაც ეს სიდიდე BRICS-მდეც დიდი ხნით ადრე ჰქონდა.

ამ ილუზიას კიდევ უფრო ხაზს უსვამს გაერთიანების ისტორია. ტერმინი „BRIC“ 2001 წელს Goldman Sachs-ის ანალიტიკოსმა ჯიმ ო’ნილმა შექმნა კვლევაში “Building Better Global Economic BRICs”. პოლიტიკურ ბლოკად ამ მარკეტინგული ტერმინის ქცევა მოგვიანებით მოსკოვისა და პეკინის ინიციატივას მოჰყვა, თუმცა თავიდანვე აშკარა იყო აცდენა დასავლურ საინვესტიციო იდეასა და ანტიდასავლურ პოლიტიკურ პროექტს შორის.

შექმნის მიზანი და ევოლუცია 

BRICS-ის იდეოლოგიური საფუძველი დასავლეთცენტრული საერთაშორისო წესრიგის მიმართ უკმაყოფილებას ეყრდნობა. გაერთიანების მთავარი მიზანი თავიდანვე იყო ისეთი მრავალპოლარული სისტემის ფორმირება, სადაც განვითარებად ქვეყნებს საკუთარი ეკონომიკური წონის შესაბამისი პოლიტიკური ხმა ექნებოდათ. ბლოკის წევრები წლებია ერთობლივად მოითხოვენ „ბრეტონ-ვუდსის“ ინსტიტუტების მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ფუნდამენტურ რეფორმირებას, რათა გლობალური საფინანსო მართვა უფრო წარმომადგენლობითი გახდეს.

თუმცა, მიუხედავად საერთო მიზნისა  შემცირდეს ან დასრულდეს აშშ-ის გლობალური ჰეგემონია  რადიკალურად განსხვავებული ეროვნული ამბიციები BRICS-ის იდეოლოგიურ საძირკველში დასაწყისშივე იდო. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმის საკითხია: ინდოეთი და ბრაზილია წლებია კატეგორიულად მოითხოვენ უშიშროების საბჭოს გაფართოებასა და მუდმივი ადგილების მოპოვებას, რათა მათი გეოპოლიტიკური წონა აღიარებულ იქნას. ამის საპირისპიროდ, ჩინეთსა და რუსეთს  რომლებიც უკვე ფლობენ უშიშროების საბჭოს მუდმივ სავარძლებსა და ვეტოს უფლებას გაეროს რეფორმირება სრულიადაც არ სურთ. მათ არ სურთ საკუთარი ექსკლუზიური ძალაუფლების გაყოფა და ფარულად ეწინააღმდეგებიან ბლოკის შიგნით ახალი გეოპოლიტიკური კონკურენტების აღზევებას.

წლების განმავლობაში ეკონომიკური დისკუსიის ფორმატიდან BRICS მძლავრ გეოპოლიტიკურ ბლოკად გარდაიქმნა. გაერთიანების პოლიტიკური საძირკველი 2006 წელს ჩაიყარა ოთხი დამფუძნებელი სახელმწიფოს: ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის  მიერ, ხოლო 2009 წელს ეკატერინბურგში მათი პირველი ოფიციალური სამიტი გაიმართა. 

ბლოკის გაფართოება ეტაპობრივად განხორციელდა: 2010 წლის ბოლოს გაერთიანებას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შეუერთდა (რის შემდეგაც „BRIC“ „BRICS“-ად გარდაიქმნა). ხოლო 2024 წელს მას ოფიციალურად შეემატნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები (მოგვიანებით ინდონეზიაც).

დღეისათვის გაერთიანება მოიცავს 11 სრულუფლებიან წევრს: ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკას, ეგვიპტეს, ეთიოპიას, ირანს, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რომელთაც ინდონეზიაც შეურთდა. 

გარდა ამისა, ბლოკს უკვე ჰყავს 10 ოფიციალური პარტნიორი ქვეყანა: ბელარუსი, ბოლივია, ყაზახეთი, კუბა, მალაიზია, ნიგერია, ტაილანდი, უგანდა, უზბეკეთი და ვიეტნამი.

რას აკეთებს BRICS სინამდვილეში: დასავლური ორგანიზაციების მოდელთან შედარება

დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რომლებიც მკაცრად ინსტიტუციონალიზებულ, სუპრანაციონალურ წესებსა და სავალდებულო ქარტიებს ეფუძნება, BRICS მოქმედებს როგორც არაფორმალური, ტრანზაქციული დიპლომატიური კლუბი. მას არ გააჩნია მუდმივმოქმედი სამდივნო, დამფუძნებელი წესდება ან კოლექტიური ვალდებულებების აღსრულების მექანიზმები. 

სინამდვილეში, BRICS-ის საქმიანობა შემოიფარგლება ყოველწლიური სამიტებითა და მინისტრთა შეხვედრებით, სადაც ლიდერები არასავალდებულო დეკლარაციებს აწერენ ხელს, ხოლო კულისებში ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ გარიგებებს დებენ. 

ბლოკის ერთადერთი რეალური ინსტიტუციური სტრუქტურა „ახალი განვითარების ბანკია“ (NDB), თუმცა BRICS-ის მთავარი ფუნქცია წევრ ქვეყნებს შორის ალტერნატიული საფინანსო არხების, ინტერბანკური ქსელებისა და ეროვნულ ვალუტებში ანგარიშსწორების პრაგმატული, არაფორმალური კავშირების დამყარებაა.

რისთვის იყენებენ BRICS-ს მისი წევრები და რა ფასს იხდიან ამაში? 

ჩინეთი: ბლოკს იყენებს აშშ-ის შეკავების პოლიტიკის საპირწონედ და საკუთარი ეკონომიკური გავლენის გასაფართოებლად. თუმცა პეკინი იძულებულია აიტანოს ინდოეთის მუდმივი წინააღმდეგობა ბლოკის შიგნით და დახარჯოს რესურსები არასტაბილური ავტორიტარული რეჟიმების მხარდასაჭერად.

რუსეთი: BRICS-ს იყენებს დასავლური დიპლომატიური იზოლაციის დარღვევისა და სანქციების გვერდის ავლის ქოლგად. თუმცა მოსკოვი კარგავს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და პეკინის „უმცროს პარტნიორად“ (ნედლეულის იაფ მიმწოდებლად) გარდაიქმნება.

ინდოეთი და ბრაზილია: გაერთიანებას იყენებენ „სტრატეგიული დაბალანსების“ იარაღად, რათა დასავლეთთან ვაჭრობისას საკუთარი ფასი ასწიონ. თუმცა მათი საფასური  ვაშინგტონისა და ბრიუსელის მხრიდან ნდობის შემცირების მუდმივი რისკი და მაღალტექნოლოგიურ თუ უსაფრთხოების ალიანსებში სრული ინტეგრაციის შეფერხებაა.

რატომ არის BRICS მიმზიდველი ავტორიტარული და განვითარებადი სახელმწიფოებისთვის? 

განვითარებადი და ავტორიტარული რეჟიმებისთვის (განსაკუთრებით აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში) BRICS-ის მიმზიდველობა დასავლური ინსტიტუტების სტრუქტურულ პირობითობაში იმალება. სანამ მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ან ევროკავშირი კრედიტებისა და ინვესტიციების სანაცვლოდ ითხოვენ დემოკრატიულ რეფორმებს, ადამიანის უფლებების დაცვას, გამჭვირვალობასა და კორუფციასთან ბრძოლას, BRICS-ის წამყვანი აქტორები სრულიად განსხვავებულ მოდელს სთავაზობენ:

ჩინეთი სთავაზობს იაფ ინფრასტრუქტურულ სესხებსა და ტექნოლოგიებს პოლიტიკური პირობების გარეშე. რუსეთი სთავაზობს სამხედრო მხარდაჭერას, იარაღს და რეჟიმის უსაფრთხოების გარანტიებს. ინდოეთი სთავაზობს პრაგმატულ სავაჭრო და ტექნოლოგიურ პარტნიორობას.

ეს მოდელი ადგილობრივ ავტორიტარულ ელიტებს აძლევს საშუალებას, მიიღონ გლობალური კაპიტალი და რესურსები საკუთარი მმართველობის რეფორმირების გარეშე. შესაბამისად, BRICS მცირე და სუსტი სახელმწიფოებისთვის ხდება შიდა კორუფციის, ავტოკრატიისა და რეჟიმის გადარჩენის ქოლგა, სადაც დასავლური „წესებზე დაფუძნებული წესრიგის“ მონიტორინგი გაუქმებულია.

BRICS ინსტიტუციური გაგებით სრულად უფუნქციო ორგანიზაციაა, თუმცა იგი იდეალურად მუშაობს არალიბერალური რეჟიმებისთვის ლეგიტიმური, მრავალმხრივი მოთამაშის იმიტირებისთვის.

ეს მექანიზმი სამ მთავარ ამოცანას ასრულებს:

მრავალმხრივი დიპლომატიის სიმულაცია: ავტორიტარულ რეჟიმებს (განსაკუთრებით რუსეთსა და ირანს) BRICS აძლევს საშუალებას, საკუთარ შიდა აუდიტორიასა და „გლობალურ სამხრეთს“ აჩვენონ, რომ ისინი თანასწორუფლებიან პარტნიორებთან (ინდოეთთან, ბრაზილიასთან) ერთად მონაწილეობენ „დემოკრატიულ, კონსენსუსზე დაფუძნებულ გლობალურ მართვაში“. ეს არის საერთაშორისო აღიარების იმიტაცია ლიბერალური სტანდარტების გარეშე. 

„ალტერნატიული ლეგიტიმაციის“ შექმნა: დასავლური ინსტიტუტებისგან განსხვავებით, სადაც წევრობა ან დაფინანსება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და ინსტიტუციურ გამჭვირვალობას უკავშირდება, BRICS ავტორიტარებს სთავაზობს „უპირობო პლატფორმას“. აქ რეჟიმები იღებენ გლობალური მოთამაშის სტატუსს ისე, რომ მათ შიდა რეპრესიებსა თუ კორუფციას არავინ აკრიტიკებს.

სტრუქტურული უფუნქციობა, როგორც უპირატესობა: BRICS-ის უუნარობა, ჩამოყალიბდეს ქმედით ალიანსად (სავალდებულო წესდებისა და აღსრულების მექანიზმების არარსებობა), არალიბერალური რეჟიმებისათვის მთავარი ხიბლია. მათ სჭირდებათ მხოლოდ დეკორაციული „დიპლომატიური თეატრი“, რომელიც რეჟიმის გადარჩენასა და შიდა ლეგიტიმაციას ემსახურება. 

BRICS 2026: ინდოეთის სამიტი და სტრატეგიული პრიორიტეტები 

გაერთიანების ისტორიაში გარდამტეხ ეტაპად 2026 წლის ნიუ-დელის სამიტი იქცა, რომელმაც BRICS-ის დაარსებიდან 20 წლისთავი აღნიშნა. ინდოეთის თავმჯდომარეობით გამართულმა მე-18 სამიტმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ნიუ-დელის განსაკუთრებული სტრატეგიული როლი  იმოქმედოს, როგორც დამაბალანსებელმა და ზომიერმა ძალამ ბლოკის შიგნით არსებულ მკვეთრ ანტიდასავლურ რიტორიკასა და პრაგმატულ ეკონომიკურ თანამშრომლობას შორის.  ინდოეთის თავმჯდომარეობით გამართულმა მე-18 სამიტმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ნიუ-დელის განსაკუთრებული სტრატეგიული ფუნქცია იმოქმედოს როგორც დამაბალანსებელმა, ზომიერმა ძალამ ბლოკის შიგნით არსებულ ანტიდასავლურ რიტორიკასა და პრაგმატულ ეკონომიკურ თანამშრომლობას შორის.

2026 წლის დღის წესრიგი და თანამშრომლობის ჩარჩო ეფუძნება ფუნდამენტურ სვეტებს, რომლებიც სიმბოლურად თავად ბლოკის ინგლისურ აბრევიატურას ქმნის  „Building Responsive, Inclusive and Collective Solutions“.

გამძლეობა: გლობალური ეკონომიკური, სოციალური და კლიმატური შოკებისადმი მედეგობის ამაღლება, მიწოდების ჯაჭვების სტაბილიზაცია და კრიზისებისადმი პრევენციული მექანიზმების შექმნა. 

ინოვაცია: ახალი და განვითარებადი ტექნოლოგიების, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის აქტიური დანერგვა საჯარო სერვისების ეფექტიანობის ასამაღლებლად და მომავალზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. 

თანამშრომლობა: მრავალმხრივი დიპლომატიის გაღრმავება, გლობალური ინსტიტუტების რეფორმირება და წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ბარიერების მაქსიმალური შემცირება. 

მდგრადობა: კოლექტიური ძალისხმევის გაერთიანება „მწვანე ეკონომიკასა“ და განახლებად ენერგეტიკაზე გადასასვლელად, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის დაჩქარების პარალელურად. 

ეს დოქტრინა მკაფიოდ ასახავს მისწრაფებას, რომ BRICS-ი პოზიციონირდეს როგორც სტაბილური, კონსტრუქციული და მომავალზე ორიენტირებული გლობალური პარტნიორობის პლატფორმა. 

შიდა განხეთქილებების რუკა 

BRICS-ის შიდა არქიტექტურა დაქსაქსულია ფუნდამენტური გეოპოლიტიკური აცდენებით. ამის მკაფიო ილუსტრაციაა ახლო აღმოსავლეთისა და ირანის კონფლიქტი: სანამ თეირანი ითხოვს ბლოკისგან მკვეთრ ანტიდასავლურ პოზიციას და დასავლეთის პირდაპირ დაგმობას, ბლოკის ახალი წევრები  არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი, ინდოეთთან ერთად კატეგორიულად ბლოკავენ მსგავს რადიკალურ რიტორიკას. ეს ქვეყნები აშშ-სთან მჭიდრო უსაფრთხოების და ეკონომიკურ პარტნიორობას ინარჩუნებენ და უარს ამბობენ ვაშინგტონთან ხიდების დაწვავზე.

მეორე ფუნდამენტური წინააღმდეგობა დასავლური სანქციებისადმი შიშსა და მორჩილებაშია: მიუხედავად მოსკოვისა და თეირანის ხამამაღალი მოწოდებებისა, შეექმნათ სანქციებისგან დაცული „ფინანსური ციტადელი“, ჩინური, ინდური და საამიროების მსხვილი ბანკები მკაცრად ემორჩილებიან აშშ-ის მეორად სანქციებს. ჩინურ და ინდურ საფინანსო ინსტიტუტებს არ სურთ გლობალურ დოლარულ სისტემაზე წვდომის დაკარგვა რუსული ან ირანული ტრანზაქციების გამო. შედეგად, ბლოკის შიგნით იქმნება აბსურდული სურათი. პოლიტიკურ დონეზე წევრები დასავლურ ჰეგემონიას ებრძვიან, ხოლო პრაქტიკაში საკუთარი ფინანსური სისტემების გადასარჩენად ამერიკული ხაზინის დირექტივებს ასრულებენ.

დედოლარიზაციის ილუზია და ფინანსური რეალობა

დედოლარიზაციის იდეა BRICS-ისთვის პოლიტიკური თავდაცვის მექანიზმია. ბლოკის წევრებს დოლარისგან დისტანცირება სურთ ვაშინგტონის მიერ დოლარის „იარაღად გამოყენების“ გამო  სანქციების, აქტივების გაყინვისა და SWIFT-დან გათიშვის შიშით. მათი მიმდინარე გეგმა ითვალისწინებს ორმხრივ ანგარიშსწორებას ეროვნულ ვალუტებში (რუპია-დირჰამი, იუანი-რუბლი) და ალტერნატიულ საგადასახადო შეტყობინებების სისტემებს (CIPS, SPFS).

თუმცა, ეს მცდელობა აწყდება გადაულახავ სტრუქტურულ ბარიერს  სავაჭრო დისბალანსს. მაგალითად, ინდოეთს BRICS-ის წევრებთან (განსაკუთრებით ჩინეთთან და რუსეთთან) ასობით მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტი აქვს. ნიუ-დელის არ სურს რუსული რუბლის ან ჩინური იუანის რეზერვად დაგროვება, ისევე როგორც მოსკოვს არაფერში სჭირდება ასობით მილიარდი ინდური რუპია. დოლარის გლობალურ ლიკვიდურობას, ღია კაპიტალის ბაზრებსა და ინსტიტუციურ ნდობას BRICS-ის ვერცერთი ავტორიტარული ვალუტა ვერ ჩაანაცვლებს. საბოლოო ჯამში, დედოლარიზაციის მცდელობა გამოიწვევს საერთაშორისო ვაჭრობის ფრაგმენტაციას, სატრანზაქციო ხარჯების ზრდასა და ეკონომიკურ ეფექტიანობის შემცირებას.

პეკინისა და ნიუ-დელის ფარული დაპირისპირება 

მიუხედავად შთამბეჭდავი ციფრებისა და გლობალური მასშტაბისა, BRICS-ის შიგნით არსებული ფუნდამენტური ბზარები ბლოკის ერთიანობას ეჭვქვეშ აყენებს. გაერთიანება არ არის ერთგვაროვანი და მას აკლია  საერთო ღირებულებითი ან იდეოლოგიური საძირკველი.

ყველაზე დიდი გამოწვევა ჩინეთ-ინდოეთის მეტოქეობაა. პეკინს სურს, BRICS-ი მკვეთრად ანტიდასავლურ, ამერიკის საწინააღმდეგო პლატფორმად აქციოს. ნიუ-დელი კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ კურსს ,ინდოეთს სურს  რეგიონის ჰეგემონობა და პარალელურად ინარჩუნებს მჭიდრო სტრატეგიულ და უსაფრთხოების ალიანსს ვაშინგტონთან.

დედოლარიზაციის კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბლოკის წევრები აშშ დოლარის ჩინური იუანით ჩანაცვლებას არ აპირებენ  ინდოეთი, ბრაზილია და სხვა პარტნიორები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან პეკინის საფინანსო ჰეგემონიას. მათ სურთ სრულიად ახალი, ალტერნატიული ანგარიშსწორების მექანიზმისა და ეროვნული ვალუტების გამოყენება, თუმცა ნებისმიერი ალტერნატივა ჯერ კიდევ შორს არის აშშ დოლარის გლობალური ნდობისგან, ლიკვიდურობისა და საფინანსო ინფრასტრუქტურისგან.

ამასთანავე, BRICS-ის გლობალურ ამბიციებს მნიშვნელოვნად ზღუდავს შიდა ფუნდამენტური ბზარები: იგი არ არის სამხედრო ალიანსი და არ გააჩნია ნატოს მსგავსი კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიები. ამას ემატება მკვეთრი იდეოლოგიური აცდენაც  ბლოკის წევრები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ფუნქციური დემოკრატიებიდან (ინდოეთი, ბრაზილია) მკაცრად ავტოკრატიულ რეჟიმებამდე.

შესაბამისად, შიდა წინააღმდეგობებისა და აცდენილი ინტერესების გამო, BRICS  ვერ გახდება დასავლური სამყაროს სრული, მონოლითური ჩამნაცვლებელი. თუმცა, მან უკვე დაასრულა ერთპოლუსიანი ეპოქა და მსოფლიო გადაიყვანა ფრაგმენტირებულ, მრავალპოლარულ რეალობაში, სადაც იგი იფუნქციონირებს როგორც „გლობალური სამხრეთის“ მძლავრი ალტერნატიული პლატფორმა.

რა გველოდება მომავალში? 

კითხვაზე  გახდება თუ არა BRICS დასავლეთის პირდაპირი ჩამნაცვლებელი ან შეძლებს თუ არა იგი რეალურ, ღრმა ალიანსად გარდაქმნას  პასუხი მკაფიოდ უარყოფითია. BRICS-ს არ გააჩნია მომავალი, როგორც ინტეგრირებულ, მონოლითურ გეოპოლიტიკურ ბლოკს. შიდა ფუნდამენტური ბზარები  პირველ რიგში, პეკინ-ნიუ დელის გადაუჭრელი გეოპოლიტიკური მეტოქეობა, კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმის არარსებობა და საკუთარი სუვერენიტეტის დათმობაზე წევრთა მკვეთრი უარი  გამორიცხავს ამ გაერთიანების გარდაქმნას ნატოს ან ევროკავშირის მსგავს ქმედით სტრუქტურად.

ამასთანავე, მცდარია ნარატივი, თითქოს ერთპოლუსიანი ამერიკული ჰეგემონიის ეპოქა უშუალოდ BRICS-ის დამსახურებით დასრულდა. გლობალური ძალთა ბალანსის ტრანსფორმაცია ჩინეთის დამოუკიდებელი ეკონომიკური აღზევებითა და საერთაშორისო სისტემის ბუნებრივი ფრაგმენტაციით არის განპირობებული  BRICS ამ პროცესის სიმპტომია და არა მისი არქიტექტორი.

შესაბამისად, ბლოკს არ ელის არც დასავლური წესრიგის ჩანაცვლება და არც სრული დაშლა. იგი იფუნქციონირებს როგორც არაფორმალური პრაგმატული დიპლომატიური პლატფორმა, სადაც ავტორიტარული და განვითარებადი სახელმწიფოები დასავლეთთან სავაჭროდ, საკუთარი გეოპოლიტიკური ფასის ასაწევად და შიდა ლეგიტიმაციის გასამყარებლად შეიკრიბებიან.

ავტორი

  • მარიამი სწავლობს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, შორეული აღმოსავლეთის სპეციალიზაციით. ეუფლება ჩინურ ენას და სიღრმისეულად არის დაინტერესებული როგორც მსოფლიოს ძველი და თანამედროვე ისტორიით, ისე რეგიონის პოლიტიკითა და კულტურით. მისი ინტერესების სფეროს ასევე წარმოადგენს გეოპოლიტიკა, კულტურული დიპლომატია, აზიური ფილოსოფია და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები.

მარიამ სირაძე

მარიამი სწავლობს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, შორეული აღმოსავლეთის სპეციალიზაციით. ეუფლება ჩინურ ენას და სიღრმისეულად არის დაინტერესებული როგორც მსოფლიოს ძველი და თანამედროვე ისტორიით, ისე რეგიონის პოლიტიკითა და კულტურით. მისი ინტერესების სფეროს ასევე წარმოადგენს გეოპოლიტიკა, კულტურული დიპლომატია, აზიური ფილოსოფია და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები.