Blogპოლიტიკა

რა ელის ევროკავშირს – გაფართოება თუ დაშლა?

რა არის ევროპა და სად გადის მისი საზღვარი? – ეს შეკითხვა დაისვა 2023 წლის 6 ოქტომბერს გრანადაში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და სხვა სახელმწიფოები ლიდერები ორგანიზაციის მომავალზე სასაუბროდ. სამწუხაროდ, ფორუმს არანაირი ხელშესახები ძვრა არ მოჰყვა, რამაც კიდევ ერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ როგორც ევროკავშირში შესვლის სურვილის მქონე ქვეყნების, ასევე თავად ევროკავშირის ბოლო დიდი გაფართოებისადმი მზაობა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ 2022 წელს ევროკავშირის გლობალური როლის გადახედვა გამოიწვია. როგორც იქნა, განახლდა საუბრები გაფართოებაზე, მაგრამ ამჯერად ეს გამოწვეული იყო არა იმედით, არამედ შიშით, ვინაიდან რეგიონში უსაფრთხოების სერიოზული პრობლემა გაჩნდა. ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი, ევროკავშირის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური მეტოქეები, გამუდმებით ცდილობენ თავიანთი ინტერესები გაატარონ რეგიონში და საამისოდ მილიონებსაც იხდიან ინვესტიციების სახით. ამ ქაოსს ემატება ამერიკის გეზის ნელი, მაგრამ აშკარა ცვლილება ევროპიდან წყნარი ოკეანის რეიგონისაკენ. ახლა, ისე, როგორც არასდროს, გაფართოება აუცილებლობას წარმოადგენს და არა არჩევანს. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ეკონომიკური გაერთიანებაა, მას ყოველთვის ჰქონდა თავისი გეოპოლიტიკური სტრატეგია და ინტერესები. 2004 წლის “დიდი აფეთქების” დროს ათი ქვეყნის გაწევრიანება სწორედ კომუნისტური ერების კონკურენტუნარიან საბაზრო ეკონომიკებად და ლიბერალურ დემოკრატიებად ჩამოყალიბებას ემსახურებოდა. მაგრამ, დროთა განმავლობაში აპლიკანტების ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და სოციალურმა განსხვავებებმა სია ააჭრელა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეშინდნენ, რომ გაფართოება არსებული ურთიერთობების გაღრმავების ხარჯზე მოხდებოდა. აქედან წარმოიშვა ფართოდ გამოყენებული ტერმინი Enlargement Fatigue (გაფართოებისაგან გამოწვეული გადაღლილობა). ვერ ვიტყვით, რომ მათი სკეპტიციზმი გაუმართლებელია. ჩვენ გვინახავს, როგორ შეუცვლია პოლიტიკური ვექტორი ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ. ამისი ნათელი მაგალითია უნგრეთი, რომელსაც ორგანიზაციის რუსულ “ტროას ცხენს” უწოდებენ მის მიერ კანონის უზენაესობის არქონისა და დემოკრატიის დონის საგრძნობი კლების გამო.

არც აპლიკანტი წევრები არ არიან მაინცდამაინც მზად, წევრები გახდნენ. ურთიერთობების ნორმალიზაციის მრავალი მცდელობის მიუხედავად, სერბეთსა და კოსოვოს შორის სამხედრო დაპირისპირება დღემდე გრძელდება. სერბეთი არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ არცერთ საერთაშორისო სანქციას, ხოლო კოსოვო ევროკავშირის წევრი ხუთი სახელმწიფოს მიერ აღიარებულიც კი არაა. ბოსნია-ჰერცეგოვინას მიმდინარე მწვავე ეთნიკური კონფლიქტის გარდა, მსოფლიო მართვის ინდიკატორიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქვს. აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა ბალკანეთის სხვა კანდიდატ ქვეყნებსაც აქვთ. ასოცირებული ტრიოს – უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს – ტერიტორიაზე ჯერ კიდევ რუსული ჯარებია განთავსებული. 

ცრუ დაპირებებისა და ცრუ რეფორმების მოჯადოებული წრე მხოლოდ ორივე მხრიდან ცვლილების სურვილს შეუძლია გახსნას. აპლიკანტებმა თავიანთი მართვის სისტემა თანხვედრაში უნდა მოიყვანონ ევროკავშირის სტანდარტებთან. მაგრამ იმისათვის, რომ ევროკავშირმა შეძლოს თითოეული მათგანის მიღება, უნდა შეიცვალოს მისი რეგულაციური სისტემაც ისე, რომ ამ გაფართოებამ მისი გადაწვა არ გამოიწვიოს. ეს გადაწვა, პირველ რიგში, დიდი ხნის წევრებს დააზარალებს. 

ცვლილება მრავალი მიმართულებით უნდა განხორციელდეს. სიმარტივისათვის, ისინი შეგვიძლია ორ კატეგორიად დავყოთ – ეკონომიკური და ინსტიტუციური.

პირველი ასპექტი ეკონომიკური ცვლილებაა – როგორ იმუშავებს ევროპის ერთიანი ბაზარი პოტენციურად ცხრა ახალი წევრის მიღების შემთხვევაში? მიმდინარედ ევროკავშირის ბიუჯეტი შედგება თითოეული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1,2%-სგან და მისი განახლება ხდება შვიდ წელიწადში ერთხელ. ერთი შეხედვით, ეს რიცხვი მცირეა, მაგრამ ის საკმარისია, რომ წევრებს შორის სერიოზული დაძაბულობა შექმნას. ამ ბიუჯეტის ერთ მესამედამდე წილი გადადებულია სოფლის მეურნეობის სუბსიდიებისათვის, უკრაინას კი ძალიან დიდი სახნავ-სათესი მიწები აქვს, რომელთაც უკრაინელი ოლიგარქები ფლობენ. თუ უკრაინა ამ კანონმდებლობის ცვლილების გარეშე მიიღეს ევროკავშრიში, სუბსიდიებისათვის გამოყოფილი ფულის უდიდესი ნაწილი სწორედ უკრაინელი ოლიგარქების ჯიბეში წავა, რაც სხვა ქვეყნების უკმაყოფილებას გამოიწვევს. ამისი საფრთხე ჯერ კიდევ მაშინ დავინახეთ, როდესაც პოლონეთმა იაფი უკრაინული მარცვლეულის თავისი ქვეყნიდან ევროკავშირში იმპორტირება შეზღუდა თავისი მარცვლეულის კონკურენტუნარიანობის დასაცავად.

ევროკავშირის ფონდებს რაც შეეხება, ეს დიდი ფულის საცავებია, საიდანაც 18 წევრი დღეს იმაზე მეტ ფულს იღებს, ვიდრე მასში დებს. როდესაც ორგანიზაცია ცხრა შედარებით ღარიბ ქვეყანას მიიღებს, არსებული წევრების უმეტესობა წმინდად გამცემი გახდება. ფონდები მიმართული იქნება აღმოსავლეთისაკენ და გაჩნდება ამ პოლიტიკისაგან მოგებულთა და წაგებულთა ბანაკები. 

მეორე ასპექტი ინსტიტუციურია – რამდენად არის ახალმოსულთა საჭიროებებს მორგებული არსებული სტრუქტურები და ადმინისტრაციული მექანიზმები? მიმდინარედ ფისკალურ და საგარეო პოლიტიკას განკარგავს ევროპული კომისია. მას მხარდაჭერა სჭირდება 27-ვე წევრი სახელმწიფოსაგან. თუ გაერთიანება 36-წევრიანი გახდა, ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა საგრძნობლად შემცირდება. ამ ეტაპზე განიხილება ხმის მიცემის წესის ცვლილება ისე, რომ კენჭისყრა კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით მოხდეს (საჭიროა მოგროვდეს ხმათა 55% და ევროკავშირის მოსახლეობის 65%).

ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება ევროკავშირის საერთო საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლების წართმევა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც დემოკრატიულ ნორმებს აღარ აკმაყოფილებენ. საფრანგეთისა და გერმანიისნაირი დიდი ქვეყნები ცდილობენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე პატარა ქვეყნების ძალაუფლება შეზღუდონ, ხოლო პატარა ქვეყნები ვეტოს უფლებას თავიანთი სუვერენულობის აუცილებელ გამოხატულებად მიიჩნევენ. 

როგორც ვხედავთ, მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გატარდეს ევროკავშირში იმისათვის, რომ ახალი ქვეყნები არსებული წევრების დაზარალების გარეშე მიიღოს. ახლანდელი გაწელილი ბიუროკრატიით რამდენიმე წელი, შეიძლება ათწლეულიც კი, დასჭირდება ამ პროცესს. მიუხედავად ამისა, გაფართოების სურვილის გამოღვიძება კიდევ ერთხელ დაგვანახებს, რომ ევროკავშირს შესწევს პოლიტიკური ნებით ძალები მოიკრიბოს და მიიღოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მაშინ, როდესაც უსაფრთხოების გამოწვევები მას თავისი კომფორტის ზონიდან აგდებს. 


ავტორი

  • მარიამ ბერძენიშვილი

    მარიამ ბერძენიშვილი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ის ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტები თავისუფლებისთვის" ევროპული პროგრამების სტაჟიორი. მისი კვლევის სფერო მოიცავს თემებს, როგორებიცაა: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რუსეთი და ჰიბრიდული ომი, ენერგოუსაფრთხოება, პოლიტიკური კრიზისი და კონფლიქტის ეკონომიკური დანახარჯები. იგი ასევე არის ეკონომიკის ლექტორი "დიპლომატიის სკოლაში" და ონლაინ ჟურნალი "SpeakFreely"-ის მიმომხილველი.

მარიამ ბერძენიშვილი

მარიამ ბერძენიშვილი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ის ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტები თავისუფლებისთვის" ევროპული პროგრამების სტაჟიორი. მისი კვლევის სფერო მოიცავს თემებს, როგორებიცაა: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რუსეთი და ჰიბრიდული ომი, ენერგოუსაფრთხოება, პოლიტიკური კრიზისი და კონფლიქტის ეკონომიკური დანახარჯები. იგი ასევე არის ეკონომიკის ლექტორი "დიპლომატიის სკოლაში" და ონლაინ ჟურნალი "SpeakFreely"-ის მიმომხილველი.