Blogპოლიტიკასაზოგადოება

რა იბადება განსხვავებული აზრისაგან: სოციალური მოძრაობები და საქართველოს საქმე 

2023 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა “უცხოური გავლენის აგენტების” კანონი მეორე მოსმენით დაამტკიცა. კანონის მიხედვით, ყველა არაკომერციული იურიდიული პირი და მედია, რომლის შემოსავლის 20% ან მეტი უცხოური წყაროებიდან მოდის, უნდა დარეგისტრირებულიყო “უცხოური გავლენის აგენტად”. აღნიშნული პროექტი საფრთხეს უქმნიდა ქართველების განათლების, მუშაობის, თავისუფალი ინფორმაციის და სხვა უფლებებს.

სამოქალაქო საზოგადოებამ არ დააყოვნა თავისი უკმაყოფილების გამოხატვა როგორც მოსმენამდე, ასევე მის შემდგომ. საპროტესტო აქციები გაიმართა პარლამენტის გარეთ პლენარული მოსმენის დროს. ხალხსა და პოლიციას შორის დაძაბულობა სულ უფრო და უფრო მეტად იზრდებოდა და კანონის დამტკიცებამ სიტუაცია გაამწვავა. 

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ სიტუაციამ კონტროლი დაკარგა. კონფრონტაცია მოულოდნელად ძალადობრივი გახდა. მთავრობამ პარლამენტის გარეთ სპეცრაზმი განალაგა, რომლის მთავარ მიზანს საკუთარი თავისუფლებების დასაცავად შეკრებილი ხალხის შეშინება წარმოადგენდა. მათ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, მათ მაინც ვერ შეძლეს ქართველთა შეკავება, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის გარეთ დარჩნენ.

სოციალური მოძრაობები ამყარებს რწმენას, რომ თუ ხალხს რაიმეს შეცვლა სურს და ამ ცვლილებას თავს მიუძღვნის, მიზანს მიაღწევს კიდეც. დღეს უკვე სამოქალაქო წინააღმდეგობის ეფექტურობაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ზუსტი შედეგის წინასწარმეტყველება რთულია. ხანდახან კამპანიებს ძლიერი პოლიცია ახშობს, ხანდახან კი დაძაბულობა შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზრდება.

თანამედროვე პოლიტიკის ფორმირებაში სამოქალაქო წინააღმდეგობა დიდ როლს თამაშობს. იგი გაცილებით მეტია, ვიდრე საკუთარი სიმართლის დამტკიცება და მოიცავს დარწმუნებას, თანამშრომლობაზე უარის თქმას და პროტესტის არაძალადობრივ ფორმებს. დეკოლონიზაცია, დემოკრატიზაცია, დამანგრეველი მსოფლიო ომები, ცივი ომი და მრავალი სხვა მოვლენა დაკარგავდა თავის მნიშვნელობას, მათთვის ზურგი ჩვეულებრივი ადამიანების მიერ უკეთესი მომავლის უდრეკ რწმენას რომ არ გაემყარებინა.

ისტორიამ საკმაოდ მრავალფეროვანი სამოქალაქო მოძრაობები შემოგვინახა. მათ შორისაა 1917-1947 წლის განდის მოძრაობა ინდოეთში, აშშ-ის სამოქალაქო უფლებების მოძრაობა, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 1980-იანი წლების აჯანყებები და სამხრეთ აფრიკის განმათავისუფლებელი მოძრაობა კოლონიალიზმის წინააღმდეგ, რომელიც აპართეიდის სახელითაა ცნობილი. ფილიპინების სოციალური მოძრაობა კი დაგვანახებს, რომ ზოგი მსვლელობა შეიძლება წარუმატებელი იყოს, მაგრამ საფუძველი ჩაუყაროს მომავალში დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას.

საქართველოში სოციალური მოძრაობები ყოველთვის საუკეთესო გზა იყო, სტატუს-კვოს მიმართ უკმაყოფილება დემოკრატიული გზით გამოგვეხატა. 1989 წლის 9 აპრილი, როდესაც საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალებმა თბილისში გამართული არაძალადობრივი დემონსტრაცია დაუნდობლად ჩაშალეს, შემობრუნების წერტილი აღმოჩნდა ქართველი ხალხისათვის, რომელთაც ზუსტად ორი წლის თავზე დამოუკიდებლობა მოიპოვეს.

სახელმწიფო ძალადობამ საქართველოს კომუნისტური პარტია დაშალა და ხელი შეუწყო ნაციონალისტურ ოპოზიციას, ქვეყნის პირველ თავისუფალ არჩევნებში გაემარჯვა. 1991 წლის მარტის დამოუკიდებლობის რეფერენდუმამდე კონსტანტინე გამსახურდიამ და სხვა დამოუკიდებლობის მომხრე ლიდერებმა თავიანთ კამპანიაში ხაზი გაუსვეს, რომ ეს არ იყო საბჭოთა კავშირისაგან სეცესია, არამედ ეს იყო იმ დამოუკიდებლობის აღდგენა, რომელიც ორჯერ წაგვართვეს: 1801 წელს რუსეთის იმპერიამ, ხოლო 1921 წელს – ბოლშევკებმა.

ქართველები თავიანთ 33-წლიან დამოუკიდებლობის ისტორიას ხშირად აღიქვამენ, როგორც სოციალური მოძრაობებისა და გამუდმებული ბრძოლის ნაყოფს. საქართველოში, როგორც ბევრ ახალშექმნილ დემოკრატიაში, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის შესამჩნევი დისონანსი არსებობს. ქართველი ხალხი სახელმწიფოს და მთავრობას არ მიიჩნევს ერთსა და იმავედ, რადგან ეს უკანასკნელი ხშირად პირველის მისწრაფებებს ეწინააღმდეგება და სრულიად საპირისპირო აზრზე დგას. სოციალური დემონსტრაციები ქართველებისათვის ამ დროს საუკეთესო გზაა საჯარო განხილვისა და დებატების მოსაწყობად, საკუთარი ინტერესის გამოსახატად, პოლიტიკური ოპოზიციის აზრისათვის პლატფორმის მისაცემად და კანონმდებლობასა და საჯარო პოლიტიკის პროცესებზე გავლენის მოსახდენად.

Freedom House-ის შეფასებით საქართველოს დემოკრატიზაციის მაჩვენებლები ყოველწლიურად კლებულობს. მოსახლეობა შიშობს, რომ ქართული პოლიტიკური ელიტის ქმედებები მის დასავლურ მისწრაფებებს ხელს უშლის და განვითარებას აფერხებს როგორც საშინაო მდგომარეობის, ასევე საგარეო ურთიერთობების კუთხით. 2023 წლის მარტში თითქმის დამტკიცებულმა კანონპროექტმა “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ ეს შიშები უფრო გაამძაფრა.

თითქოს, საქართველო დეჟა-ვუს განიცდის. ქართული მთავრობა აღარ წარმოადგენს თავისივე ხალხის ხმას. ეს კარგად დაგვანახა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდგომ საქართველოს ხელისუფლების პასიურმა კომენტარებმა, მაშინ, როდესაც ათიათასობით ქართველი რუსთაველის გამზირზე ხმამაღლა უჭერდა მხარს უკრაინას და გმობდა რუსეთის ძალადობას.

2019 წლის ივნისისა და 2023 წლის მარტის ამბების შემდგომ ორი რამ გახდა ცნობილი: ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ მთავრობა თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს; და მეორე, რომ მმართველი პარტია და პარლამენტი ხშირად არაპრაგმატულ, ირაციონალურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებენ, რაც საბოლოო ჯამში, მთლიანად საზოგადოებას ვნებს.

ამ ორი დასკვნის გაკეთების შემდგომ 1989 და 2023 წლების მასობრივ საპროტესტო აქციებს შორის განსხვავება ბუნდოვანი ხდება: ადამიანები კვლავ იმავე ბრძოლაში არიან ჩაბმულნი; კვლავ იმ სიტუაციაში დაბრუნდნენ, სადაც, საკუთარ თავს დაჰპირდნენ, აღარასოდეს დაბრუნდებოდნენ. ასეთ დროს მთავარია, გვახსოვდეს, რომ განათლება და ინფორმაცია არის საუკეთესო იარაღი საწინააღმდეგო აზრის გამოსახატად.

მოძალადე მთავრობებს ინფორმაციის თავისუფალი დინების შიში აქვთ. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ “ბაბლი” გავარღვიოთ და ვარდისფერსათვალიან ადამიანებს რეალური სურათი დავანახოთ. ქართული დევიზი გვეუბნება, რომ “ძალა ერთობაშია” და სანამ ქართული სამოქალაქო საზოგადოება ერთად დადგება, ბრძოლასაც მოიგებს და ქართველი ხალხის უსაფრთხო მომავალსაც უზრუნველყოფს.


ავტორი

  • მარიამ ბერძენიშვილი

    მარიამ ბერძენიშვილი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ის ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტები თავისუფლებისთვის" ევროპული პროგრამების სტაჟიორი. მისი კვლევის სფერო მოიცავს თემებს, როგორებიცაა: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რუსეთი და ჰიბრიდული ომი, ენერგოუსაფრთხოება, პოლიტიკური კრიზისი და კონფლიქტის ეკონომიკური დანახარჯები. იგი ასევე არის ეკონომიკის ლექტორი "დიპლომატიის სკოლაში" და ონლაინ ჟურნალი "SpeakFreely"-ის მიმომხილველი.

მარიამ ბერძენიშვილი

მარიამ ბერძენიშვილი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ის ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტები თავისუფლებისთვის" ევროპული პროგრამების სტაჟიორი. მისი კვლევის სფერო მოიცავს თემებს, როგორებიცაა: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რუსეთი და ჰიბრიდული ომი, ენერგოუსაფრთხოება, პოლიტიკური კრიზისი და კონფლიქტის ეკონომიკური დანახარჯები. იგი ასევე არის ეკონომიკის ლექტორი "დიპლომატიის სკოლაში" და ონლაინ ჟურნალი "SpeakFreely"-ის მიმომხილველი.