Blog

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა თბილისის გუბერნიაში- ქართული ანარქიზმის სათავეებთან

„ყოველი პროგრესი მისი ათვლის წერტილის უარყოფაა და ვიდრე „უარყოფის სული“ ჩვენში კარგად არაა განვითარებული, რათა დავანგრიოთ ის, რაც გვჩაგრავს, ყოველგვარი მსჯელობა თავისუფლებაზე უნაყოფოა. შეუძლებელია თავისუფლების მიღწევა მონობის მოსპობის გარეშე…“ 

ეს ციტატა, თავისი აქტუალურობის მიუხედავად, გასული საუკუნის დასაწყისში არის დაწერილი და ეკუთვნის ქართული ანარქიზმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურას გიორგი გოგელიას.

მიუხედავად იმისა, რომ ანარქიზმს საქართველოს ისტორიის განხილვისას მცირე ადგილი უკავია, ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ეპიზოდს ქართველი ერის არსებობაში. სწორედ ქართველი ანარქისტები იდგნენ რუსეთის იმპერიის მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მე-20 საუკუნის დასაწყისში. 

ანარქისტებისთვის, რომლებიც თვლიდნენ, რომ ისინი სახელმწიფოს ჰყავდა დამონებული, მთავარი მიზანი სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მიყენება იყო. ისინი ხშირად უკიდურესად ძალადობრივ ხერხს მიმართავდნენ, ეს კი ანარქისტული ტერორიზმით იყო გამოხატული.

ანარქიზმის ტალღა

პოლიტიკური იდეოლოგიებიდან ანარქიზმი თავის თავს შინაარსობრივად ყველაზე მარტივ სწავლებად აღიქვამს, თუმცა ფართო მასებისთვის მისი გააზრება არც ისე ადვილი ამოცანაა.

ანარქიზმი, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს და მოიაზრებს მას ბოროტებად. იგი ეფუძნება თანამშრომლობას, ურთიერთდახმარებას, ინდივიდუალურ თავისუფლებას და მიზნად ისახავს ცენტრალიზებული ძალაუფლების ჩანაცვლებას თვითმმართველი, დეცენტრალიზებული საზოგადოებებით.

ანარქიზმი ისტორიაში სხვადასხვა ფორმით გამოვლინდა, თუმცა ყველა მიმართულება საერთო პრინციპს იზიარებს: წინააღმდეგობას „ბოროტი“ სახელმწიფოსა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ. ეს იდეა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მუშათა მოძრაობებში, ანტიიმპერიალისტურ ბრძოლებსა და რევოლუციურ პროცესებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საქართველოშიც, სადაც ანარქისტებს უნიკალური და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ფორმირებაში.

ანარქიზმი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა დასავლეთ ევროპაში. იგი ანარქიზმის დიდი სამეულის, პრუდონის, ბაკუნინისა და კროპოტკინის, ნაშრომების გავლენით გავრცელდა რუსეთის იმპერიაში, საიდანაც ქართულ სივრცეშიც მოიკიდა ფეხი.

მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში სოციალური პრობლემების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა. ფეოდალური მემკვიდრეობის, რუსიფიკაციის პოლიტიკისა და ეკონომიკური დისკრიმინაციის ფონზე ჩაგრული ხალხი გამოსავალს მარქსისტულ, სოციალისტურ და ანარქისტული იდეებში პოულობდა.

ვინ იყვნენ ქართველი ანარქისტები?

ერთ-ერთი პირველი, ვინც ანარქისტული ლიტერატურა თარგმნა, იყო ილია ჭავჭავაძე. მან ჟურნალ „საქართველოს მოამბეს“ ოქტომბრის გამოცემაში გამოაქვეყნა პრუდონის სტატია „სიღარიბე, როგორც ეკონომიური პრინციპი“. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ილია არ იზიარებდა ანარქისტულ იდეოლოგიას, ის არც რადიკალურად იყო განწყობილი, შესაბამისად, მან პირველად მოახერხა ანარქისტული იდეების შემოტანა ქვეყანაში.

მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნეში ანარქიზმი ფეხს იკიდებდა ქართველ ახალგაზრდობაში, პრესა და ინტელიგენცია იშვიათად, თან უმეტესად ცუდ კონტექსტში, ახსენებდა ანარქიზმს, როგორც ახალ პოლიტიკურ იდეოლოგიას.

ანარქისტებისადმი დამოკიდებულება გაყოფილი იყო – ერთი მხრივ, ისინი იყვნენ დასავლური ღირებულებებით აღჭურვილი თავისუფლებისთვის მებრძოლნი, მეორე მხრივ, იყვნენ რადიკალები, უმეტესად ახალგაზრდები, რომლებიც უბრალო ტერორისტებად ითვლებოდნენ.

საქართველოს გამორჩეული ანარქისტები – ვარლამ ჩერქეზიშვილი, გიორგი (კომანდო) და შალვა გოგელიები, მიხაკო წერეთელი და სხვა – არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე, არამედ მსოფლიოში ცნობილი ფიგურები იყვნენ.

დგანან მარცხნიდან მარჯვნივ სანდრო გაბუნია, კომანდო გოგელია, ვარლამ ჩერქეზიშვილი, სხედან არჩილ ჯორჯაძე, მიხეილ წერეთელი, შუაში გიორგი დეკანოზიშვილი | ფოტოგრაფი: დავით ერმაკოვი

ვარლამ ჩერქეზიშვილი მე-19 საუკუნის ბოლოს დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (ინგლისი, შვეიცარია, საფრანგეთი) მოღვაწეობდა – გამოსცემდა გაზეთებს და სტატიებს. ქართულ საზოგადოებას ის პირველად გაეცნო ფსევდონიმით „ვაზიანი“, როდესაც ილია ჭავჭავაძემ გაზეთ ივერიის 1893 წლის 23 ივნისის ნომერში მისი სტატია „ხვნა–თესვისა და მეურნეობის საკითხი ინგლისში” დაბეჭდა. ხოლო 1903 წლამდე „ვაზიანმა“ ასამდე სტატია თუ წერილი გამოსცა „ივერიაში“.

მეორე გამორჩეული ანარქისტი გიორგი კომანდო გოგელია დასავლელ ანარქისტებში ცნობილი პიროვნება იყო. მან 1903 წელს ჟენევაში გამოსცა ჟურნალი „პური და თავისუფლება“, რომელიც რუსეთის იმპერიაში აქტიურად ვრცელდებოდა და სწორედ ამიტომაც შევიდა გიორგი გოგელია რუსული ანარქიზმის ისტორიაში.

1905 წელს ჩერქეზიშვილი და გოგელია საქართველოში ჩამოვიდნენ და ადგილობრივ ანარქისტების დახმარებით დაიწყეს ანარქიზმის პროპაგანდა და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა. ქვეყანაში გამოჩნდა ანარქისტული გაზეთები – „ნობათი“, „მუშა“, „ხმა“ და „ქარიშხალი“. ამ გაზეთების დახმარებით ქართულმა საზოგადოებამ, შეიძლება ითქვას, სრულად გაიგო ანარქიზმის იდეოლოგიის და მისი გამოჩენილი მოაზროვნეების შესახებ.

ანარქიზმის ორი სახე

ქართველი ანარქისტები სახელმწიფო მოწყობის სტრუქტურად არჩევდნენ ანარქო-კომუნიზმს, რომელიც ავტონომიურ კომუნათა ფედერაციების კავშირს ნიშნავს. შალვა გოგელიას აზრით, ანარქია ქართველი კაცის ბუნებას შეეფერება და უსახელმწიფოობა ერთადერთი გზაა სრული თავისუფლების მისაღწევად.

ქართული ანარქიზმის განვითარებასთან ერთად იდეოლოგიურ აზროვნებაში ჩამოყალიბდა ორი ბანაკი. პირველი – გიორგი გოგელიას თაოსნობით იზიარებდა კოსმოპოლიტიზმს და ანარქისტული საზოგადოების უნივერსალურ ხასიათს, ამით კი იგი ჰგავდა ევროპულ ანარქიზმს.

მეორე სახის ანარქიზმი იყო ვარლამ ჩერქეზიშვილის იდეების გარშემო გაერთიანებული ანარქიზმის სწავლება, რომელიც მოიცავდა ეროვნულ იდეებს. ჩერქეზიშვილი სხვების მსგავსად თვლიდა, რომ არ უნდა ეარსება სახელმწიფოს, თუმცა შესაძლებელი იქნებოდა ეროვნული ნიშნით შექმნილიყო ანარქისტული საზოგადოება. ამ მიმდინარეობას ეროვნული ანარქიზმი შეგვიძლია დავარქვათ, ეს კი მსოფლიო ანარქიზმის უნიკალური გამოვლინებაა.

ჩერქეზიშვილის განსაკუთრებული იდეოლოგიის აღმნიშვნელია ასევე მისი გამოსვლა 1904 წლის ქართველ რევოლუციონერთა კონფერენციაზე, სადაც ის დილემის წინაშე იდგა – დელეგატებს წარდგენოდა როგორც ანარქისტი, თუ როგორც ქართველი. მან წინ დააყენა ეროვნული იდენტობა.

ჩერქეზიშვილისა და გოგელიას იდეოლოგიები,ანარქიზმის გავრცელების ფორმით, განსხვავდება, სადაც ვარლამი უფრო ზომიერი, ხოლო ძმები გოგელიები რადიკალურ ფორმებს ანიჭებდნენ უპირატესობას.

პროპაგანდა სიტყვით თუ საქმით?

ანარქიზმის განვითარებასთან ერთად მე-19 საუკუნეში გაჩნდა ორი ლოზუნგი – „პროპაგანდა ფაქტებით“ და „პროპაგანდა მოქმედებით“. ისინი განსაზღვრავდნენ იმ ტაქტიკებს, რომლებსაც ანარქისტები იყენებდნენ იდეოლოგიის გავრცელებისთვის.

„პროპაგანდა ფაქტებით“ მოიცავს პუბლიკაციების, სტატიების და წიგნების გამოცემას, რომელიც გაზრდიდა ანარქიზმის პოპულარობას და ხალხს განაწყობდა დადებითად მისადმი.

ხოლო „პროპაგანდა მოქმედებით“ მოიაზრებდა ძალადობრივი ქმედებებით ხალხში ანარქიზმის გავრცელებას. ისტორიულად, საზოგადოებრივი დაპირისპირებების დროს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ხშირი იყო, რასაც ბევრისთვის ცნობილი ტერმინი – ტერორიზმი ეწოდება. მე-19 საუკუნის ბოლოს მთლიან ევროპაში სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებმა ანარქისტული ტერორი დაიწყეს. ტერორიზმი ევროპელი ანარქისტებისთვის საუკეთესო საშუალება იყო როგორც სახელმწიფოს დასუსტების, ასევე პირადი მოგების მიღებისთვის.

დასავლეთ ევროპიდან რუსეთის იმპერიაშიც გავრცელდა ბრძოლის ისეთ რადიკალური ფორმები, როგორიცაა აფეთქება, მკვლელობა, დაყაჩაღება და ასე შემდეგ. ამ რადიკალიზაციამ პიკს მიაღწია 1905-1907 წლებში, რუსეთის პირველი რევოლუციის დროს. .

რატომ ანარქისტული ტერორიზმი

სხვა ქვეყნების ანარქისტების მსგავსად ქართველებმაც სახელმწიფოსადმი დაუმორჩილებლობის გამოხატვა ტერორის გზით არჩიეს. ეს არ იყო მიბაძვის გამო გაკეთებული არჩევანი, არამედ მას თეორიული გამართლება ჰქონდა ქართველი მოაზროვნეების მიერ.

ქართველმა ანარქისტებმა რუსი თანამებრძოლებისგან მიიღეს „პროგრამა მინიმუმის“ და „პროგრამა მაქსიმუმის“ ცნებები.

პროგრამა მინიმუმი გულისხმობს არსებულ სისტემაში პოლიტიკური რეფორმების გზით ცვლილებების დაწყებას. პროგრამა მაქსიმუმი კი – არსებული სისტემის სრულ ჩამოშლასა და ცვლილებების ამგვარად მიღებას.

მიხაკო წერეთლის აზრით, რევოლუცია პროგრამა მინიმუმის გზით უაზრო იყო, რადგან შეუძლებელი იყო ზუსტად განგესაზღვრა ის მოცემულობა, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლისას დადგებოდა, შესაბამისად, ის მხოლოდ მშვიდობიანობისა და სტაბილურობის დროს შეიძლება გამოყენებულიყო. მაგრამ პროგრამა მაქსიმუმი „წამში“ დაამარცხებდა სახელმწიფოს.

მიხაკო წერეთელი ჟანდარმის ბარათზე, 1913 წელი.

როგორც ვხედავთ, ქართული ანარქიზმი საბოლოო იდეალის მიღწევამდე უარყოფდა საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობის ყველა ლეგალურ ფორმას და საშუალებას.

მიხაკო წერეთელი აკრიტიკებს ყველა იმ მოქალაქეს თუ პარტიას, რომელიც ცდილობდა მშვიდობიანი გზით დაჰპირისპირებოდა ხელისუფლებას, რადგან როდესაც სახელმწიფოს უპირისპირდები იმ საშუალებებით, რომლებსაც ის გაძლევს, შენ ემორჩილები მის კანონებს და, შესაბამისად, ბოლომდე ვერ შეცვლი არსებულ რეალობას.

ის ბოროტი სახელმწიფოს შეცვლის ერთადერთ გზად  „საშინელ ძალდატანებით აქტს“ მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ რადგან სახელმწიფოს მონობა ძალდატანებითია, მისგან თავის დაღწევაც ძალდატანებით უნდა მოხდეს.

ქართველი ანარქისტების პირველი იარაღი საყოველთაო გაფიცვა იყო, რომელიც ეკონომიკურ ძალაუფლებას ართმევდა სახელმწიფოს, თუმცა ხშირად ის სუსტი იყო ხელისუფლებასთან ბრძოლაში არათანმიმდევრული ქმედებების გამო. ამ დროს კი ერთადერთი საშუალება, რომელიც სახელმწიფოსაც დააზიანებდა და თან მასებშიც გაზრდიდა ცვლილებებისადმი განწყობას, იყო ტერორი – ტერორისტული აქტები.

მიხაკო წერეთლის იდეებს იზიარებდნენ ჩერქეზიშვილი და მისი მომხრე ანარქისტებიც. თუმცა უფრო რადიკალური იდეები ჰქონდათ ძმებ გოგელიებს.

1903 წელს ჟენევაში ქართველი ანარქისტების ტაქტიკებზე გამოქვეყნდა გიორგი გოგელიას სტატია, რომლის მიხედვითაც,  ტერორი არის ნაწილობრივ განხორციელება იმისა, რაც უნდა ქნას რევოლუციამ, ანუ სისტემის ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯია. ტერორი არის როგორც ინდივიდუალური, ასევე მასობრივი. შეიძლება პირად ტერორისტულ აქტს არ ჰქონოდეს შედეგი, რადგან ერთ ტირანს მეორე შეცვლის, თუმცა ამ აქტის მნიშვნელობა რევოლუციის გავრცელებისთვის არ მცირდება. იმ მომენტში, როდესაც სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს აბუჩად იგდებს და უკანონოდ ექცევა, მაშინ ტერორი ჩვეულებრივი შურისძიებაა გმირის მიერ.

გოგელია, უპირატესად, ინდივიდუალურ ტერორზე მეტად კოლექტიურ ტერორს მიიჩნევს. რადგან რევოლუციის მოწყობა მხოლოდ რამდენიმე დინამიტით არაა შესაძლებელი, მისთვის მნიშვნელოვანია მასობრივი ტერორი, რადგან ამ დროს მთლიანი მოსახლეობაა ჩართული პოლიტიკურ სვლებში. ხოლო ნამდვილი თავისუფლების მოსაპოვებლად მოსახლეობის ერთიანი ნება და ჩართულობაა საჭირო.

არ არის საკმარისი მხოლოდ გიყვარდეს და ოცნებობდე თავისუფლებაზე, არამედ უნდა იბრძოდე და ამ ბრძოლაში გამოიყენო ის საშუალებები, რომელიც მოგაპოვებინებს თავისუფლებას.

ცარისტული კოშმარი

რუსეთის იმპერიისთვის ისეთი იდეოლოგიური მებრძოლების არსებობა, რომლებიც ბრძოლის ტაქტიკად მკვლელობას და განადგურებას არჩევდნენ, საშიში იყო. მე-19 საუკუნეში სახელმწიფოს ეს პრობლემა უმეტესად რუსეთისგან ჰქონდა, თუმცა გასული საუკუნის დასაწყისში მთავარი ტერორისტული ცენტრი კავკასია გახდა.

რუსეთის იმპერიისთვის მნიშვნელოვანი თარიღია 1905 წელი, როდესაც მთლიანი იმპერიის მასშტაბით დაიწყო რევოლუცია. სწორედ ეს პერიოდი უკავშირდება ანარქისტების მოქმედების პიკს იმპერიაში.

1905 წლის 22 ოქტომბრის დემონსტრაცია თბილისში

1907 წელს რუსეთის იმპერიაში მოხდა 3050 ტერორისტული აქტი. აქედან 1732 იყო ძარცვა, მკვლელების რაოდენობა იყო 1239, დაჭრილების 1253. დანაშაულების მიხედვით გუბერნიებში ადგილები ასე გადანაწილდა – 1) თბილისი 2) ქუთაისი 3) ბაქო. აქედანვე ნათელია, რამდენად მასობრივი იყო ტერორიზმი საქართველოში

აჯანყებულები საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე გვხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცენტრი თბილისი იყო, ყველაზე უნიკალური რეგიონი გურიაა, სადაც დაარსდა გურიის რესპუბლიკა.

თბილისის ტერორი

მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისი, ქუთაისი და სხვა დიდი ქალაქები მოიცვა პოლიტიკურმა ტერაქტებმა. რომელიც მიმართული იყო დაბალი წოდების მქონე მოხელეების მიმართ. ყველაზე გავრცელებული კი იყო მეეზოვეების მკვლელობა.

მეეზოვეები რუსეთის იმპერიის მიერ დანიშნული „უბნის დარაჯები“ იყვნენ, რომლებიც პოლიციას აწვდიდნენ საჭირო ინფორმაციას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე.

რუსეთის იმპერიის მეეზოვის კარიკატურა

ამ მკვლელობებს ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა ხალხში. ის ემსახურებოდა შიშის დანერგვას რუსეთის იმპერიის მოხელეებში.

1901 წელს ერთ-ერთმა პოლკოვნიკმა პოლიციის დეპარტამენტს შეატყობინა, რომ თბილისის ანარქისტების კრებაზე, რომელიც შედგა ორთაჭალაში მიიღეს სამი დადგენილება: 1) არ დაზოგონ თავიანთი სიცოცხლე საზოგადო საქმისთვის 2) არ გასცენ ამხანაგები 3) დახოცონ ჯაშუშები. ეს დადგენილება თბილისელი ანარქისტების ტერორისტულ ხასიათზე მიგვითითებს.

თბილისში 1906 წელს ტერორისტების შეხვედრა ჩატარდა „ნახალოვკის“ ბაღში, სადაც ტერორისტებს ნახევარ-ნიღბებით ჰქონდათ სახე დაფარული. ისინი განიხილავდნენ რკინიგზის ტექნიკური სასწავლების დირექტორისა და ინსპექტორის მოკვლის საკითხს. შემდეგ ჩატარდა კენჭისყრა, თუ ვის უნდა ჩაეტარებინა ტერაქტი. ერთმა ქართველმა, იმავე სასწავლებლის მოწაფემ, გამოთქვა სურვილი და მას „სმიტ ვესონის“ სისტემის რევოლვერი მისცეს. ტერაქტის შედეგები ცნობილი არ არის. 

რევოლუციური ქალაქები

პოლიტიკური ტერორმა მოიცვა სხვა ქალაქებიც.. 1906 წლის 7 მაისს, ბათუმში ამერიკელი კონსული უილიამ სტიუარტი მოკლეს. მკვლელები მალევე შეიპყრეს. საქმე ქალაქში იქამდე მივიდა, რომ ტერორისტებისგან შეშინებული მთავრობის მაღალჩინოსნები მხოლოდ პოლიციით მოძრაობდნენ.

ტერაქტები ხდებოდა უმიზეზოდ და პროვოკაციის გარეშე, იმიტომ რომ დამპყრობლების სამსახურში მყოფი ყველა ადამიანის განადგურება „მოდაში“ იყო.

1900-იანი წლების დასაწყისში, როგორც რევაზ გაბაშვილის მოგონებებიდან ვიცით, როცა ის  სიღნაღის მაზრაში იყო, მასთან მივიდა ორი ტერორისტი, რომლებმაც მას უთხრეს: „რადგან სიღნაღის მაზრაში არ მომხდარა არც ერთი ტერორი და მშვიდობიანობაა, ამიტომ გამოგვაგზავნეს ჩვენო“. რევაზ გაბაშვილმა და კომიტეტის სხვა წევრებმა ძლივს დააჯერეს ტერორისტებს, რომ სიღნაღის მაზრას ტერორი არ სჭირდებოდა: „მივეცით საგზაო ფული და თელავში გავისტუმრეთ, იქნება იქა სჭირდებათ და იქ წაბრძანდითო..“

ტერორისტების იარაღი

რაც შეეხება ტერორისტების იარაღებს, ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მათ რიგებში გამოჩნდა ე.წ. „ფორთოხლები“, რომელსაც ისინი ბომბებს უწოდებდნენ.

ტერორისტების საყვარელი იარაღი „ფორთოხლები“

თფილისის კომიტეტი ახდენდა ტერორისტულ თავდასხმებს ჟანდარმებზე, მეტათ ერთგულ პოლიციელებზე და „ოხრანკის“ აგენტებზე. ისე ვარდებოდა ბომბები თფილისის სხვადასხვა კუთხეში, რომ გეგონებოდათ მტრის შელუღია

ნოე ჟორდანია

თბილისში გასროლილმა ბომბებმა პანიკაში ჩააგდეს კაზაკები და ჯარი

ვლადიმერ ლენინი

1905 წელს სოციალ-ფედერალისტურმა პარტიამ ალექსანდრე გაბუნია გააგზავნა მაკედონიაში, რადგან მას, როგორც ქიმიკოსს, ესწავლა „მაკედონური სისტემის“ ყუმბარების დამზადება. ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო ბომბების და ასაფეთქებლის ინგრედიენტების დამზადება სხვადასხვა ადგილებში – თბილისში, სამტრედიის რაიონის სოფელ კუმაშში, ხაშურში, თელავის და გორის მაზრებში.

თბილისში ბომბები შემოდიოდა გურიიდან. ვალოდია გოგუაძე, შეიარაღებულ რაზმელებთან ერთად, თავს დაესხა ქარხანა „პრომეთეს“, ადმინისტრაცია აიყვანა მძევლად. მთელი ღამის განმავლობაში დაამზადა ყუმბარები და  თბილისში გააგზავნა ვლასა მგელაძის თაოსნობით, რომელმაც ბომბებს ზემოდან ხაჭაპურები დააწყო.

პარტიული ტერორიზმი

ტერორიზმი თბილისში სტრუქტურული და ორგანიზებული იყო. სოციალ დემოკრატების პარტიიდან გარიცხული ვინმე ტიგრან კაჩაროვი (პოლიციის საქმეში ტერორისტის სახელითაა მოხსენიებული) პოლიციას ჩაბარდა და მოუყვა ტერორისტების აყვანის წესის შესახებ.

პარტიის ლიდერები ყველა წევრს ფოტოს უღებდნენ და ბინას, საჭმელს და ყოველდღიურ დახმარებას ჰპირდებოდნენ, თუ ყველა იმ დავალებას შეასრულებდნენ, რასაც პარტიის უმრავლესობა დაისახავდა. ყველა ტერორისტი 30 მანეთს იღებდა, ამ ოპერაციის დამგეგმავები კი 120-150 მანეთს. შედარებისთვის, ამ დროს მასწავლებელს 10-15 მანეთს უხდიდნენ.

ტერორისტებს ტიგრან კაჩაროვი ასე ახასიათებდა:

მუდამ დაუღალავი მებრძოლნი რევოლუციის ასპარეზზე, მუდამ გმირულად, თავგანწირვით, ქუჩებში მტრების გულმკერდის გასაპბად ბომბებით და თოფებით ხელში, მათ სიცოცხლეს წარმოადგენდა მუშათა კლასის მტრების მოშორება. თვითმპყრობელობის დამქაშების ჩაძაღლება.

სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად, ქართველი ანარქისტები თანამშრომლობდნენ სოციალ-ფედერალისტთა პარტიასთან, რომელიც 1904 წელს ჟენევაში შეიქმნა. მის ქვეშ გაერთიანდნენ სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე პოლიტიკოსები, მათ შორის ანარქისტებიც. მიუხედავად ამ იდეოლოგიური განსხვავებებისა, მაინც მოახერხეს შეთანხმება, რადგან რუსეთისგან გათავისუფლება ყველას ინტერესებში შედიოდა.

ანარქისტებსა და ქართველ პარტიებს რევოლუციის წარმატების შემდეგ განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური მოწყობა. სწორედ ამ მიზეზით ვერ მოხერხდა ანარქისტების და სხვა პარტიების ხანგრძლივი თანამშრომლობა.

ანარქიზმის გამოძახილი

მიუხედავად იმისა, რომ ანარქისტების ქმედებებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს იმპერიას, ერთი შეხედვით, მათი საბოლოო მიზანი – დამოუკიდებლობა – მიუღწეველი დარჩა პირველი რევოლუციის დროს.

ანარქიზმმა მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვა მუშათა და გლეხთა მასებზე, თუმცა საზოგადოების მთავარი იდეოლოგია ვერ გახდა. ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა – სხვა პოლიტიკური მიმდინარეობებისგან განსხვავებით, ანარქიზმს არ ჰქონდა რეალური პოლიტიკური ისტორია, შესაბამისად არ არსებობდა სხვა ერების გამოცდილება, რომელსაც დააყრდნობდნენ ქართულ ანარქისტულ მმართველობას. 

გარდა ამისა, ქართველი ანარქისტების მთავარი მიზანი საზოგადოების აზროვნების შეცვლა, ანუ სოციალური რევოლუცია იყო, რაც ყველაზე რთული მისიაა პოლიტიკური მიმდინარეობისთვის. სწორედ ამიტომ, 1905 წლის შემდეგ ანარქისტებმა ამოწურეს საკუთარი თავი და ასპარეზი დაუთმეს იმ ძალებს, რომლებიც სისტემის ცვლილებას, ანუ პოლიტიკურ რევოლუციას უჭერდნენ მხარს.

აღსანიშნია ისიც, რომ ანარქისტებმა საზოგადოებას ვერ შესთავაზეს ჩამოყალიბებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოდელი, რომლითაც ისინი იხელმძღვანელებდნენ წარმატებული რევოლუციის შემდეგ, რადგან კონცენტრირებულნი იყვნენ უშუალოდ რევოლუციის მოწყობაზე.

ტერორი, რომელიც ანარქიზმის გავრცელებისთვის დაიწყო, საბოლოოდ მისი გაქრობის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ხალხის თვალში ტერორი პოლიტიკური სისუსტის მაჩვენებელი აღმოჩნდა. ამასთანავე, ანარქისტები სრულიად არიდებდნენ თავს პოლიტიკურ მოღვაწეობას და მხოლოდ დემონსტრაციებით, ძალადობრივი და სხვა ანტისახელმწიფოებრივი გზებით ცდილობდნენ რევოლუციას.

ამას პარადოქსულ შედეგამდე მივყავართ – ტერორიზმმა დამოუკიდებლობის განწყობა გააძლიერა, თუმცა შეუძლებელი გახადა ანარქიზმის დამკვიდრება საქართველოში.

საბოლოოდ, ანარქისტების ყველაზე მნიშვნელოვან მემკვიდრეობად უნდა მივიჩნიოთ რევოლუციური სულის ჩამოყალიბება საქართველოში, რომელმაც საბოლოოდ ქვეყანა 1918 წლის დამოუკიდებლობასთან მიიყვანა.

ავტორი

  • ილია ჟუჟუნაშვილი

    ილია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია. კონცენტრირებულია ახლო აღმოსავლეთზე და სწავლობს არაბულ ენას. დაინტერესებულია პოლიტიკით, ეკონომიკით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და კულტურის კვლევებით.

ილია ჟუჟუნაშვილი

ილია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია. კონცენტრირებულია ახლო აღმოსავლეთზე და სწავლობს არაბულ ენას. დაინტერესებულია პოლიტიკით, ეკონომიკით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და კულტურის კვლევებით.