ყველაზე ძვირი სესხი ევროპაში? საქართველოს საპროცენტო განაკვეთების პრობლემა
საქართველოში იპოთეკური სესხის ამღები ისეთ ისეთ საპროცენტო განაკვეთს იხდის, რომელიც ბერლინსა თუ პარიზში წარმოუდგენელი იქნებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) რეფინანსირების განაკვეთი ამჟამად 8.25%-ს შეადგენს და მზარდია. კომერციული სესხების განაკვეთები კი ჩვეულებრივად 14-18%-ს აღწევს.
შედარებისთვის, ევროპის ცენტრალური ბანკის განაკვეთი 2%-ის ფაგლებში მერყეობს. ბევრი ქართველის ინსტინქტური რეაქციაა თითი ბანკებისკენ გაიშვიროს – მათ მოგებაზე, ბაზარზე დომინირებაზე და მსესხებლების მიმართ გულგრილობაზე.
საზოგადოების იმედგაცრუება მიზეზშედეგობრივია, თუმცა არასწორადაა მიმართული. ქართული ბანკები არც საქველმოქმედო ორგანიზაციები არიან და არც ბოროტმოქმედები. ისინი უნდა განვიხილოთ რაციონალურ აქტორებად, რომლებიც ოპერირებენ გაუმართავ სისტემაში. სისტემაში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სამთავრობო პოლიტიკამ და ინსტიტუციურმა წარუმატებლობამ შექმნა, შეინარჩუნა და არაერთხელ დააზიანა.
შეუმდგარი ინსტიტუტების ფასი
იმის გასაგებად, თუ რატომაა სესხის განაკვეთები მაღალი, პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, როგორ ადგენენ ბანკები მათ. ბანკი სესხს გასცემს იმ განაკვეთით, რომელიც ფარავს მისი სახსრების მოზიდვის ღირებულებას, საოპერაციო ხარჯებს და რაც ყველაზე კრიტიკულია – რისკს, რომ მსესხებელი ვალს ვერ დააბრუნებს. რაც უფრო მაღალია რისკი კონკრეტულ გარემოში დაკრედიტებისას, მით უფრო მაღალია განაკვეთი ამ გარემოში მყოფი თითოეული მსესხებლისთვის.
საქართველოში არსებული გარემო ითვლება რისკიანად იმიტომ, რომ სტრუქტურული საფუძვლები, რაც სხვაგან დაკრედიტებას უსაფრთხოს ხდის, აქ სუსტია. Freedom House-ს 2025 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში საკუთრების უფლებების დაცვა კვლავ სუსტია, ხოლო სასამართლოს დამოუკიდებლობა და მთავრობის გამჭვირვალობა ყოველწლიურად უარესდება. ამ ფაქტორების კომბინაცია პირდაპირ აფერხებს საქართველოს ეკონომიკურ თავისუფლებას. იმ გარემოში, რომელშიც ბანკს არ შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ხელშეკრულება სასამართლოში სამართლიანად აღსრულდება, ან რომ გირაო ნამდვილად დაცულია, ის ამას უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით აკომპენსირებს. თითოეული ქართველი მსესხებელი იხდის დამატებით ფასს იმ სასამართლო სისტემის გამო, რომელსაც, გამოკითხვების თანახმად, თავად საზოგადოებაც არ ენდობა. პრობლემის საფუძველი სწორედ სასამართლო სისტემაა.
პოლიტიკით განადგურებული ლარი
ლარი არასოდეს ყოფილა ვალუტა, რომლის შენახვაც ქართველებს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებდა. ეს უნდობლობა არ იყო ირაციონალური. ლარის მიმართ უნდობლობა გამოწვეულია გაუფასურებით, პოლიტიკური შოკებითა და ინსტიტუციური სისუსტით. ბოლო წლებში ხელისუფლება ამ მოცემულობას აქტიურად აუარესებს.
მხოლოდ 2024 წელს ლარი დოლართან მიმართებით 4.4%-ით გაუფასურდა, მიუხედავას იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა მისი გამყარებისთვის რეზერვებიდან 435 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. წლის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 18.5%-ით შემცირდა და ბოლო 28 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.ამის მთავარი მიზეზი გლობალური ფინანსური შოკი არ ყოფილა.
როდესაც 2024 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებამ უცხოელი აგენტების შესახებ მიიღო კანონი, ლარი მყისიერად 6%-ით გაუფასურდა. 2024 წლის შემოდგომაზე, როდესაც აშშ-მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები მაგნიტსკის აქტის სანქციების სიაში შეიყვანა, ვალუტა ხელახლა წნეხის ქვეშ მოექცა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მოვლენებს ერთადერთი რაციონალური გზით უპასუხა და დეპოზიტები ლარიდან დოლარში გადაიტანა, რამაც ეროვნულ ბანკს ვალუტის დაცვის შესაძლებლობა გამოაცალა.
სწორედ ეს არის მექანიზმი, რომელიც სასესხო განაკვეთს ზრდის. სუსტი და პოლიტიკურად განადგურებული ლარი ეროვნულ ბანკს აიძულებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაღალ ნიშნულზე შეინარჩუნოს, რათა თავიდან აიცილოს ინფლაციის უმართავი ზრდა. ყოველი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ქართული ინსტიტუტების ნდობას აქვეითებს, თითოეული სანქცირებული თანამდებობის პირი და ყოველი ანტი-დემოკრატიული კანონი პირდაპირ ისახება ყოველთვიურ სესხის ამონაწერზე უფრო მაღალი ციფრის სახით.
ლარის სისუსტე არასწორი პოლიტიკის შედეგია. სანამ ეროვნული ბანკი და ხელისუფლება ვალუტის სტაბილურობას პოლიტიკური მანევრებისთვის მისაღებ მსხვერპლად განიხილავს, თითოეული ქართველი მსესხებელი საფასურის გადახდას საკუთარი ჯიბიდან გააგრძელებს.
კონცენტრირებული საბანკო ბაზარი
მესამე ფაქტორი თავად საბანკო სექტორის სტრუქტურაა. “თიბისი ბანკი“ და “საქართველოს ბანკი“ ერთად აკონტროლებენ საბანკო სექტორის მთლიანი აქტივების დაახლოებით 76.6%-ს. დღეს არსებული საბანკო ბაზარი ერთგვარი დუოპოლიაა, რომლებიც წლებია ნარჩუნდება. ორი ინსტიტუტის მსგავსი დომინაციის პირობებში, განაკვეთების შემცირებისკენ მიმართული წნეხი უფრო სუსტია, ვიდრე ეს უფრო ფრაგმენტულ გარემოში იქნებოდა.
თუმცა, ბაზრის მსგავსი კონცენტრაცია არაა იმით გამოწვეული, რომ ბანკები ბლოკავენ კონკურენტებს. პრობლემა საქართველოში არსებული მარეგულირებელი გარემოა, რომელიც ახალი მოთამაშეებისთვის ბაზარზე დამკვიდრებას რთულს, ძვირსა და რისკიანს ხდის. BTI-ს 2026 წლის საქართველოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის რეიტინგი სამართლებრივ და პოლიტიკურ ინდიკატორებში განაგრძობს კლებას. მსგავსი ტენდენცია ქმნის ისეთ პირობებს, რომელიც აფრთხობს იმ უცხოურ და ადგილობრივ ინვესტიციებს, რომლებიც აუცილებელია ნამდვილი საბანკო კონკურენციის შესაქმნელად. სიტუაცია უმჯობესდება, ისეთი ბანკების პოზიციების გამყარებით, როგორიცაა “ლიბერთი ბანკი“, “კრედო ბანკი“ და “ბაზისბანკი“. თუმცა, მყიფე ინსტიტუციური გარემოს გამო ტემპი დაბალია.
ნაკლები პოლიტიკა – იაფი სესხი
საპროცენტო განაკვეთებზე კანონმდებლობით ზედა ზღვრის დაწესება, ბევრისთვის პრობლემის გადაწყვეტის იდეალური გზა, კატასტროფა იქნებოდა. მსგავსი კანონი ბანკებისთვის წამგებიანს გახდიდა მაღალი რისკის მქონე პირებზე სესხების გაცემას, რაც კრედიტებს ხელმიუწვდომელად აქცევდა იმ მცირე ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ფასების კონტროლი არ აგვარებს ძირეულ პრობლემას. ის მას მხოლოდ მალავს და, ამავდროულად, სიტუაციას აუარესებს.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია თავისუფალი ეკონომიკური, პოლიტიკური და სასამართლო სისტემის შექმნა.
- პირველ რიგში, სასამართლო სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი – როდესაც სასამართლოები თავისუფალია პოლიტიკური ჩარევებისგან და საკუთრების უფლებები საიმედოდაა დაცული, თითოეულ სესხში ჩადებული რისკის პრემია მცირდება. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 35-ე ადგილს იკავებს. თუ მსგავს ეკონომიკურ გარემოს გავაძლიერებთ დემოკრატიული პოლიტიკური გარემოთი და სასამართლო რეფორმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდება.
- უნდა შემცირდეს საბანკო კონკურენციის ბარიერები – მეტი ბანკი, მეტი ფინტექ აქტორი და მარტივი სალიცენზიო პირობები მეტ კონკურენციას შექმნიდა. კონკურენცია კი აკეთებს იმას, რაც რეგულაციებს არ შეუძლია.
- საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა – ეროვნული ბანკი დაცული უნდა იყოს პოლიტიკური წნეხისგან და ჰქონდეს ფასების სტაბილურობის მკაფიო და სანდო მანდატი. საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაამახვილა სებ-ში არსებულ მმართველობით პრობლემებზე ყურადღება. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს IMF-ის პროგრამა შეუჩერდა 2023 წლის პოლიტიკის ცვლილების გამო, რომელიც ნაკარნახევი იყო პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეების მიერ და არა ჯანსაღი მონეტარული ლოგიკით. ყოველ ჯერზე, როდესაც პოლიტიკა ცენტრალურ ბანკში იჭრება, რიგითი ქართველები უფრო მეტს იხდიან სესხებში.
დამნაშავე სისტემაა, არა ბანკი
აშკარაა, რომ ქართული ბანკები ყოველწლიურად დიდ მოგებაში გადიან – მთელი სექტორის მოგების თითქმის 93% მხოლოდ ორ ინსტიტუტზე მოდის. ბუნებრივია, ეს კონცენტრაცია დისკომფორტს იწვევს. თუმცა, გამოსავალი არაა ბანკების დასჯა იმის გამო, რომ რაციონალურად მდიდრდებიან არსებულ სისტემაში. გამოსავალი იმ სისტემის ცვლილებაშია, რომელიც აჯილდოვებს მასშტაბს და აფერხებს ახალ მოთამაშეებს.
მაღალი საპროცენტო განაკვეთები არ არის საქართველოსთვის ბუნებრივი მოცემულობა. ეს არის უკუკავშირი, რომელსაც ვიღებთ სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტების, მონეტარული არასტაბილურობისა და ანტი-დემოკრატიული პოლიტიკის გამო. როდესაც სახელმწიფო თავისი ჩაურევლობით უზრუნველყოფს თავისუფალი კონკურენციისთვის და კანონის უზენაესობისთვის საჭირო გარემოს, ბანკები განაკვეთებს ზედმეტი საკანონმდებლო წნეხის გარეშეც შეამცირებენ.
ცუდი მმართველობის გადასახადს ადრე თუ გვიან აუცილებლად ვიხდით. საქართველოში მისი საფასური ყოველთვიურად მილიონობით მოქალაქეს მისდის – სესხების ამონაწერების სახით. გამოსავალი სისტემის ცვლილებაშია და არა ბანკის დაუსრულებლად დადანაშაულებაში.
