შეძლებს საქართველო ჰყავდეს AI მინისტრი?
ხელოვნური ინტელექტი, კერძოდ კი დიდი ენობრივი მოდელები (LLM), ბოლო წლებში უბრალო დამხმარე საშუალებიდან გადაიქცა თითქმის ყველა სფეროს განუყოფელ ნაწილად. ეს ქმნის საჭიროებას, რომ გადაიხედოს მსოფლიოში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრუქტურები.
სახელმწიფო მმართველობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უკვე აღარ არის შორეული მომავლის საკითხი. AI ყოველდღიურად იხვეწება და ადამიანის ყველა უნარს აჭარბებს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ AI მთავრობაში.
თუ დღეს საქართველოში ამის პოლიტიკური და საზოგადოებრივი მზაობა გაჩნდება, უნდა დავფიქრდეთ – შეუძლია თუ არა ქვეყანას ამის წარმატებით განხორციელება?
„AI მინისტრის“ წარმოდგენა
ყველა ადამიანი, რომელიც მცირე დოზით მაინც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, ხვდება, რომ მას ნებისმიერი დავალების მთლიანად შესრულება, ან თითქმის მაქსიმუმამდე მიყვანა შეუძლია. მათ შორის – დოკუმენტების გაანალიზება, ფინანსების კონტროლი, სტრატეგიის დაგეგმვა, მონაცემების დამუშავება, ხარვეზების აღმოჩენა და ასე შემდეგ. ეს უნარები სრულიად საკმარისია ნებისმიერი სამინისტროს თანამშრომლის და მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის შესასრულებლად.
თუმცა, უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია რეალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. აქამდე განხილული დავალებები მხოლოდ სხვის მიერ შემუშავებულ გეგმებს მიჰყვება, მაგრამ მმართველობის მთავარი ფუნქცია, ინიციატივის გამოჩენა, ბევრ კითხვას აჩენს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე.
ამ პრობლემის გადასაჭრელად შეგვიძლია განვიხილოთ ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთი სახე – AI აგენტი. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ხელოვნური ინტელექტის ავტონომიური ვერსიაა, რომელიც დამოუკიდებლად ასრულებს კომპლექსურ დავალებებს. მას, ტრადიციული ხელოვნური ინტელექტისგან განსხვავებით, შეუძლია მიზნის მიღწევისთვის სხვადასხვა ინფორმაციის დამუშავება და მართვა ადამიანის ჩარევის გარეშე, რომელიც მხოლოდ აწესებს მიზანს და შეზღუდვებს, ამასთანავე აძლევს მას საჭირო რესურსებს.
შესაბამისად, „ِAI მინისტრი“ უნდა ემსგავსებოდეს AI აგენტს. თუმცა, საჭიროა განვსაზღვროთ, თუ რა სახით უნდა მიიღოს ხელოვნურმა ინტელექტმა სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია.
პირველ რიგში, მიზანი, რომელსაც AI-ს დავუწესებთ, უნდა იყოს ეროვნული სტრატეგიის შესაბამისი. მისი ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა იყოს კონცენტრირებული საქართველოს კეთილდღეობაზე და არა გლობალურ ან ტექნოლოგიურ საკითხებზე.
ამასთანავე, ხელოვნურ ინტელექტს დასჭირდება გარკვეული სახის რეგულაციები. გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი მთავრობა ან მისი წარმომადგენელი უნდა იყოს შეზღუდული კანონით, რაც გვაძლევს გარანტიას, რომ ის არ გადააჭარბებს ძალაუფლებას და იქნება ხალხის სამსახურში. ეს რეგულაცია ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაშიც მსგავსად აისახება, კონსტიტუციით დადგენილი მინისტრის უფლებები პირდაპირ იქნება ჩაშენებული AI მოდელში.
საბოლოოდ, ხელოვნურ ინტელექტს დასჭირდება რესურსები, რაც უმეტესად ინფორმაციას მოიცავს. გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის რომელიმე სფეროს მართვისთვის საკმარისი არაა მხოლოდ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია. AI-ს დასჭირდება წვდომა სახელმწიფო მონაცემებზე, რომლებიც საჭიროა კონკრეტული სფეროს სამართავად. შესაბამისად, მას წვდომასთან ერთად უნდა ჰქონდეს სრული დამოუკიდებლობა, რომ გაანალიზოს და მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, რათა არ სჭირდებოდეს ადამიანის ჩართულობა ამ საკითხში.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელოვნური ინტელექტის უნარები უკვე საკმარისია „ِAI მინისტრის“ არსებობისთვის.
უსაფრთხოების საკითხი
ნებისმიერ ახალ იდეას თავისი სუსტი მხარეებიც აქვს, რომელთა განხილვის გარეშეც ვერ მოხდება ინოვაციის დანერგვა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სახელმწიფოს მართვაში რეალური შესაძლებლობაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ვკითხოთ საკუთარ თავს – რამდენად გვიღირს ეს?
ყველაზე ნათელი საფრთხე ხელოვნური ინტელექტის მიმართ არის უსაფრთხოების საკითხი. თუ AI-ს მივცემთ ყველა იმ რესურსს, რომელიც მას დასჭირდება ეფექტური მუშაობისთვის, ფაქტობრივად ვქმნით მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს ყველაზე სენსიტიურ ინფორმაციას. სახელმწიფო, რომელიც მის გასაკონტროლებლად მთლიანად უცხოეთში აშენებულ და მართულ ხელოვნური ინტელექტის სისტემებს ეყრდნობა, ფაქტობრივად, ქვეყნის მთავარ აქტივს, ინფორმაციას, ინახავს საზღვარგარეთ.
გეოპოლიტიკური კრიზისის დროს, ეს მონაცემები შეიძლება დაიმალოს, მანიპულირდეს ან იარაღად იქცეს. შესაბამისად, ინფორმაციის გადინება შეიძლება გარდაუვალიც კი იყოს, რაც, მართალია, ხდებოდა „ტრადიციული“ კიბერშეტევების დროს, მაგალითად 2017-2020 წლების პერიოდში, თუმცა მისმა მასშტაბებმა შეიძლება ბევრად დიდ ნიშნულს მიაღწიოს.
ამასთანავე, მშვიდობის არსებობის შემთხვევაშიც კი არის შანსი საფრთხე შეექმნას ხელოვნური ინტელექტის სერვერებს, რომლებიც უცხოეთშია განლაგებული. ეს შეიძლება სხვა ქვეყნის უუნარობამ ან რთულმა პერიოდმა გამოიწვიოს, რაც საუკეთესო შემთხვევაში საქართველოს AI სამართველოს ხარვეზებს შეუქმნის, ხოლო უარესის სცენარი შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მიერ AI შესაძლებლობების შენარჩუნების საკითხის ულტიმატუმად გადაქცევა.
გამომდინარე აქედან, ნათელია, რომ საქართველო ვერ იქნება დამოკიდებული უცხოურ ხელოვნურ ინტელექტზე სერიოზული პრობლემების გარეშე. ამიტომაც, ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი საკუთარი ინფრასტრუქტურის შექმნაა.
AI-ს ხარჯები
ხელოვნური ინტელექტის მოდელის შექმნა და შენარჩუნება მოითხოვს ისეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურას, რომლის მობილიზებაც ბევრ სახელმწიფოს არ შეუძლია მსოფლიოში.
გრაფიკული პროცესორების (GPUs) მოპოვების სირთულე ხელოვნური ინტელექტის მთავარი შემზღუდავი ფაქტორია. Nvidia-ს პროცესორები, რომლებიც AI-ს განუყოფელ ნაწილად იქცა, მცირე სახელმწიფოებისთვის თითქმის მიუწვდომელია, რაც გამოწვეულია მისი ექსპორტის მკაცრი კონტროლისგან. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც შეეცდება AI მოდელების შექმნას, უკვე უნდა ფლობდეს საჭირო ტექნოლოგიების დიდ მარაგს.
ასევე, ხელოვნური ინტელექტი დიდი რაოდენობით მოითხოვს ენერგიას. 2024 წელს, მონაცემთა ცენტრებმა აშშ-ს ელექტროენერგიის დაახლოებით 4%-ს მოიხმარეს, ხოლო მოსალოდნელი ზრდის მიხედვით ეს რიცხვი 12%-ს მიაღწევს 2028 წლისთვის. სტანდარტული AI მონაცემთა ცენტრის შენახვას წელიწადში 1 ტერავატამდე ელექტროენერგია დასჭირდება, მაშინ, როდესაც საქართველომ 2025 წელს 13.8 ტერავატი ენერგია გამოიმუშავა.
საკუთარი ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის შექმნას პროფესიონალთა დიდი ბაზაც სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს IT სექტორში 50 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათი 93% არის უცხოელი და კომპანიების 56% არის რუსული. მიგრანტებზე დამოკიდებულება ვერ იქნება მყარი ფუნდამენტი სუვერენული სისტემების შექმნისთვის, ხოლო სფეროს განვითარებას ათწლეულები დასჭირდება.
ამ ყველა ფაქტორთან ერთად, გასათვალისწინებელია ფულადი ხარჯებიც. საშუალოდ ხელოვნური ინტელექტის ცენტრის აშენება 30 მილიარდ დოლარამდე ჯდება, ამას ემატება გრაფიკული პროცესორების შეცვლის ხარჯი, რომელიც 2-3 წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო, 20-30 მილიარდ დოლარამდე აღწევს. ამ რიცხვებში არც კი განიხილება ელექტროენერგიის და ინფრასტრუქტურის შენახვის ხარჯები. შესაბამისად, რთულია ითქვას, როგორ შეძლებს საქართველო, რომლის მშპ გასულ წელს 38 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი იყო, ადგილობრივი ხელოვნური ინტელექტის შექმნას.
ალბანეთი – ინოვაცია თუ შეცდომა
ამ საკითხის უფრო კარგად დასანახად შეგვიძლია ალბანეთის მაგალითის მოყვანა. 2025 წლის სექტემბერში ალბანეთის პრემიერ მინისტრმა, ედი რამამ, კორუფციასთან ბრძოლისთვის AI „დიელლა“ დანიშნა ხელოვნური ინტელექტის მინისტრად.
დიელლას მოვალებები მოიცავდა კორუფციის აღმოფხვრას და პოლიტიკური გარიგებების აკრძალვას. ასევე პრემიერ მინისტრის განცხადებით, დიელლა „გააჩენდა 83 შვილს“, ანუ AI ასისტენტებს, რომლებიც პარტიის წევრებს დაეხმარებოდა კვლევასა და კანონების კარგად გაცნობაში.
თუმცა ალბანეთის მოდელმა დაგვანახა ის მთავარი პრობლემები, რომლებიც შეიძლება საქართველოშიც გაჩნდეს.
პირველ რიგში, ხელოვნურ ინტელექტს არ ჰქონდა ლეგიტიმაცია. ალბანეთის მოსახლეობის 75% უკვე არ ენდობოდა პოლიტიკურ პარტიებს, ხოლო დიელლას დანიშვნამ, ეს უნდობლობა უფრო გააძლიერა. ასევე, მის დანიშვნას პროტესტი მოჰყვა ოპოზიციური პარტიებისგან, რომელთა აზრითაც დიელლა არღვევდა ალბანეთის კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი მინისტრი უნდა იყოს 18 წელს გადაცილებული კომპეტენტური პიროვნება. ამასთან ერთად, დიელლა არის Microsoft-თან ერთად შექმნილი პროდუქტი, რომელიც უცხოურ სისტემაზე მუშაობს, გამომდინარე აქედან ალბანეთის ანტიკორუფციული ბრძოლა ამ მომენტისთვის საზღვარგარეთზე არის დამოკიდებული. ამ ყელაფერს ემატება ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ დიელლა კორუფციის სკანდალის გამო „დააკავეს“.
გამომდინარე აქედან, მიუხედავად ერთი შეხედვით ინოვაციური გადაწყვეტილებისა, ალბანეთის მაგალითი გამაფრთხილებელი უნდა იყოს ყველა ქვეყნისთვის, რომელიც მსგავს იდეას განიხილავს.
რეალისტური გზა
ხელოვნური ინტელექტის მოთხოვნების და საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, „AI მინისტრი“ საქართველოს რეალობისთვის მხოლოდ შორეულ პერსექტივაში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.
თუმცა, ეს არ ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის უარყოფას. პირიქით, საუკეთესო გზა მომავლისთვის იქნება AI-ს ინტეგრაცია ყველა სფეროში იმ დავალებების გასაუმჯობესებლად, რომლებიც ხარვეზებით სრულდება ან დიდ დროს მოითხოვს. ეს კი არ საჭიროებს დამოუკიდებელი AI მინისტრის დანიშვნას, რომელიც ამჟამად უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის საქართველოს ვიდრე გადაჭრის.
