საგანმანათლებლო ჩიხი: ექსპერიმენტები განათლების სისტემაში და 2026 წლის აბიტურიენტების გაუქმებული არჩევანი
2025 წლის 16 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია წარადგინა.
მისი განცხადებით:
„განათლების სისტემაში დღეს რთული, არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს, დონე არადამაკმაყოფილებელია, აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელება გვჭირდება, რათა ჩვენს ქვეყანაში ევროპული დონის განათლების სისტემა მივიღოთ.“
რეფორმის არსი
სამთავრობო განკარგულება უმაღლესი განათლების სფეროში 7 მთავარ გამოწვევას და მათი გადაჭრის გზებს განიხილავს. ესენია: უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია; რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანაბრობა; უსისტემო საკადრო პოლიტიკა; სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობა; სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის; გაუმართავი დაფინანსების სისტემა; სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა.
შემუშავებული რეფორმის ფუნდამენტური იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს არა მხოლოდ უმაღლესი განათლების დაფინანსებაზე, არამედ იმაზეც, თუ სად და რა ფაკულტეტზე ისწავლიან სტუდენტები.
რეფორმის ფარგლებში, იცვლება დაფინანსების პროგრამა და საგრანტო პრინციპი მთლიანად უქმდება. შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ხდება უფასო, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში სტუდენტები ვეღარ ისარგებლებენ სახელმწიფო საგრანტო შეღავაღებით და საფასურის სრულად გადახდა მოუწევთ. მცირდება კვოტების რაოდენობაც, რის შედეგადაც ფაკულტეტებზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, ხოლო აბიტურიენტთა ნაწილი უნივერსიტეტების გარეთ აღმოჩნდებიან. მნიშვნელოვანია „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ ინიციატივაც, რაც გარკვეული ფაკულტეტების თბილისიდან რეგიონებში გადატანას და რესურსების არათანაბარი გადანაწილების აღმოფხვრას მოიაზრებს.
იცვლება სწავლის ხანგრძილივობაც. უნივერსიტეტები 4+2 მოდელიდან ( 4 წლიანი ბაკალავრიატი და 2 წლიანი მაგისტრატურა) 3+1+1 მოდელზე გადავლენ, რაც სამ წლიან ბაკალავრიატსა და 1 წლიან მაგისტრატურას მოიცავს.
„მრავალ ქვეყანაში უკვე მოქმედებს ასეთი სისტემა, ვგულისხმობ განვითარებულ ქვეყნებს, აქედან გამომდინარე, ეს სისტემა, ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ – უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას. ეს ასევე, თანხების დაზოგვასაც გამოიწვევს, დაახლოებით, 25 %-ით დაიზოგება ხარჯები, რაც საშუალებას მოგვცემს, მეტი ინვესტიცია ჩავდოთ უშუალოდ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში“.
ირაკლი კობახიძე
სხვა მხრივ, საგანმანათლებლო რეფორმა მიზნად ისახავს კვალიფიციური აკადემიური პერსონალის გადამზადებას და უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას.
ქართული დიპლომები საერთაშორისო აღიარების ჭრილში
საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა 2005 წლიდან ბოლონიის პროცესის ნაწილია, რისი მეშვეობითაც ქართული დიპლომები აღიარებულია ევროპაში (EHEA). თუმცა, 2026 წლის რეფორმა ამ მიღწევას სერიოზულ დარტყმას აყენებს.
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, საბაკალავრო პროგრამა უნდა მოიცავდეს მინიმუმ 180-240 ECTS კრედიტებს, ხოლო ჯამური საგანმანათლებლო ცილკი (სკოლა+ბაკალავრიატი+მაგისტრატურა) ევროპულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. 11 წლიანი სასკოლო განათლება და 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა აჩენს რისკს, რომ ქართული ატესტატები და დიპლომები ვეღარ დააკმაყოფილებენ ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებს. შესაბამისად, ქართული დიპლომების აღიარების საკითხი მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ დადგება. ეს განსაკუთრებული პრობლემა იქნება იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სწავლის უცხოეთში გაგრძელება სურთ.
აღნიშნულ ცვლილებებს დიდი გამოხმაურება მოყვა საერთაშორისო აკადემიურ წრეებში. აღმოსავლეთ ევროპის კვლევების გერმანულმა ასოციაციამ გამოაქცეყნა ღია წერილი, სადაც ნაღლად აღნიშნა, რომ ეს რეფორმა ნიშნავს „საქართველოს ჩამოშორებას ევროპული საგანმანათლებლო სისტემიდან“, გამოხატა სოლიდარობა ქართული აკადემიური წრის მიმართ და მოუწოდა გერმანიის მთავრობას: „საქართველოს მთავრობას ნათლად აუხსნას აკადემიური და საგანმანათლებლო პოლიტიკის თვითიზოლაციის შედეგები“.
ბოლონიის პროცესის დასაყრდენი, ინსტიტუციური ავტონომია და საგანმანათლებლო დამოუკიდებლობა, ილახება მაშინ, როდესაც სტუდენტთა მიღების კვოტები და პროგრამების პროფილების შერჩევა გადადის აკადემიური სფეროდან აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში. მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დადგება ქართული უნივერსიტეტების ადგილი საერთაშორისო რეიტინგებშიც, რადგან კვლევითი თავისუფლება უნივერსიტეტების დამოუკიდებლობის პირდაპირპროპორციულია, რაც ამ რეფორმით ფაქტობრივად ნულდება.
„ერთი ქალაქი- ერთი ფაკულტეტი“
რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო კომპონენტია „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამების დუბლირების აღმოხვრას ისახავს მიზნად. ხელისუფლების არგუმენტაციით, თბილისში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ერთი და იმავე სპეციალობის სწავლება რესურსების არათანაბარ გადანაწილებას და ხარისხის ვარდნას იწვევს.
რეფორმის შედეგად, სახელმწიფო უნივერსიტეტების პროგრამული პორტფელი შემდეგი სახის იქნება:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – საინჟირნო-ტექნიკური დისციპლინები
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – მედიცინის სპეციალობები
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – პედაგოგიკის პროგრამები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM პროგრამები
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აგრარული სპეციალობები; ქართულ-აფხაზური ენისა და ლიტერატურის, ასევე პედაგოგიკის პროგრამები
- ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალპროფილურ დატვირთვას
- სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტები სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის ფაკულტეტებზე
- ზუგდიდის, გორის, თელავისა და ახალციხის უნივერსიტეტებში გაფართოვდება აგრარული სპეციალობები, ტურიზმი და პედაგოგიკა.
ერთი შეხედვით, აღნიშნული პრინციპი უმაღლესი განათლების მიღებას უფრო უნივერსალურსა და მოსახერხებელს აჩენს, თუმცა დეტალური ანალიზი გვაჩვენებს, რომ ის ფაქტობრივად უპირატესობას ანიჭებს კვლავ თბილისში კონცენტრირებულ უნივერსიტეტებს და განსაკუთრებით „დედა უნივერსიტეტად“ წოდებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ითვისებს ყველა მოთხოვნად და პრესტიჟულ პროგრამას. სხვა უნივერსიტეტები კი იძულებულები არიან დათმონ წლების განმავლობაში წარმატებით მომუშავე ფაკულტეტები და დაუბრუნდნე ვიწრო სპეციალიზაციას.
ამასთანავე, რესტრუქტურიზაცია აუქმებს კონკურენციას. სტუდენტს აღარ აქვს არჩევანი სხვადასხვა აკადემიურ დაწესებულებასა და მეთოდოლოგიას შორის, რადგან თითოეული დარგი მონოპოლიზებულია ერთი ინსტიტუციის მიერ. გარდა აკადემიური პლურალიზმის შეზღუდვისა, აღნიშნული რეფორმა საფრთხეს უქმნის სამეცნიერო ჯგუფებსა და კვლევით ცენტრებსაც, რომლებიც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტში და ახლა იძულებითი რეორგანიზაციის მსხვერპლნი ხდებიან.
რეფორმის გაცხადებული მიზანი, რეგიონების გაძლიერება და სტუდენტების დეკონცენტრაცია თბილისიდან, ერთი შეხედვით მიმზიდველად ჩანს, თუმცა დეცენტრალიზაცია არა რეალური საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ იძულებითი გადატანით ხორციელდება. თბილისი ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის 50%-ზე მეტს ფარავს, შესაბამისად, ახალგაზრდების მისწრაფება დედაქალაქისკენ რაციონალურია. სტუდენტების იძულებითი გადანაწილება რეგიონულ უნივერსიტეტებში, სადაც მხოლოდ ვიწრო აგრარული ან პედაგოგიური პროფილია წარმოდგენილი, გამოიწვევს მათ იზოლაციასა და სწავლების ხარისხის დონეებს შორის სერიოზულ აცდენებს.
გაუქმებული გრანტები და „გაძვირებული“ განათლება
2026 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ოფიციალურად წყდება სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემა. ახალი მოდელით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული ყველა სტუდენტი სწავლობს უფასოდ, თუმცა ეს დაფინანსება აღარ არის უნივერსალური. თუ ადრე სტუდენტს შეეძლო 100%-იანი გრანტით ესწავლა კერძო უნივერსიტეტში, ახლა მას ამის შესაძლებლობა ერთმევა.
გარდა სტუდენტებისთვის სასურველ უნივერსიტეტებში ჩაბარების არჩევანის შეზღუდვისა, ეს ცვლილება დიდ დარტყმას აყენებს კერძო უნივერსიტეტებსაც. ეს უკანასკნელნი, რომლებიც საქართველოს უმაღლესი განათლების ბაზრის თითქმის ნახევარს ფარავენ, უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დარჩენილი კერძო სექტორი იძულებულია, რომ გაზარდოს სწავლის საფასური. განათლების ექსპერტების შეფასებით, გრანტების გაუქმებით სტუდენტისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევანი იღებს ფინანსურ სახეს, რადგან მოუწევთ არჩევანის გაკეთება ძვირ კერძო უნივესიტეტსა და უფასო სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.
ლიბერალური აკადემიური სექტორის მარგინალიზაცია
რეფორმის სიღრმისეული ანალიზი ცხადყოფს, რომ მის ერთ-ერთი მთავარი, თუმცა არაოფიციალურ მიზანი ქვეყანაში არსებული დამოუკიდებელი და ლიბერალურად განწყობილი აკადემიური კერების პოლიტიკური ნეიტრალიზაციაა.
კერძო უნივერსიტეტებისთვის გრანტების გაუქმება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სტრატეგიული პოლიტიკური ნაბიჯია. წლების განმავლობაში კერძო უნივერსიტეტები სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ სივრცეს წარმოადგენდნენ, სადაც აკადემიური და ინსტიტუციონალური თავისუფლება უფრო მაღალი იყო.
გრანტის გაუქმება და ახალი კვოტების დაწესება კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთა რიცხვს ამცირებს. სტუდენტური ნაკადების იძულებითი გადამისამართება სახელმწიფო უნივერსიტეტებში ინსტიტუციონალური ალტერნატივების მოსპობას ემსახურება. შესაბამისად, სტუდენტების უმეტესობა წავა სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში, სადაც აკადემიური თავისუფლება შეზღუდული იქნება.
ამ პროცესის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა და რადიკალური გამოვლინება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაა. მიუხედავად სახელმწიფო უნივერსტეტის სახელისა, ილიაუნის პოლიტიკა და იქ არსებული ინტელექტუალური ელიტა მმართველი ძალისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
მთავრობის დადგენილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიღების კვოტა 2026-2027 წლისთვის 92%-ით შემცირდა: თუ უნივერსიტეტმა 2025 წელს 3828 სტუდენტი მიიღო, მომავალი სასწავლო წლისთვის ის მხოლო 300 ბაკალავრის მიღებას შეძლებს.
უნივერსიტეტების პროგრამული პორტფელის ცვლილების ფარგლებში, ილიაუნს ჩამოერთვა თითქმის ყველა ჰუმანიტარული მიმართულება. მათ შორის: ფსიქოლოგია, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ფილოსოფია, პოლიტოლოგია. უნივერსიტეტის აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ილიაუნის აკადემიური პერსონალისგან, რომლებმაც განაცხადეს:
„გამოცხადებული რეფორმა ძალიან საზიანოა არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტისთვის, არამედ ზოგადად განათლების სისტემისთვის მთლიანად, რადგან იგი პირველ რიგში ზღუდავს უნივერსიტეტების განვითარების მთავარ პრინციპს, რაცაა არის ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება“.
აშკარაა, რომ რეფორმები განათლების სისტემაში არა სახელმწიფო უნივერსიტეტების ინსტიტუციონალურ განვითარებასა და განათლების ხელმისაწვდომობას, არამედ ოპოზიციურად განწყობილი დაწესებულებების დაზარალებას ემსახურება.
რა ბედი ელით 2026 წლის აბიტურიენტებს?
2026 წლის აბიტურიენტები რეფორმის პირველი და მისგან ყველაზე დაზარალებული თაობაა. პირველ რიგში, გაუქმებული გრანტების პრინციპი თავდაყირა აყენებს მომავალი სტუდენტების არჩევანს. აბიტურიენტები, რომლებიც დამატებით ემზადებოდნენ კერძო უნივერსიტეტებში გრანტების მოსაპოვებლად გაუქმებული არჩევანის წინაშე დგებიან და მცირე დროში უწევთ სამომავლო საგანმანათლებლო მომავლის გადაწყობა.
გარდა ამისა, აბიტურიენტებს ეზღუდებათ გეოგრაფიული არჩევანიც. თუ სტუდენტს სამართლის ფაკულტეტზე ჩაბარება სურს, ის იძულებულია არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩეროს, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ამ უნივერსიტეტის კურიკულუმი, თუ მას სურს აგრარული მიმართულებით სწავლის გაგრძელება, მაშინ ის იძულებულია რეგიონში ან სპეციალიზირებულ სოხუმის უნივერსიტეტში წავიდეს. იქმნება ხელოვნური ბარიერები, რომლებიც არა მხოლოდ ფინანსურ ტვირთს ზრდის, არამედ აკნინებს განათლებისადმი ინტერესს.
2027 წლისთვის მოსალოდნელი „ორმაგი ნაკადის“ პრობლემა (11 და 12-კლასელების ერთდროული გამოსვლა) კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. დაახლოებით 100,000 აბიტურიენტი შეეჯახება უცვლელ კვოტებს (დაახლოებით 14,400 ადგილი), რაც ნიშნავს, რომ ათიათასობით ახალგაზრდა განათლების გარეშე დარჩება.
რედაქტორი: ილია ჟუჟუნაშვილი
