Blogეკონომიკა

ევროპა აღარ ელოდება ამერიკას – ევროკავშირის ისტორიული სავაჭრო ხელშეკრულებები ტრამპის მეორე ერაში

მეორე მსოფლიო ომიდან ვაშინგტონი ევროპის ყველაზე სანდო პარტნიორი იყო. ეს მოცემულობა დღეს აღარ არსებობს.

როცა ტრამპის ადმინისტრაცია უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი ხდება – მოკავშირეებზე ტარიფების დაწესებით, მათთან კონსულტაციების გვერდის ავლით და ათწლეულობის განმავლობაში ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორებზე მუქარებით – ევროპა სტაბილურობის დაბრუნების მოლოდინს წყვეტს. ამის ნაცვლად, მან დაიწყო ისეთი პოლიტიკის გატარება, სადაც ამერიკის იმედზე ყოფნა არჩევითია და არა აუცილებელი მოცემულობა.

სამი თვის განმავლობაში დადებული სამი ისტორიული სავაჭრო შეთანხმება – სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან, ინდოეთთან და ავსტრალიასთან – ამის დასტურია.

შესავალი

ათწლეულების განმავლობაში ტრანსატლანტიკური პარტნიორობა დასავლური ცივილიზაციის ხერხემალს წარმოადგენდა. აშშ-ში და ევროპაში იზიარებდნენ საერთო დემოკრატიული ღირებულებებისა და ეკონომიკური თავისუფლების იდეებს, რამაც ისტორიაში ყველაზე ძლიერი ალიანსი შექმნა. ნატოთი დაკავშირებული სახელმწიფოებისთვის ეს შეთანხმება იმდენად ფუნდამენტური იყო, რომ ევროპელთა უმეტესობისთვის ეს პარტნიორობა თავისთავად ცხად მოცემულობას წარმოადგენდა. თუმცა, დღეს ეს რწმენა შელახულია.

ტრამპის მეორე ადმინისტრაციამ ევროპა ისეთი რეალობის წინაშე დააყენა, რომელსაც ის წლების განმავლობაში გაურბოდა. ამ ყველაფრის კატალიზატორი, ტარიფებისა და სავაჭრო დავების გარდა, გახდა გრენლანდიის კრიზისი. 2026 წლის იანვარში, პრეზიდენტი ტრამპი დანიასა და სხვა ევროპელ მოკავშირეებს დაემუქრა 25%-იანი იმპორტის გადასახადის დაწესებით, თუ კოპენჰაგენი აშშ-ს გრენლანდიას არ დაუთმობდა. საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა და შედეგად, ევროპარლამენტის დეპუტატებმა დაბლოკეს აშშ-ევროკავშირის სავაჭრო ხელშეკრულების რატიფიცირება, რაც ნათლად აჩვენებს ურთიერთობის სრულიად ახალ დინამიკას. შვედეთის ვიცე-პრემიერი, ება ბუში, გამოეხმაურა ამ პროცესებს და მარტივად შეაფასა:

“ნდობა საფუძვლიანად შეირყა და მის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.“

ამ პროცესების შემდეგ ევროპის დედაქალაქებში გაჩნდა მტკიცე ნება შემცირდეს ევროპის დამოკიდებულება აშშ-ზე და უფრო აქტიურად დაიწყო საუბარი ევროპული ავტონომიის აუცილებლობაზე.

ახალი ხელშეკრულებები

სულ რაღაც რამდენიმე თვეში ევროკავშირმა სამი ისეთი მსხვილი სავაჭრო შეთანხმება გააფორმა, რომელთა ტემპი და ამბიციაც ორი წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა. ახალი ხელშეკრულებები წარმოადგენს ევროპული სავაჭრო პოლიტიკის ყველაზე მასშტაბურ ტრანსფორმაციას ბლოკის დაარსების დღიდან. 

2026 წლის 17 იანვარს შეთანხმება დაიდო ევროკავშირსა და “მერკოსურის“ დამფუძნებელ სახელმწიფოებს – არგენტინას, ბრაზილიას, პარაგვაისა და ურუგვაის – შორის. ამ ხელშეკრულებით შეიქმნა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი თავისუფალი სავაჭრო ზონა, რომელიც 31 ქვეყნის 700 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს. მხოლოდ სამრეწველო საქონელზე ტარიფების შემცირებამ ევროპულ კომპანიებს შესაძლოა 4 მილიარდ ევროზე მეტი დაუზოგოს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ხელშეკრულება 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. მან ათწლეულების მანძილზე გაყინულ მოლაპარაკებებს, ადგილობრივი მეწარმეების და ფერმერების პროტესტებს და პოლიტიკურ წინააღმდეგობებს გაუძლო. საბოლოო ჯამში, სწორედ ტრამპის ტარიფებმა და მუდმივმა მუქარებმა შექმნა ის აუცილებელი ზეწოლა, რამაც ევროკავშირსა და მერკოსურს პროცესის აჩქარებისკენ უბიძგა.

ათი დღის შემდეგ, 27 იანვარს, ევროკავშირმა და ინდოეთმა ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ამ ხელშეკრულებას “დედა შეთანხმება” უწოდა. ამ გარიგებით დაახლოებით ორ მილიარდიანი ბაზრის თავისუფალი სავაჭრო ზონა შეიქმნა. შეთანხმების თანახმად, ინდოეთი ეტაპობრივად გააუქმებს და შეამცირებს ტარიფებს ევროკავშირის ექსპორტის 96,6%-ზე, მათ შორის ავტომობილებზე, მანქანა-დანადგარებზე, ქიმიკატებსა და ფარმაცევტულ პროდუქციაზე.

უახლესი ხელშეკრულება კი დაიდო 24 მარტს, რითაც ევროკავშირმა ავსტრალიასთან რვაწლიანი მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. შეთანხმების მიხედვით, ავსტრალია ევროკავშირის ექსპორტზე არსებული ტარიფების 99%-ს გააუქმებს. ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში პარტნიორობაზე. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა: “მსოფლიოს სურს ევროპასთან ვაჭრობა.“

რთული რეალობა

დიდია ცდუნება ახალი ხელშეკრულებები მივიჩნიოთ ევროპის ამერიკაზე დამოკიდებულების დასასრულად. ფაქტია, ეს ხელშეკრულებები მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირი ცდილობს უფრო დაბალანსებული, მრავალპოლარული სავაჭრო ქსელის შექმნისკენ გადადგას ნაბიჯი, თუმცა რეალობა ბევრად უფრო რთული და ბუნდოვანია.

მიუხედავად ისტორიული მასშტაბისა, ევროკავშირი-მერკოსურის შეთანხმება გაფორმებისთანავე ევროპის სამართლებრივ ბიუროკრატიაში გაიხლართა. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რითაც ევროპულ სასამართლოს სთხოვა ხელშეკრულების კანონიერების დადგენა. ეს ისეთი ნაბიჯია, რომელმაც რატიფიცირების პროცესი შეიძლება გაწელოს რამდენიმე წლით. საფრანგეთის, ირლანდიის, პოლონეთის და ავსტრიის აგრარულ სექტორებში კვლავ უკიდურესად ნეგატიური შეხედულებაა ხელშეკრულების მიმართ. ადგილობრივი ფერმერები შიშობენ, რომ სამხრეთ ამერიკული იაფი საქონელი საფრთხეს შეუქმნის მათ საარსებო წყაროს. მიუხედავად ამისა, ევროკომისიამ, წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერით, პირველი მაისიდან შეთანხმების ეტაპობრივ ამოქმედებას დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება, ევროკავშირი-ინდოეთის შეთანხმებას, ციფრები შთამბეჭდავად და რევოლუციურად გამოიყურება. თუმცა, გერმანიის ცენტრალური ბანკის ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ პირველადი მაკროეკონომიკური ეფექტი მცირე იქნება. მათი გადმოსახედიდან, პირველ ეტაპზე დამატებითი იმპორტისა და ექსპორტის წილი ევროკავშირის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 0,1%-ზე ნაკლები იქნება. ამ ხელშეკრულების მთავარი სარგებელი გრძელვადიან პერსპექტივაშია, რადგან ინდოეთის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში.

ავსტრალიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასაც აქვს თავისი სუსტი წერტილები. ევროკავშირმა მკაცრი კვოტები დააწესა ავსტრალიური ხორცის იმპორტზე, რათა თავიდან აეცილებინა იმ ფერმერების პროტესტი, რომლებმაც მერკოსურთან შეთანხმება ჩაშლის პირას მიიყვანეს.

პარტნიორობა ილუზიების გარეშე

სავაჭრო პოლიტიკის დივერსიფიკაცია არ ნიშნავს იმას, რომ ევროპამ ამერიკაზე ხელი ჩაიქნია. ევროკავშირს ეს არ გაუკეთებია და ვერც გააკეთებს, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში. შეუძლებელია იმ ფაქტორის უგულებელყოფა, რომ ევროპა კვლავ მთლიანად არის დამოკიდებული აშშ-ზე თავდაცვის საკითხებში, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მისი ქმედებების მოქნილობას. ტრანსატლანტიკური ურთიერთობა, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, უზარმაზარ ეკონომიკურ მნიშვნელობას ინარჩუნებს. ევროკავშირისთვის აშშ დღემდე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება.

თუმცა, რაც შეიცვალა, შესაძლოა შეუქცევადადაც, ფსიქოლოგიური განწყობაა. გრენლანდიის კრიზისამდე და აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გამოქვეყნებამდე, ევროპელებში არსებობდა რწმენა, რომ ტრამპთან კონსტრუქციული თანამშრომლობა შესაძლებელი იყო. რეალობამ სხვა რამ დაამტკიცა და იანვრის დაძაბულობის შემდეგ ევროპელებს ყოველგვარი ილუზია გაეფანტათ.

დასკვნა

სწორედ ამ კონტექსტში უნდა აღვიქვათ ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის გაფართოება. ეს არ არის ამერიკისგან იზოლაცია, არამედ ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმია იმ პარტნიორის წინააღმდეგ, რომელიც არასაიმედო გახდა. ათწლეულების განმავლობაში ევროპელი ლიდერები სამომავლოდ ავადებდნენ რთულ გადაწყვეტილებებს, იმის იმედით, რომ აშშ-ზე დაფუძნებული გლობალური წესრიგი ურყევი დარჩებოდა. ტრამპის მეორე ვადამ ეს კონფორმიზმი სრულად გაანადგურა.

ევროპამ შეწყვიტა იმის დაშვება, რომ ამერიკა მუდამ მის გვერდით იქნება. სამი ისტორიული შეთანხმება სამ თვეში, რომლებიც მოიცავს დამატებით ორ მილიარდ მომხმარებელს ინდოეთში, 700 მილიონს სამხრეთ ამერიკაში და სტრატეგიულ პარტნიორს წყნარი ოკეანის რეგიონში, არის რისკების მართვის მაგალითი კონტინენტური მასშტაბის გამოყენებით და არა იდეოლოგიური ახირება.

ტრანსატლანტიკურმა პარტნიორობამ შექმნა თანამედროვე გლობალური სისტემა და მან შესაძლოა კიდევ დიდხანს გაძლოს. თუმცა, ფაქტია, რომ ევროპამ ისწავლა – სავარაუდოდ, სამუდამოდ – რომ არცერთი ალიანსი არ არის გარანტირებული. ამ რეალობაზე მორგება კი ერთადერთი რაციონალური სტრატეგიაა.

ავტორი

  • გიორგი ქაჯაია

    გიორგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი. ის იზიარებს ინდივიდუალური თავისუფლების, თვითმმართველობისა და პირადი პასუხისმგებლობის კლასიკურ ლიბერალურ ხედვას. დაინტერესებულია პოლიტიკური ფილოსოფიით, საერთაშორისო ეკონომიკით და კონფლიქტოლოგიით.

გიორგი ქაჯაია

გიორგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი. ის იზიარებს ინდივიდუალური თავისუფლების, თვითმმართველობისა და პირადი პასუხისმგებლობის კლასიკურ ლიბერალურ ხედვას. დაინტერესებულია პოლიტიკური ფილოსოფიით, საერთაშორისო ეკონომიკით და კონფლიქტოლოგიით.