სომხეთის დასავლური შემობრუნება
ათწლეულების განმავლობაში სომხეთი რუსეთის უპირობო დასაყრდენი იყო კავკასიის რეგიონში. დღეს კი ნიკოლ ფაშინიანი მკაფიო ნაბიჯებს დგამს დასავლეთისკენ. სომხეთის მცდელობა საბოლოოდ დააღწიოს თავი რუსულ ორბიტას, პირდაპირ აისახება მის საერთაშორისო პოზიციონირებაზე. ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით იქმნება ახალი რეალობა, სადაც სამხრეთ კავკასია სტრატეგიულ როლს ითამაშებს ერთიან გეოპოლიტიკურ ევროპაში. ამ გზაზე გადამწყვეტი იქნება 7 ივნისის არჩევნების შედეგები, რაც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალ კურსს. საინტერესოა, შეძლებს თუ არა სომხეთი ამ პროცესით მოიპოვოს რეგიონში დასავლეთის მთავარი პარტნიორი ქვეყნის სტატუსი.
სომხეთი ფაშინიანამდე
ნიკოლ ფაშინიანის მმართველობამდე სომხეთი საგარეო და საშინაო პოლიტიკით ცდილობდა ევროპულ მისწრაფებებსა და კრემლის მკაცრ დიქტატს შორის ბალანსირებას. ერევანი ათწლეულების განმავლობაში ატარებდა წარმატებასთან შეუსაბამო საგარეო პოლიტიკას. სომხეთი ევროკავშირთან კარგ ურთიერთობებს ამყარებდა მაშინ, როდესაც ეკონომიკურად რუსეთზე ხდებოდა დამოკიდებული.
სომხეთი ცდილობდა შეექმნა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონა ისე, რომ პარალელურად მოსკოვის მიერ კონტროლირებად საბაჟო კავშირში დარჩენილიყო. 2015 წლის 2 იანვარს სომხეთი ოფიციალურად შეუერთდა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს. 1 აგვისტოდან ელექტროენერგიის ფასი მოსახლეობისთვის 16.7%-ით გაიზარდა, რაზეც პასუხისმგებელი იყო რუსული კომპანია „ინტერ-რაო“. ამ ფაქტს “ელექტრო-ერევნის” პროტესტი მოჰყვა. მთავრობა საბოლოოდ “კომპრომისზე” წავიდა და ბიუჯეტიდან დაფარა ახალი ფასნამატი, რამაც რეალურად ისევ მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე იმოქმედა. კრემლმა 2015 წელს 13 წლიანი ხოლო, 2016 წელს 10 წლიანი სესხი გამოუყო სომხეთს რუსული სამხედრო ტექნიკის შესაძენად. ასევე 2016 წელს შეიქმნა რუსეთისა და სომხეთის სამხედრო ერთობა, რომელსაც ანალიტიკოსები ყარაბაღის კონფლიქტსა და რუსეთის მხრიდან სომხეთის “დამშვიდების” მცდელობას უკავშირებდნენ. სომხეთში ბევრი მსგავს ერთობას ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვად აღიქვამდა. პარალელურად, რუსეთი აზერბაიჯანს აწვდიდა იარაღს. სომხეთის მთავრობის ამ და სხვა მრავალმა ნაბიჯმა რეგიონში რუსეთის გავლენა გაზარდა.
„რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, რუსეთი არასოდეს აპირებდა აქედან წასვლას – პირიქით, ვაპირებთ აქ ჩვენი პოზიციების გაძლიერებას. ჩვენ გავაძლიერებთ პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში, დავეყრდნობით რა – ყველაფერს საუკეთესოს, რაც ჩვენი წინაპრებისაგან გვერგო, დავეყრდნობით რა – კეთილ ურთიერთობებს რეგიონის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის სომხეთთან”. 2 დეკემბერი, 2013 – რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გიუმრიში ბიზნეს-ფორუმზე გამოსვლისას
გარდამტეხი წერტილი იყო მოსკოვის მხარდაჭერა მაშინ, როდესაც სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი მმართველობის ფორმის შეცვლით ცდილობდა ძალაუფლების შენარჩუნებას. 2015 წლიდან მიმდინარე რეფორმა ძალაში 2018 წლის 17 აპრილს შევიდა. პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ სარქისიანმა პარლამენტს საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრად აარჩევინა, რასაც მოჰყვა “ხავერდოვანი რევოლუცია”. სწორედ ხავერდოვანმა რევოლუციამ განაპირობა ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლა.
სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები რევოლუციამდე
რუსული წნეხის მიუხედავად, ბრიუსელი სომხეთისთვის კარს ღიას ტოვებდა. ევროკავშირი არ კარგავდა იმედს, რომ სომხეთი ერთ დღეს სრულფასოვანი წევრი გახდებოდა. ამაზე მეტყველებდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის მთავარი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი იყო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან დასაახლოვებლად. სომხეთი ამ პროგრამაში საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან, აზერბაიჯანთან და ბელორუსთან ერთად იყო ჩართული. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა 2014 წლის მაისში სომხეთში ვიზიტისას განცხადებაც გააკეთა, რომ ევროკავშირი მოახერხებს შეიმუშავოს „სპეციფიკური მოდელი სომხეთისთვის“. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევროკავშირის ჩართულობას 2015 წელს საქართველო-სომხეთის საზღვრის განვითარებისთვის, კონკრეტულად სადახლო-ბაგრატაშენის გამშვები პუნქტის მოდერნიზებისთვის. 2014 წელს სომხეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე, 2017 წლის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებამ (CEPA) კი სომხეთს საშუალება მისცა გაეტარებინა ევროპული რეფორმები ისე, რომ არ დაეტოვებინა ევრაზიული კავშირი.
დასავლური შემობრუნების საწყისები
2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის, მმართველობა სომხეთის ისტორიაში სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდა. ის ხალხს კორუფციის დამარცხებას, ოლიგარქიის დასრულებასა და დასავლური ტიპის დემოკრატიას შეჰპირდა. თავდაპირველად, ფაშინიანს არ შეუცვლია სომხეთის პოლიტიკა და ისევ ორ ფრონტზე ბრძოლას განაგრძობდა. 2018 წელს პუტინთან შეხვედრისას მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ და მადლობა გადაუხადა მოსკოვს მხარდაჭერისთვის. თუმცა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები დიდ ცვლილებებს მოასწავებდა. ამავე წელს დააკავეს ყოფილი პრეზიდენტის კორუმპირებული ოჯახის წევრები. ფაშინიანმა არჩევნებში გამარჯვებისთანავე გაასამართლა კორუმპირებული, რუსეთთან დაკავშირებული კანონდამრღვევი პირები. ოფიციალურ განცხადებებში რუსეთი და სომხეთი პარტნიორები რჩებოდნენ, თუმცა რეალურად ფაშინიანი თანდათან ასუსტებდა რუსეთის გავლენას.
ამ პერიოდის ყველაზე მძიმე გამოცდა 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომი აღმოჩნდა. პანდემიის ფონზე დაწყებულმა კონფლიქტმა აჩვენა, რომ რუსული „უსაფრთხოების ქოლგას“ ღირებულება არ აქვს. სომხეთი ათწლეულების განმავლობაში რუსეთის დაცვის იმედად იყო – ამაოდ. ყარაბაღის ომში სომხეთი დამარცხდა. ამას მასშტაბური პროტესტი მოჰყვა ხალხის მხრიდან. ფაშინიანს „მოღალატეს“ ეძახდნენ და გადადგომას სთხოვდნენ. ფაშინიანმა ყველაზე მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა, რიგგარეშე არჩევნები დანიშნა და საკუთარი ლეგიტიმაცია ხალხს მიანდო. ყველასგან მოულოდნელად ომში დამარცხებულმა ლიდერმა მეორე მანდატი მიიღო. დასავლეთმა არჩევნების შედეგები აღიარა, ხოლო კრემლმა ფაშინიანს გამარჯვება მიულოცა. ამ მომენტიდან გამოჩნდა, რომ კრემლი მართვის სადავეებს კარგავდა.
დღეს ფაშინიანის პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებულია სომხეთის ჩვეული პოლიტიკისგან. ქვეყანა ინსტიტუციურად დასავლეთისკენ იხრება, თუმცა ფრთხილად მოქმედებს. იმდენად ფრთხილად, რომ არ გააღიზიანოს რუსეთი და დესტაბილიზაცია არ გამოიწვიოს. ცვლილებებს რაც შეეხება, ფაშინიანმა გააცნობიერა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია სომხეთის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. უმოქმედო ორგანიზაციის ნაცვლად ერევანში ევროკავშირის მისია (EUMA – EU Mission in Armenia) შევიდა. სომხეთმა საჯაროდ თქვა უარი რუსულ იარაღზე. ხოლო 2018 წლიდან, ჯონ ბოლტონის ვიზიტის შემდგომ ფაშინიანმა მოლაპარაკებები გახსნა ამერიკული სამხედრო ტექნიკის შეძენაზე . ვიზიტიდან ორ წელში უარი თქვა რუსეთის ფონდებზე, რომლებიც ბირთვული ელექტროსადგურის განახლებისთვის გამოიყო. 2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენულ საზღვრებზე თავდასხმისას რუსული უსაფრთხოების გარანტიები საბოლოოდ გაქრა. რუსეთის მორიგი უმოქმედობის შემდეგ, ფაშინიანმა გადაწყვიტა რუსეთის გარეთ ეძებნა რესურსები. თუ სარქისიანის მმართველობისას სომხეთი რუსული სესხით ყიდულობდა კრემლის ტექნიკას, დღეს ფაშინიანი ამერიკულ, ფრანგულ და ინდურ შეიარაღებაზე აკეთებს აქცენტს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2026 წლის 5 მაისს სომხეთსა და საფრანგეთს შორის გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც მოიაზრებს ევროკავშირის მშიდობისმყოფელი ჯარისკაცების განლაგებას – საზღვრებზე, სადაც აქამდე რუსი ჯარისკაცები იდგნენ. სომხეთმა საბოლოოდ გადაწყვიტა პარტნიორობა მათთან, ვინც უსაფრთხოებასა და განვითარებას რეალურ რეფორმებში ხედავს და არა ცარიელ დაპირებებში.

© კარენ მინასიანი / AFP
7 ივნისის არჩევნები და მისი მნიშვნელობა
7 ივნისის საპარლამენტო არჩევნები სომხეთში გარდამტეხი მნიშვნელობის იქნება. უკვე 8 წელია, რაც ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის ლიდერია. ოპოზიციის მხარეს პრორუსი სომეხი მილიარდერი, ფულის გათეთრებასა და გადატრიალებისკენ მოწოდებაში ბრალდებული ოპოზიციონერი, სამველ კარაპეტიანი დგას. ის ცოტა ხნის წინ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ასევე დაკავებულია მისი გუნდის, „ძლიერი სომხეთის“, 14 წევრი ამომრჩევლის მოსყიდვისა და ქრთამის მიღების ბრალდებით, რაც პარტიის რეიტინგზე უარყოფითად აისახება. კარაპეტიანი პირდაპირ აკრიტიკებს ფაშინიანს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების გამო, რადგანაც “ძლიერი სომხეთის” პოლიტიკა ძირითადად რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასა და დასავლური ინტეგრაციის ტემპის გადახედვას ეფუძნება. ბევრი ანალიტიკოსის მოსაზრებით, მისი გამარჯვება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში რუსული გავლენების აღდგენასა და იმ დემოკრატიული რეფორმების შეფერხებას გამოიწვევს, რომლებიც აქამდე დასავლეთის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდებოდა. იმის ფონზე, რომ ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტი“ ერთადერთი პროდასავლური ძალაა საარჩევნო ბიულეტენში, 7 ივნისი სომხეთს ურთულესი არჩევანის წინაშე აყენებს. გააგრძელოს ევროპული ინტეგრაცია თუ დაუბრუნდეს რუსულ ორბიტას?
ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება, პირველ რიგში, ნიშნავს რომ სომხეთი მზადაა, რუსეთს საბოლოოდ დაემშვიდობოს. ფაშინიანის დარჩენა ხელისუფლებაში მისი ამბიციური პროექტის – „მშვიდობის გზაჯვარედინის“ – გაგრძელებას ნიშნავს. მარტივად რომ ვთქვათ, სომხეთს სურს გააღოს ჩაკეტილი საზღვრები, დაალაგოს ურთიერთობები თურქეთთან და გახდეს მნიშვნელოვანი სატრანზიტო წერტილი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. დასავლეთისთვის კი მისი გამარჯვება ნიშნავს ერევანთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მიუხედავად მკაფიო პროდასავლური ტენდენციისა, ფაშინიანი კვლავ ინარჩუნებს კომუნიკაციას ვლადიმერ პუტინთან სამომავლო შეთანხმებებზე სასაუბროდ. ექსპერტების აზრით, ეს ბალანსი არის მოსამზადებელი ეტაპი დიდი შემობრუნებისთვის.
“While Armenia has been confronting possible Russian interference in its elections, it also adopted decisions to increase salaries and provide bonuses to state servants ahead of the vote, which critics say is tied to winning their support ahead of the elections…” – “Armenia rejects Russian aid for Nagorno-Karabakh refugees ahead of elections” by Arshaluys Barseghyan
დასავლეთთან აქტიური პარტნიორობა და ამავდროულად კრემლთან პერიოდული კომუნიკაცია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ერევანი კვლავ რთული ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს. თუმცა, დღეს ეს დიპლომატია უფრო მეტად რადიკალური რყევების პრევენციასა და ქვეყნის უსაფრთხოების დაზღვევას ემსახურება, ვიდრე ძველებურ ორმხრივ ორიენტაციას. სწორედ ამ ტაქტიკით ცდილობს ფაშინიანი, ქვეყანა უმტკივნეულოდ მიიყვანოს იმ წერტილამდე, სადაც სომხეთი საბოლოოდ ჩამოყალიბდება მყარი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოდ.
7 ივნისის არჩევნები ხდება ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც სომხეთმა ეს დროებითი, ფრთხილი მანევრირება სუვერენულ არჩევნად უნდა აქციოს. ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება ნიშნავს იძულებითი ბალანსის პოლიტიკის დასრულებას და “მშვიდობის გზაჯვარედინით“ ქვეყნის დასავლურ უსაფრთხოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას. მეორე მხრივ, სამველ კარაპეტიანის გამარჯვება ძველი სტატუს-კვოს აღდგენისა და კრემლზე ცალმხრივი დამოკიდებულების საფრთხეს აჩენს. ეს კენჭისყრა დაასრულებს სომხეთის მრავალწლიან ყოყმანს და მკაფიო ზღვარს გაავლებს პოსტსაბჭოთა ინერციასა და ევროპულ პერსპექტივას შორის.
რედაქტორი: გიორგი ქაჯაია
