ეროვნული იდენტობის დაცვა თუ ძალის მონოპოლიის ხელყოფა? – რას ნიშნავს სამართლებრივად ფიზიკური ბრძოლის რიტორიკა
ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში პერიოდულად იფეთქებს ხოლმე ინიციატივები, რომლებიც ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების დაცვას ისახავს მიზნად. თუმცა, როდესაც ასეთი მოძრაობის სათავეში საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლები დგებიან და მათი რიტორიკა „არანაირ საფრთხეზე უკან არდახევასა“ თუ „ბრძოლის მზაობაზე“ გადის, საკითხი სცდება მხოლოდ მსოფლმხედველობრივ დებატებს და წმინდა სამართლებრივ სიბრტყეში გადადის.
სამართლის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, მთავარი კითხვა მარტივია: რამდენად დასაშვებია დემოკრატიულ სახელმწიფოში კერძო ჯგუფების მიერ ძალადობა „ფასეულობების დაცვის“ აბრით?
ძალადობის მონოპოლია და კანონის უზენაესობა
თანამედროვე სამართლებრივ სახელმწიფოში ძალის ლეგიტიმური გამოყენების მონოპოლია ექსკლუზიურად სახელმწიფოს – სამართალდამცავ ორგანოებს ეკუთვნის. ეს არის დემოკრატიული წესრიგის საძირკველი. როდესაც კერძო პირები ან ჯგუფები აცხადებენ, რომ მზად არიან „თითოეული სანტიმეტრისთვის იბრძოლონ“ ან იძალადონ გარკვეული იდეების დასაცავად, ეს პირდაპირ ეჯახება კანონის უზენაესობის პრინციპს.
თუ თითოეული ჯგუფი საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტს, რა არის „სამართლიანი“ თუ დასაცავი და ამისთვის ძალისმიერ მეთოდებს დაუშვებს, სახელმწიფო კარგავს თავის პირველად ფუნქციას – უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. შედეგად ვღებულობთ არა ინსტიტუციურ წესრიგს, არამედ თვითნებობასა და „ქუჩის სამართალს“.
რა სტანდარტებს არღვევს მსგავსი პრეცედენტი?
- საკონსტიტუციო ჩარჩო: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 22-ე მიხლები იცავენ შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, თუმცა ეს უფლება აბსოლუტური არ არის. კონსტიტუციური სტანდარტი მკაფიოდ კრძალავს ისეთი გაერთიანებების შექმნასა და საქმიანობას, რომლებიც ეწევიან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებენ შუღლს ან მიზნად ისახავენ კონსტიტუციური წყობილების ძალისმიერ შეცვლას.
- სისხლისსამართლებრივი რისკები: ზღვარი სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის ხშირად რიტორიკაზე გადის. ძალადობრივი მოწოდებები, მუქარა, ან ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ფიზიკური დაპირისპირება რეალური ხდება, შესაძლოა კვალიფიცირდეს როგორც სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება – მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მიერ
- ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) პრეცედენტული სამართლით, სახელმწიფოს აკისრია არა მხოლოდ პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას მოქალაქეები ძალადობისგან, არამედ ეფექტიანად აღკვეთოს ისეთი არაფორმალური ჯგუფების წარმოქმნა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სხვათა ფუნდამენტურ უფლებებსა და უსაფრთხოებას.
აღსანიშნავი მსგავსი პრეცედენტების ყველაზე მძიმე ისტორიული მაგალითი, საქართველოში 1990-იანი წლების არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება „მხედრიონია“. რიტორიკის დონეზე, „მხედრიონიც“ ეროვნული იდენტობის, ტრადიციებისა და სამშობლოს დაცვის იდეით აპელირებდა, თუმცა რეალურად სახელმწიფოს მიერ ძალის მონოპოლიის დაკარგვამ ქვეყანა სამოქალაქო ომამდე, ინსტიტუტების ჩამოშლამდე და კრიმინალურ ქაოსამდე მიიყვანა. ეს გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ როდესაც არაფორმალური ჯგუფები „წესრიგის დამყარების“ ან „იდენტობის დაცვის“ ფუნქციას საკუთარ თავზე იღებენ, შედეგი ყოველთვის კანონის უზენაესობის ნგრევა და საზოგადოების ტრაგიკული ფრაგმენტაციაა.
რა არის მთავარი საფრთხე?
ყველაზე საშიში ამ პროცესში ის სამართლებრივი და საზოგადოებრივი პრეცედენტია, რომელიც პოლარიზაციას ახალ, ფიზიკურ დონეზე გადაიყვანს.
თვითნებობის ნორმალიზება: თუ ერთი ჯგუფი იღებს უფლებას, ტრადიციის სახელით გამოიყენოს ან დაემუქროს ძალადობით სხვებს, ავტომატურად ჩნდება საპირისპირო ჯგუფების მიერ საკუთარი „საბრძოლო ფრთის“ შექმნის მოტივაცია. ეს იწვევს საზოგადოების ფრაგმენტაციასა და ჯგუფებს შორის ფიზიკური კონფლიქტის რისკს.
ინსტიტუტების დეგრადაცია: როდესაც მოქალაქეებს უჩნდებათ განცდა, რომ წესრიგის დამყარება ქუჩაში, სპორტსმენების ან კერძო დაჯგუფებების მიერ უნდა მოხდეს, ეს პირდაპირ აუფასურებს სასამართლოს, პოლიციასა და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას.
შერჩევითი სამართლის საფრთხე: მსგავს შემთხვევებზე სახელმწიფოს რეაგირება მისი ინსტიტუციური ეფექტიანობისა და სამართლებრივი პრინციპულობის მთავარი ინდიკატორია. თუ რეაგირება სუსტი ან შერჩევითია, ეს აჩენს ეჭვს, ხომ არ ხდება ასეთი ჯგუფების არაფორმალური წახალისება ან გამოყენება პოლიტიკური ოპონენტებისა თუ უმცირესობების დაშინების იარაღად.
ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ტრადიციების, კულტურისა და ფასეულობების დაცვა ხდება დებატებით, განათლებით, საკანონმდებლო ინიციატივებითა და კულტურული დიალოგით. იმ მომენტში, სადაც არგუმენტს ძალა და მუქარა ენაცვლება, სამართალი მთავრდება და იწყება ქაოსი, რაც საბოლოოდ თავად იმ საზოგადოებასა და სახელმწიფოს აზარალებს, რომლის დაცვის პრეტენზიასაც ეს ჯგუფები აცხადებენ.
რედაქტორი: ილია ჟუჟუნაშვილი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ აზრთა მრავალფეროვნებას. გამოგვიგზავნეთ თქვენი სტატია.
