პოლიტიკა

სეუტას კრიზისი 2026: ევროპის მიგრაციული პოლიტიკის გამოცდა

2026 წლის ივლისის მიწურულს, ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ანკლავ სეუტაში განვითარებულმა მოვლენებმა ევროკავშირი უპრეცედენტო მიგრაციული და დიპლომატიური გამოწვევის წინაშე დააყენა. 

რამდენიმე საათის განმავლობაში მაროკოს ტერიტორიიდან ესპანეთში ათეულობით ათასი მიგრანტის მასობრივი შემოსვლა დაფიქსირდა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. კრიზისის საპასუხოდ იტალიამ ესპანეთთან შენგენის ზონის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დროებითი შეჩერება გამოაცხადა.

აღნიშნულმა პრეცედენტმა ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შიდა მიგრაციული პოლიტიკის ეფექტიანობის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დააყენა.

სეუტა 31 ივლისს / Bloomberg

რა მოხდა სეუტაში

2026 წლის 30-31 ივლისს ათეულობით ათასმა ადამიანმა მოახერხა მაროკოდან ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში შესვლა, უმეტესობამ ეს ზღვით, ტარახალის ტალღსაცავის გარშემო ცურვით შეძლო, ნაწილმა კი სახმელეთო გზით. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საზღვარი დაახლოებით 50 000-მა ადამიანმა გადმოკვეთა, სეუტას რეგიონულმა ხელისუფლებამ კი ეს რიცხვი 60 000-მდე შეაფასა. შემოსულთა აბსოლუტური უმრავლესობა მოროკოს მოქალაქეები არიან. 

შემოსვლამ რამდენიმე საათში გადატვირთა 85 000-მოსახლიანი ქალაქის რესურსები და მთავრობას ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც კი მოსთხოვა. პარასკევს დაღუპულთა რიცხვმა 57-ს მიაღწია. მსხვერპლთა უმეტესობა სეუტაში ზღვით გადასვლას ცდილობდა და წყალში დაიხრჩო.

რამ გამოიწვია მასობრივი შემოსვლა

ესპანეთის ხელისუფლების ვერსიით, კრიზისი არალეგალური მიგრაციის ორგანიზატორთა ქსელის მიერ არის გამოწვეული, რომლებმაც სპეკულაცია გააკეთეს ესპანეთის უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაზე

აღნიშნული განაჩენით, ხელისუფლებას აეკრძალა ზღვით შემოსული მიგრანტების დაუყოვნებელი უკან დაბრუნება. მათი შემთხვევის განხილვა კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტული პროცედურით უნდა მომხდარიყო, რადგან ისინი ფიზიკურ სასაზღვრო ინფრასტრუქტურას არ კვეთენ. სანჩესის განცხადებით, გადამზიდავმა ქსელებმა ეს გადაწყვეტილება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენეს და ინფორმაცია სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა.

იტალიის რეაქცია – შენგენის შეჩერება

კრიზისზე ყველაზე მკვეთრად ევროპულ სახელმწიფოთაგან იტალია გამოეხმაურა. გადაწყვეტილების მიხედვით, იტალიამ შენგენის უვიზო რეჟიმი დროებით შეაჩერა ესპანეთთან. მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას სახმელეთო საზღვარი არ გააჩნიათ, ეს ზომები არ ეხება ზოგადად ყველა მგზავრს. კონტროლი და პასპორტის წარდგენის ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ არა-ევროკავშირის მოქალაქეებზე, რომლებიც ესპანეთიდან იტალიაში ჩადიან, რათა მათი ქვეყანაში შესვლის კანონიერება შემოწმდეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები და პირიქით, იტალიიდან ესპანეთის მიმართულებით მოძრავი პირები ამ შეზღუდვების მიღმა რჩებიან. გარდა ამისა, იტალიამ საფრანგეთთან შეთანხმებით გააძლიერა კონტროლი საფრანგეთ-იტალიის სახმელეთო საზღვარზეც.

მელონიმ გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელ, „საგანგებო ზომად“ შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ ის მხოლოდ საჭირო ვადით იმოქმედებს და მინიმალურად შეეხება საზაფხულო ტურისტულ ნაკადებს. მელონის მთავრობის კრიტიკოსები კი ამ ნაბიჯს პოლიტიკურ ჟესტად აფასებენ, რომელიც შიდაპოლიტიკური აუდიტორიისთვისაა გათვლილი, ვინაიდან არავითარი მტკიცებულება არ არსებობს რომ სეუტაში შესულ მიგრანტებს იტალიაში გადასვლის განზრახვა ჰქონდათ.

ესპანეთის რეაქცია და ევროკავშირის პოზიცია

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა იტალიის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ სეუტას კრიზისს არაფერი აქვს საერთო მთავრობის მიგრაციულ პოლიტიკასთან და ის მაროკოში გავრცელებული დეზინფორმაციის შედეგია, რომელსაც კრიმინალური ორგანიზაციები აქტიურად იყენებდნენ.

იტალიის მიერ შენგენის რეჟიმის დროებით შეჩერებამ და ესპანეთიდან ჩასული არა-ევროკავშირის მოქალაქეებისთვის კონტროლის დაწესებამ მადრიდის მკვეთრი და ხისტი უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიის ელჩი მადრიდში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა იტალიას სოციალურ ქსელში მკაცრად უპასუხა და აღნიშნა, რომ „სოლიდარობა არჩევანია, ხოლო ევროპული ხელშეკრულებებისა და ფაქტების პატივისცემა, არა“, აგრეთვე მიუთითა ფრონტექსის მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც 2021-2026 წლებში თავად იტალიამ უფრო მეტი არალეგალი მიგრანტი მიიღო, ვიდრე ესპანეთმა. მადრიდმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სეუტას კრიზისი მთავრობის პოლიტიკას არ უკავშირდება და ის მაროკოში კრიმინალური ქსელების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის შედეგია.

ევროკავშირის მხრიდან რეაქცია ორმაგი იყო. ერთი მხრივ, ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა სეუტადან შემოსული კადრები „მიუღებლად“ შეაფასა და საზღვრების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა, მეორე მხრივ კი, მიგრაციაზე პასუხისმგებელმა ევროკომისარმა მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ პრაქტიკულად ყველა მიგრანტი დაბრუნებულია და ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში არცერთი მათგანი არ გადასულა. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ: ფინეთმა, ნიდერლანდებმა, დანიამ, ჩეხეთმა და შვედეთმა კი იტალიის პოზიციას მხარი დაუჭირა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

სეუტას მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მყიფეა ევროკავშირის შიდა შეთანხმებები საერთო კრიზისის პირისპირ. შენგენის ზონა, რომელიც 29 ევროპულ ქვეყანას პასპორტების გარეშე გადაადგილების საშუალებას აძლევს, ხელშეკრულებით ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოებისთვის დროებითი სასაზღვრო კონტროლის აღდგენის უფლებას უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგის მოტივით. თუმცა იტალიის ამგვარი ცალმხრივი გადაწყვეტილება, წევრი ქვეყნის მიმართ, იშვიათი პრეცედენტია და მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის შიგნით მიგრაციული პოლიტიკის გადახედვის დისკუსიას კიდევ უფრო გაამძაფრებს.

ამასთანავე, ღია რჩება საკითხი გახდება თუ არა ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იმ პრეცედენტად, რომელიც მომავალში მსგავს კრიზისებს გამოიწვევს ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ესპანურ ანკლავებშიც, კერძოდ მელილიაში.

ავტორი

  • ქეთო თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია, შორეული აღმოსავლეთის სპეციალიზაციით. სწავლობს ჩინურ ენას და დაინტერესებულია რეგიონის პოლიტიკით, კულტურის კვლევებითა და აღმოსავლური ლიტერატურით. მისი ინტერესის სფეროს ასევე წარმოადგენს კონფლიქტოლოგია, ნაციონალიზმი, რელიგიები, ფილოსოფია და სოციოლოგია.

ქეთევან შუღლიაშვილი

ქეთო თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია, შორეული აღმოსავლეთის სპეციალიზაციით. სწავლობს ჩინურ ენას და დაინტერესებულია რეგიონის პოლიტიკით, კულტურის კვლევებითა და აღმოსავლური ლიტერატურით. მისი ინტერესის სფეროს ასევე წარმოადგენს კონფლიქტოლოგია, ნაციონალიზმი, რელიგიები, ფილოსოფია და სოციოლოგია.