მუდმივი ომი წითელ ზღვაში: როგორ იქცა იემენის ომი გლობალურ პრობლემად
11 სექტემბერს ჰუსიტებმა იემენში მიაღწიეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან კუნძულ პერიმს, რომელიც ბაბ-ელ-მანდების სრუტის ყველაზე ვიწრო მონაკვეთში მდებარეობს.
ეს იყო ბოლო ეტაპი რამდენიმედღიანი შეტევისა, რომლის შედეგადაც ჰუსიტების კონტროლქვეშ უკვე მოექცა საპორტო ქალაქი მოხა და სანაპირო ქალაქი დუბაბი. პერიმი სრუტის ძირითადი საზღვაო მარშრუტებიდან ხუთი კილომეტრის მანძილზეა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო მედიაში იემენის განხილვა ძირითადად უკანა ფონზე იყო, რომლის აქტუალობაც 2024 წლის შემდეგ თითქოს შესუსტდა.
ათწლეულზე მეტია, რაც იემენში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. შედეგად, ჩამოყალიბდა შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც ფიზიკურად აკონტროლებს იმ სრუტის ერთ მხარეს, რომელზეც დამოკიდებულია მსოფლიოს ნავთობის მიწოდების დიდი ნაწილი.
პარალელურად, იმავე სანაპირო ზოლზე მდებარე ჰორმუზის სრუტე აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე სხვა კონფლიქტის გამო უკვე თვეებია ჩაკეტილია.
რა მოხდა ამ კვირაში
იემენის მთავრობის ცნობით, სამთავრობო ძალებმა კუნძული დატოვეს და ჰუსიტებმა ბაბ-ელ-მანდების ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება დაასრულეს. ჰუსიტების სამხედრო წარმომადგენელმა იაჰია სარიმ კი აღნიშნა, რომ ოპერაციის შედეგად საუდის არაბეთის მხარდაჭერილი ძალები განდევნეს ექვსი რაიონიდან, რომლებიც დაახლოებით 5 400 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ხოლო, ერთ კვირაში 46 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
წინსვლა მხოლოდ იემენის სანაპირო ზოლით არ შემოიფარგლებოდა. პარასკევს საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ერაყიდან გაშვებული დრონებით განხორციელებული თავდასხმების გამო მუშაობა შეწყვიტა „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მილსადენმა, რომელიც ჰორმუზის სრუტეს სრულად გვერდს უვლის.
კონფლიქტის გამწვავებას გავლენა ბაზარზეც ჰქონდა. ხუთშაბათს ნავთობის ფასმა ბარელზე 107 დოლარს გადააჭარბა, რაც ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია, ხოლო შეერთებულ შტატებში დიზელის საშუალო ფასმა გალონზე 6 დოლარს მიაღწია. ჰორმუზის სრუტეში გემების ტრანზიტი ხუთშაბათს თითქმის ნახევრით შემცირდა.
რატომ არის პერიმი მნიშვნელოვანი
კუნძული პერიმი სრუტის ყველაზე ვიწრო მონაკვეთში მდებარეობს. სწორედ აქ გადის საზღვაო გზით განხორციელებული ნავთობით ვაჭრობის თითქმის მეათედი და დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების საქონელი.
ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მოძრავ გემებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თავი აარიდონ კუნძულზე განლაგებულ ძალებს. სრუტეში მოძრაობა შეზღუდულია და მხოლოდ ორ დერეფანს მოიცავს (შემომავალი და გამავალი ტვირთებისთვის), რომლებიც პერიმიდან როგორც ვიზუალური დაკვირვების, ისე შეტაკების არეალში ექცევა.
მოხას, დუბაბისა და პერიმის დაკავება ჰუსიტებს სრული სუვერენული კონტროლის უფლებას არ აძლევს სრუტეზე, ვინაიდან დასავლეთი სანაპირო იემენის ტერიტორიის მიღმა მდებარეობს. თუმცა, ეს მათ საშუალებას აძლევს შეაფერხონ ან საფრთხე შეუქმნან ამ საზღვაო გზას და, პოტენციურად, აღკვეთონ მისი კომერციული გამოყენება. ამავე მიზეზით, ბაზრის რეაქცია მკვეთრი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი პოზიციებიდან რომელიმე გემის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ერთი ომის ორი ნაწილი
პერიმის კუნძული დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ის აღარ წარმოადგენს იზოლირებულ ცხელ წერტილს. ბაბ-ელ-მანდები არაბეთის ნახევარკუნძულის იმ მხარეს მდებარეობს, რომელიც ჰორმუზის სრუტის საპირისპიროა. საუდის არაბეთმა ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება წითელი ზღვის დერეფნის გავლით სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ ჰორმუზის სრუტე, ფაქტობრივად, ჩაიკეტა გემების უმეტესობისთვის მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომი დაიწყო.
აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, ჰორმუზის გავლით ნავთობისა და თხევადი ნავთობპროდუქტების ნაკადი 2025 წლის მეოთხე კვარტალში არსებული დღიური 21,6 მილიონი ბარელიდან 2026 წლის მეორე კვარტალში 4,9 მილიონამდე შემცირდა, მაშინ როდესაც ბაბ-ელ-მანდების გავლით ნაკადი იმავე პერიოდში 5,4 მილიონიდან 8,1 მილიონ ბარელამდე გაიზარდა, რადგან საუდის არაბეთმა ნედლი ნავთობის ნაკადი წითელი ზღვის მიმართულებით გადაამისამართა.
„აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მილსადენი საუდის არაბეთის ერთადერთი მაღალი გამტარუნარიანობის მარშრუტია, რომელიც ჰორმუზის სრუტეს გვერდს უვლის და რომლის მუშაობაც აპრილში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ სრული დატვირთვით (დღეში დაახლოებით 7 მილიონი ბარელი) აღდგა. თუ ბაბ-ელ-მანდების სრუტეც ანალოგიურად სახიფათო ან გამოუყენებელი გახდება, საუდის არაბეთისთვის ალტერნატიული გზების არჩევანი უკიდურესად შეიზღუდება.
ჰუსიტების ამჟამინდელი ზეწოლა თავისთავად უფრო ფართო ომის შედეგია. აპრილის ბოლოს ჰუსიტების ორმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ დაჯგუფება განაახლებდა ოპერაციებს გემების წინააღმდეგ ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმების პირდაპირი საპასუხოდ, რითაც დასრულდებოდა 2025 წლის ნოემბერში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შენარჩუნებული პაუზა.
ჰუსიტების სტრატეგიული ბერკეტი
ჰუსიტებისთვის ყველაზე აშკარა მოგება დიპლომატიურია და არა სამხედრო. დაჯგუფება ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ მოითხოვოს დათმობები, რომლებიც რეალურად ორი კვირის წინაც კი არ იყო განხილული, მათ შორის იემენის ნავთობისა და გაზის შემოსავლების წილი და ჰუსიტების მიერ კონტროლირებად პორტებსა და აეროპორტებზე შეზღუდვების მოხსნა.
მოძრაობა, რომელიც ათწლეულის განმავლობაში ალყაში მოქცეული ფრაქციის სახით იყო, ძირითადად ჩრდილოეთ მაღალმთიანეთში იყო შემოფარგლული, ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებს სანაპირო ზოლის კონტროლისგან თავის დასაღწევად, რომელზეც მისი ოპონენტები ლეგიტიმურობისა და შემოსავლისთვის არიან დამოკიდებულნი.
ირანისთვის მიღებული სარგებელი უფრო პირდაპირია. ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველმა, მოჰამად მოხბერმა, ჰუსიტებს „ბრწყინვალე გამარჯვება“ მიულოცა და აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანის პოზიციამ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ტაქტიკურ და სტრატეგიულ ჩიხში მოაქცია.
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ იემენში, ლიბანში, პალესტინასა და ერაყში მისი მოკავშირეების წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტა ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნის ექვს პირობას შორის ერთ-ერთად დაასახელა. ამასთან, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) წარმომადგენელმა მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი შეთანხმება აუცილებლად უნდა მოიცავდეს საკითხს იემენის შესახებ. შესაბამისად, ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე ჰუსიტების კონტროლი პირდაპირ უკავშირდება თეირანის მომლაპარაკებელ პოზიციას ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ, უფრო მასშტაბურ საკითხზე – ანუ ერთი სტრატეგიული ტერიტორიის კონტროლი ბერკეტად გამოიყენება მეორის გახსნის პირობების განსაზღვრის პროცესში.
ასევე არსებობს უფრო ვიწრო ეკონომიკური სარგებელი, რომელსაც გეოპოლიტიკასთან შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა, მაგრამ მნიშვნელოვანია მოძრაობის მოტივაციის გასაგებად. აშშ-ირანის კონფლიქტის პარალელურად, ჰუსიტებს აქვთ პირდაპირი სტიმული, ნავთობის ბაზარს ეკონომიკური ზიანი მიაყენონ ყველგან, სადაც კი შეუძლიათ, ნებისმიერი კონკრეტული ტერიტორიული ან მმართველობითი მოთხოვნისგან დამოუკიდებლად. გლობალური ენერგო ფასების გაზრდა იემენის განვითარებისთვის აუცილებელია, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ლეგიტიმური ხელისუფალი.
საუდის არაბეთის დილემა
აქამდე დასახელებული გარე აქტორებიდან, საუდის არაბეთი ყველაზე მეტად დაზარალდა. ჰუსიტები ამჟამად ერთდროულად ესხმიან თავს საუდის არაბეთის უსაფრთხოების ორივე საყრდენს – სამხრეთ საუდის ტერიტორიას და წითელი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას. რაც იმას ნიშნავს, რომ საუდის არაბეთს აღარ აქვს უსაფრთხო ალტერნატივა, რომელსაც დაეყრდნობა, თუ რომელიმე ფრონტი გაუარესდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი საუდის არაბეთის პასუხი იყო ჰორმუზის სრუტის დახურვაზე. ჰუსიტების ქმედებები თავად პასუხს საფრთხეს უქმნის.
ხუთშაბათს, საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა, პრეზიდენტ ტრამპს სულ მცირე ორჯერ დაურეკა და ჰუსიტების წინააღმდეგ აშშ-ს საჰაერო დარტყმებისკენ მოუწოდა. ტრამპმა ორივეჯერ უარი თქვა, თუმცა აშშ დათანხმდა სადაზვერვო მონაცემების მიწოდებას.
ეს რიადს უჩვეულო მდგომარეობაში აყენებს. ის დამოკიდებულია აშშ-ის ადმინისტრაციაზე, რომელმაც ამ ეტაპზე გადაწყვიტა, რომ პირდაპირი ჩარევის ხარჯები აღემატება სარგებელს. ამავდროულად, იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის მაღალჩინოსნის განცხადებით, საუდის არაბეთის საჰაერო ძალებმა არ სცადეს მოჩას დაცემის თავიდან აცილება, რადგან რიადს ვაშინგტონისგან დარტყმისთვის „მწვანე შუქი“ არ მიუღია.
საუდის არაბეთს სურს თავი აარიდოს 2015 წლის მსგავს ომს, თუმცა ალტერნატივის შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება. ამ კვირაში გამოჩენილი სიფრთხილე პასიურობა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავების ეკონომიკური და სტრატეგიული ფასი დღითიდღე იზრდება, ომის ესკალაცია არავის სურს.
რატომ იქცა პაკისტანი მნიშვნელოვან ფაქტორად
გასულ თვეს პაკისტანმა, საუდის არაბეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებას. ამ დოკუმენტის თანახმად, სამი ქვეყნიდან რომელიმეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა განიხილება, როგორც თავდასხმა სამივე მათგანზე.
აღნიშნულ შეთანხმებას ხშირად „მუსლიმურ ნატოს“ უწოდებენ, რადგან ის ურთიერთთავდაცვის იმავე პრინციპს ეფუძნება. მიუხედავად ამისა, როდესაც მიმდინარე კვირას საუდის არაბეთის ქალაქებზე ჰუსიტების იერიშები დაიწყო, მუჰამედ ბინ სალმანმა პირველად ვაშინგტონში დარეკა. ეს არჩევანი ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ სინამდვილეში საიდან ელის საუდის არაბეთი სანდო მხარდაჭერას, მიუხედავად არსებული პაქტებისა.
პაკისტანის გავლენა არც ისე აბსტრაქტულია. ივლისიდან პაკისტანელი ჯარისკაცები საუდის არაბეთისა და იემენის საზღვარს იცავენ, რაც პაკისტანის ომში ჩართვის შანსებს ზრდის. ამავდროულად, პაკისტანი დამოკიდებულია ნავთობისა და გაზის მიწოდებაზე როგორც ჰორმუზის, ასევე წითელი ზღვის გავლით, შესაბამისად ჰუსტიების წინააღმდეგ ომში ჩართვა როგორც პერსონალის დაკარგვასთან, ასევე ეკონომიკურ ზიანთან ასოცირდება.
შედეგად, მთავრობა ცდილობს, საუდის არაბეთსა და ჰუსიტებს შორის კონფლიქტში ნეიტრაული პოზიცია შეინარჩუნოს, რადგან პაკისტანს არ სურს ირანთან ურთიერთობის გაფუჭება. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სამხედრო პასუხი არ განიხილება.
ომი ახალი ამბების მიღმა
აღსანიშნავია, რომ ამ კვირის არცერთი მოვლენა არ წარმოადგენს იემენის ომის დასაწყისს. ქვეყანა 2014 წლიდან იბრძვის. სამოქალაქო ომი და წითელი ზღვის კრიზისი ხშირად განიხილება ისე, თითქოს ისინი ერთი კონფლიქტია, მაშინ როდესაც ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებული, მაგრამ ანალიტიკურად განსხვავებული – ერთი იემენის ტერიტორიის კონტროლისთვის შიდა ბრძოლაა, მეორე კი რეგიონული დაპირისპირების გაგრძელება, რომელიც იემენის წყლებში გადის. ორივე ამჟამად ერთდროულად აქტიურია და ამ კვირის მოვლენები მათ გზაჯვარედინზეა.
გეოპოლიტიკური პროცესების მიღმა არსებული ჰუმანიტარული კრიზისის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ მისი მოკლედ შეჯამება შეუძლებელია. გაეროს პროგნოზის თანახმად, 2026 წელს ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება 22 მილიონზე მეტ ადამიანს, რაც იემენის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტს შეადგენს, მათ შორის 5,2 მილიონ იძულებით გადაადგილებულ პირს. დაახლოებით 18,3 მილიონი ადამიანი განიცდის სურსათის მწვავე უკმარისობას, ხოლო ხუთ წლამდე ასაკის 2,2 მილიონზე მეტ ბავშვს მწვავე არასრულფასოვანი კვება აღენიშნება. აპრილის მონაცემებით, 2026 წლის სამოქმედო გეგმისთვის საჭირო დაფინანსების მხოლოდ 12,7 პროცენტი იყო მოძიებული, ქვეყნის მასშტაბით კი სამედიცინო დაწესებულებების 60 პროცენტზე ნაკლები ფუნქციონირებს სრულფასოვნად.
საერთაშორისო დონეზე აღიარებული მხარის ინსტიტუციური სურათიც არანაკლებ ფრაგმენტულია. პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მოქმედ საბჭოში 2025 წლის დეკემბერსა და 2026 წლის იანვრის დასაწყისში შიდა დაპირისპირება იყო. საბჭო თვეების განმავლობაში ემზადებოდა სანაპირო ზოლში ჰუსიტების წინააღმდეგ კამპანიის ჩასატარებლად. თუმცა, რეალობაში, მისმა ძალებმა სულ რამდენიმე დღეში ექვს რაიონში სასტიკი მარცხი განიცადეს.
ამან გამოააშკარავა ის დაქსაქსულობა, რომელიც საჯარო განცხადებებში მანამდე შენიღბული იყო. ძალები, რომლებმაც ამ კვირაში პერიმის კუნძული დატოვეს, არ წარმოადგენდნენ ერთიანი და სტაბილური მთავრობის ნაწილს, რომელიც პოზიციებს ერთიანი მტრის წინაშე კარგავდა, ისინი იმ კოალიციის შემადგენლობაში შედიოდნენ, რომელიც სულ რაღაც რვა თვით ადრე საკუთარ ნომინალურ მოკავშირეებთან შიდა დაპირისპირებაში იყო ჩართული.
რას უნდა ველოდოთ
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, შეძლებენ თუ არა ჰუსიტები რეალურად შეინარჩუნონ დაკავებული ტერიტორიები. წითელი ზღვის სანაპირო ზოლის ნაწილის დაკავება დაჯგუფებას აძლევს რეალურ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში, შეაფერხოს ნებისმიერი საზღვაო მიმოსვლა ბაბ-ელ-მანდების სრუტეში, რაც ირანს ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე ბლოკადის გაკონტროლების ბერკეტს მისცემდა.
თუმცა, სანაპირო ტერიტორიის ხანგრძლივად შენარჩუნება ისეთი მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც ჯერ კიდევ ფლობს საჰაერო ძალებს (თუნდაც ეს მთავრობა აქტიურ მოქმედებებს თავს არიდებდეს), სრულიად განსხვავებული გამოწვევაა, ვიდრე ამ ტერიტორიის ერთ კვირაში დაკავება.
მეორე და უფრო საინტერესო საკითხია, გამოიყენებენ თუ არა ჰუსიტები ტერიტორიულ კონტროლს გემებზე თავდასხმების გასანახლებლად, მუქარის მოლაპარაკების ბერკეტად გამოყენების ნაცვლად. ჯგუფი ჯერჯერობით აცხადებს, რომ ზოგადი საზღვაო გადაზიდვები უსაფრთხოდ რჩება, გარდა საუდის არაბეთთან დაკავშირებული გემებისა.
ვაშინგტონის პოზიცია რადიკალურად შეცვლილია წინა წლებთან შედარებით. ტრამპმა ორჯერ უარი თქვა მოჰამედ ბინ სალმანის პირდაპირი მოწოდებების მიუხედავად. შიდა პოლიტიკური ფონი ესკალაციას ნაკლებად სავარაუდოს ხდის უახლოეს მომავალში. ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა და მისი ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის გზას მისდევს ახალი სამხედრო მოქმედებების ნაცვლად, რაც აშშ-ს თავშეკავების გაგრძელებას უფრო სავარაუდოს ხდის უახლოეს მომავალში.
იემენის ომი არ დასრულებულა. უბრალოდ, გარე სამყაროსთვის ყურადღების სხვა კონფლიქტზე გადატანა გაადვილდა. ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან განვითარებული მოვლენები ამ განსხვავების შედეგს გვაჩვენებს – გადაუჭრელი ადგილობრივი კონფლიქტები შეიძლება უფრო ფართომასშტაბიანი რეგიონული ომების საფუძვლად იქცეს, ხოლო სტრატეგიულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ შესაძლოა შიდა კონფლიქტი საერთაშორისო ეკონომიკურ პრობლემად გარდაქმნას.
