ახალი აბრეშუმის გზა კაიროზე გადის: რატომ ჩავიდა სი ძინპინი ეგვიპტეში?
ეგვიპტის პრეზიდენტის აბდელ ფათაჰ ალ-სისისა და სი ძინპინის შეხვედრის თარიღი სიმბოლურ დღეს შედგა – ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებიდან 70 წლის აღნიშვნისას.
პრეზიდენტმა ფათაჰ ალ-სისიმ სი ძინპინს ეგვიპტის საპრეზიდენტო სასახლეში უმასპინძლა, სადაც ხელი მრავალმხრივი მნიშვნელობის შეთანხმმებებს მოეწერა.
2026 წლის 1-ლი სექტემბერი ეგიპტესა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობების გაღრმავების მხრივ მნიშვნელოვან თარიღად იქცა. 2016 წლის შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და რეგინული უსაფრთხოების საკითხებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე აშკარაა, რომ გეოპოლიტიკაში ერთ-ერთი დიდი მოთამაშის, ჩინეთის, მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მხოლოდ დოკუმენტების დეკლარირებით არ შემოისაზღვრება და მნიშვნელოვან პოლიტიკურ ქვეტექსტს ატარებს.
ჩინეთი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი გეოპოლიტიკური მეტოქეა, ურთიერთობების გაღრმავებას იწყებს რეგიონში შტატების ერთ-ერთ მთავარ პარტნიორთან მაშინ, როდესაც ირანთან ომში აშშ დიდ რესურსებს ხარჯავს.
ვაშინგტონის ტრადიციული მოკავშირე პეკინის ორბიტაზე
ეგვიპტე დიდი ხანია, რაც ამერიკის სტაბილურ მოკავშირედ ითვლება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ორ ქვეყანას შორის 2025 წლის მონაცემებით ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა $16.1 მილიარდს შეადგენს. მათ შორის, ეგვიპტე რეგიონში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების მნიშვნელოვანი პარტნიორია.
ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ორმხრივ საჰაერო წვრთნებზე “Eagles of Civilization” – რომელიც ჩინური თანამედროვე გამანდგურებლების მონაწილეობით მიმდინარეობს. ცხადია ეს ერთგვარი სიგნალია დასავლეთისთვის, კერძოდ კი აშშ-ისთვის, რომ ეგვიპტე სამხედრო ძალის დივერსიფიკაციასაც ახდენს სხვა რესურსებთან ერთად. შტატებისთვის ეგვიპტესთან სამხედრო თანამშრომლობა კი მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც მანამდე ეგვიპტური სამხედრო არსენალის უმრავლესობა ამერიკული F-16 გამანადგურებლებით იყო აღჭურვილი.
სავარაუდოა, რომ რეგიონში არსებული მდგომარეობის ფონზე, ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური ვაკუუმი და სხვა, კაირო საკუთარი სტრატეგიული პარტნიორების დივერსიფიკაციას ცდილობს, რაც ჩინეთის ინტერესებისთვის წისქვილზე წყლის დასხმის მსგავსია. არსებული ურთიერთობა კიდე ერთხელ აჩვენებს, რომ გეოპოლიტიკა ორმხრივ ურთიერთობებსა და საჭიროებებზეა აგებული. თუკი ჩინეთისთვის ეგვიპტის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში გავლენების გამყარებისთვის ხელჩასაჭიდი მომენტი იყო, კაიროსთვის პეკინის მზარდი ინტერესები აღმოჩნდა მნიშვნელოვანი რგოლი ქვეყნის პოტენციალის გასაზრდელად და საერთაშორისო სივრცეში ეგვიპტის ძალაუფლებაზე ხაზგასასმელად საკუთარი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაში. ამ თანამშრომლობას ღრმა ისტორიული და პოლიტიკური ფესვები აქვს. ეგვიპტე პირველი არაბული და აფრიკული ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ცნო, რაც პეკინის მეხსიერებაში უდიდეს როლს თამაშობს, შესაძლოა სწორედ დიპლომატიური ლოიალურობის სანაცვლოდ იდება ინვესტიციები ყოველგვარი პოლიტიკური წინაპირობების წაყენების გარეშე, თავის მხრივ ეგვიპტეც აქტიურად იცავს საერთაშორისო სივრცეში „ერთი ჩინეთის პრინციპს“, რაც თანამშრომლობას კიდებ უფრო ამყარებს.
სუეცის არხი, როგორც ჩრდილოეთის კარიბჭე
2024 წელს ეგვიპტემ ხელი მოაწერა ჩინეთთან შეთანხმებებს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობაზე, რომელიც პეკინის მთავარი საგარეო პოლიტიკური აქცენტია და მიმართულია საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული და სავაჭრო ბაზრების სტაბილურობის უზრუნველყოფაზე. სტრატეგიული პარტნიორობის ასეთი ინვესტიცია პოპულარული გახდა ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის ფონზე.
ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული კონტფლიქტი ჩინეთის ეკონომიკურ გზას სუეცის არხისკენ გადაისვრის და აშშ-ს მხრიდან ნაკლები ყურადღების ფონზე სუეცის არხი “აბრეშუმის გზის” მთავარ არტერიად შეიძლება იქცეს. თავის მხრივ, ახალი მარშრუტი ჩინეთს საშუალებას მისცეს, შესაძლოა ძვირად, მაგრამ ამერიკული ზეწოლისგან თავისუფლად შეიძინოს და გადაზიდოს ენერგორესურები. სახელმწიფო უწყებებში ვარაუდობენ, რომ ასეთი წარმატების შემთხვევაში ეგვიპტესა და ჩინეთს შორის წლიური სავაჭრო ბრუნვა $20 მილიარდამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, ჩინეთისთის სუეცის არხის ათვისება მნიშვნელოვან რეპუტაციას შექმნის ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. მიმდინარე მოლაპარაკებებისას პეკინის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი “გლობალური სამხრეთის” კონცეფციაზე იყო მიმართული, რაც გულისხმობს, ჩინეთის მხრიდან საკუთარი ალტერნატივის შეთავაზებას დასავლური დამოკიდებულების შესამცირებლად, რათა რეგიონში ქვეყნები დისტანცირდნენ შეერთებული შტატების ცალმხრივი პოლარიზაციისგან.
ეგვიპტის ჩართვა მულტიპოლარული სამყაროს შექმნის ინიციატივაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩინეთისთვის, კაიროს კი საკუთარი დიპლომატიური შესაძლებლობების გამოყენება მოუწევს ორ ბლოკს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე დაბალანსებული ურთიერთობების შესანარჩუნებლად.
ამერიკული პარტნიორობის მნიშვნელობა კაიროსთვის
მიუხედავად ჩინური მხარისგან მიღებული სარგებლისა ეგვიპტის სტაბილურობისთვის შტატებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ისრაელსა და ეგვიპტეს შორის 1978 წლის სექტემბერში გაფორმებული კემპ-დევიდის სამშვიდობო ხელშეკრულების მთავარი გარანტი ამერიკის შეერთებული შტატებია. ეს შეთანხმება სინაის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოებასა და ისრაელთან მშვიდობას უზრუნველყოფს. ამასთან, მნიშვნელოვანია აშშ-ს ფინანსური და სადამკვირვებლო დახმარება ტერორიზმთან ბრძოლაში და სინაის ნახევარკუნძულის სტაბილურობისთვის ამ საკითხში.
გარდა ამისა, ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეგვიპტე დიდწილად დამოკიდებულია მსოფლიო ბანკის სესხებზე, სადაც გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი მთავარი ფიგურა შეერთებული შტატებია, რომელიც ამჟამად ხმის მიცემის ავტორიტეტულობით სარგებლობს.
ეგვიპტის სტრატეგიული დაბალანსების პოლიტიკა
ჩინეთის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი აშკარად სცილდება რუტინულ დიპლომატიურ პროტოკოლს. პეკინისთვის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკისკენ გაკვალული ახალი საგარეო პოლიტიკის გზაზე ეგვიპტე სტრატეგიული პარტნიორი და მნიშვნელოვანი დასაყრდენი ძალა გახდა, ხოლო სუეცის არხი ახალი აბრეშუმის გზის ალტერნატიული არტერიად იქცა, რაც პეკინს დასავლური წნეხისგან გვერდის ავლით ენერგორესურსების უსაფრთხო ტრანზიტით უზრუნველყოფს.
საერთაშორისო სივრცეში სი ძინპინის ვიზიტი ხაზს უსვამს ეგვიპტის მნიშვნელობას რეგიონში უსაფრთხოებისა და ვაჭრობის განვითარების სექტორში. სი ძინპინის ეს მნიშველოვანი ნაბიჯი არა მხოლოდ ჩინეთისთვის გამოდგა სასარგებლო და ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი, არამედ გაზარდა ეგვიპტის პოტენციალი. თუმცა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება არ ნიშნავს ქვეყნის საგარეო ვექტორის სრულ ცვლილებას, რაც კაიროს მხრიდან კლასიკური დაბალანსების პოლიტიკაა.
მართალია ასეთი ურთიერთობები ეგვიპტისთვის დიდ რისკებთან და პოლიტიკურ წნეხთან არის დაკავშირებული, მაგრამ ის ცდილობს ბალანსი ყველა სფეროში შეინარჩუნოს, დასავლეთის მხრიდან მანამდე არაერთი გაფრთხილების მიუხედავად . მაგალითისთვის, უსაფრთხოების სფეროში ეგვიპტე ატარებს ჩინეთთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, თუმცა ინარჩუნებს აშშ-ს ყოველწლიურ $1.3 მილიარდიან დახმარებას. ის ასევე უარს არ ამბობს „სარტყელისა და გზის“ ფარგლებში მიღებულ ინვესტიციებზე, თუმცა ამასთან სასიცოცხლოდ არის დამოკიდებული მსოფლიო ბანკისა და ფონდების მხიდან მიღებულ სესხებზე.
ცხადია, ეგვიპტეს ასეთი დივერსიფიცირებული რესურსების ფონზე აქვს ბერკეტი ვაშინგტონთანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკისთვისაც მნიშვნელოვანია ეგვიპტესთან პარტნიორობა, როგორც რეგიონში არსებული პლაცდარმი. თუმცა ასეთი მდგომარეობა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული და არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ სამყაროში, რომელშიც რეალპოლიტიკა მოქმედების მთავარი ცენტრია, არავინ იცის პარტნიორობის შენარჩუნების საზღვრები სად გადის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მკაცრ პირობებს წაუყენებენ ეგვიპტეს აშშ და ჩინეთი.
