უსაზღვრო პარტნიორობის საზღვრები: როგორ უცვლის ჩინეთი პუტინს თამაშის წესებს?
„ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, საბოლოოდ უკრაინაში შეჭრა ინანოს,“ – Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტთან ბოლო შეხვედრისას სწორედ ამ სიტყვებით შეაფასა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი.
ამის გათვალისწინებით, დღევანდელ არაპროგნოზირებად გეოპლიტიკურ რეალობაში მნიშვნელოვანია მსოფლიოს ორი გავლენიანი ქვეყნის ურთიერთობის ბუნება და დინამიკა კარგად გვესმოდეს, რადგან მისი გავლენა, პოლიტიკის დინამიური ხასიათიდან გამომდინარე, საერთაშორისო უსაფრთხოებაზე მკაფიო და შესამჩნევ კვალს ტოვებს. ჩინეთის პრეზიდენტის სიტყვებიც ნათლად აჩვენებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის უპრეცედენტო მეგობრობას საკმაოდ მკაცრი პრაგმატული საზღვრები აქვს.
ერთი ნარატივი, უალტერნატივო აწმყო
„რუსეთი ეკონომიკური და სავაჭრო მხარდაჭერის სანაცვლოდ მხარს უჭერს ჩინეთის პრეტენზიებს თაივანთან მიმართებით. ევროპამ უნდა გაანალიზოს პეკინი-მოსკოვის თანამშრომლობის ნამდვილი საფასური“ – ecfr-ის შეფასება აჩვენებს, რომ ჩინეთი დასავლეთისგან დიდ საფრთხეს ჯერ არ ელოდება. 2022 წლიდან მოყოლებული რუსეთი აქტიურად უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის“ ნარატივს, რომელიც ნაკლებად არის იდეოლოგიური შეხედულებების პროდუქტი და უფრო მეტად მიჰყვება რეალპოლიტკას, რაც ჩინეთისთვის უანგარო დახმარება არ არის.
ჩინეთი მატერიალურ დახმარებასთან ერთად, აქტიურ პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწევა. ჩინურ მედიაში ხშირად ისმის რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული ნარატივები, რომლებშიც რუსეთი მხსნელად, ხოლო უკრაინა მარიონეტად არის გამოყვანილი. ნარატიული ანატომია აგებულია ისეთ თემებზე, რომლებშიც უკრაინის ჯარისკაცებს და მოკავშირეებს აკრიტიკებენ.
ძირითადი სიუჟეტი ასე ვითარდება: უკრაინა დასავლეთის პროქსი ჯგუფია, რომელსაც შარლატანები მართავენ; უკრაინელი ჯარისკაცები მატყუარა ნაცისტები არიან; უკრაინისა და მოკავშირეების ერთიანობა დღითიდღე ეჭვქვეშ დგება; რუსეთი მხსნელია, რადგან ის ტერორიზმს ებრძვის.
ჩინურ მედიაში ამ ინფორმაციის არსებობა არც კიბერთავდასხმის და არც რამდენიმე პოლიტიკურად განწყობილი ადამიანის დამსახურება არ არის. ერთიანი მედიისა და ინფორმაციული ბირთვის შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის ხელი 2021 წლის ივლისში მოეწერა. ამან შექმნა ინსტიტუციურად კოორდინირებული თანამშრომლობის ველი მედია სივრცეში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ ციკლის შექმნაში, რომელსაც კოლექტიური მეხსიერება ჰქვია. ამ კონტექსტში კი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ პროპაგანდისტულად განწყობილი მედია ქმნის საერთო ნარატივს, რითაც მარტივად იმორჩილებს ტოტალიტარულ სისტემაში მცხოვრებ ადამიანებს.
სანქციების შიში და ჩინური მოგება
დღეს უკვე აშკარაა, რომ ჩინეთი პუტინს თამაშის წესებს უცვლის, რაც ვაჭრობის სიხშირის დინამიკაში გამოიხატება. თუ მანამდე, 2021 წლის ბოლოს, ჩინეთიდან რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის, როგორიცაა: ჩიპების, დრონებისა და მათი ნაწილების – მიწოდების ტემპი და რაციონი მკვეთრად მზარდი იყო, ეს ურთიერთობა მას შემდეგ რამდენჯერმე შეიცვლა.
პირველად, უკრაინაში შეჭრისას, რაც, სავარაუდოდ, სანქციების პრევენციას ისახავდა მიზნად. თუმცა დასავლეთის არამყარი პოზიციონირებიდან გამომდინარე, ექსპორტის მაჩვენებელი მალევე აღდგა, რადგან ჩინეთისთვის დასალეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებები საკმარისი არ აღმოჩნდა. შედეგად, ეს მაჩვენებელი ისტორიულად მაღალ დონეზე შენარჩუნდა მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
მორიგი კლება დაფიქსირდა 2023 წლის დეკემბერში, როდესაც აშშ-მ შესაძლო მეორადი სანქციების პაკეტი დააანონსა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზარს ეხმარებოდნენ. თუმცა ჩინეთისთვის ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება პრინციპის საკითხი იყო, რადგან დასავლეთისთვის თავისი მტკიცე დამოკიდებულება ეჩვენებინა საკითხთან დაკავშირებით. შესაბამსიად, მიწოდება კვლავ გაიზარდა და 2024 წლისთვის 4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, თუმცა 2025 წლის დასაწყისში ჩინეთ-რუსეთის ვაჭრობის საერთო ტენდეციიდან გამომდინარე კვლავ შემცირდა.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით ჩანს, რომ ჩინეთი ძალიან მგრძნობიარეა დასავლეთის მიმართ, თუმცა გამოსავალს ყოველთვის პოულობს. ამას მოწმობს რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს TASS-ის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც, 2024 წლისთვის ორმხრივი ვაჭრობა რეკორდულ ნიშნულზე – 244 მილიარდ დოლარზე იყო, თუმცა 2025 წლისთვის სავაჭრო ბრუნვა 6.9%-ით შემცირდა. ეს კლება სწორედ ჩინეთის ფრთხილი პოლიტიკისა და საბანკო შეზღუდვების შედეგია.
მიუხედავად სანქციების შიშისა, ვაჭრობა სტრუქტურულად მაინც მთლიანად ჩინეთის სასარგებლოდაა, ვინაიდან მოსკოვი ჩინეთს დაბალი ღირებულების ნედლეულს აწვდის, სანაცვლოდ კი ჩინეთს ექსოპორტზე გააქვს მაღალტექნოლოგიური პროდუქცია. მართალია, ბოლო წლებში ჩინეთს რუსეთისგან უფრო მაღალი ღირებულების საქონელი შემოაქვს, ვიდრე გააქვს, მაგრამ ამის ახნს შეიძლება იმ ფაქტორით, რომ რუსეთისთვის ბაზარი დაკეტილია და სხვა ალტერნატივა არ აქვს.
ფხენიანის გამოცდილება
ერთი მხრივ, ვნახეთ ჩინეთის ფრთხილი პოლიტიკა და ცვალებადი დამოკიდებულება რუსეთთან პარტნიორობის თაობაზე, თუმცა სრულიად საპირისპირო სურათს გვიჩვენებს ავტორიტარული ბლოკის მეორე აქტორი – ჩრდილოეთ კორეა. რუსეთთან მიმართებით ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის დამოკიდებულების განხილვისას, არ უნდა გამოგვრჩეს ფხენიანის მდგომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობაში. მართალია, დღევანდელი მდგომარეობით რუსეთმა კორეასაც კი გადაუსწრო სანქციების რაოდენობით, მაგრამ ნიუანსი აქ სწორედ ისაა, რომ კორეა, სანქციების ხარისხის მიხედვით, მეტად იზოლირებული ქვეყანაა. ეს კი იძლევა იმის მყარ საფუძველს, რომ კორეას რუსეთის დახმარებისთვის დასავლეთისგან შიშის ფაქტორი მოეხსნას. ჩინეთისგან განსხვავებით, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე მილიარდობით დოლარი და დასავლეთთან სავაჭრო კავშირები აქვს, იზოლირებულ მდგომარეობაში მყოფი კორეისთვის რუსეთია სავაჭრო პარტნიორი და მისგან მიღებული ნავთობი რეჟიმის გადარჩენის ერთადერთი იმედია.
ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები თავისი ბუნებით იმდენად ყოვლისმომცველი და ტოტალურია, რომ მათ დიდი ხანია დაკარგეს რეჟიმის ქცევასა და რესურზსებზე გავლენა, რადგან ფხენიანმა ოსტატურად აითვისა სანქციებისთვის გვერდის ავლის მექანიზმები იქნება ეს კიბერთავდასხმები, თუ შავ ბაზარზე იარაღის კონტრაბანდა. ეს გამოცდილება კი დღეს რუსეთის სამსახურში ჩააყენა.
მიუხედავად ამისა, სანქციები ჩრდილოეთ კორეის რიგითი მოსახლეობისთვის დიდი წნეხია და ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს, თუმცა ტოტალიტარული რეჟიმისთვის ხალხის კეთილდღეობა პრიორიტეტი არასდროს ყოფილა, არც კიმ ჩენ ინია გამონაკლისი. ხალხისთვის ბედნიერი დამთხვევა აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ჩრდ. კორეის დახმარების სანაცვლოდ რუსეთი საკვებითა და ნავთობით ამარაგებს ქვეყანას, რაც კიმ ჩენ ინისთვის იდეალური გზაა – დასავლური სანქციების წნეხი ისე შეამსუბუქოს, რომ საკუთარ სამხედრო ამბიციებზე უარის თქმა არ მოუწიოს.
პეკინის არჩევანი – გლობალური კაპიტალი თუ ტოქსიკური ალიანსი?
დღეს რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად ჩინეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა რეკორდულ მაჩვენებლს აღწევს, თუმცა მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენად ეხმარება პეკინი რუსეთს, არამედ ის, თუ როგორ ცვლის და ნიღბავს დახმარების ფორმებს. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩინეთისთვის ამდნად გაჭიანურებული ომი სტრატეგიულ ჩიხს წარმოადგენს, რადგან იზრდება მეორადი სანქციების საფრთხე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩინეთი ამ „ავტორიტარულ ბლოკში“ უფრო მეტად არის ინტეგრირებული გლობალურ კაპიტალისტურ სისტემაში, რადგან ხედავს რომ დასავლურ ბაზარზეა სიმდიდრე და მისი დაკარგვა შინასახელმწიფოებრივი კოლაფსის ტოლფასია. ასეთი დისტანცირება ნათლად გამოჩნდა ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროს მიმდინარე კონფლიქტებშიც, როდესაც ირანის ომთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა და მონაწილეობა არ მიუღია ირან-რუსეთის საზღვაო წვრთნებში.
ამაზე დაყრდნობით, შეიძლება ვთქვათ, რომ პეკინი მთლიანად სარგებლობს შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებით. ერთი მხრივ, რუსეთისგან იაფად ყიდულობს ნავთობს, მეორე მხრივ, ის არ იფუჭებს ურთიერთობას დასავლეთთან, რადგან დასავლური ბაზარი არის პერსპექტიული, გრძელვადიანი და მყარი საფუძველი მდგრადი ეკონომიკისთვის.
ალიანსის სამომავლო საფრთხე – დუმილის გეოპოლიტიკური ფასი
საბოლოო ჯამში, რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური არქიტექტურა აჩვენებს, რომ მოსკოვის, პეკინისა და ფხენიანის ინტერესთა თანაკვეთა აღემატება ტაქტიკურ პარტნიორობას. მიუხედავას შიდა წინააღმდეგობებისა, ეს ღერძი საბოლოოდ ერთიანდება ერთიანი სტრატეგიულ ველში – დასავლური წესრიგის წინააღმდეგ. ამ ბლოკის მიერ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის რღვევა ყველაზე საშიში გრძელვადიანი შედეგია, რაც კონფლიქტმა და დასავლურმა პოზიციამ მოიტანა.
დასავლეთის დღევანდელი მდგომარეობა ჯერ კიდევ 2015 წელს იყო კრიტიკის საგანი რობერტ კაგანის მხრიდან, რომელიც წერდა, რომ დემოკრატია უკან იხევდა. შეიძლება თუ არა დღევანდელი მდგომარეობა წარსულის საზომებით შევაფასოთ, ეს დისკუსიის საკითხია, თუმცა ერთი რამ ცხადია, ამ სტრატეგიული გაცვლის საპასუხოდ ევროპის მოქმედება მნიშვნელოვანია, ვინაიდან დუმილი მხოლოდ პროვოცირებას ახდენს მომავალი საფრთხეებისთვის.
ჩინეთი დღეს მშვიდად აკვირდება ევროპის დამოკიდებულებას ომის მიმართ და აქედან გამომდინარე განსაზღვრავს საკუთარ ნაბიჯებს, რაც ქმნის მყარ საფუძველს, რომ სამომავლოდ დღევანდელმა უმქმედობამ შესაძლოა თაივანის არსებობას შეუქმნას საფრთხე. თუ დასავლეთი ამ ალიანსის მიმართ მტკიცე პოზიციას არ წარმოადგენს, ჩინეთი საკუთარ რეგიონულ ამბიციებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის და საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ ღირებულებებს მთლიანად უგულებელყოფს.
რედაქტორი: ილია ჟუჟუნაშვილი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ აზრთა მრავალფეროვნებას. გამოგვიგზავნეთ თქვენი სტატია.
