გლობალური საავიაციო კრიზისი: როგორ ცვლის ჰორმუზის ბლოკადა ავიაციას
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ საავიაციო ნავთობპროდუქტების ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ვითარებას ამძიმებს მიმდინარე წლის აპრილში გაჟღერებული პროგნოზიც, რომლის მიხედვითაც, შიდა რეზერვების კლების გამო, ევროპას საავიაციო საწვავის მაქსიმუმ ექვსკვირიანი მარაგი ჰქონდა დარჩენილი.
ზაფხულის ტურისტული სეზონის პიკში ავიაბილეთების ტარიფების მკვეთრი მატება გარდაუვალია. დარგის სპეციალისტთა მიხედვით, ჰორმუზის სრუტის უახლოეს პერიოდში გახსნის შემთხვევაშიც კი, ამ გეოპოლიტიკური დესტაბილიზაციის ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი საავიაციო ბაზარზე მომავალ წლამდე შენარჩუნდება.
ჰორმუზის ფაქტორი
ევროპის დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკულ რესურსებზე წლების განმავლობაში აქილევსის ქუსლად ითვლებოდა. ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მსოფლიო საავიაციო საწვავის უმსხვილესი ნაკადები მოძრაობდა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო პარალიზებულია.
უახლესი მონაცემებით, ამ სტრატეგიული მარშრუტის მიმართ ყველაზე მაღალი მოწყვლადობით აზიური ბაზარი ხასიათდება, რომელიც სრუტეში გამავალი ნავთობის 89.2%-ს იღებს. განსაკუთრებით მოწყვლადია აზიის სამი უმსხვილესი ეკონომიკა: მხოლოდ ჩინეთი, ინდოეთი და სამხრეთ კორეა ჯამურად ამ ნაკადის 64.4%-ს მოიხმარენ. ამ ქვეყნებისთვის სრუტის ჩაკეტვა ნიშნავს ნედლეულის მიწოდების თითქმის სრულ პარალიზებას.
ამავდროულად, დასავლეთის პირდაპირი დამოკიდებულება ამ კონკრეტულ მარშრუტზე მინიმუმამდეა შემცირებული – ევროპა სრუტიდან ნედლი ნავთობის მხოლოდ 3.8%-ს იღებს, ხოლო აშშ – 2.5%-ს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და მასზე ევროპის ნავთობის სრული მოხმარების თითქმის 20% მოდის (საუდის არაბეთი – 6.8%, ერაყი – 5.8%, სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები – 7%).
სრუტის ჩაკეტვა ევროპას მხოლოდ ნედლეულის ფიზიკურ დეფიციტს არ უქმნის, არამედ იწვევს ნავთობის გლობალური ფასების კატასტროფულ ზრდას. გარდა ამისა, ალტერნატიული სავაჭრო გზების მოძიება და მიწოდების დივერსიფიკაცია მკვეთრად ზრდის სატრანსპორტო ხარჯებსა და ლოგისტიკურ ვადებს.
ვინაიდან ეს აზიური ქვეყნები ევროპის საავიაციო თუ საავტომობილო სექტორისთვის მზა საწვავის მთავარ ალტერნატიულ მომწოდებლებად ითვლებოდნენ, მათი წარმოების პარალიზება ავტომატურად ნიშნავს ევროპული ბაზრისთვის გადამუშავებული საწვავის კრიტიკული წყაროს ჩაკეტვას და ფასების კოლოსალურ ზრდას.
იმ შემთხვევაში, თუ სრუტე უახლოეს დღეებში არ გაიხსნება, ივნისსა და ივლისში ბაზარზე კრიტიკული დეფიციტი შეიქმნება. ზემოთ აღნიშნულ სიტუაციას მომხმარებლებისთვის ის ფაქტი უფრო ამძიმებს, რომ ეს პერიოდი ზუსტად ემთხვევა ტურისტულ სეზონს.
საწვავის გაორმაგებული ფასები, ბუნებრივია, ბილეთების ღირებულებაზეც აისახა. ავიაკომპანიებმა ქსელის ოპტიმიზაცია დაიწყეს: მაგალითად, Lufthansa Group-მა ზაფხულის სეზონზე (ოქტომბრამდე) გეგმური ცვლილებები შეიტანა განრიგში და 20 000-მდე ნაკლებადრენტაბელური, მოკლე დისტანციის რეისი გააუქმა. მიუხედავად ამისა, ეს კომპანიის ჯამური სიმძლავრის მხოლოდ 1%-ზე ნაკლებია. ამ სტრატეგიული ნაბიჯით ავიაკომპანია 40, 000 ტონაზე მეტ საავიაციო საწვავს ზოგავს და რესურსების მობილიზებას უფრო მაღალშემოსავლიან, შორ მანძილებზე მყოფ გლობალურ მარშრუტებზე ახდენს. მსგავს მდგომარეობაშია EasyJet და KLM, რომლებიც ხარჯების კატასტროფულ ზრდასთან გამკლავებას მოკლე დისტანციის რეისების გაუქმებით ცდილობენ. აშკარაა, რომ რესურსების ოპტიმიზაციის პროცესში რეგიონული აეროპორტები კრიზისის მართვის რეჟიმში გადადიან, რაც საბოლოო ჯამში საგრძნობლად ზრდის საოპერაციო ხარჯებს ავიაკომპანიებისთვის და ბილეთების ფასებს მომხმარებლებისთვის.
უსაფრთხოების რისკები
ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, წინა პლანზე იწევს უსაფრთხოებისა და ლოჯისტიკის საკითხი. შექმნილი დეფიციტის ფონზე, ევროკავშირის ოფიციალური პირები განიხილავენ ალტერნატიულ გეგმას: ევროპაში ამერიკული სტანდარტის საავიაციო საწვავის (Jet A) მასშტაბურ იმპორტს. ერთი შეხედვით, ეს ლოგიკური ნაბიჯია, თუმცა პრაქტიკაში ის სერიოზულ ტექნიკურ გამოწვევებს უკავშირდება, რის გამოც ევროპა აქამდე ამ საწვავს საერთოდ არ იყენებდა.
მთავარი პრობლემა საწვავის გაყინვის ტემპერატურაში მდგომარეობს. ევროპული სტანდარტი, Jet A-1, სპეციალურად არის შექმნილი საერთაშორისო და შორეული ფრენებისთვის და მისი გაყინვის წერტილი -47°C-ია. შესაბამისად, მას შეუძლია გაუძლოს კრიტიკულ ყინვას და მაინც თხევად მდგომარეობაში დარჩეს. ამის საპირისპიროდ, ამერიკული Jet A-ის გაყინვის ტემპერატურა უფრო მაღალია და -40°C-ს შეადგენს. შედეგად, მაღალ სიმაღლეზე ფრენისას, სადაც გარემო ტემპერატურა ხშირად -50°C ან უფრო დაბალია, საწვავის კრისტალიზაციის რისკი მკვეთრად იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის ძრავის სისტემას და აიძულებს პილოტებს შეამცირონ ფრენის სიმაღლე.
ევროპაში საფრთხე სწორედ ამ საწვავზე გადასვლის გარდამავალ პერიოდს უკავშირდება. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო – EASA აფრთხილებს ინდუსტრიას, რომ თუ აეროპორტში, მომწოდებელთან ან კომპიუტერულ სისტემებში მონაცემები აირია და პილოტს შეცდომით ეგონა, რომ ბორტზე Jet A-1 ასხია, მან შესაძლოა ხომალდი მაღალ სიმაღლეზე აიყვანოს, სადაც ტემპერატურა-50°C ან უფრო დაბალია. ასეთ დროს, გაუფრთხილებლობის გამო, ავზში რეალურად არსებული Jet A გასქელდება, რაც ძრავის კვების სისტემას საფრთხეს შეუქმნის და ეკიპაჟს ფრენის სიმაღლის სასწრაფო იძულებით შემცირებას აიძულებს.
გავლენა საქართველოზე
გლობალური ენერგეტიკული კრიზისის გავლენა ქართულ საავიაციო ბაზარზეც უკვე მკაფიოდ აისახა. ამის თვალსაჩინო მაგალითია თურქული ავიაკომპანია Pegasus-ი, რომელმაც საავიაციო საწვავზე გაორმაგებული ფასების გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მაისსა და ივნისში დაგეგმილი რეისები სრულად გააუქმა. ასევე, გლობალური კრიზისი ყველაზე მსხვილ ადგილობრივ ოპერატორზე, Georgian Airways-ზეც მძიმედ აისახა. კომპანიის განმარტებით, საწვავის წილი საოპერაციო ხარჯებში იმდენად გაიზარდა, რომ ის აჭარბებს ბილეთიდან მიღებულ შემოსავალს.
გარდა ფასების გაძვირებისა და რეისების გაუქმებისა, კრიზისი ტურიზმის სექტორზე და უშუალოდ მომხმარებელზე ახდენს გავლენას. საავიაციო საწვავის გაძვირებას ავიაბილეთების ფასების 20-30%-იანი მატება მოჰყვა, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა ტურისტული პაკეტებიც გააძვიროს. ბილეთების ფასის ყოველი ზრდა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ტურისტული ნაკადების შემოდინებას და ქვეყნის საერთო ეკონომიკურ სტაბილურობას.
კრიზისის ბედი
შექმნილ ვითარებაში, გლობალური ავიაკომპანიების მიერ ხარჯების ოპტიმიზაციისა და რეისების მასშტაბური გაუქმების მიუხედავად, მზარდი ფინანსური დანაკარგების პრევენცია და კრიზისიდან საბოლოო გამოსავალი მხოლოდ ჰორმუზის სრუტის გახსნა და საწვავით მომარაგების გზების აღდგენა იქნება. აღნიშნული კრიზისი არის მკაფიო გაკვეთილი იმისა, თუ რამდენად მოწყვლადია თანამედროვე გლობალური ეკონომიკა ენერგეტიკული დამოკიდებულების პირობებში. საჰაერო მიმოსვლის ხელოვნური შეზღუდვა და სამგზავრო ტარიფების მკვეთრი მატება ნათლად აჩვენებს, რომ გეოპოლიტიკური არასტაბილურობა უმცირეს დროში ტრანსფორმირდება საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემის უმწვავეს კრიზისად.
