ვინ იხდის ,,უფასო’’ უმაღლესი განათლების რეალურ ფასს?
საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმისა და საერთაშორისო მაგალითების შედარებითი ანალიზი
ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საქართველოში უმაღლესი განათლება „უფასო“ გახდა. თუმცა, რეალურ ფასს მაინც იხდის საზოგადოება, უნივერსიტეტების ავტონომიისა და სტუდენტების არჩევანის თავისუფლების ხარჯზე.
ახალი ცვლილებების ფარგლებში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში აღარ არის გათვალისწინებული 2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სახელმწიფო საგრანტო მხარდაჭერის გაგრძელება, მაშინ, როდესაც, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლა სრულიად დაუფინანსდებათ.
ასევე, იმავე საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწიფოს ენიჭება უფლებამოსილება განსაზღვროს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტთა მისაღები კვოტები.
მიდგომის ლოგიკა
ერთი შეხედვით, აღნიშნული მიდგომა, ახალ სახელმწიფო დაფინანსების მოდელთან ერთად, ეფუძნება ლოგიკას, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსები უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივ კეთილდღეობას. შესაბამისად, დაფინანსება მიემართება იმ სტუდენტებისკენ, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში. აქ სახელმწიფოს შესაძლებლობა აქვს, შრომის ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით განსაზღვროს როგორც საჭირო საგანმანათლებლო პროგრამები, ისე სტუდენტთა რაოდენობა. ეს მიზნად ისახავს, მომავლისთვის ქვეყნისთვის საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადებას.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თითქოს, ახალი განათლების რეფორმა ეფუძნება შემდეგ ლოგიკას: „ვინც იხდის, ის უკვეთავს“. თუმცა, აუცილებელია რეფორმის კრიტიკული და სიღრმისეული ანალიზი. მნიშვნელოვანია დავინახოთ დამალული რიგი პოტენციური ხარვეზები: პროგნოზირებადობის სირთულე, სტუდენტებისთვის არჩევანის თავისუფლების წართმევა და უნივერსიტეტის ავტონომიურობის შეზღუდვა.
პროგნოზირებადობის სირთულე
სწრაფად ცვალებად თანამედროვე სამყაროში შრომის ბაზრის გრძელვადიანი საჭიროებების ზუსტი პროგნოზირება მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ქვეყანაში საჭირო კადრების რაოდენობისა და სპეციალიზაციების განსაზღვრა საბაზრო მექანიზმების მეშვეობით უფრო ეფექტიანად მოხდება, ვიდრე ცენტრალიზებული სახელმწიფო დაგეგმვის პირობებში.
სტუდენტების არჩევანის თავისუფლება
მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ორიენტირებულმა დაფინანსების მოდელმა შესაძლოა შეზღუდოს სტუდენტთა არჩევანის თავისუფლება. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მხარდაჭერით ვერ ისარგებლებენ სტუდენტები, რომლებიც კერძო უნივერსიტეტში სწავლას ამჯობინებენ, მიუხედავად იმისა, რომ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც შეუძლიათ ქვეყნისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება.
უნივერსიტეტის ავტონომიურობის შეზღუდვა
უმაღლესი განათლების 2025 წლის რეფორმები არსებულად ზღუდავს უმაღლესი სასწავლებლების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. წარმოდგენილი საკანონმდებლო ჩანაწერები (სახელმწიფო უნივერსიტეტებში სახელმწიფოს მიერ სტუდენტთა მისაღები კვოტებისა და საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განსაზღვრა) ფუნდამენტურად არღვევს უნივერსიტეტების ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპებს, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმადაც: „აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია“.
ასევე, რეფორმა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესის პრინციპებს, რომლებსაც საქართველო 2005 წელს შეუერთდა. ბოლონიის დეკლარაცია, რომელსაც 49 ხელმომწერი ქვეყანა ჰყავს ძირითადად ევროპის მასშტაბით, უნივერსიტეტების ავტონომიას უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) მშენებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ასპექტად განიხილავს.
დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული: „ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ინსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, კულტურების, ენების, ეროვნული განათლების სისტემების მრავალფეროვნებისა და უნივერსიტეტთა ავტონომიის სრული პატივისცემით მივაღწევთ დასახულ მიზანს – განვახორციელებთ უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კონსოლიდაციას“.
გარდა ამისა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „უნივერსიტეტების დიდ ქარტიას“, რომელსაც ხელი 1988 წელს, ევროპის უძველესი ბოლონიის უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღზე, 388-მა რექტორმა და აკადემიურმა ლიდერმა მოაწერა. ამ დეკლარაციაში თავმოყრილია ის ფუნდამენტური ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო მემკვიდრეობასა და იდენტობას აყალიბებს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „იმისთვის, რომ უნივერსიტეტები დროის მოთხოვნებს შეესაბამებოდნენ, აუცილებელია მათი თავისუფლება ყოველგვარი პოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური დამოკიდებულებისგან“ და „უნივერსიტეტები წარმოადგენენ ავტონომიურ დაწესებულებებს, რომლებიც ცალკეული საზოგადოების გეოგრაფიულ-ისტორიული წინაპირობების შესაბამისად, განსხვავებულად არიან ორგანიზებულნი და თავიანთ კულტურას სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და სწავლა-განათლების გზით ქმნიან, ავითარებენ და ამდიდრებენ“.
ამავე ქარტიის საფუძველზე შექმნილი ორგანიზაცია „მაგნა ქარტიის ობსერვატორია“ აერთიანებს უნივერსიტეტებს მსოფლიოს 94 ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან. ორგანიზაციის მმართველობითი საბჭოს მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ უმაღლესი განათლების სისტემაში შესული ახალი ცვლილებები საფრთხეს უქმნის და, ფაქტობრივად, აუქმებს უნივერსიტეტების ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას საქართველოში.
რეფორმის შედარებითი ანალიზი საერთაშორისო პრაქტიკასთან
მსგავსი მექანიზმები საერთაშორისო პრაქტიკაშიც გვხვდება, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება. რიგ ქვეყნებში სახელმწიფო მართლაც ცდილობს უმაღლესი განათლების სისტემის მეშვეობით შრომის ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირებას, თუმცა ეს უმეტესად ხორციელდება არა პირდაპირი დაგეგმვისა და უნივერსიტეტების საქმიანობაში ჩარევის, არამედ ფინანსური სტიმულების, წამახალისებელი მექანიზმების გამოყენებისა და მოლაპარაკებების საფუძველზე.
ამგვარი მოდელები, როგორც წესი, ეფუძნება უნივერსიტეტების ავტონომიის პატივისცემას, ხოლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება უნივერსიტეტის მართვის ორგანოებთან თანამშრომლობისა და შეთანხმების საფუძველზე.
უმაღლესი განათლლება ფინეთში
გლობალურად ფინეთი განათლების სფეროში ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოს წარმოადგენს, რასაც საერთაშორისო რეიტინგში მისი პოზიცია ადასტურებს.
ფინეთში უმაღლესი განათლება ნებისმიერ უნივერსტიტეტში უფასოა. ქართული მოდელისგან განსხვავებით, ფინეთის მიდგომა ეფუძნება არა სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტის ავტონომიურობისა და მეცნიერების თავისუფლების შეზღუდვას მაგალითად, როგორც საქართველოში, ქვემოდან ზემოთ ბრძანების პრინციპით, სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტებისთვის სტუდენტური კვოტებისა და პროგრამების განსაზღვრას, არამედ საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილებას სხვადასხვა სტიმულებითა და მექანიზმებით, როგორებიცაა:
- ოთხწლიანი შეთანხმება ფინეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და უნივერსიტეტებს შორის – სამინისტრო უნივერსიტეტთან, მისი სრული შემადგენლობით, ყოველ ოთხ წელიწადში აწარმოებს მოლაპარაკებებს და ისინი ერთობლივად ადგენენ: დაწესებულებების მიზნებს, ძირითად სფეროებს, დაფინანსების ოდენობას, მისაღებ სტუდენტთა კვოტებს. რაც შეეხება სასწავლო პროგრამებს, უნივერსიტეტებს აქვთ სრული თავისუფლება მოლაპარაკებების საფუძველზე წინასწარგანსაზღვრული სფეროების ფარგლებში თავად შექმნან ისინი.
- საინფორმაციო „მართვა“ – სამინისტრო უნივერსიტეტებს თავს არ ახვევს მკაცრ ინსტრუქციებს. ამის ნაცვლად, ის აწვდის ინფორმაციას, კვლევებს, შრომის ბაზრის ტენდენციებსა და რეკომენდაციებს. ეს მიდგომა ქმნის საფუძველს, რომ უნივერსიტეტებმა ნებაყოფლობით ითანამშრომლონ სამინისტროსთან და უპასუხონ საზოგადოებრივ საჭიროებებს.
- უკუკავშირი – ოთხწლიანი შეთანხმების შუა პერიოდში სამინისტრო და უნივერსიტეტი ერთად აფასებს რას მიაღწიეს და რა საჭიროებს გაუმჯობესებას. სამინისტრო აქტიურად გასცემს რეკომენდაციებს უნივერსიტეტებისთვის.
- საქმიანობისა და ფინანსური მონიტორინგი – სამინისტრო არ ერევა უნივერსიტეტის შიდა საქმეებში, თუმცა მონიტორინგს უწევს მისი საქმიანობის შედეგებსა და ფინანსურ მდგრადობას.
აღნიშნული მიდგომა, ერთის მხრივ, სახელმწიფოს აძლევს საშუალებას უნივერსიტეტების საქმიანობა მიმართოს საზოგადოებრივი ინტერესებისაკენ და, მეორეს მხრივ, ეს გააკეთოს უნივერსიტეტების ავტონომიურობის პრინციპის მკაცრი დაცვით.
სხვა საერთაშორისო მაგალითები
ფინეთის გარდა, სხვა ბევრი ევროპული სახელმწიფოც წარმოადგენს იმის ნათელ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება უმაღლესი განათლება იყოს სახელმწიფო სუბსიდირების წყალობით ფინანსურად ყველასათვის ხელმისაწვდომი, საზოგადოებრივი სიკეთისაკენ მიმართული და ამავდროულად, ავტონომიური.
ავსტრიის უნივერსიტეტები ინარჩუნებენ ფართო დისკრეციას, მიუხედავად იმისა რომ მათი დაფინანსების უდიდესი წყარო სახელმწიფოა. უნივერსიტეტები 3 წელიწადში ერთხელ იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას და ქალების, მეცნიერებისა და კვლევის სამინისტროსთან ერთად ადგენენ ე.წ. “Performance agreement”-ს, რომელშიც განსაზღვრულია სამიზნე ნიშნულები. სტუდენტური კვოტები არ არის სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული, თუმცა, შეთანხმების ფარგლებში შესაძლოა სამიზნე ნიშნულად განსაზღვრული იყოს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კონკრეტული თანაფარდობა. დაწესებულებებს შეუძლიათ თავისუფლად შექმნან პროგრამები და მათი შინაარსი სახელმწიფოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, რაც მათ აძლევს საშუალებას მოერგონ სწრაფად ცვალებად თანამედროვე სამყაროს.
ასევე, უფასო უმაღლესი განათლება არსებობს ესტონეთში, ნორვეგიაში, ისლანდიაში, დანიაში და სხვა ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში. ესტონეთსა და ნორვეგიაში უნივერსიტეტები სრულიად დამოუკიდებლად წყვეტენ სტუდენტთა მიღების ლიმიტებსა და კრიტერიუმებს, ისლანდიასა და დანიაში კი ეს პროცესი სახელმწიფოსთან პარტნიორული მოლაპარაკებით რეგულირდება და არა ცალმხრივი დირექტივით. ამასთან, ოთხივე ქვეყანაში უნივერსიტეტებს აქვთ სრული თავისუფლება, გარე ჩარევის გარეშე შექმნან, შეცვალონ ან გააუქმონ სასწავლო პროგრამები და თავად განსაზღვრონ კურიკულუმების შინაარსი.
თურქეთის უმაღლესი განათლების სისტემა და მსგავსება საქართველოსთან
დემოკრატიულ სახელმწიფოებში კარგად ესმით, რომ მეცნიერებისა და, ზოგადად, საზოგადოების განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა არა მხოლოდ ფინანსები, არამედ აკადემიური თავისუფლებაა. ამ ქვეყნებს ჰყოფნით გამბედაობა, დააფინანსონ უმაღლესი განათლება და, იმავდროულად, პროფესიონალების აღზრდისა თუ მეცნიერების განვითარების პროცესი სრულად მიანდონ აკადემიურ წრეებს. ასეთი მიდგომა დამახასიათებელია სახელმწიფოებისთვის, სადაც მთავარი მიზანი არა მმართველი ძალის პოზიციების გამყარება, არამედ ქვეყნის რეალური პროგრესია.
თავისუფალ აკადემიურ სივრცეს შესწევს ძალა, საზოგადოებაში ჯანსაღი კრიტიკული აზრი გააჩინოს და ქვეყნის განვითარების გეზი მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებით წარმართოს. თუმცა, ასეთი რეალობა მიუღებელია ავტორიტარული, არადემოკრატიული მმართველი ძალისთვის. ვინაიდან მისი ერთადერთი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა, ის პირველ რიგში სწორედ აკადემიური სფეროს დამოუკიდებლობის შეზღუდვას ცდილობს, რისი მთავარი „ინსტრუმენტიც“ მათთვის თავისუფლების წართმევაა.
განათლების ახალი რეფორმით საქართველო სწორედ ამ საშიში გზისკენ მიექანება, თუმცა ის პირველი არ არის, ვინც ამ მეთოდს მიმართავს. „უფასო უმაღლესი განათლების“ მიმზიდველ სლოგანს ამოფარებული, უნივერსიტეტების ავტონომიურობის შეზღუდვის ერთ-ერთ თვალსაჩინო საერთაშორისო მაგალითს თურქეთი წარმოადგენს.
თურქეთის უნივერსიტეტებში სწავლა უფასო 2012 წლიდანაა. უნივერსიტეტები მნიშვნელოვნადაა შეზღუდული სახელმწიფოს მხრიდან, კონკრეტულად კი მათი შიდა აკადემიური თუ ადმინისტრაციული საქმეების გადაწყვეტისას საბოლოო სიტყვა თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს (CoHE) ეთქმის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ უნივერსიტეტებს სჭირდებათ ამ საბჭოს დასტური, რათა სასწავლო პროგრამები დანერგონ ან შეწყვიტონ და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა განსაზღვრონ.
რაც შეეხება უშუალოდ თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო საბჭოს, რომელიც, როგორც ვთქვით, უნივერსიტეტების თითქმის ყველა პროცესს განაგებს, დაკომპლექტება ხდება არაინკლუზიური გზით. კანონის მიხედვით, საბჭოს თითოული წევრი ინიშნება პრეზიდენტის თანხმობით.
დასკვნა
ახალი ცვლილებების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა, არამედ მთელმა საზოგადოებამ უარყოს მმართველი ძალის თავსმოხვეული ილუზია „უფასო“ განათლების შესახებ, მკაფიოდ დაინახოს დემოკრატიული უკუსვლის აშკარა ნიშნები და ის რეალური ფასი, რომლის გადახდაც მთელ ქვეყანას მალე მოუწევს.
სტატიის ბოლოს კი ლოგიკურად ისმის მთავარი კითხვა, რომელზე პასუხიც არც ისე რთულია: უმაღლესი განათლების სისტემის ეს ახალი მოდელი უფრო ახლოსაა ევროპულ სტანდარტთან, რომელიც თავისუფალ აზროვნებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, თუ თურქულ სცენართან, ქვეყნისა, რომლის ავტორიტარული ტენდენციები და დემოკრატიული უკუსვლა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე კრიტიკის საგანია?
