Blogსაზოგადოება

ახალგაზრდების ონლაინ რადიკალიზაციის პრობლემა

დღეს ახალგაზრდების ონლაინ რადიკალიზაცია იშვიათად ჰგავს ძველ წარმოდგენას ფარულ ორგანიზაციაზე, რომელიც მოზარდს პირდაპირ იდეოლოგიას ასწავლის. უფრო ხშირად ის ჩნდება ფრანგმენტებად: მოკლე ვიდეოებით, ირონიული „მიმებით“, ან გაბრაზებული „ინფლუენსერის“ მონოლოგით.

ალგორითმები სწავლობენ რაზე ჩერდება ადამიანის მზერა, რას უყურებს ბოლომდე, რას უგზავნის მეგობარს, რომელ ვიდეოს უბრუნდება მეორედ. შემდეგ იმავე ემოციას: წყენას, მარტოობას, დამცირებას, გაურკვევლობას, უფრო მკვეთრად აბრუნებს.

ალგორითმი მარტო არ ქმნის რადიკალიზაციას. მოზარდის გარშემო არის ოჯახი, სკოლა, სოციალური წრე, შიში, სურვილი, სირცხვილი, პოლიტიკური გარემო. საქართველოში ამ ყველაფერს ემატება ემიგრაციის გამოცდილება, ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა და მუდმივი გეოპოლიტიკური დაძაბულობა. ასეთ გარემოში ერთი პოსტი მხოლოდ პოსტი არ არის. ის შეიძლება გახდეს ენა, რომლითაც მოზარდი საკუთარ ბრაზს პირველად აძლევს ფორმას.

საზღვარი ეკრანსა და ყოველდღიურ ურთიერთობას შორის სუსტდება, რასაც ამძაფრებს სხვადასხვა ონლაინ პლატფორმა. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კვლევის მიხედვით, TikTok-ის საცდელ ანგარიშებზე სიძულვილის ენის და სექსისტური კონტენტის რეკომენდაციები ხუთ დღეში 13%-დან 56%-მდე გაიზარდა. მსგავსი თემატიკა მარტივად გადადის სკოლის ეზოებსა და თანატოლურ ურთიერთობებში.

ამ ამბის მთავარი კითხვა არ უნდა იყოს – ვინ აქცევს ახალგაზრდებს რადიკალებად, რეალური საკითხავი არის – როგორ იქცევა ზიზღი სამყაროს ახსნის გზად?

რადიკალიზაციის კულტურა

რადიკალიზაციის პირველი ნაბიჯი ნაკლებად დრამატულია. ერთი ვიდეო, რომელიც „ზუსტად ამბობს იმას, რასაც სხვები ვერ ბედავენ“, ერთი მიმი, რომელიც უხეშად ჟღერს, მაგრამ კლასში ყველას აცინებს, ერთი ინფლუენსერი, რომელიც თავდაპირველად თავდაჯერებულობაზე, ფულზე, სხეულზე ან „ნამდვილი კაცის“ წესებზე ლაპარაკობს, შემდეგ კი ნელ-ნელა ასახელებს მტრებს: ქალებს, ლიბერალებს, მიგრანტებს, უმცირესობებს, „გარყვნილ დასავლეთს“, და ა.შ.

ამ ეტაპზე მოზარდი შესაძლოა საერთოდ არ ფიქრობდეს პოლიტიკაზე. ის უბრალოდ სწავლობს კოდს – რომელი ხუმრობაა „სუსტებისთვის მიუღებელი“, ან რომელი სიტყვა უნდა გამოიყენო ირონიულად, რათა ჯგუფმა მიგიღოს. ციფრულ გარემოში იდეოლოგია ხშირად არ ჩნდება როგორც თეორია, არამედ როგორც სიცილის მანერა, მუსიკა, პროფილის ფოტო, ჩატის ენა. სანამ მოზარდი იტყვის, რომ რაღაცის სჯერა, ის შეიძლება უკვე იმეორებდეს მის ესთეტიკას.

სწორედ ამიტომაა შეცდომა, ონლაინ რადიკალიზაცია მხოლოდ ექსტრემისტული შინაარსის კონტენტამდე დავიყვანოთ. რადიკალური იდეები ახალგაზრდულ კულტურაში შედის გასართობი ფორმით. სიძულვილი არ გამოიყურება სიძულვილად, არამედ როგორც დაცინვად, რასიზმი – როგორც „ბნელი იუმორი“, ქალთმოძულეობა – როგორც „მამაკაცების რეალობაზე საუბარი“, ავტორიტარიზმი – როგორც წესრიგის, ძალისა და დამარცხებული ღირსების დაბრუნება. ეს ფორმები იმიტომ მუშაობს, რომ მოზარდისგან არ საჭიროებს დაუყოვნებლივ იდეოლოგიურ ერთგულებას. ის მხოლოდ მცირე მონაწილეობას სთხოვს – გაიცინე, არ გააპროტესტო, ნუ იქნები ზედმეტად მგრძნობიარე.

ასეთი კონტენტი ცვლის არა მხოლოდ წარმოდგენებს, არამედ ემოციურ რეფლექსებსაც. რაღაც, რაც პირველ ნახვაზე უხერხული ან სასტიკი ჩანდა, მეათე ნახვის შემდეგ ჩვეული ხდება. ოცდამეათე ნახვის შემდეგ კი შესაძლოა უკვე სასაცილოდაც ჟღერდეს. 

რა თქმა უნდა, ყველა უხეში ხუმრობა რადიკალიზაცია არ არის. ყველა გაბრაზებული მოზარდი ექსტრემისტი არ ხდება. ყველა პოლიტიკური უკმაყოფილება საფრთხე არ არის. პირიქით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ახალგაზრდის გაბრაზება ხშირად აუცილებელი პოლიტიკური ენერგიაცაა. 

რატომ არიან ახალგაზრდები მოწყვლადები

ახალგაზრდის მოწყვლადობაზე საუბარი ყოველთვის სარისკოა. ერთი მხრივ, სწორედ ამ ასაკში ხდება იდენტობის ყველაზე ინტენსიური ძიება. ადამიანი ცდილობს გაიგოს, ვინ არის, ვის ეკუთვნის, რა ძალა აქვს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ღირსება, სიმამაცე, წარმატება. მეორე მხრივ, თუ ამ პროცესს ზედმეტად მარტივად ავხსნით, მოზარდს მხოლოდ „მსხვერპლად“ ან „საფრთხედ“ ვაქცევთ. თუმცა, ახალგაზრდები არც ცარიელი ჭურჭლები არიან, რომლებშიც ინტერნეტი ავტომატურად ასხამს სიძულვილს, და არც ბუნებრივად მიდრეკილები ძალადობრივი იდეებისკენ. ისინი რეალურ სოციალურ გარემოში ცხოვრობენ და ონლაინ სივრცე ამ ყველაფერს არ ცვლის. ის ხშირად აჩქარებს, ამძაფრებს ან ფორმას აძლევს.

რადიკალიზაციის კვლევებში ექსტრემისტული აზროვნების მიზეზად ყველაზე ხშირად მნიშვნელობის ძიება სახელდება. როდესაც ახალგაზრდა თავს უჩინრად, დამცირებულად, არასაკმარისად ან მომავლის გარეშე გრძნობს, მას იზიდავს სივრცე, სადაც მის პირად გაბრაზებას ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება. მისი მარტოობა პირადი პრობლემა კი არა, სისტემის, მტრების, „დაცემული საზოგადოების“ ან ღალატის შედეგია. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი გამოცდილება ავტომატურად რადიკალიზაციაში გადაიზრდება. მაგრამ ეს ხსნის, რატომ შეიძლება ექსტრემისტულმა ენამ ზოგჯერ ფსიქოლოგიური შვება შესთავაზოს ადამიანს.

სწორედ აქ ჩნდება ზღვარი მოწყვლადობასა და პასუხისმგებლობას შორის. თუ მოზარდს აბსოლუტურად პასიურ მსხვერპლად წარმოვადგენთ, ვეღარ დავინახავთ, როგორ ირჩევს, როგორ იმეორებს, როგორ აზიარებს, როგორ მონაწილეობს. მაგრამ თუ მას მხოლოდ დამნაშავედ აღვიქვამთ, ვეღარ დავინახავთ, როგორ შეიძლება ონლაინ გარემოებმა, ასაკობრივმა დაუცველობამ და სოციალურ-მატერიალურმა წნეხმა მისი არჩევანი შეზღუდოს. რადიკალიზაციის სერიოზული ანალიზი სწორედ ამ ორ უკიდურესობას შორის უნდა დარჩეს.

ონლაინ პლატფორმების ალგორითმები

რადიკალიზაციის პროცესი არ არის ერთი ფლატფორმის პრობლემა. სინამდვილეში, ეს არის ყველაფრის ერთიანობით გამოწვეული პროცესი.

TikTok-ზე ან Instagram Reels-ში მოზარდი პირველად აწყდება მოკლე, ემოციურად დატვირთულ ფრაგმენტს. YouTube-ზე იგივე იდეა უფრო გრძელ ახსნად, დებატად ან „ანალიზად“ ბრუნდება. X-ზე ან Facebook-ზე ის პოლიტიკურ კონფლიქტში ერთვება; Discord-ზე, Telegram-სა ან Reddit-ზე კი უკვე პოულობს ადამიანებს, რომლებიც ამ ენას ყოველდღიურ ურთიერთობად აქცევენ.

ამ წყობაში თითოეულ პლატფორმას ერთი და იგივე როლი არ აქვს. TikTok და Instagram ხშირად აღმოჩენის სივრცეა, სწრაფი, ვიზუალური, მუსიკითა და მონტაჟით აწყობილი. აქ პოლიტიკური გზავნილი შეიძლება საერთოდ არ ჰგავდეს პოლიტიკას: ის შეიძლება იყოს „ედითი“, რეაქცია, „მოტივაციური“ კლიპი ან რამდენიმე წამში ჩატეული დამცინავი შედარება. ასეთი ფორმატი იდეას ვერ ხსნის, მაგრამ ქმნის განწყობას.

UCL-ის კვლევა სწორედ ამ მექანიზმის ერთ კონკრეტულ მაგალითს აჩვენებს. TikTok-ის საცდელ ანგარიშებზე, რომლებიც მოზარდი ბიჭების სხვადასხვა მოწყვლად არქეტიპს იმეორებდა, რეკომენდაციები თავდაპირველად მარტოობას, თვითგანვითარებასა და მასკულინობას ეხებოდა, შემდეგ კი სულ უფრო ხშირად გადადიოდა ქალების დადანაშაულებასა და დამცირებაზე. ხუთ დღეში მისოგინიური კონტენტის წილი რეკომენდაციებში 13 პროცენტიდან 56 პროცენტამდე გაიზარდა. მკვლევრებისთვის მთავარი დასკვნა მხოლოდ ის არ იყო, რომ პლატფორმამ მავნე კონტენტი აჩვენა. უფრო მნიშვნელოვანი იყო „თოვლის გუნდის“ (Snowball) ეფექტი – სისტემა მოწყვლადობას ხედავდა, როგორც ჩართულობის შესაძლებლობას, და მას უფრო მკვეთრი ემოციური მასალით კვებავდა.

YouTube ამავე გზაზე სხვა ფუნქციას ასრულებს. აქ ახალგაზრდა შეიძლება გადავიდეს კლიპიდან მთლიან გადაცემაზე, შემდეგ ავტორის სხვა ვიდეოებზე, შემდეგ მის სტუმრებზე, შემდეგ იმ არხებზე, რომლებიც თითქოს „უბრალოდ კითხვებს სვამენ“. YouTube-ის რეკომენდაციების შესახებ კვლევები ერთმნიშვნელოვან სურათს არ აჩვენებს. არ არის სერიოზული მტკიცებულება, რომ ალგორითმი ყველას ავტომატურად რადიკალიზმისკენ უბიძგებს. მაგრამ PNAS-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პლატფორმა მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს მათთვის იდეოლოგიურად ახლო კონტენტს, ხოლო რეკომენდაციების ჯაჭვში იზრდება პრობლემური ან ექსტრემისტულ არხებთან დაკავშირებული მასალის წილი.

სოციალური პლატფორმები, განსხვავებული წესებითა და პოლიტიკით, მაინც ერთ ძირითად ეკონომიკურ მიზანს იზიარებენ – მომხმარებლის ყურადღების შენარჩუნებას. ყურადღება კი უფრო მარტივად მოიპოვება მაშინ, როდესაც კონტენტი იწვევს გაბრაზებას, დამცირებას, შიშს ან სირცხვილს. ექსტრემისტულ და ექსტრემისტულთან დაახლოებულ კონტენტს სწორედ ეს ემოციური უპირატესობა აქვს.

ამ სისტემაში ინფლუენსერი ხშირად შუამავალია. ის შეიძლება არ მოუწოდებდეს ძალადობას და არც საკუთარ თავს ექსტრემისტად თვლიდეს. მაგრამ მისი კონტენტი შეიძლება მუდმივად მუშაობდეს დაძაბულობის გაზრდაზე. ყოველდღე ახალი მტერი, ახალი დამცირება, ახალი სიმართლე, ახალი მოწოდება, რომ მაყურებელი სხვებზე უფრო გამოფხიზლებულია. პლატფორმა ასეთ ფიგურას აჯილდოებს. აუდიტორია რჩება, თუ კონტენტი ემოციურ საჭიროებას ავსებს. ასე იქმნება ესკალაციის ჩაკეტილი წრე.

მსგავსი სიტუაციაა თამაშების სივრცეებში, სადაც ექსტრემიზმი ჩნდება მომხმარებლის სახელებში, ჩატებში, სიმბოლოებში, ჯგუფებში, მოდებში და ავატარებში. GNET-ის 2025 წლის კვლევა Roblox-ზე აღწერს, როგორ შეიძლება ექსტრემისტული მასალა გავრცელდეს არა მხოლოდ ტექსტით, არამედ მომხმარებლის მიერ შექმნილი ტანსაცმლით, ჯგუფებით, თამაშებითა და კოდირებული ნიშნებით. კვლევამ 350 პოსტი და პროფილი გააანალიზა და მათ შორის 175 მემარჯვენე ექსტრემისტულ მასალად აღიქვა. ეს აჩვენებს რამდენად მარტივად შეიძლება სიძულვილის ენა შეერიოს თამაშის ყველა დეტალს.

ახლა ამ წყობაში ახალი ინსტრუმენტებიც ჩნდება. გენერაციული AI რადიკალიზაციის ძველ გზებს არ ცვლის, უბრალოდ ამცირებს მათი წარმოების ფასს. ყალბი ციტატის, გაყალბებული ვიდეოს, მტკიცებულების, ხელოვნურად შექმნილი ფოტოს ან რამდენიმე ენაზე გადათარგმნილი პროპაგანდის დამზადება უფრო მარტივი ხდება.

პლატფორმების ანალიზი არ შეიძლება დასრულდეს იდეით, რომ ინტერნეტი საშიშია. საფრთხე უფრო კონკრეტულია. ალგორითმები ემოციურ სიგნალებს კითხულობენ, რეკომენდაციების სისტემები მსგავს მასალას აბრუნებენ, ინფლუენსერები კი მონეტიზაციის გამო ახალ იდენტობებს აყალიბებენ. პლატფორმა შეიძლება არ ქმნიდეს ექსტრემიზმს თავისით, მაგრამ შეუძლია რადიკალიზაციის გავრცელების სიჩქარე და აუდიტორია გაზარდოს.

რა ხდება საქართველოში?

გლობალური პლატფორმები ერთსა და იმავე ვიდეოს ყველას არ აჩვენებს ერთი და იმავე მნიშვნელობით. ის, რაც ერთ ქვეყანაში უბრალოდ ანტიფემინისტურ ხუმრობად აღიქმება, საქართველოში შეიძლება ტრადიციების დაცვის ენას მიებას. ის, რაც სხვაგან ანტიელიტურ ცინიზმად გამოიყურება, აქ შეიძლება „გარე ძალების“ შესახებ ძველ შიშებს დაუკავშირდეს. პლატფორმა გლობალურია, მაგრამ მისი შინაარსი ყოველთვის ადგილობრივ ნიადაგზე მუშაობს.

საქართველოს შემთხვევაში ეს ნიადაგი განსაკუთრებით დატვირთულია. ქვეყანა ერთდროულად ცხოვრობს პოსტსაბჭოთა მეხსიერებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების რეალობით, ევროპული ინტეგრაციის დაპირებით, ეკონომიკური დაუცველობით და პოლიტიკური პოლარიზაციით. ასეთ გარემოში ონლაინ რადიკალიზაციის მექანიზმი უფრო მარტივად პოულობს მოწყვლად მოსახლეობას.

საქართველოში გავრცელებული მუდმივი მტრის ენა ახალგაზრდებს ასწავლის პოლიტიკის აღქმას არა როგორც განსხვავებულ ინტერესებს შორის დავას, არამედ როგორც გადარჩენისთვის ბრძოლას. ზღვარი პოლიტიკური კრიტიკისა და დეჰუმანიზაციის შორის დაკარგულია, ასეთ გარემოში კი ექსტრემისტული იდეა არ არის საჭირო უცხო იდეად შემოვიდეს. მას უკვე ხვდება საჭირო სიტუცია.

Foreign Policy Research Institute-ის ანალიზის მიხედვით, ანტიდასავლური ნარატივები, რომლებიც დასავლეთთან ინტეგრაციას საქართველოს სუვერენიტეტისთვის საფრთხედ წარმოაჩენს, მიგრაციის პრობლემა, ტრადიციების დაკარგვის შიში და სხვა რადიკალური იდეების დიდი ნაწილი რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციებიდან მოდის. მაგრამ ასეთი ნარატივები მხოლოდ გარედან ვერ შემოაღწევს ქვეყანაში. ისინი ძლიერდება მაშინ, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური პარტიები და მედია იმავე შიშებს საკუთარ მიზნებს არგებენ.

პრევენცია მორალური პანიკის გარეშე

რადიკალიზაციის პრევენციაზე ვერ ვისაუბრებთ აკრძალვის ენით. ნებისმიერ ონლაინ პლატფორმაზე წვდომის გაუქმება უბრალოდ ახალ სივრცეს შექმნის რადიკალიზაციისთვის, რომელიც უკვე უფრო ნაკლებად გაკონტროლებადი იქნება.

დიდ ბრიტანეთში, სადაც 2023 წელს სოციალურ ქსელებზე არასრულწლოვანთა წვდომის შეზღუდვის კანონი მიიღეს, 2024 წელს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულთა 13% იყო არასრულწლოვანი, რაც სამჯერ უფრო დიდი რიცხვია, ვიდრე წინა წლებში.

შესაბამისად პლატფორმის აკრძალვა ვერ იქნება გამოსავალი. უფრო მნიშვნელოვანია, მოზარდმა ისწავლოს, როგორ მუშაობს მასზე ციფრული გარემო. რას ნიშნავს, როცა პლატფორმა მის გაბრაზებას სიგნალად კითხულობს. რატომ უბრუნდება მას ერთი და იგივე ტიპის ვიდეო უფრო მკვეთრი ფორმით. როგორ იყენებს კონტენტი დამცირებას, სირცხვილს ან მარტოობას ყურადღების მოსაპოვებლად?

პრევენცია ასევე გულისხმობს ალტერნატიული კუთვნილების შექმნას. თუ რადიკალური სივრცე ახალგაზრდას გამოსავალს სთავაზობს, პასუხი მხოლოდ მისი ჩამორთმევა ვერ იქნება. საჭიროა სხვა ადგილი, სადაც ის თავს მნიშვნელოვნად იგრძნობს, რაშიც ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს.

ყველაზე საშიში ყოველთვის რადიკალურ ორგანიზაციაში გაწევრიანება არ არის. ზოგჯერ საფრთხე უფრო ადრე ჩნდება, იმ მომენტში, როდესაც სიძულვილი ჯერ კიდევ სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ უკვე ასწავლის ადამიანს, ვის მიმართ აღარ არის საჭირო თანაგრძნობა.

ავტორი

  • ილია მერანის რედაქტორი და ავტორია. კონცენტრირებულია ახლო აღმოსავლეთზე და სწავლობს არაბულ ენას. დაინტერესებულია პოლიტიკით, ეკონომიკით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და კულტურის კვლევებით.

ილია ჟუჟუნაშვილი

ილია მერანის რედაქტორი და ავტორია. კონცენტრირებულია ახლო აღმოსავლეთზე და სწავლობს არაბულ ენას. დაინტერესებულია პოლიტიკით, ეკონომიკით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და კულტურის კვლევებით.