Blogსაზოგადოება

ერთი ცხოვრება ორ მხარეს: რატომ ვერ გაყოფს რუსული ოკუპაცია ქართველებსა და ოსებს? 

დღეს კავკასია გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანი ძვრების ეპიცენტრშია. რუსეთ-უკრაინის ომმა საბოლოოდ ცხადყო ის მწარე რეალობა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში რუსული პროპაგანდა „სტაბილურობასა“ და „მფარველობას“ არქმევს

საოკუპაციო ხაზი არ არის უბრალოდ გავლებული მავთულხლართი ან ტერიტორიული დავა, ეს არის ღია ჭრილობა ორ ხალხს შორის, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში საერთო სისხლი, კულტურა და ბედისწერა აკავშირებდათ. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ცდილობს, შექმნას რეალობა, რომელშიც ქართველები და ოსები მტრები არიან, საერთო ბედისწერა უფრო მტკიცე აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილება.

ოსების დემოგრაფიული კრიზისი.

უკრაინის ფრონტიდან ყოველდღიურად მომავალი ცნობები ოსი ახალგაზრდების დაღუპვის შესახებ,    ნათლად აჩვენებს, რომ კრემლი ოს მოსახლეობას საკუთარი ამბიციებისათვის შესაწირ „საზარბაზნე ხორცად“ განიხილავს. რუსეთისთვის ცხინვალის რეგიონი არა თანასწორი მოკავშირე, არამედ გეოპოლიტიკური იარაღია, რომლითაც იგი მთელი კავკასიის განვითარებას აფერხებს.

ოსი ხალხი დღეს ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე დგას. ისეთი მცირერიცხოვანი ერისათვის, როგორნიც ოსები არიან, თითოეული დაკარგული ჯარისკაცი გამოუსწორებელი დანაკლისია. გარდა ამისა, „რუსული მფარველობის“ ქვეშ ოსური ენა და კულტურა მეორეხარისხოვანი ხდება და სახეზე გვაქვს ნელი, თუმცა მტკივნეული ასიმილაციის პროცესი. რუსული განათლების სისტემა და კულტურული დომინაცია ოს ახალგაზრდებს საკუთარ ფესვებს სწყვეტს და აშორებს, ხოლო ეკონომიკური იზოლაციის წყალობით რეგიონი ჭაობში რჩება.

საბოლოო ჯამში, ამ ყოველივესაგან მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ რუსეთი ოსებს სთავაზობს მოჩვენებით უსაფრთხოებას საკუთარი მომავლის თვითგანადგურების ფასად.

რუსული პროპაგანდა და ოსი ხალხის მომავალი

რუსეთისთვის ქართველთა და ოსთა გაყოფა სტრატეგიაა, რომელიც რამდენიმე მიზანს ემსახურება. ერთი მხრივ, სანამ კონფლიქტი არსებობს, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში არ იღებენ. მეორე მხრივ, ცხინვალის რეგიონიდან რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია ზეწოლა თბილისსა და ქვეყნის მთავარ მაგისტრალზე. გარდა ამისა, მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენა რუსეთისთვის არახელსაყრელია იმიტომაც, რომ დაპირისპირებული მხარეების მართვა ბევრად ადვილი საქმეა. 

დღეს რუსეთი ოსების მანიპულირებისთვის რამდენიმე ხერხს მიმართავს. კრემლი მათ აჯერებს, რომ უკრაინის ომში მონაწილეობა 2008 წელს გაწეული დახმარების გამო მადლიერება, “ვალის დაბრუნებაა”. ოს ხალხს სჯერა, რომ საკუთარ სახლს იცავს, რადგან პროპაგანდა თესავს შიშს, რომ რუსეთის მარცხი ავტომატურად ნიშნავს ცხინვალზე თავდასხმას. 

სინამდვილეში ეს პროცესი ოსი ხალხის დემოგრაფიული კატასტროფაა. რუსეთი დაცვისა და უსაფრთხოების სახელით ოსებს ართმევს ახალგაზრდებსა და მომავალ თაობას, რაც საფრთხეში აგდებს მათ გადარჩენასა და თვითმყოფადობას.

სიცოცხლე მავთულხლართებს მიღმა

დღევანდელ რეალობაში საოკუპაციო ხაზთან მიმართებით ჯანდაცვა ყველაზე ტრაგიკული თემაა. ეს არის წერტილი, სადაც პოლიტიკური აბსურდი პირდაპირ ადამიანურ მსხვერპლში გადაიზრდება. ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანები ხშირად ხდებიან „სამედიცინო ოკუპაციის“ მძევალნი.

გამშვები პუნქტების ხშირი ჩაკეტვა, განსაკუთრებით, ახალგორის მიმართულებით, მძიმე სნეულებით დაავადებულთათვის პირდაპირ სასიკვდილო განაჩენია. უამრავი შემთხვევაა, როდესაც ადამიანების გადარჩენა მხოლოდ იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ჰუმანიტარული დერეფანი არ გახსნა. ამავდროულად, ქართული მხარე ოსეთის მოსახლეობას სთავაზობს უფასო სამედიცინო დახმარებას რეფერალური პროგრამებით. ბევრი ოსისთვის თბილისის კლინიკები გადარჩენის ერთადერთი იმედია. 

ამის ფონზე, საოკუპაციო ხაზი მხოლოდ მიწას კი არ ყოფს, არამედ ცდილობს, გაანადგუროს ის ბუნებრივი ეკოსისტემა, რომელშიც ქართველი და ოსი ხალხი ჰარმონიულად თანაარსებობდა და ცხოვრობდა. დღევანდელი პოლიტიკური ჩიხი მიგვითითებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე: ხელოვნურად შექმნილი მტრობა ვერ ცვლის ორგანულად ჩამოყალიბებულ იდენტობას.

სწორედ მაშინ, როცა პოლიტიკა ადამიანს სასიკვდილოდ წირავს, იღვიძებს ის ღრმა მეცნიერულად და კულტურულად დასაბუთებული კავშირები, რომლებიც მავთულხლართებზე ბევრად ძლიერია. ეს არის ქართველთა და ოსთა საერთო ყოფიერების ფუნდამენტი, რომლის დანგრევასაც კრემლი ამაოდ ცდილობს.

დაუნგრეველი სულიერი ერთობის ფენომენი

ქართველთა და ოსთა ერთობის ყველაზე კარგი მაგალითი რელიგიურ-კულტურულ კავშირებშია. 

ამის საუკეთესო მაგალითად ათენგენობა გამოდგება – უძველესი დღესასწაული, რომელიც კავკასიონის ქედის ორივე მხარეს აბსოლუტურად იდენტური რიტუალითა და თითქმის იდენტური სახელით აღინიშნება (ოსურში ამ დღესასწაულის შესატყვისი ათენგენობის ნაცვლად არის ათინაგ). 

ამასთან უნდა ვახსენოთ სვანური ლიფანალის დღესასწაული, როცა ოჯახი თავისი მიცვალებულების სულებს „მასპინძლობს“, რაც ანალოგია ოსური ბახფალდისის დღესასწაულისა.

ოსურ-ქართული კავშირები და საერთო პასუხისმგებლობა

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კულტურული მეხსიერება ხშირად ისტორიულ დოკუმენტებზე მყარია. ქართულ მწერლობაში ოსი კაცის ხატი ყოველთვის ვაჟკაცობასთან, ერთგულებასთან იყო ასოცირებული. ამასთან გაგვახსენდება ნიკოლოზ სანიშვილის ფილმი “ჩერმენიც”, რომელშიც ოსი გმირისა და მისი ქართველი ძმადნაფიცის ურთიერთობას ვხვდებით.

საყურადღებოა, რომ ოსურ-ქართული ერთობის მტკიცებულებებს არქიტექტურაშიც გვაქვს. ამას მოწმობს ცხინვალთან ახლოს მდებარე თირის მონასტერი, რომელშიც ოსი დიდებულები არიან დაკრძალულნი. ორივე მხარემ უნდა იცოდეს, რომ ეს ჩვენი საერთო სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის ძეგლია. 

განუყოფლობის მეცნიერული მტკიცებულებები: თოფჩიშვილი, ალბოროვი და „ცხოვრებოვების ფენომენი“

ჩვენი ერთობა დასაბუთებულია მყარი არგუმენტებით. ქართველი ეთნოლოგი როლანდ თოფჩიშვილი წლების განმავლობაში იკვლევდა ოსური გვარების წარმოშობასა და მათ მჭიდრო კავშირს ქართულ სოციალურ გარემოსთან. 

აქვე უნდა ვახსენოთ ცნობილი ოსი მეცნიერის ბორის ალბოროვის ღვაწლიც. ალბოროვი თავის ნაშრომებში ხაზს უსვამდა ქართულ-ოსურ ენობრივ და კულტურულ პარალელებს. ის ხედავდა იმ ორგანულ კავშირს, რომელიც ამ ორ ხალხს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. სწორედ ამ მეცნიერთა მემკვიდრეობა ანგრევს მითს „მარადიული მტრობის“ შესახებ. 

ჩვენს სისხლხორციელ კავშირს ყველაზე მეტად გვარების ისტორია და მათი ენობრივი აგებულება ადასტურებს. ამის თვალსაჩინო მაგალითს რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი საგვარეულო – ცხოვრებოვები (ოს. ცხურბათა) – წარმოადგენს. 

ჩნდება კითხვა: რით მტკიცდება მათი ქართული წარმოშობა? 

პასუხი ენათმეცნიერებაში უნდა ვეძიოთ. 

ოსური გვარების უმეტესობა ტოპონიმიკური ან ლექსიკურია. მაგალითად გვარი ხოხთი პირდაპირ მოდის ოსური სიტყვიდან „ხოხ“, რაც მთას ნიშნავს, ძუგათის, ძუგაევის ფუძე „ძუგ“ ითარგმნება, როგორც ფარა, ან ჯოგი, ჩერტყოთას გვარი კი ნაწარმოებია სიტყვიდან „ჩერტყ“, რაც ოსური ენის დიგორულ დიალექტზე ნაპერწკალს უნდა ნიშნავდეს, თუმცა ოსურ ენაში არ არსებობს სიტყვა, ან სიტყვის ფუძე „ცხურბ“. ის დამოუკიდებელ მნიშვნელობას არ ატარებს. ლინგვისტური ანალიზი აჩვენებს, რომ ეს არის ქართული სიტყვის – ცხოვრების – ფონეტიკური ტრანსფორმაცია. 

ეთნოლოგი როლანდ თოფჩიშვილი და სხვა მკვლევრები ასაბუთებენ, რომ ეს არის ეთნიკურად ქართული შტო, რომელმაც საუკუნეების წინ ოსურ გარემოში (ჯავისა და ყუდროს ხეობებში) დამკვიდრებისას განიცადა ენობრივი და კულტურული ასიმილაცია, თუმცა გვარში დარჩენილი ქართული ფუძე მათი ნამდვილი იდენტობის მარადიულ კოდად დარჩა.

შერიგება, როგორც ერთადერთი ხსნა

საოკუპაციო ხაზთან აღმართული მავთულხლართები ადრე თუ გვიან ჩამოიშლება. უკრაინის ომმა აჩვენა, რომ იმპერიები არ არიან უკვდავნი, ხოლო მცირე ერებისათვის ერთადერთი გამოსავალი ერთად ყოფნაა. რუსული იზოლაცია ნიშნავს კვდომას, ქართულ-ოსური შერიგება კი იმ ფესვებთან დაბრუნების საწინდარია, სადაც ჩერმენი და მინდია ერთმანეთს ძმობის ფიცს აძლევდნენ. 

თუმცა, ეს  არ ნიშნავს, რომ ყველაფერი თავისთავად მოხდება. მთავარი სიძნელე ხშირად არა ადგილობრივი შეუთანხმებლობა, არამედ რეგიონული ჰეგემონის, ამ შემთხვევაში რუსეთის, გეოპოლიტიკური ინტერესებია. შერიგება ვერ მოხერხდება, თუ ოსური მხარე სრულად არის ინტეგრირებული რუსულ სამხედრო და პოლიტიკურ სისტემაში. საჭიროა ისეთი პირობების შექმნა, რომ ცხინვალს გაუჩნდეს ალტერნატიული ეკონომიკური და კულტურული მიზიდულობის ცენტრი თბილისის სახით.

გარდა ამისა, რადგან ნდობა მხარეთა შორის დაბალია, საჭიროა მძლავრი საერთაშორისო მექანიზმები, მაგალითისთვის, გაეროს ჩართულობა, რაც დაარწმუნებს ოსურ მხარეს, რომ თბილისთან დაახლოება არ ნიშნავს მათ ფიზიკურ გაქრობას. 

შერიგებაზე საუბარი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს მარტივი იქნება, თუმცა არც შესაძლებლობას გამორიცხავს, რამდენად მინიმალურიც არ უნდა იყოს ამის შანსი. საგანმანათლებლო და მედია სივრცეში აგრესიული რიტორიკის შემცირება შეიძლება სწორედ ერთ-ერთი გამოსავალი იყოს, რამდენადაც ეს შეაჩერებს ახალი თაობების გაუცხოებას ერთმანეთთან. 

რა თქმა უნდა, ცხინვალს რუსული გავლენის ქვეშ ყოფნის პირობებში არ შეუძლია მიიღოს დამოუკიდებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, თუმცა, როდესაც ადამიანური, კულტურული და ეკონომიკური კავშირები იმდენად მყარი გახდება, რომ ხელოვნური ბარიერები და პოლიტიკური იზოლაცია ორივე მხარის მოსახლეობისთვის აუტანელი გახდება, გარე მოთამაშის გავლენა ბუნებრივად დაიწყებს შესუსტებას,

საერთო ჯამში კი, ოსური იდენტობის გადარჩენის ერთადერთი ხსნა მისი საერთო საცხოვრებელ  წიაღში დაბრუნებაა, სადაც ადამიანის სიცოცხლე მეტად ფასეულია, ვიდრე იმპერიული ამბიციები. დროა, მავთულხლართებს მიღმა ორივე მხარემ დაინახოს არა მტერი, არამედ ადამიანი, რომელთანაც საერთო წარსული და მომავალი აკავშირებს.

ავტორი

  • ელენე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია. კონცენტრირებულია ახლო აღმოსავლეთზე და სწავლობს თურქულ ენას. დაინტერესებულია პოლიტიკით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და ეთნოლოგიით.

ელენე ხარაზიშვილი

ელენე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია. კონცენტრირებულია ახლო აღმოსავლეთზე და სწავლობს თურქულ ენას. დაინტერესებულია პოლიტიკით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და ეთნოლოგიით.