Blogპოლიტიკა

სამყარო ომს უკრაინისგან სწავლობს

ოთხი წლის განმავლობაშ მთელი ევროატლანტიკური სივრცე უკრაინას გადასარჩენად იარაღს უგზავნიდა. დღეს კი უკრაინა თავად გზავნის სამხედრო ექსპერტებს ახლო აღმოსავლეთში, წვრთნის NATO-ს ჯარებს და იარაღს იმ ქვეყნებსაც ჰყიდის, რომლებიც ადრე მას ამარაგებდნენ. მოსწავლე მასწავლებლად იქცა და ეს ცვლლება იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.

ომში ნაწრთობი

ისტორიულად ომი სამხედრო ინოვაციების ყველაზე მძლავრი სტიმულია. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს, უკრაინას დრონების მხოლოდ შვიდი ადგილობრივი მწარმოებელი ჰყავდა. დღეს მათი რიცხვი 500-ს აღწევს. მხოლოდ ეს რიცხვებიც საკმარისია იმის გასააზრებლად, თუ როგორი ეფექტი მოახდინა ომმა უკრაინის თავდაცვის სექტორზე.

უკრაინა წელიწადში 4 მილიონამდე დრონს აწარმოებს, რაც NATO-ს ქვეყნების საერთო მაჩვენებელსაც კი აღემატება. 2026 წლისთვის წარმოების სიმძლავრემ 8 მილიონზე მეტ FPV დრონს მიაღწია, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია ნებისმიერი მეომარი ქვეყნისთვის. შედარებისთვის, აშშ და დანარჩენი მოკავშირეები, დიდი თავდაცვის ბიუჯეტის მიუხედავად, წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათას დროს აწარმოებენ.

უკრაინამ იმპორტირებულ თავდაცვით აღჭურვილობაზე დამოკიდებულებაც მნიშვნელოვნად შეამცირა. თუ 2022 წელს შესყიდვების 54%-ს უცხოური წარმოების იარაღი შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 18%-ია. ქვეყანამ, რომელიც მთლიანად დასავლურ მომარაგებაზე იყო დამოკიდებული, აქტიური დაბომბვის პირობებშიც კი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი თავდაცვის ინდუსტრია შექმნა.

ციფრები მხოლოდ ამბის ნაწილს გვიყვება. გარდა წარმოების გაზრდისა, უკრაინამ შექმნა უნიკალური სისტემა, სადაც ბრძოლის ველზე ნანახსა და ქარხანაში დანერგილ ცვლილებებს შორის დრო მინიმუმამდეა დაყვანილი. მსგავსი მჭიდრო და სწრაფი კავშირი ფრონტსა და ინდუსტრიას შორის ისტორიული მნიშვნელობისაა. დასავლური თავდაცვითი უწყებები ახლა იწყებენ უკრაინის პროგრესის გააზრებას. ათწლეულობით გაწერილ შესყიდვების ციკლებსა და ბიუროკტარიულ პროცესებზე აგებული სისტემებისთვის ასეთ სისწრაფესთან შეგუება რთულია.

უკრაინის როლი ამერიკა-ირანის ომში

ახლო აღმოსავლეთი სწორედ ის ადგილი აღმოჩნდა, სადაც უკრაინის ტრანსფორმაცია ყველაზე თვალსაჩინო გახდა. 2026 წლის მარტს, ირანმა შაჰედის დრონებით სპარსეთის ყურის ქვეყნებზე მასირებული შეტევები დაიწყო. თავდასხმის ქვეშ მყოფი სახელმწიფოები სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. აშშ და ისრაელი არაეფექტური იყო მათი მოგერიებისას და არცერთს არ ჰქონდა ირანული დრონების მოგერიების მნიშვნელოვანი გამოცდილება – გარდა ერთი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნისა.

პრეზიდენტი ზელენსკის პასუხმაც არ დააყოვნა:

„უკრაინელები უკვე წლებია „შაჰედის“ დრონებს ებრძვიან და დღეს ყველა აღიარებს, რომ მსოფლიოში სხვა არცერთ ქვეყანას არ გააჩნია მსგავსი გამოცდილება. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ“

წლების წინ უკრაინის პრეზიდენტის მსგავსი პოზიციონირება ნამდვილად წარმოუდგენელი იქნებოდა, თუმცა ის არ ცრუობდა. უკრაინამ სპეციალისტების ჯგუფი ახლო აღმოსავლეთის ხუთ ქვეყანაში – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, კატარში, ქუვეითსა და იორდანიაში – გაგზავნა. მათი მისია დრონების გზაგადაჭერაში და საჰაერო თავდაცვაში დახმარება იყო. 2026 წლის მარტის შუა რიცხვებისთვის რეგიონში უკრაინის 201 სამხედრო იმყოფებოდა. შედეგიც მალევე სახეზე იყო.

უკრაინელი სამხედროები სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანაში ეფექტურად ანადგურებდნენ ირანული “შაჰედი“ ტიპის დრონებს. ამ ოპერაციების ცენტრში არსებული ტექნოლოგია კი წმინდად უკრაინული წარმოშობის იყო. ისეთი მოდელები, როგორიცაა P1-SUN და Sting იაფ და მასობრივი წარმოების საშუალებებს წარმოადგენენ მრავალრიცხოვანი დრონების შეტევების მოსაგერიებლად. მათი გამოყენება საშუალებას იძლევა “პატრიოტის“ და ძვირადღირებული რაკეტების უფრო კრიტიკული სამიზნეებისთვის დაიზოგოს, რაც გარდამტეხ მომენტში ომის დანახარჯების შესამცირებლად კარგი გამოსავალი აღმოჩნდა. გარდა ტექნოლოგიებისა, უკრაინამ ყურის ქვეყნებს რუსულ და ირანულ დრონებთან ბრძოლაში დაგროვებული მრავალწლიანი ინსტიტუციური ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

ისტორიული ხელშეკრულებები

უკრაინის ეფექტურმა ჩართულობამ ისტორიული დიპლომატიური შედეგები გამოიღო. კიევმა საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და კატართან 10 წლიანი თავდაცვითი თანამშრომლობის ხელშეკრულებები გააფორმა. ხელშეკრულებები მოიცავს ტექნოლოგიურ პარტნიორობას, ერთობლივ წარმოებას და პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიებზე ქარხნების მშენებლობას.

სანაცვლოდ, უკრაინა მიიღებს დამატებით დრონებს საკუთარი ენერგოინფრასტრუქტურის დასაცავად, ფინანსურ ანაზღაურებასა და დიზელის მარაგებს, რომლებიც მას მიეწოდება ევროპული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გავლით

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების ძლიერი სიგნალი ევროპიდანაც მოდის.გაერთიანებულ სამეფოსთან და საფრანგეთთან არსებული მჭიდრო პარტნიორობის პარალელურად, გერმანია, იტალია, ნორვეგია, შვედეთი და ნიდერლანდები უკვე მონაწილეობენ მოლაპარაკებების ადრეულ ეტაპებზე.

ირანში მიმდინარე ომმა ზელენსკის ძლიერი დიპლომატიური ბერკეტი მისცა სწორედ იმ მომენტში, როდესაც კიევისადმი აშშ-ს მხარდაჭერა ყველაზე არასაიმედოა. ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში ითხოვდა “პატრიოტის“ რაკეტებს, თავად იქცა იმ ძალად, რომლებსაც სხვა სახელმწიფოები დასახმარებლად მიმართავენ.

როცა მოსწავლე მასწავლებელი ხდება

როლების მსგავსი კარდინალური ცვლილება არსად ისე თვალსაჩინო არ არის, როგორც უკრაინისა და ნატოს ურთიერთობაში.

2025 წლის მაისში, ესტონეთში გამართულ წვრთნებზე “Hedgehog 2025“ ნატოს 12 ქვეყნის 16 000 ჯარისკაცი მონაწილეობდა. წვრთნებში ჩართული იყო ათი უკრაინული ოპერატორებისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებსაც პირობითი მოწინააღმდეგის როლი უნდა შეესრულებინათ.

სულ რაღაც ნახევარ დღეში მათ “გაანადგურეს“ 17 ჯავშანტექნიკა და განახორციელეს დარტყმა 30 სხვადასხვა სამიზნეზე. უკრაინულმა ჯგუფებმა ერთ დღეში ნატოს ორი ბატალიონი ფაქტობრივად ბრძოლისუუნარო გახადა, რის გამოც მათ წვრთნების გაგრძელება ვეღარ შეძლეს.

უკრაინულმა მხარემ ნათლად წარმოაჩინა ნატოს დანაყოფების სუსტი წერტილები, რომლებიც იბრძოდნენ უკვე მოძველებული სამხედრო სტრატეგიებით. უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ფუნდამენტურად ცვლის ბრძოლის ველს. მათივე თქმით, უკრაინა მზად არის დასავლელ პარტნიორებს გაუზიაროს დრონებით ომის წარმოების უნიკალური გამოცდილება, რომელიც დღეს გადამწყვეტ უპირატესობას იძლევა.

ეს თანამშრომლობა ოფიციალურ სახეს იღებს. გერმანიის ბუნდესვერმა დაანონსა გეგმა, რომლის მიხედვითაც უკრაინელ ინსტრუქტურებს გერმანელი ჯარისკაცების მოსამზადებლად მოიწვევენ. ამავდროულად, პენტაგონი უკრაინული გზაგადამჭერი დრონების შესყიდვაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. ბრიტანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავებულმა დრონმა, პენტაგონის მიერ ჩატარებულ ტერტირებაში (Drone Dominance) 100-დან 99.3 ქულა დააგროვა. ამ მაჩვენებლით მან ყველა ამერიკულ კონკურენტს მინიმუმ ათი ქულით აჯობა.

იარაღის ახალი ექსპორტიორი

უკრაინის სამხედრო ტრანსფორმაციის კომერციული მხარე ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, თუმცა განვითარების ვექტორი ცალსახაა. 2025 წელს უკრაინის თავდაცვის სექტორში მომუშავე კომპანიების 97% მზად იყო საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად. შედეგად, ქვეყანამ სამხედრო პროდუქციის ექსპორტი დაიწყო. პრეზიდენტი ზელენსკის ვარაუდით, 2026 წლისთვის უკრაინის პოტენციალმა დრონებისა და სარაკეტო სისტემების წარმოების მიმართულებით შესაძლოა 35 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

ზელენსკი აქტიურად ლობირებს აშშ-სთან 35-50 მილიარდი დოლარის შეთანხმებას, რაც ითვალისწინებს უკრაინული დრონების ტექნოლოგიების გაცვლას “პატრიოტის” რაკეტებში, დაფინანსებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში. თეთრი სახლი, არსებული ადმინისტრაციის პირობებში, ყოყმანობს.

სპარსეთის ყურის ქვეყნებმა უკრაინის პოტენციალი და შესაძლებლობები გაცილებით სწრაფად დაინახეს. ვაშინგტონის ცვალებადი პოზიციების საპირისპიროდ, აბუ-დაბი და ერ-რიადი მოქმედებაზე გადავიდნენ. ახალი ხელშეკრულების დადებით, თვალს ვადევნებთ გრძელვადიანი, სრულიად ინოვაციური სამხედრო პარტნიორობის საწყის ეტაპს, რომელშიც კიევი განიხილება თანასწორ ძალად.

უკრაინა – ახალი გლობალური ძალა?

ომი, როგორც წესი, ანადგურებს, თუმცა რუსეთის აგრესიამ უკრაინის სახელმწიფო ხელახლა შვა.

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინა სრულად სხვებზე იყო დამოკიდებული. იარაღისა და ფინანსების მიწოდებას პარტნიორების კეთილი ნება წყვეტდა. ოთხი წლის შემდეგ ვხედავთ რადიკალურ ცვლილებას ძალთა ბალანსში. დღეს უკრაინა იმაზე მეტ დრონს აწარმოებს, ვიდრე მთელი ნატოს ალიანსი; მისი სამხედრო ექსპერტები ახლო აღმოსავლეთში საკუთარ გამოცდილებას აზიარებენ და დიპლომატები ისტორიულ ხელშეკრულებებს დებენ; სამხედრო პერსონალი კი იმ ჯარებს წვრთნიან, რომელთაგანაც ადრე თავად სწავლობდნენ.

ეს ტრანსფორმაცია წინასწარ არავის დაუგეგმავს. უკრაინა მაგალითია მთელი მსოფლიოსთვის: თანამედროვე ომში ყველაფერს დიდი ბიუჯეტი ან იარაღის დიდი მარაგი აღარ წყვეტს. დღეს ის იგებს, ვინც ყველაზე სწრაფად ითვისებს სიახლეებს. უკრაინამ კი ამაში ყველას აჯობა. 

ავტორი

  • გიორგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი. ის იზიარებს ინდივიდუალური თავისუფლების, თვითმმართველობისა და პირადი პასუხისმგებლობის კლასიკურ ლიბერალურ ხედვას. დაინტერესებულია პოლიტიკური ფილოსოფიით, საერთაშორისო ეკონომიკით და კონფლიქტოლოგიით.

გიორგი ქაჯაია

გიორგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი. ის იზიარებს ინდივიდუალური თავისუფლების, თვითმმართველობისა და პირადი პასუხისმგებლობის კლასიკურ ლიბერალურ ხედვას. დაინტერესებულია პოლიტიკური ფილოსოფიით, საერთაშორისო ეკონომიკით და კონფლიქტოლოგიით.