Blogპოლიტიკა

ევროპის ახალი ორბანი?

12 აპრილს უნგრეთში ვიქტორ ორბანმა ძალაუფლება დათმო. ერთ დღეში დასრულებული 16 წლიანი არალიბერალური დემოკრატია გარდამტეხი მომენტი იყო ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, ბულგარეთში რუმენ რადევის პარტიამ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 44%, ანუ 131 საპარლამენტო ადგილი, მოიპოვა. კოალიცია „პროგრესული ბულგარეთი“ 1997 წლის შემდეგ პირველი პარტიაა სრულფასოვანი უმრავლესობით.

როდესაც თავისუფალი სამყაროს ნაწილი ორბანის მმართველობის დასრულებას ზეიმობდა, მისი მოდელი – ანტიკორუფციული პოპულიზმი, ბუნდოვანი პოლიტიკა რუსეთის მიმართ და ძლიერი მმართველის იმიჯი – ბულგარეთის მომავალ ლიდერში კარგად ჩანს.

გარდამტეხი მომენტი ბულგარეთის პოლიტიკაში

19 აპრილი ბულგარეთის უახლესი ისტორიის კომპლექსურობაზე მიუთითებს. 2021-2026 წლებში ბულგარეთში მერვე არჩევნები ჩატარდა. ციფრი, რომელიც წარმოუდგენელი შეიძლება ჩანდეს მათთვის, ვინც არ იცნობს ბულგარეთის პოლიტიკას.

ბულგარეთის ყოფილი პრემირის, ბოიკო ბორისოვის, ეპოქა 2009-2013 და 2017-2021 წლებში გრძელდებოდა, როდესაც მისი პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ დომინანტი ძალა იყო ქვეყანაში.

ბორისოვის მმართველობას ყველაზე კარგად მისი დასასრული აღწერს. მრავალწლიანმა კორუფციამ, საზოგადოების უნდობლობამ და შეჩერებულმა პროგრესმა ხალხს უბიძგა საპროტესტო აქციების დაწყებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის წინააღმდეგობას რეალური შედეგი – ბორისოვის ძალაუფლების დაკარგვა – მოყვა, შეიქმნა რთული პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც არჩევნები უფრო მეტ ფრაგმენტაციას იწვევდა მოწინააღმდეგე პოლიტიკურ პარტიებში.

სწორედ ასეთ რთულ პირობებში დაინიშნა კიდევ ერთი საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 19 აპრილს. არჩევნების შედეგებით ბორისოვის პარტიამ 13.4%, კოალიცია „დემოკრატიული ბულგარეთის“ და ცენტრისტული პარტიის, „ვაგრძელებთ ცვლილებებს“ ბლოკმა 12.8%, ხოლო „პროგრესული ბულგარეთი“ 44.7%-ით გახდა გამარჯვებული.

ხმების ამ რაოდენობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბულგარეთში შედარებითი სტაბილურობის პერიოდი დაიწყება.

ვინ არის რადევი?

გამარჯვებული კოალიციის ლიდერი, 62 წლის რუმენ რადევი, გამოცდილი პოლიტიკოსია. ის 2017 წლიდან 2026 წლის 23 იანვრამდე დამოუკიდებელი კანდიდატურით ბულგარეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ბულგარეთის კონსტიტუციის მიხედვით, რეალური ძალაუფლება პრემიერს აქვს, შესაბამისად რადევმა თითქმის 10-წლიანი მმართველობა მთავრობის ყველა ქმედების გასაკრიტიკებლად გამოიყენა.

ოპოზიციის მიერ ყოფილი პრეზიდენტის პრორუსად მოხსენიება უსაფუძვლო ნამდვილად არ ყოფილა. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რადევის განცხადებები რუსეთის პოზიციებს უფრო და უფრო ემსგავსება.

რადევი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას, რადგან ეს კონფლიქტი, მისი აზრით, ბულგარეთისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. ის ყირიმის ანექსიას „გეოპოლიტიკურ რეალობად“ აღიქვამს, რაც რუსული ნარატივის პირდაპირი გამეორებაა. ასევე, არ ეთანხმებოდა სანქციებს რუსეთის მიმართ, რადგან ეს ბულგარეთის ეკონომიკურ ინტერესებში არ შედიოდა.

ასევე მნიშვნელოვანი მომენტი რადევის პრეზიდენტობაში იყო რეფერენდუმის გამოცხადება ევროს მიღების თაობაზე, რაც მთავრობას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და შესაბამისად, რეფერენდუმი მხოლოდ პრობლემას შეუქმნიდა ბულგარეთს შეერთებოდა ევროზონას.

ყოფილი პრეზიდენტის კრემლის აგენტად შეფასება მარტივი არაა, რეალურად ის მემარჯვენე პოლიტიკოსების მიმდინარეობას წარმოადგენს, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ატარებენ კოორდინაციის გარეშე, რაც შეიძლება უფრო დიდ გამოწვევათ მივიჩნიოთ ევროპის თავდაცვისთვის.

„პროგრესული ბულგარეთი“, როგორ კოალიცია, უფრო რთული შესაფასებელია. მისი წინასწარი გეგმაა სასამართლო სისტემის რეფორმა, ანტიკორუფციული სამუშაოების ჩატარება და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა სამოქალაქო სექტორში ცალმხრივად დადებითი მიზნებია, თუმცა რეალური გეგმის ბუნდოვანობა რეფორმების ეფექურობაზე კითხვის ნიშნებს ტოვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა არავის შეუძლია.

ორბანის აჩრდილი

რუმენ რადევისა და ორბანის შედარებისთვის საჭიროა ორივე ფიგურის გადახედვა. რადევი ორბანის იდეოლოგიური ტყუპი ნამდვილად არ არის. ის არ იმეორებს ორბანის ქრისტიანულ რიტორიკას ან დასავლური გავლენების წინააღმდეგ სამოქალაქო სექტორის კრიტიკას. თუმცა ის იზიარებს მისი მმართველობის სტრუქტურას.

2010 წელს ორბანმა მსგავსად ჩაიბარა პრემიერობა, როდესაც უნგრეთის მოსახლეობას სურდა სტაბილური პერიოდი, რომელიც კორუფციისგან და ეკონომიკური პრობლემებისგან თავისუფალი იქნებოდა. თუმცა, ორბანმა უნგრეთის პოლიტიკური სისტემა მთლიანად შეცვალა, ყველა სფეროში ადგილები შეავსო ერთგული, მაგრამ დაბალკვალიფიკაციური კადრებით, სასამართლო და მედიის თავისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდა. ორბანმა არსებული კორფუცია უბრალოდ თავის თავზე მოირგო.

სწორედ ეს გამოცდილება აჩენს კითხვას: რამდენად განსხვავებული იქნება ბულგარეთი უნგრეთისგან?

მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთი საჭიროებს ანტიკორუფციულ რეფორმებს, არ ვიცით რამდენად დემოკრატიულად წარიმართება ეს ყოველივე. თუ ისევ უნდა ვიხილოთ კიდევ ერთი ევროპული სახელმწიფო როგორ გადაიქცევა არალიბერალურ დემოკრატიად.

ევროპის ტროას ცხენი

ბულგარეთის სტრატეგიული მნიშვნელობა ყველა პრობლემას კიდევ უფრო მწვავეს ხდის. ქვეყანა ნატოს ორ მნიშვნელოვან ბაზას მასპინძლობს, ასევე, ბალკანეთის  ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კრიტიკულ ნაწილს აკონტროლებს. 2026 წლის იანვრიდან კი ის ევროზონის წევრია, ანუ განოყოფელი ნაწილია ევროპის თავდაცვის ინფრასტრუქტურის.

რუსეთისადმი კეთილგანწყობილი ბულგარეთი დიდი პრობლემაა ევროპისთვის. რადგან მას ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ვეტოს ძალაუფლება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის ნებისმიერი ქმედება ვერ შეცვლის ევროპის კოლექტიურ ნებას, ისევე, როგორც ეს ვერ მოახერხა ორბანმა, ვეტოს უფლება ბლოკავს კრიტიკულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მრავალი წლის განმავლობაში, ორბანის მმართველობა ტროას ცხენის მეტაფორით ფასდებოდა. თუმცა ორბანი არ ყოფილა ერთადერთი პრობლემური ლიდერი ევროპისთვის. მსგავსი დამოკიდებულება დიდი ხანია არსებობს სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს, მიმართაც.

ფიცო ორბანთან შედარებით პროევროპული ლიდერი იყო. თუმცა, ბოლო წლებში ის უფრო უახლოვდება რუსულ ნარატივებს, რითიც ორბანის მმართველობის მოდელის გამგრძელებელი გახდა შინაარსობრივად. მაგრამ სლოვაკეთის პრემიერი მხოლოდ კრიტიკით და მწვავე განცხადებებით გამოირჩევა ევროპის მიმართ. გამომდინარე აქედან, არ ცდილობს შეასუსტოს ურთიერთობები ევროპასთან ვეტოს გამოყენებით, რაც სლოვაკეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად აისახება.

განსხვავებული სცენარის მოლოდინში

რას უნდა ველოდოთ რადევისგან ჯერ-ჯერობით უცნობია ჩვენთვის. არ ვიცით, ბულგარეთის ახალი ლიდერი სტაბილურობის მომტანი, თუ ევროპის ფუნდამენტური პრობლემის გამგრძელებელი იქნება.

ორბანის მრავალწლიანი გამოცდილება ევროპელ ლიდერებს აშინებთ. მაგრამ, საინტერესოა, რამდენად აქვს რესურსი ბულგარეთის ლიდერს გადაიბაროს ორბანის არალიბერალური დემოკრატიის მოდელი.

ყველაზე მოსალოდნელი სცენარით ბულგარეთი გადაიქცევა სლოვაკეთის მსგავს სახელმწიფოთ, რომელიც მუდმივად გააკრიტიკებს დასავლეთს, თუმცა მკაცრი ნაბიჯების გადადგმისგან თავს შეიკავებს.

ავტორი

  • ილია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია. კონცენტრირებულია ახლო აღმოსავლეთზე და სწავლობს არაბულ ენას. დაინტერესებულია პოლიტიკით, ეკონომიკით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და კულტურის კვლევებით.

ილია ჟუჟუნაშვილი

ილია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია. კონცენტრირებულია ახლო აღმოსავლეთზე და სწავლობს არაბულ ენას. დაინტერესებულია პოლიტიკით, ეკონომიკით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და კულტურის კვლევებით.