ექიმის დუმილი კლავს: ჯანდაცვის სისტემა და ოჯახური ძალადობა
„ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო“, ექიმი თვალს არიდებს პაციენტის მკლავზე თითების უხეშ ანაბეჭდს და მშვიდად აგრძელებს ისტორიის შევსებას. 2025 წლის პირველ 6 თვეში 3200-ზე მეტი ქალი გახდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებიც ოფიციალურად დაფიქსირდა.
სტატისტიკა იზრდება. შემთხვევები მრავლდება. საზოგადოება და ჯანდაცვის პროფესიონალები კი დუმილს ინარჩუნებენ. ექიმის კაბინეტი უნდა იყოს ის უსაფრთხო გარემო, სადაც ძალადობა არ იმალება. თუმცა, ექიმები ხშირად ხუჭავენ თვალს სხეულის დაზიანებებზე, რომლებიც სიტყვებზე ხმამაღლა მეტყველებენ.
სისტემის დანაშაული
ქალი შედის ექიმის კაბინეტში ტკივილით, ხილულით ან უხილავით. ის ამბობს, რომ „დაეცა“ , „კიბეებზე დაგორდა“, „მოულოდნელად გონება დაკარგა“. ექიმი მას ზედაპირულად სინჯავს, უნიშნავს კვლევებს, მკურნალობის კურსს და უშვებს ქალს სახლში. სწორედ იმ სახლში, სადაც ვერც ერთი წამალი ვერ გადაარჩენს მას. გაუჩენელ ეჭვებსა და არდასმულ შეკითხვებს აქვს ფასი: განმეორებული ძალადობა, გაუარესებული ჯანმრთელობა, ხშირად – სიცოცხლეც.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ქვეყანაში 7352 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. მსხვერპლთა შორის 3200-ზე მეტი ქალია მაშინ, როდესაც მოძალადეთა აბსოლუტური უმრავლესობა – კაცები. ეს სტატისტიკა ასახავს არა პრეცედენტებსა თუ გამონაკლისებს, არამედ სისტემურ, განმეორებად და გენდერული ნიშნით მოტივირებულ ძალადობას.
მაგრამ პრობლემა მხოლოდ მოძალადეებში არ არის – ამ დანაშაულთა თანამონაწილე სისტემაა, რომელიც დუმს. ჯანდაცვის სისტემა ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციას, დროულად ამოიცნოს და შეაჩეროს ქალთა მიმართ ძალადობა.
ვინ არის დამნაშავე სისტემაში?
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2024 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში ძალადობის იდენტიფიკაციის ფორმალური ვალდებულება სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფს, განსაკუთრებით კი სამედიცინო პერსონალს უნდა დაეკისროს. ეს ნიშნავს, რომ ექიმები და ჯანდაცვის მუშაკები მზად უნდა იყვნენ ძალადობის შემთხვევების ამოსაცნობად და ჰქონდეთ რესურსები შესაბამისი უწყებებისთვის მისამართად. თუმცა, მიუხედავად ამ პასუხისმგებლობისა, არ არსებობს ზუსტი პროტოკოლი.
სისტემა თვალს ხუჭავს მორიგ შეკითხვებზე: რა კითხვები უნდა დასვას ექიმმა? რის საფუძველზე უნდა ივარაუდოს ძალადობა? რა შემთხვევაში უნდა ჩართოს მან შესაბამისი უწყებები?
იზრდება პასუხგაუცემელი კითხვები და მათთან ერთად – ოჯახური ძალადობის შემთხვევები.
ეს ხარვეზი შემთხვევითი არ არის, იგი სისტემური პრობლემების შედეგია. ჯანდაცვის სფეროში ძალადობის იდენტიფიკაცია არ შედის სავალდებულო კლინიკურ პროცედურათა სიაში. შესაბამისად, ექიმმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დასვას თუ არა „უხერხული“ კითხვები, აღიქვას თუ არა დაზიანება, როგორც ძალადობის შესაძლო შედეგი. პრობლემა ინდივიდუალურ დონეზეც იჩენს თავს: ექიმების დიდი ნაწილი არ ფლობს საკმარის ცოდნას და არ გრძნობს თავს კომფორტულად ძალადობაზე საუბრისას.
თუმცა, პასუხისმგებლობას მხოლოდ ინდივიდს ვერ დავაკისრებთ: ექიმი მუშაობს სისტემაში, სადაც ტრენინგი არასავალდებულოა, პროტოკოლი ბუნდოვანია, ინსტიტუცუირი მხარდაჭერა და სხვა სერვისებთან კოორდინაცია კი – სუსტი. ასე რომ, ინდივიდუალური დუმილი სისტემური დუმილის შედეგია.
გარდა ამისა, საქართველოში განხორციელებული რეფორმები არ გახლავთ პრევენციაზე კონცენტრირებული. კრიზისული ცენტრების შექმნა და სამართლებლივი მექანიზმების გაძლიერება მხოლოდ რეაგირებაზეა ორიენტირებული. რეკომენდაციათა პრაქტიკაში სრულყოფილად დანერგვა დღემდე ვერ მოხერხდა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ამ მხრივ უშედეგოა. სისტემა არ ავალდებულებს ექიმს კითხვების დასმას და პასუხისმგებლობაც ქრება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამჟამად ფუნქციონირებს 9 კრიზისული ცენტრი, რაც აუმჯობესებს მხარდაჭერის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის, ისინო ძალადობაზე რეაგირებაზეა ორიენტირებული, ძალადობის პრევენციაზე ზრუნვას კი გაურბის. 2024 წლის მონაცემებით, ქალების 43% მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯანდაცვის ხარისხი მხოლოდ „საკმარისია“, 36% კი თვლის, რომ სერვისების ხარისხი დაბალია. შესაბამისად, ქვეყანაში, სადაც სისტემა არ სთავაზობს ქალებს ჯანდაცვის უმაღლეს ხარისხს, რთულია ველოდოთ, რომ ექიმის კაბინეტი იქნება სანდო და უსაფრთხო ადგილი ძალადობის მსხვერპლთათვის. ასეთ პირობებში, მათი გამოცდილება მხოლოდ სამედიცინო ისტორიაღა დარჩება – ხმაურის, კითხვებისა და რეაგირების გარეშე.
დამალული რეალობა
არსებობს კიდევ ერთი მწვავე პრობლემა, ხარვეზები მტკიცებულებების შეგროვებისას. ძალადობის შემთხვევები სრულად არ ფიქსირდება, მონაცემები არასრულია, ოფიციალური სტატისტიკა არ ასახავს რეალურ სურათს.
3200-ზე მეტი მსხვერპლი ქალი მხოლოდ აისბერგის ნაწილია, ზედაპირის ქვეშ კი უფრო შემზარავი სურათი იმალება. ეს პრობლემა პირდაპირ უკავშირდება ძალადობის იდენტიფიკაციის ბუნდოვან პროცესს: თუ ექიმი თვალს ხუჭავს შესაძლო ძალადობის ნიშნებზე, საქმე ვერ აღწევს სამართლებრივ სისტემამდე და მსხვერპლი ხდება დაუცველი, მისი სიცოცხლე კი განუსაზღვრელი ვადით სასწორზე დევს.
ექიმის დუმილი ყოველთვის ბოროტი განზრახვის შედეგი არ არის. ხშირად ეს შიშის, დაუცველობის განცდისა და სისტემური წნეხიდან მომდინარეობს. ექიმების მხრიდან ძალადობაზე საუბარი შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც „ოჯახის საქმეში ჩარევა“, რასაც პაციენტთან, მის ოჯახთან ან მოძალადესთან კონფლიქტის რისკი სდევს თან. გარდა ამისა, დროის დეფიციტი და გადატვირთული სამუშაო რეჟიმი ექიმებს აიძულებს ფოკუსირდნენ მხოლოდ ფიზიკურ სიმპტომებზე. ნათელი პროტოკოლის, საკმარისი ემოციური თუ პროფესიული რესურსის ნაკლებობა განაპირობებს ჯანდაცვის მუშაკთა გულგრილობას.
მიუხედავად იმისა, რომ ექიმებს კანონით ევალებათ ძალადობის შემთხვევების დაფიქსირება, ისინი რეალურად მოქმედებენ სისტემაში, რომელშიც პროტოკოლი ზოგადი და ბუნდოვანია, არ განსაზღვრავს კონკრეტულ ვალდებულებებს. ამიტომ პაციენტის სხეულზე არსებული დაზიანებები აღიწერება, როგორც „ტრავმა“, მათი გამომწვევი მიზეზი, ძალადობა ქალების მიმართ, კი ფურცლიდან ქრება.
ექიმთა მზაობა
პრობლემას ჯანდაცვის სისტემის ფრაგმენტულობაც ამწვავებს: არ არსებობს ეფექტური კომუნიკაცია ექიმებს, სოციალურ მუშაკებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის. შედეგად, პაციენტის ერთი ვიზიტი ხშირად არ იწვევს რეაგირებას. ინფორმაცია არ გადადის, ძალადობის ციკლი შეუფერხებლად გრძელდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მკვლევრების მიერ ჩატარებული 2024 წლის კვლევის მიხედვით, პრობლემა მხოლოდ სისტემაში არაა, არამედ თავად ჯანდაცვის მუშაკების მზადყოფნაშიც. ექიმების 74.2%-ს საერთოდ არ გაუვლია ტრენინგი ოჯახურ ძალადობაზე, რაც პირდაპირ აისახება მათი რეაგირების ხარისხზე. გარდა ამისა, მხოლოდ 13% სვამს პაციენტთან პირდაპირ კითხვას ძალადობის შესახებ მაშინ, როცა ექიმთა უმრავლესობა თავს არიდებს ამაზე საუბარს. ძალადობის ამოცნობის ნაცვლად ისინი ხდებიან დუმილის ნაწილი არა განზრახ, არამედ მზადყოფნის, რესურსებისა და ცოდნის ნაკლებობის გამო.
პასუხისმგებლობა ამ პროცესზე სახელმწიფოს უნდა ეკისრებოდეს. პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროსა და პროფესიულ რეგულატორებს, რომლებიც განსაზღვრავენ კლინიკურ სტანდარტებსა და სამედიცინო განათლების მოთხოვნებს. შესაძლებელია დაინერგოს სერთიფიცირების სისტემა, სადაც ძალადობის იდენტიფიკაცია და მართვა ექიმის პროფესიული განვითარების სავალდებულო ნაწილი გახდება.
პრობლემა სამედიცინო განათლებაშიც იკვეთება: მომავალი ექიმებს არ მიეწოდებათ შესაბამისი ცოდნა და რესურსები ძალადობის იდენტიფიკაციისა და ზომების მიღების შესახებ. შედეგად, ექიმი, რომელსაც არ უსწავლია შესაბამისი კითხვების დასმა, არასდროს დასვამს მათ. ამიტომ ცვლილება უნდა დაიწყოს უნივერსიტეტებიდან, ტრენინგებიდან, გადამზადების პროგრამებიდან.
რესურსების ნაკლებობა ხშირად აღიქმება დაბრკოლებად, თუმცა საქმე პრიოიტეტებშია: ტრენინგების ნაწილი შეიძლება ჩატარდეს ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, სამედიცინო ფაკულტეტებზე ინტეგრირდეს მოკლევადიანი მოდულები და შეიქმნას პროფესიული გადამზადების პროგრამები. ამ გზით ექიმებს ექნებათ ყველა საჭირო რესურსი და ცოდნა, რომ არ დარჩნენ ჩუმად.
ოჯახური ძალადობა – ინდივიდუალური დანაშაული თუ სისტემური შეცდომა?
ოჯახური ძალადობა საქართველოში არ არის მხოლოდ ტრაგედიათა ჯაჭვი, არც სტატისტიკური მონაცემები და არც ცოლ-ქმრის ჩხუბი, რაც კედლებს მიღმა უნდა დაიმალოს. ეს სისტემური პრობლემაა, რომელიც დგას არდასმულ კითხვებსა და დუმილზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემა ვალდებულია, დროულად ამოიცნოს ძალადობა და სწრაფად მიიღოს ზომები, რეალურად ის ვერ ასრულებს ამ მოვალეობას.
ბუნდოვანი პროტოკოლები, არასრული დოკუმენტაცია და გულგრილი მიდგომა ძალადობას ტოვებს შეუმჩნეველს, მსხვერპლს კი – დაუცველს.
როცა ექიმი ხედავს დაზიანებებს, მაგრამ არ სვამს კითხვებს. როცა უსმენს პაციენტის სიტყვებს და არა მათ შინაარსს, როცა დოკუმენტში იწერება „მსუბუქი ტრავმა“ და არა „ძალადობა“, სისტემა კარგავს მთავარ ფუნქციას – ადამიანის დაცვას.
ექიმის დუმილს აქვს ფასი – ეს ფასი ხშირად ქალის სიცოცხლეა.
რედაქტორი: ილია ჟუჟუნაშვილი
