Blogსაზოგადოება

სექსუალური განათლება სკოლებში: საფრთხე თუ აუცილებლობა?

„მკაფიოდ ითქვას, რას ვემხრობით, რა არის მისაღები, რა არის მიუღებელი. ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ეს ლგბტ პროპაგანდა. ღიად გეუბნებით, მიუღებელია, მეგობრებო, არ შეიძლება“, – 2023 წლის ივნისში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა საქართველოს მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა. 

იმავე წელს საქართველოში 15-19 წლის ასაკში 1968 მოზარდი გახდა დედა, ხოლო 15 წლამდელებში 10 მშობიარობა დაფიქსირდა. თუმცა, საქართველოში სექსუალური განათლება დღემდე ტაბუდადებულ თემად რჩება. ის კვლავ ასოცირდება „ლგბტ პროპაგანდასთან“ და „ბავშვების გარყვნის“ საფრთხესთან.

ქართულ რეალობაში სექსუალური განათლება ხშირად პოლიტიკურ და იდეოლოგიურ საფრთხედ არის წარმოდგენილი, მაშინ როცა საერთაშორისო ორგანიზაციები მას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ბავშვთა უსაფრთხოების აუცილებელ ნაწილად მიიჩნევენ

საქართველოში სექსუალური განათლების წინააღმდეგ კამპანიები ხშირად „ბავშვების დაცვის“ სახელით მიმდინარეობს. პარადოქსულად, სწორედ სექსუალური განათლების არქონა ტოვებს ბავშვს ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში, ძალადობის, დეზინფორმაციისა და საფრთხის წინაშე. 

„როდესაც ბავშვები ინფორმირებულნი არიან საკუთარი სხეულის შესახებ, იციან განსხვავება მისაღებ და მიუღებელ შეხებას შორის და შეუძლიათ ამაზე საუბარი, ისინი მეტად დაცულნი არიან ძალადობისგან“ – აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაცია UNICEF. 

ბავშვებზე ძალადობა, არასრულწლოვანთა ქორწინება და მოზარდთა ორსულობა იმ მწვავე პრობლემებს მიეკუთვნება, რომელთა პრევენციაც საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში სექსუალური განათლების ინტეგრაციით გახლავთ შესაძლებელი. და მაინც – რას ნიშნავს სექსუალური განათლება, რატომ აშინებს ეს სიტყვები საქართველოს მოსახლეობას და რა მიზანს ემსახურება ის რეალურად?

ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება

მაშინ, როდესაც საზოგადოება „სექსუალური განათლების“ გაგონებაზე მხოლოდ სექსზე საუბარს წარმოიდგენს, საერთაშორისო ორგანიზაციები მას სრულიად სხვა მნიშვნელობას ანიჭებენ.

UNESCO-ს განმარტებით, „ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება„ არის სასწავლო პროგრამაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების პროცესი, რომელიც მოიცავს სექსუალობის კოგნიტურ, ემოციურ, ფიზიკურ და სოციალურ ასპექტებს. მისი მიზანია ბავშვებსა და ახალგაზრდებს შესძინოს ის ცოდნა, უნარები, დამოკიდებულებები და ღირებულებები, რომლებიც მათ დაეხმარება: დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ღირსება; ჩამოაყალიბონ პატივისცემაზე დაფუძნებული სოციალური და სექსუალური ურთიერთობები; გააცნობიერონ, როგორ მოქმედებს მათი არჩევანი საკუთარ და სხვათა კეთილდღეობაზე; და დაიცვან საკუთარი უფლებები მთელი ცხოვრების მანძილზე“. 

ორგანიზაციის მიხედვით, ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება უნდა იყოს მეცნიერულად ზუსტი, ასაკსა და განვითარების ეტაპზე მორგებული, სასწავლო პროგრამასთან ერთად შემუშავებული, თანმიმდევრულად განვითარებადი, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, გენდერული თანასწორობის პრინციპებზე აგებული, კულტურულ და სოციალურ კონტექსტზე მორგებული და ორიენტირებული იმ უნარების განვითარებაზე, რომლებიც ახალგაზრდებს ჯანსაღი და უსაფრთხო გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. 

ასე რომ, სექსუალური განათლება არც ბავშვების გარყვნას ემსახურება და არც ეროვნულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. პირიქით, ის ორიენტირებულია ახალი თაობისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებაზე უსაფრთხო და კონტროლირებული გზით. მისი მთავარი მიზანია ბავშვებისა და მოზარდების ძალადობის, ტრავმებისა და დეზინფორმაციისგან დაცვა.

კონკრეტულად რას ასწავლიან ბავშვებს?

იმ ინდივიდთა დამოკიდებულება, რომლებიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში სექსუალური განათლების დანერგვის წინააღმდეგნი არიან, ძირითადად დეზინფორმაციითაა განპირობებული. საფრთხე, რომელსაც ისინი ხედავენ, ცრურწმენებიდან მომდინარეობს, რომ სკოლაში ბავშვებს „გარყვნიან“, „მხოლოდ სექსზე ესაუბრებიან“… 

უმნიშვნელოვანესია ამ ადამიანებმა სწორი ინფორმაცია მიიღონ და რეალური მოლოდინები შეიქმნან იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რას ისწავლიან ბავშვები და მოზარდები ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების ფარგლებში. 

UNESCO-ის მიხედვით, პროგრამა დაყოფილია ასაკობრივ ეტაპებად: 5–8 წელი; 9–12 წელი; 12–15 წელი; 15–18+ წელი და თემებიც სწორედ ასაკზეა მოგებული. პატარა ასაკში ბავშვები იღებენ მხოლოდ საბაზისო და ასაკისთვის შესაბამის ცოდნას, ხოლო უფრო რთული თემები მოგვიანებით ემატება.

ადრეულ ასაკში აქცენტი კეთდება  პირად საზღვრებზე, უსაფრთხო დ არასათანადო შეხებას შორის განსხვავებებზე, დახმარების ხოვნაზე, ემოციებზე, მეგობრობასა და პატივისცემაზე. და არა სექსუალურ აქტივობაზე. 

2025 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში 16 წლამდე მოზარდზე სექსუალური ძალადობის 80 შემთხვევაა რეგისტრირებული. უმნიშვნელოვანესია ბავშვებმა ისწავლონ ძალადობის ამოცნობა და დახმარების თხოვნა, რათა ძალადობის პრევენცია შესაძლებელი იყოს, და ძალადობა აღარ დაიმალოს.

მეორე ეტაპზე, როცა ბავშვები შედიან პუბერტატის ასაკში, ისინი სწავლობენ სხეულის ცვლილებებისა და ჰიგიენის შესახებ. იღებენ ინფორმაციას ინტერნეტ რისკებსა და პირადი ინფორმაციის დაცვაზე. აგრეთვე ეცნობიან თემებს, როგორებიცაა თანასწორობა, სოციალური როლები და თანატოლთა მხრიდან ზეწოლა. ამ ეტაპზე მთავარი საკითხი მოზარდის უსაფრთხოებაა.

„9-17 წლის ბავშვების 30%-ს ონლაინ უნახავს სექსუალური შინაარსის კონტენტი. მათგან ორ მესამედზე მეტს გასული წლის განმავლობაში უნებლიედ უნახავს სექსუალური ფოტოები ან ვიდეოები ინტერნეტში“. კვლევის მიხედვით, ბავშვებსა და მოზარდებს ხშირად არ აქვთ საკმარისი უნარები ონლაინ რისკების მართვისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისთვის. ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომლის აღმოფხვრაც სექსუალური განათლების დანერგვით შეიძლება. 

მესამე ეტაპზე მოსწავლეები ურთიერთობების შესახებ მსჯელობენ. ისინი განიხილავენ თანხმობის მნიშვნელობასა და პირად საზღვრებს. აგრეთვე სწავლობენ უმნიშვნელოვანესი თემების შესახებ, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე (სგგდ) და შესაძლო რისკებზე. გარდა ამისა, ისინი ინფორმაციას იღებენ  მოზარდებზე პორნოგრაფიის გავლენაზე და სწავლობენ მედიაწიგნიერებას. ეს ეტაპი უკვე რეალურ რისკებზეა ორიენტირებული.

ბოლო ეტაპზე კი მოზარდები და მოზრდილები სწავლობენ უსაფრთხო სექსუალურ ქცევას. ამომწურავ ინფორმაციას ირებენ ორსულობისა და სგგდ-ს, ურთიერთობაში ძალადობისა და მხარდამჭერი სისტემების შესახებ. ამ ასაკში პროგრამა უკვე ზრდასრულ ცხოვრებასა და უსაფრთხო გადაწყვეტილებებზეა მორგებული. 

2023 წელს საქართველოში 15–19 წლის ასაკში დაფიქსირდა 1,968 მშობიარობა. 2018 წელს კი იმავე ასაკის მოზარდებში სგგდ-ს 314 შემთხვევაა აღრიცხული. ეს სტატისტიკა აღარაა, არამედ სისტემის დანაშაულია. იმ სისტემის, რომელიც მოზარდებს არ აძლევს აუცილებელ განათლებას და არ ზრუნავს მათ უსაფრთხოებაზე.

საჭიროება თუ საფრთხე?

საქართველოში სექსუალური განათლება დღემდე ხშირად „საფრთხედ“ აღიქმება. საზოგადოებრივი დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ სვამს კითვას: „უნდა ვესაუბროთ თუ არა ბავშვებს ამ თემებზე?“ თუმცა ინტერნეტის ეპოქაში რეალური კითხვა უკვე სხვაგვარია: თუ ბავშვებს არ ასწავლის სკოლა, მაშინ საიდან მიიღებენ ისინი საჭირო ინფორმაციას?

დღევანდელ რეალობაში ბავშვების „მასწავლებელი“ ტიკტოკის ალგორითმი, ინტერნეტფორუმები, პორნოგრაფია ან თანატოლები ხდებიან. ინფორმაციის ეპოქაში ბავშვების „დაცვა დუმილით“ პრაქტიკულად შეუძლებელია. ინტერნეტი არ ელოდება ასაკს, სასწავლო გეგმას ან მშობლის მზადყოფნას. ალგორითმი ბავშვს ინფორმაციას აწვდის მანამდე, სანამ მას ექნება უნარი, გაარჩიოს რეალობა და ფანტაზია, ძალადობა და თანხმობა, უსაფრთხოება და საფრთხე. სექსუალური განათლება არ „ვნებს“ ბავშვებს, იგი მათ აძლევს უნარს, თავი დაიცვან გარემოში, სადაც ინფორმაცია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. 

სექსუალური განათლების მიწოდება უნდა იყოს მეცნიერულად ზუსტი, მოსწავლის განვითარების ეტაპის მიხედვით დაგეგმილი და კონტროლირებული პროცესი. 

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის წყაროებიდან გამოკითხულ მშობლებს შორის ყველაზე მაღალი სანდოობით ოჯახი და სკოლა სარგებლობს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ვიზრუნოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში სექსუალური განათლების ინტეგრაციაზე. 

ვინ უნდა ასწავლოს ბავშვებს?

საქართველოში სექსუალური განათლების განხილვისას ყველაზე ხშირად ერთი ფრაზა ისმის: „ამ ყველაფერს ოჯახი უნდა ასწავლიდეს“. თუმცა რეალობა ბევრად უფრო რთულია. ყველა მშობელი არ ფლობს შესაბამის ცოდნას, კომუნიკაციის უნარს და მზადყოფნას, რომ შვილს ძალადობაზე, სექსუალობაზე და უსაფრთხოებაზე ესაუბროს. 

2017 წლის მონაცემების მიხედვით, თავად ბავშვების მშობლებმაც მეგობრებისგან (80%) და ინტერნეტიდან (70%) მიიღეს ინფორმაცია რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ, შესაბამისად, არც თავად მშობლები გახლავთ პროფესიონალებზე მეტად კომპეტენტურები. 

სამწუხაროდ, არც მასწავლებელთა უმეტესობას აქვს კომპეტენცია, ისაუბროს მოსწავლეებთან ამ აუცილებელ თემებზე. 2020 წლის კვლევის მიხედვით, ისინი არ ფლობენ საკმარის ცოდნას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემებზე; არ აქვთ შესაბამისი პროფესიული გადამზადება; თავს არაკომფორტულად გრძნობენ ამ საკითხებზე საუბრისას; ერიდებიან თემას საზოგადოებრივი სტიგმისა და მშობლების შესაძლო რეაქციის გამო; არ იციან როგორ მიაწოდონ ასაკზე მორგებული ინფორმაცია ბავშვებს; ვერ არჩევენ სად გადის ზღვარი ინფორმირებასა და „ტაბუდადებულ“ თემებს შორის. 

იკვეთება სისტემის პრობლემაც: სკოლებში არ არსებობს ერთიანი, მკაფიო მეთოდოლოგია; მასწავლებლებს არ აქვთ საკმარისი რესურსები და მხარდაჭერა; თემა ხშირად მხოლოდ ბიოლოგიამდე დადის და არ მოიცავს: ძალადობის პრევენციას, პირად საზღვრებს, ურთიერთობებს ან ონლაინ უსაფრთხოებას.

პრობლემა მხოლოდ საზოგადოების წინააღმდეგობა არ არის, სისტემა თავადაც მოუმზადებელია. იქ, სადაც არც სკოლაა მზად, არც მასწავლებელი და არც სასწავლო პროგრამა არსებობს, მეტი სივრცე რჩება ინტერნეტისთვის, რომ ბავშვებს არასწორი ინფორმაცია მოაწოდოს და მათი კეთილდღეობა საფრთხეში ჩააგდოს. 

პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამებში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების უკეთ ინტეგრირება; მასწავლებელთათვის სპეციალური ტრენინგებისა და გადამზადების პროგრამების შექმნა; კულტურული და სოციალური თავისებურებების გათვალისწინება სწავლის პროცესში და მშობელთა ცნობიერების ამაღლება.

სექსუალური განათლება, ანუ ბავშვების დაცვა

საქართველოში სექსუალური განათლების შესახებ დისკუსია ჯერ კიდევ შიშით, სტიგმითა და დეზინფორმაციითაა გამყარებული. საზოგადოება კვლავ კამათობს, „რყვნის“ თუ არა ბავშვებს ამ თემებზე საუბარი, მაშინ როცა ბავშვები ყოველდღიურად აწყდებიან ინტერნეტში ძალადობრივ, სექსუალურ და ხშირად მავნე კონტენტს, ყოველგვარი კონტექსტისა და უსაფრთხოების ზომების გარეშე.

რეალური საფრთხე სექსუალური განათლება არ არის. რეალური საფრთხეა სისტემა, რომელიც ბავშვებს ცოდნის გარეშე ტოვებს. სისტემა, რომელიც ვერ ასწავლის მათ, რა არის თანხმობა, როგორ ამოიცნონ ძალადობა, როგორ დაიცვან საკუთარი სხეული, ვის მიმართონ დახმარებისთვის, და როგორ მიიღონ უსაფრთხო გადაწყვეტილებები.

იქ, სადაც სკოლა დუმს, ბავშვებს ინტერნეტი ზრდის. იქ, სადაც მშობელს ამ თემაზე საუბრის ეშინია, ბავშვებს ალგორითმი ასწავლის. იქ, სადაც სახელმწიფო სექსუალურ განათლებას „პროპაგანდად“ აღიქვამს, ბავშვები რჩებიან დეზინფორმაციის, ძალადობისა და საფრთხის წინაშე.

ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება ბავშვებისთვის „სექსის სწავლება“ არ არის. ის ძალადობის, ნაადრევი ორსულობის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და ტრავმების პრევენციის ინსტრუმენტია.

ავტორი

  • მარიკო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია ფსიქოლოგიის მიმართულებით. ასწავლის ესპანურ ენას. განსაკუთრებით დაინტერესებულია პოპ-კულტურით, სოციოლოგიური კვლევებით, მენტალური ჯანმრთელობითა და ადამიანთა უფლებებით.

მარიკო ნემსაძე

მარიკო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია ფსიქოლოგიის მიმართულებით. ასწავლის ესპანურ ენას. განსაკუთრებით დაინტერესებულია პოპ-კულტურით, სოციოლოგიური კვლევებით, მენტალური ჯანმრთელობითა და ადამიანთა უფლებებით.