Blogპოლიტიკა

მალის კრიზისი: რუსეთის მოკავშირეობის ფასი

2026 წლის 25 აპრილის დილას ჯამა’ათ ნუსრათ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინის (JNIM) და აზავადის განთავისუფლების ფრონტის (FSA) მებრძოლებმა კოორდინირებული იერიში მიიტანეს სამიზნეებზე მთელი მალის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ ბამაკოს მახლობლად მდებარე მთავარ სამხედრო ბაზაზე. 

დაღუპულთა შორის იყო გენერალი სადიო კამარა, თავდაცვის მინისტრი, რომელიც პირადად იყო საფრანგეთთან ურთიერთობის გაწყვეტისა და რუსი დაქირავებული მებრძოლების მოწვევის არქიტექტორი. ორმოცდარვა საათში მებრძოლებმა რუსეთის „აფრიკის კორპუსი“ განდევნეს ქალაქ კიდალიდან, რომელიც 2023 წლის ნოემბერში „ვაგნერის“ დახმარებით აიღეს და რაც ამ პარტნიორობის წარმატების დასტურად მიიჩნეოდა.

ალიანსები და მოწინააღმდეგეები

მალიში წლებია არასტაბილური მდგომარეობაა. ცენტრალურ ხელისუფლებას ათწლეულზე მეტია საფრთხეს უქმნის ისლამისტების და ტუარეგი სეპარატისტების დაჯგუფებები. 2021 წლიდან ქვეყანას მართავს სამხედრო ხუნტა, პრეზიდენტი ასსიმი გოიტას ხელმძღვანელობით, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის „აფრიკის კორპუსი“.

ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ორი მთავარი დაჯგუფებაა. პირველი, JNIM, არის ალ-კაიდას განშტოება აფრიკაში, შესაბამისად წარმოადგენს რეგიონში ისლამისტების მთავარ დასაყრდენს. ისინი აკონტროლებდნენ ცენტრალურ და ჩრდილოეთ მალის დიდ ნაწილს, ხოლო ბოლო წლებში ცდილობენ ჩამოაყალიბონ სირიის ახალი მთავრობის მსგავსი მმართველობა, რომელსაც ჩამოშორებული ექნება ტერორიზმის იარლიყი.

მეორე ორგანიზაციაა FSA, რომელიც ჩრდილოეთ მალიში დამოუკიდებელი სახელმწიფოს, აზავადის, შექმნას ცდილობს. თუმცა, სხვა დაჯგუფებებისგან განსხვავებით სრულიად სეკულარულია. სწორედ ამ მიზეზით JNIM და FSA ერთმანეთთან მოკავშირეობისგან ისტორიულად თავს იკავებდნენ.

მათი გაერთიანებით და კიდალის დაცემით მალის ხუნტას ალიანსს რუსეთთან ფუნდამენტი გამოეცალა, რადგან დაანახა მსოფლიოს, რომ რუსეთის დახმარება ვერ ინარჩუნებს სტაბილურობას.

დასავლეთთან კავშირის გაწყვეტა

მალიში რუსების გამოჩენამდე ცენტრალური ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი საფრანგეთი იყო.

საფრანგეთის ოპერაცია „ბარხანი“ მალიში 2013 წლიდან იმყოფებოდა. იგი ატარებდა კონტრტერორისტულ ოპერაციებს, რომელთა შედეგადაც JNIM-ის მაღალი რანგის მეთაურები განადგურდნენ, თუმცა ამას ქვეყანაში ძალადობის საერთო დონე არ შეუმცირებია. ათწლიანი ინტერვენცია არ გადაზრდილა სახელმწიფოს განმტკიცებაში, ეკონომიკურ განვითარებასა თუ სამოქალაქო უსაფრთხოების არსებით გაუმჯობესებაში ურბანული ცენტრების მიღმა. 

2021 წელს ხელისუფლებაში მოსული ხუნტა ხალხის გულწრფელ იმედგაცრუებას გამოხატავდა. ფრანგულ ძალებს აღიქვამდნენ როგორც საფრანგეთის ინტერესების და არა მალელი ხალხის სიცოცხლის დამცველებს, ხოლო სამოქალაქო მმართველობაზე დაბრუნებისკენ მიმართულმა თანმდევმა ზეწოლამ დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა.

2021 წლის გადატრიალების შემდეგ, 2022 წელს საფრანგეთმა ათასობით ჯარისკაცი გაიყვანა, ხუნტამ კი საერთაშორისო ზედამხედველობის წინააღმდეგ კამპანია გაამკაცრა. 2023 წლის ივნისში, საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულაი დიოპმა გაეროს 15 000-კაციან სამშვიდობო მისიას, MINUSMA-ს, ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება უბრძანა. გაეროს უშიშროების საბჭომ MINUSMA-ს მანდატი 2023 წლის 28 ივნისს შეუწყვიტა. ხუნტას უკვე აკრძალული ჰქონდა Radio France Internationale და France 24 (2022 წლის მარტში) არმიის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტების გაშუქების გამო. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ უსაფრთხოებასთან ერთად ქვეყნიდან ანგარიშვალდებულების პრინციპსაც დევნიდნენ.

ხუნტის კრიტიკით არ უნდა შევქმნათ ილუზია, თითქოს წინა სისტემა მუშაობდა. ფრანგული სამხედრო ინტერვენციისა და გაეროს სამშვიდობო ოპერაციების ათწლიანმა პერიოდმა მხოლოდ ამბოხებულთა ტერიტორიების გაფართოება მოიტანა. დასავლური დახმარება უფრო გარე კონტროლის ინსტრუმენტად აღიქმებოდა, ვიდრე ნამდვილ პარტნიორობად. 

ხუნტას გადაწყვეტილებას ასევე სუვერენიტეტის არგუმენტიც ჰქონდა. არცერთი სახელმწიფო, რომელსაც ქმედითი ინსტიტუტები აქვს, არ მოითმენს თავის ტერიტორიაზე გაეროს ეგიდით უცხოური სამშვიდობო ძალების განუსაზღვრელი ვადით ყოფნას. პრობლემა ის არ არის, რომ მალიმ სუვერენიტეტი მოითხოვა. პრობლემა ისაა, რომ მან ეს ერთი საგარეო დამოკიდებულების მეორით ჩანაცვლების ხარჯზე გააკეთა და არ უზრუნველყო იმ შიდა ინსტიტუტების მშენებლობა, რომლებსაც ნამდვილი სუვერენიტეტი მოითხოვს. საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის აღნიშვნა მაშინ, როდესაც მოსკოვს ყოველთვიურად 10,8 მილიონი დოლარის ჩეკებს უწერ, ერთი პრობლემის მეორეთი ჩანაცვლებაა.

რუსეთის დაპირებები

რუსეთის ვაგნერის ჯგუფის მებრძოლები მალიში 2021 წლის ბოლოს გამოჩნდნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ხუნტამ მათთან თვეში 10 მილიონი დოლარის ღირებულების შეთანხმება გააფორმა. ხელშეკრულების პირობები პირდაპირი იყო: არანაირი დათქმა ადამიანის უფლებების დაცვაზე, არანაირი დემოკრატიული სტანდარტები და არანაირი გარე ზედამხედველობის მოთხოვნა. მთავარი მიმზიდველობა იყო უსაფრთხოება, რომელიც შეთავაზებული იყო როგორც ფულადი ტრანზაქცია და არა როგორც პირობითი ვალდებულება.

ამ მიდგომას უკვე ჰქონდა პრეცედენტი. ვაგნერი მანამდე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობას მეამბოხე ჯგუფებისგან ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმარა. ამ წარმატებამ მოსკოვის მიმზიდველობა მთელ საჰელის რეგიონში გაზარდა. მალის ხუნტა შეხვდა ძალას, რომელსაც თავად „საწვრთნელ ქვედანაყოფად“ მოიხსენიებდა. კრემლიც ცდილობდა, თავისი თავი მშვიდობისმყოფლის ჭრილში წარმოეჩინა. 

2023 წლის ნოემბერში, ვაგნერის დახმარებით მალის ძალებმა აიღეს კიდალი, სეპარატისტების მრავალწლიანი სიმაგრე. მოსკოველი ბლოგერები ზეიმობდნენ, ბამაკო კი ამას საკუთარი სტრატეგიის მართებულობის დასტურად მიიჩნევდა. მცირე ხნით ისე ჩანდა, თითქოს ალიანსმა გაამართლა.

რეალობა მალიში

კიდალის აღებით გამოწვეული წარმატება მალევე დასრულდა. 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის აგვისტომდე პერიოდში, რუსული ძალების გამოჩენის შემდეგ, მალიში ძალადობის 81-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. 2024 წლის ივლისში ტუარეგმა მებრძოლებმა ქვეყნის ჩრდილოეთით სულ მცირე 84 რუსი მებრძოლი და 47 მალელი ჯარისკაცი მოკლეს. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ ამბოხებულებს საჭირო ინფორმაციით დაეხმარა, რასაც მალიმ კიევთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით უპასუხა. შემდეგ მოჰყვა 2026 წლის აპრილის შეტევა: კოორდინირებული, მრავალქალაქიანი და მასშტაბით უპრეცედენტო 2012 წლის შემდეგ.

გავლენა სამოქალაქო მოსახლეობაზე მძიმე და, ამავდროულად, პარადოქსული აღმოჩნდა. ვაგნერის ოფიციალურ გასვლამდე, 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის ივნისამდე, ვაგნერისა და მალის არმიის ჯარისკაცების ქმედებებმა 1 440-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მსხვერპლი გამოიწვია. ეს ოთხჯერ აღემატება იმავე პერიოდში JNIM-ის მიერ მოკლულთა რაოდენობას. ხუნტის უსაფრთხოების პარტნიორებმა იმაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს, ვიდრე იმ ამბოხებულებმა, რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველადაც მათ ფულს უხდიდნენ.

ყველაზე მეტად დოკუმენტირებულ ცალკეულ ინციდენტად კვლავ მურა რჩება. გაეროს ადამიანის უფლებათა გამოძიებამ დაასკვნა, რომ 2022 წლის მარტში, ცენტრალური მალის ერთ-ერთ სოფელში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს, სულ მცირე 500 ადამიანი უკანონოდ დასაჯეს სიკვდილით. ოპერაციას მალის შეიარაღებული ძალები რუს მებრძოლებთან ერთად ატარებდნენ. გაერომ ამ ოპერაციასთან დაკავშირებული ვითარება აღწერა, როგორც „ტერორი და სრული განუკითხაობა“. მალის მთავრობა ყოველგვარ დანაშაულს უარყოფს და ამ მომენტისთვის პასუხისგებაში არავინ მიცემულა.

ალიანსის ფასი

რუსეთთან მოკავშირეობა ყოველთვიურად 10 მილიონი დოლარის გარდა სხვა ხარჯებშიც გამოიხატა, რომლებიც უსაფრთხოების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განზომილებებში ვხედავთ.

ალიანსს არ დაუსუსტებია JNIM ან FSA. ორივე დაჯგუფება ინარჩუნებს ოპერაციულ ქმედითუნარიანობას და, როგორც 2026 წლის აპრილმა აჩვენა, დახვეწილი კოორდინაციის უნარსაც. ამბოხებულებმა ერთდროულად დაარტყეს ქვეყნის სხვადასხვა წერტილს, სამიზნეში ამოიღეს ბამაკოს სამხედრო ინფრასტრუქტურა და გადაკეტეს გზა ჩრდილოეთისკენ. ოპერაციული თანმიმდევრულობის ასეთი დონე მიუთითებს იმაზე, რომ რუსულ ძალისხმევას მათი შესაძლებლობები არ შეუსუსტებია. 

მალის შეჩერებული აქვს წევრობა აფრიკის კავშირსა და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურ თანამეგობრობაში (ECOWAS). ქვეყანამ აკრძალა წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალებები, გაეროს მურას ანგარიშის ავტორებს კი ჯაშუშობისთვის დევნა დაუწყო. მან გაწყვიტა კავშირი უკრაინასთან. რუსეთთან კავშირმა დასავლელი დონორებისა და საერთაშორისო დახმარების სტრუქტურებისგან ქვეყნის იზოლაცია გამოიწვია. ხუნტამ ქვეყნის შიგნითაც შეავიწროვა პოლიტიკური სივრცე, აკრძალა ოპოზიციური მედია და მოახერხა სამხედრო ძალაუფლების კონსოლიდაცია, რამაც რეჟიმის სტაბილურობის ნაცვლად, მისი მოწყვლადობა კიდევ უფრო გაზარდა.

რუსეთთან დაკავშირებულმა დაჯგუფებებმა კონტროლი დაამყარეს ოქროს მოპოვების მრავალ საბადოზე, მათ შორის ინტაჰაკას მაღაროზე ჩრდილოეთ მალიში, რომელიც 2024 წლის თებერვალში ჩაიგდეს ხელში. 2023 წელს რუსულმა პერსონალმა ბამაკოს სამხრეთით მდებარე სამი მაღაროც დაიკავა. 2025 წლის ივნისში სენუში აშენდა ოქროს გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ფორმალურად მალის საკუთრებაა, თუმცა რუსული „იადრან ჯგუფის“ (Yadran Group) მიერაა აშენებული და წელიწადში 200 ტონა პროდუქციის გადამუშავება შეუძლია. დასავლური სამთო-მოპოვებითი კომპანიები გაზრდილი გადასახადების და ექსპროპრიაციის წინაშე აღმოჩნდნენ. 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა აფრიკული ოქროთი ვაჭრობით 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ეს ოქრო სწორედ მალისა და საჰელის სხვა პარტნიორების გავლით მოძრაობს დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.

რუსეთის მოქმედებები გვაჩვენებს, რომ რუსეთთან ნებისმიერი სახის მოკავშირეობა მხოლოდ სახელმწიფოს გაქურდვას და უსაფრთხოების პრობლემებს იწვევს. 

მოსალოდნელი სცენარები

2026 წლის აპრილის მოვლენებმა მალის განვითარების ტრაექტორია ბუნდოვანი გახადა. ერთი გზა არსებული მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავებისკენ მიდის, როდესაც აფრიკის კორპუსი პოზიციებს იმყარებს უკან დახევით, ბამაკოს საერთაშორისო იზოლაცია მწვავდება, ხუნტა კი ამბოხებულთა ზეწოლას ტერიტორიების დათმობის ხარჯზე უმკლავდება. ეს გზა სტაბილურია მოსკოვისთვის, მაგრამ კატასტროფულია მალის მოსახლეობისთვის.

მეორე გზა მოკავშირეობის დივერსიფიკაციას გულისხმობს, მალიმ მეზობელი ქვეყნების დახმარებით უნდა განავითაროს რეგიონული უსაფრთხოების საკუთარი პოტენციალი, შერჩევითად აღადგინოს კავშირი აფრიკის კავშირის მექანიზმებთან და დაიწყოს დიალოგი არადასავლელ პარტნიორებთან (თურქეთი, ყურის ქვეყნები, ჩინეთი), რომლებიც ინვესტიციებს რუსული პოლიტიკური დამოკიდებულების გარეშე სთავაზობენ. ამ გზის განხორციელება რთულია, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში ინსტიტუციური ნგრევის ფონზე, თუმცა ის მაინც შესაძლებელია. აპრილის შეტევა დიდი შოკი იყო, შოკს კი უმეტესად სტრატეგიული გადაფასება მოჰყვება ხოლმე.

რუსულ ალიანსში გატარებული სამი წლის შემდეგ მალის აქვს ნაკლები ტერიტორიული კონტროლი, მეტი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე, გაზრდილი საგარეო ფინანსური დამოკიდებულება და ამბოხება, რომელმაც სულ ახლახან თავდაცვის მინისტრი მოკლა და მისი უცხოელი პარტნიორები იმ ქალაქიდან განდევნა, რომლის აღებასაც ერთად ზეიმობდნენ. 

ხუნტა ინარჩუნებს ხელისუფლებას, ეს ერთადერთი ნაწილია, რომელიც ალიანსმა ნამდვილად შეასრულა. თუმცა რეჟიმის შენარჩუნება იგივე არ არის, რაც სტაბილურობა და ის ძალიან შორს დგას სუვერენიტეტისგან.

ავტორი

  • ილია მერანის რედაქტორი და ავტორია. კონცენტრირებულია ახლო აღმოსავლეთზე და სწავლობს არაბულ ენას. დაინტერესებულია პოლიტიკით, ეკონომიკით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და კულტურის კვლევებით.

ილია ჟუჟუნაშვილი

ილია მერანის რედაქტორი და ავტორია. კონცენტრირებულია ახლო აღმოსავლეთზე და სწავლობს არაბულ ენას. დაინტერესებულია პოლიტიკით, ეკონომიკით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და კულტურის კვლევებით.