Blogპოლიტიკა

MAGA-ს დასასრული? ამერიკის შუალედური არჩევნების მოლოდინები

ორი წლის წინ MAGA ხელშეუხებელი იყო. ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რესპუბლიკური პარტია ხელში ჩაიგდო და მეორედ ამერიკული პოლიტიკის ცენტრად იქცა. წლების განმავლობაში MAGA თვითკმარად გამოიყურებოდა. ის ეფუძნებოდა ერთი ლიდერისადმი ერთგულებას და ნამდვილ კავშირს მილიონობით მშრომელ ამერიკელთან, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ორივე პარტიისგან იგნორირებულად გრძნობდნენ თავს.

დღეს, ორი წლის შემდეგ, ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, მოძრაობაში ბზარებია. ბზარები კი გაჩნდა იმ ამომრჩევლების იმედგაცრუებისგან, რომლებსაც სჯეროდათ ტრამპის იზოლაციონისტური და ანტი-ინტერვენციული დაპირებების, რომლებიც არ შესრულდა

MAGA სუსტდება

რიცხვები უკვე თვეებია მხოლოდ ერთი მიმართულებით იცვლება. იმ რესპუბლიკელთა წილი, რომლებიც საკუთარ თავს MAGA-სთან აიგივებენ, 2025 წლის აპრილიდან დღეს 57%-დან 50%-მდე შემცირდა. რესპუბლიკელებს შორის იმ ამომრჩეველთა წილმა, რომლებიც ტრამპს “სრულად უჭერენ მხარს” კი 68%-დან 48%-მდე იკლო. აღნიშნული მონაცემები პარტიის შიგნით მტკიცე მხარდაჭერის კოლაფსის ნიშანია.

დონალდ ტრამპისადმი უნდობლობის ზრდას სამი მიზეზი განაპირობებს: განგრძობითი ფასების ზრდა, ომი, რომლის დაწყების საჭიროება რიგითი ამერიკელისთვის ამოუცნობია და ტრამპის ოჯახის კორუფციულ სქემებზე არსებული მზარდი ეჭვები. მხოლოდ აგვისტოში რესპუბლიკელ ამომრჩეველთა სამომხმარებლო განწყობა 9.5 პუნქტით დაეცა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ვარდნაა ისტორიაში. უისკონსინში, ისტორიულად რესპუბლიკურ შტატში, ამომრჩეველთა მხოლოდ 36% იწონებს ტრამპის ეკონომიკურ პოლიტიკას, ხოლო ინფლაციის მართვას – 28%. ეს მაჩვენებლები კატასტროფულია პარტიისთვის, რომლის წინასაარჩევნო დაპირება ცხოვრების გაიაფება იყო.

მოძრაობაში არსებული ბზარები პირად ურთიერთობებშიც გადაიზარდა. ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელ მარჯორი ტეილორ გრინსა და ტრამპს შორის 2026 წლის იანვარში საჯარო დაპირისპირება მოხდა, რაც გრინის მიერ კონგრესის დატოვებით დასრულდა. კონკურენტულ ოლქებში ნომინირებული რესპუბლიკელი კანდიდატები, რომლებიც იმპიჩმენტის პროცესის და ბრალდებების დროს ტრამპს იცავდნენ, დღეს მისგან დისტანცირებას ცდილობენ. თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ ტრამპი პარტიის “უდავო ლიდერია“, თუმცა გამოკითხვები საპირისპიროს მოწმობს.

იმას, რაც ამ ვითარებას ჩეული შუალედური არჩევნების დაღლილობისგან განასხვავებს, მისი წყაროა. MAGA-ს მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი მოდიოდა საშუალო განათლების მქონე, ეკონომიკურად დაბალი ფენის, შედარებით ასაკიან ამომრჩეველზე. სწორედ ეს ხალხი ითვლებოდა 2016 წლიდან მოძრაობის ბაზად. თუმცა, როდესაც ისინიც იწყებენ MAGA იდენტობისგან გაუცხოვებას, პროცესი უფრო დიდ წონას იძენს, ვიდრე უბრალო უკმაყოფილებაა.

საარჩევნო გამოკითხვები

შიდა უთანხმოებები აუცილებლად აისახება ციფრებში, რომლებიც არჩევნების ბედს გადაწყვეტს. 2026 წლის აგვისტოს მონაცემებით, რეგისტრირებული ამომრჩევლების 46% აცხადებს, რომ ნოემბერში მხარს დემოკრატებს დაუჭერს, ხოლო 39% რესპუბლიკელებს. Marist-ის წინასაარჩევნო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ კონგრესის საერთო ბიულეტენში დემოკრატები 14 პროცენტით ლიდერობენ. ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დემოკრატიული პარტია ასეთ საგრძნობ უპირატესობას ფლობენ.

არცერთ პრეზიდენტს, რომლის მხარდაჭერის რეიტინგიც 46%-ზე დაბალი იყო, შუალედურ არჩევნებში წარმომადგენელთა პალატაში სერიოზული დანაკარგები თავიდან არ აუცილებია. 2026 წლის იანვრიდან, ტრამპის მხარდაჭერის საშუალო მაჩვენებელი 43%-ს შეადგენს, რაზეც უარყოფითად იმოქმედა ტარიფებმა, საბიუჯეტო ხარჯების გაზრდამ და ისრაელის უკომპრომისო მხარდაჭერამ. არსებული მონაცემების საფუძველზე, ისტორიული მოდელები რესპუბლიკელებისთვის წარმომადგენლების პალატაში 20-დან 35 ადგილამდე დაკარგვას პროგნოზირებს.

25 სექტემბრის მონაცემებით, Decision Desk HQ-ის შეფასებით, დემოკრატიულ პარტიას წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვების 72%-იანი, ხოლო სენატში 54%-იანი შანსი აქვს. უმრავლესობის მოსაპოვებლად დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაში სულ რაღაც სამი, ხოლო სენატში ოთხი დამატებითი მანდატი სჭირდებათ. ამ გამოკითხვის მიხედვით, აიოვა და ჯორჯია, რომლებიც ისტორიულად რესპუბლიკური შტატებია, მერყევი შტატების სიას მიაკუთვნეს. მთელი ზაფხულის განმავლობაში საარჩევნო რუკა სტაბილურად დემოკრატების სასარგებლოდ იცვლებოდა.

სამომხმარებლო ნდობის ინდექსი 57-ის ნიშნულია, რაც მმართველი პარტიისთვის უსაფრთხო ზღვარზე ბევრად დაბალია. მოქმედი პრეზიდენტის პარტიისთვის ბოლოს ასეთი არახელსაყრელი გარემო 2006 და 2018 წლებში იყო. ორივე შემთხვევაში რესპუბლიკელებმა წარმომადგენელტა პალატა დათმეს.

ულტრამემარჯვენეების პოპულარიზაცია

რესპუბლიკური პარტიის შიგნით სულ უფრო თვალსაჩინო ხდება მემარჯვენე პოლიტიკის უფრო ხისტი, რადიკალური, ნაციონალისტური ელემენტები. ამის ყველაზე მკაფიო სიგნალი 2025 წლის 27 ოქტომბერს გამოჩნდა, როდესაც ტაკერ კარლსონმა, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ხმამ, საკუთარ სტრიმინგ-პლატფორმაზე ნიკ ფუენტესი მიიწვია. ორ საათიან ინტერვიუს 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.

ფუენტესი ტრადიციული კონსერვატორი არ არის. ის რადიკალური ნაციონალისტი და ჰოლოკოსტის უარმყოფელია, რომელიც ახალგაზრდა ულტრამემარჯვენე აქტივისტების მოძრობა “გროიპერებს“ (Groypers) ხელმძღვანელობს. ფუენტესი წლების განმავლობაში პოლიტიკურ პერიფერიაზე ოპერირებდა. კარლსონთან ინტერვიუმ ეს რეალობა შეცვალა. ტაკერმა მას მილიონობით რიგით რესპუბლიკელ მაყურებელთან წვდომა მისცა, არ დაუსვამს მწვავე კითხვები და მთელი ინტერვიუ ისე წაიყვანა, თითქოს ეს რიგითი პოლიტიკური გადაცემა იყო. ფუენტესმაც შესაძლებლობა გამოიყენა და ღიად ისაუბრო ნაციონალისტურ, ანტი-სემიტურ და რასისტულ იდეებზე.

რეაქციამაც არ დააყოვნა და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ებრაელ-ამერიკელმა კონსერვატორმა პოლიტიკურმა კომენტატორმა, ბენ შაპირომ, ტაკერ კარლსონისა და ნიკ ფუენტესის ინტერვიუს რესპუბლიკურ პარტიაში ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის ნორმალიზების მცდელობა უწოდა. სენატორმა ჯეიმს ლენქფორდმა ფუენტესის რიტორიკას “შეერთებული შტატების კონსტიტუციასთან შეუსაბამო“ უწოდა. მას შემდეგ, რაც Heritage Foundation-ის პრეზიდენტმა, კევინ რობერტსმა, ტაკერ კარლსონი დაიცვა, რამდენიმე ებრაულმა ორგანიზაციამ ამავე ფონდის ანტისემიტიზმთან ბრძოლის ჯგუფი დატოვა. 1973 წელს დაარსებული ანალიტიკური ცენტრი, რომელიც დიდხანს ითვლებოდა ტრადიციული კონსერვატიზმის ბურჯად, საჯარო სკანდალში აღმოჩნდა.

როდესაც ტრამპს ამის შესახებ ჰკითხეს, მას არც ფუენტესი და არც კარლსონი არ გაუკრიტიკებია. მან აღნიშნა, რომ ინტერვიუ უნდა შეაფასოს ხალხმა და თავად გადაწყვიტოს ღირებულია თუ არა. ეს ერთის მხრივ ლაკონური პასუხი ძალიან ბევრი ებრაელი ამერიკელისთვის და ტრადიციული კონსერვატორისთვის მოულოდნელი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ დაგმო ულტრამემარჯვენე ნაციონალისტი, რომელსაც მილიონობით ახალგაზრდა მსმენელი ჰყავს. რესპუბლიკურმა პარტიამაც ეს საკითხი გვერდზე გადადო.

კარლსონისა და ფუენტესის ინტერვიუ მნიშვნელოვანია იმ სიგნალის აღსაქმელად, თუ საით მიემართება რესპუბლიკული პარტიის ამომრჩევლების ნაწილი. ფუენტესი ამტკიცებს, რომ მისი მზარდი გავლენა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცებში, იმის დასტურია, რომ რესპუბლიკური პარტია უფრო და უფრო ნაციონალისტური ხდება. ახალგაზრდა ამომრჩევლების გამოკითხვები ამ განცხადებას ადასტურებს. 2024 წელს ტრამპმა სერიოზულ წარმატებას მიაღწია 30 წლამდე ასაკის მამაკაცებში, ხოლო კულტურული ნაკადი, რომელიც ახალგაზრდა კაცებში ამ ცვლილებას კვებავდა იყო ონლაინ პოპულარიზებული ნაციონალიზმი, ანტი-ემიგრაციული განწყობები და ქრისტიანულ-ნაციონალისტური პოლიტიკა, რომელიც ფუენტესის მსოფლმხედველობის საფუძველია.

განხეთქილება, რომელიც რესპუბლიკურ პარტიაში ნელ-ნელა თავს იჩენს, რეალურია და არ აქვს მარტივი გამოსავალი. ტრადიციული რესპუბლიკელები, რომლებმაც კარლსონი დაგმეს, ადევნებენ თვალს თუ როგორ ინარჩუნებს და ზრდის გავლენას ადამიანი, რომელსაც ისინი არა მარტო პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის სახიფათოდ მიიჩნევენ. პარტიას ამ გამოწვევაზე ერთიანი პასუხი არ გააჩნია, რადგან თავად პრეზიდენტიც არ არის ცალსახა თავის პოზიციაში.

ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის რესპუბლიკელმა პარტია გააფრთხილა, რომ “კარლსონი რესპუბლიკელებს 2026 და 2028 წლების არჩევნების დაკარგვად დაუჯდებათ“. ეს მოლოდინები შესაძლოა გამართლდეს. თუმცა უფრო ღრმა პრობლემა კონკრეტულად კარლსონში ან ფუენტესში არ არის. პრობლემა ისაა, რომ რესპუბლიკური პარტია წლების განმავლობაში არ ემიჯდებოდა თავის პერიფერიებზე მყოფ ულტრამემარჯვენე ელემენტებს.

ამერიკული სოციალისტური მომენტი

იმ სივრცეს, რომელსაც MAGA და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ელემენტები ტოვებენ, ყველაზე აქტიურად დემოკრატების ახალი მემარცხენე ფრთა ავსებს. ამ მოძრაობის ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა 34 წლის დემოკრატი სოციალისტი ზოჰრან მამდანია, რომელიც 2026 წლის იანვრიდან ნიუ იორკის მერია. მამდანიმ დემოკრატების პრაიმერიზში დემოკრატიული პარტიის ისთებლიშმენტის მხარდაჭერილი კანდიდატი, ენდიუ კუომო დაამარცხა ხმათა 56.4%-ით. ეს შედეგი ნიუ-იორკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გამარჯვება იყო. მამდანის პლატფორმა ეფუძნებოდა აშკარად სოციალისტურ იდეებს, როგორიცაა ქირის ფასების გაყინვა, უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუნიციპალური სასურსათო მაღაზიები, უფასო საბავშვო ბაღები და მდიდრებისთვის მაღალ გადასახადები. მოულოდნელად, ნიუ-იორკში, ვოლ სთრითის და ამერიკის მთავარ კომერციულ ქალაქში ამ სტრატეგიამ გაამართლა.

2026 წლის პრაიმერიზების სეზონში “ამერიკის დემოკრატ სოციალისტებთან“ (DSA) აფილირებულმა კანდიდატებმა ხმაურიანი გამარჯვებები მოიპოვეს. მათ შორის ყველაზე მოულოდნელი იყო აბდულ ელ-საიედის გამარჯვება, რომელმაც მიჩიგანში დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში დაამარცხა ჰეილი სტივენსი, რომლის კამპანიაში AIPAC-მა 1.2 მილიონი დოლარი ჩადო. გარდა აბდულის გამარჯვებისა, ზოჰრან მამდანის ტალღაზე, ნიუ-იორკის ყველა საარჩევნო ოლქში ასევე დემოკრატ სოციალისტების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ტრამპმა ამ ყველაფერს “კომუნისტური გადატრიალება“ უწოდა. CBS News-ის გამოკითხვით, დემოკრატების უკვე 22%-ს მიაჩნია, რომ პარტია სოციალისტური პოზიციებისკენ უნდა გადაიხაროს და ეს რიცხვები მზარდია. DSA-ს კანდიდატები პრაიმერიზებში გამარჯვებას განაგრძობენ. ქირის, სურსათის ფასებისა და ხელფასების გამო უკმაყოფილება შედეგად იძლევა იმას, რასაც მხოლოდ იდეოლოგიური კონსენსუსი ვერ შეძლებდა. ხალხი ამჟამად არსებული სიტუაციისადმი უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს. ეს უკმაყოფილება კი მემარცხენეების ყველაზე დიდი აქტივია.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ აღმასვლას რეალური შეზღუდვებიც აქვს. DSA-ს კანდიდატებმა გამარჯვებები ძირითადად დიდ ქალაქებსა და მერყევი შტატების რამდენიმე პრაიმერიზში მოიპოვეს. “სოციალისტის“ იარლიყი ქვეყნის დიდ ნაწილში კვლავ არაპოპულარულია. შეძლებს თუ არა სოციალისტური პოლიტიკური მოძრაობა ნიუ-იორკიდან ფლორიდისა თუ არიზონის კონკრეტულ გარეუბნებში გადაინაცვლოს, ჯერ კიდევ ღია კითხვად რჩება. თუმცა, არსებული იმპულსი რეალურია და გამარჯვებებიც გრძელდება.

ნოემბრის ვერდიქტი

არჩევნებამდე რამდენიმე კვირა რჩება. პროგნოზირების ბაზრეზბე დემოკრატების მიერ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვების შანსი 86%-ით ფასდება. ორივე პალატაში დემოკრატების გამარჯვება კი ყველაზე სავარაუდო შედეგად ითვლება. მოლოდინები იმაზე უარყოფითია რესპუბლიკელებისთვის, ვიდრე ეს 2018 წელს იყო. 2018 წლის შუალედური არჩევნები დემოკრატებისთვის კონგრესში დამატებით 40 ადგილის მოპოვებით დასრულდა.

მსგავსი ვითარება ეტაპობრივად ყალიბდებოდა. MAGA-ს ბაზა შედარებით პასიური გახდა; საერთო საარჩევნო ბიულეტენის მონაცემები რესპუბლიკელების საზიანოდ შეიცვალა და ეს ტენდენცია შენარჩუნდა; ტაკერ კარლსონის ინტერვიუმ ნიკ ფუენტესთან პარტიის შიგნით დამატებითი ბზარი გააჩინა; ირანში დაწყებულმა ომმა, ეფშტეინის ფაილების გამოქვეყნების პროცესმა და ფასების ზრდამ კი დიდი განხეთქილება გააჩინა რესპუბლიკელ ამომრჩევლებსა და რესპუბლიკურ მთავრობას შორის. მეორე მხარეს, დემოკრატიული მემარცხენე ფრთა ცდილობს აითვისოს ის ეკონომიკური უკმაყოფილება, რომელიც ოდესღაც ტრამპის საყრდენი იყო.

MAGA-ს ეპოქა დასრულებული არ არის, თუმცა მოძრაობას რთული პერიოდი უდგას. მხარდამჭერებში ენთუზიაზმი ქრება, პარტიაში რადიკალური ჯგუფები ძლიერდება, ხოლო ოპონენტები ეფექტურად იყენებენ მზარდ ეკონომიკურ პრობლემებს.

ნოემბრის შუალედური არჩევნები გვიჩვენებს, თუ რამდენად რთულადაა რესპუბლიკური პარტიისა და MAGA-ს საქმე.

ავტორი

  • გიორგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი. ის იზიარებს ინდივიდუალური თავისუფლების, თვითმმართველობისა და პირადი პასუხისმგებლობის კლასიკურ ლიბერალურ ხედვას. დაინტერესებულია პოლიტიკური ფილოსოფიით, საერთაშორისო ეკონომიკით და კონფლიქტოლოგიით.

გიორგი ქაჯაია

გიორგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი. ის იზიარებს ინდივიდუალური თავისუფლების, თვითმმართველობისა და პირადი პასუხისმგებლობის კლასიკურ ლიბერალურ ხედვას. დაინტერესებულია პოლიტიკური ფილოსოფიით, საერთაშორისო ეკონომიკით და კონფლიქტოლოგიით.