Blogეკონომიკა

გზა, რომელიც რეგიონს აკავშირებს: საქართველოს სატრანზიტო ნახტომი

სამხრეთ კავკასიის რეგიონში სატრანსპორტო სექტორი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებების ეტაპს გადის. კონკრეტულად, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ამჟამად რამდენიმე ძირითადი მიმართულებით ვითარდება. პროექტები ხორციელდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და გლობალური შესყიდვების პროცედურების მხარდაჭერით. 

ბოლო წლებში განხორციელებული და მიმდინარე ინიციატივები მოიცავს ავტომაგისტრალებისა და სარკინიგზო ქსელის განვითარებას ქვეყნის მასშტაბით. ასევე დაგეგმილია მუნიციპალური ტრანსპორტის მოდერნიზაციის პროექტებიც. ეს პროცესები სტრატეგიული მნიშვნელობისაა, როგორც საქართველოსთვის, ისე კავკასიის რეგიონისთვის. ამ ფონზე, განსაკუთრებით საყურადღებოა პროექტების შემსრულებელი კომპანიების როლი და მათი გავლენა რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლი და მიმდინარე პროექტები

აღნიშნული პროექტები არსებითად ცვლის ქვეყნის ყოველდღიურობასა და ეკონომიკურ დინამიკას. ამ ცვლილებებისთვის კი აუცილებელია მასშტაბური ფინანსური რესურსები. ათწლეულებია, მსხვილი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელის გაუმჯობესებას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები აფინანსებენ. მათ შორის წამყვან როლს ასრულებენ მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).

საერთაშორისო დაფინანსება ძირითადად სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებს მოიცავს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი (კერძოდ, რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთი), რომლის მშენებლობაც 2025 წელს დასრულდა. 52 კილომეტრიანი მასშტაბური მონაკვეთი 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსდა. ცალკეული მონაკვეთების, მათ შორის, ხევი-არგვეთას მონაკვეთის პროექტირება აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ პროექტი დათქმულ ვადაში ვერ დასრულდა. ამ ყველაფერს დაერთო რთული ინჟინრული და გეოლოგიური გამოწვევები, რამაც ცალკეულ მონაკვეთებზე გზის დაზიანება გამოიწვია. თითოეული ტექნიკური შეფერხება და დამატებითი გამაგრებითი სამუშაოები მშენებლობის საბოლოო ვადებს კიდევ უფრო შორს წევდა.

მეორე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტია გრიგოლეთი–ქობულეთი–ბათუმის შემოვლითი ავტობანი, რომელიც შავი ზღვის სანაპირო ზოლს აკავშირებს. აღნიშნული პროექტი რეალურად ჩქაროსნული მაგისტრალის ლოგიკური გაგრძელებაა და ისიც აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის მთავარი მიზანია ტრანზიტული ნაკადების გატარება საკურორტო ქალაქების (ურეკი, ქობულეთი) გვერდის ავლით, პირდაპირ ბათუმისა და სარფის საბაჟოს მიმართულებით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ისინი დღემდე გრძელდება.

ხიდმაღალა (საავტომობილო გზების დეპარტამენტი)

პროცედურები და კონტრაქტორი კომპანიები

საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტები მკაცრი, წინასწარ გაწერილი წესებით ხორციელდება. როდესაც დონორი ორგანიზაციები საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ფინანსებს გამოყოფენ, სავალდებულო მოთხოვნად ღია საერთაშორისო კონკურსის ჩატარებას აწესებენ. შესყიდვები საერთაშორისო ტენდერის ფორმატით მიმდინარეობს, რაც მსოფლიოს ნებისმიერ კვალიფიციურ კომპანიას პროექტში მონაწილეობის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს.

გამარჯვებულის შერჩევისას გადამწყვეტია სამი ძირითადი კრიტერიუმი: ყველაზე დაბალი ფასი, მსგავსი მასშტაბის პროექტების მართვის გამოცდილება და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობა. საქართველოს შემთხვევაში,  ტენდერებში განაცხადები ევროპულ, თურქულ თუ ჩინურ კომპანიებს შეაქვთ, რის შემდეგაც სპეციალური კომისია კონტრაქტს აფორმებს საუკეთესო პირობების  მქონე კომპანიასთან. 

საინტერესოა, რომ დასავლური ბანკების მიერ დაფინანსებულ პროექტებში უმეტესწილად ჩინური მსხვილი სახელმწიფო და კერძო კორპორაციები იმარჯვებენ, რადგან მათ ევროპულ კონკურენტებთან შედარებით ბევრად დაბალი ფასის შეთავაზება შეუძლიათ. მაგალითად, რიკოთის საუღელტეხილო გზისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოებს სწორედ ისეთი გიგანტები ახორციელებენ, როგორებიცაა China Road and Bridge Corporation და China State Construction Engineering Corporation. რიკოთის საუღელტეხილო გზის მაგალითი მკაფიოდ აჩენს იმ გამოწვევებს, რაც დაბალ ფასზე ორიენტირებულ შესყიდვებს ახლავს თან. მიუხედავად იმისა, რომ ჩინურმა კორპორაციებმა ფინანსურად ყველაზე ხელსაყრელი განაცხადები წარადგინეს, შესრულებული სამუშაოების ხარისხი სერიოზულ კითხვებს აჩენს. მშენებლობის პროცესში, მაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე გზისა და დამცავი ნაგებობების მეწყრულმა ჩამოშლამ პროექტის გეოლოგიური და ტექნიკური სტანდარტების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა. ეს შემთხვევები აჩვენებს, რომ თავდაპირველად შეთავაზებული დაბალი ღირებულება ხშირად ინფრასტრუქტურის მდგრადობის ხარჯზე მიიღწევა, რაც შემდგომში დაზიანებული მონაკვეთების პერმანენტულ შეკეთებასა და პროექტის გაჭიანურებას იწვევს. აღნიშნული ტენდენცია ნათლად გამოჩნდა როგორც რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ისე გრიგოლეთი–ქობულეთი–ბათუმის შემოვლით ავტობანზე. მშენებლობის შეფერხება ზრდის საერთო ხარჯებს, რაც კომპანიებში არსებული შიდა თუ ტექნიკური პრობლემების კიდევ ერთი თვალსაჩინო შედეგია. 

„საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია JV Polatyol & Mapa, რომელიც აშენებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლით გზას, არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს… კომპანია არ გასცემს შრომის ანაზღაურებას დასაქმებულებზე… საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ კომპანია არაერთხელ არის გაფრთხილებული და დაკისრებულიც აქვს საჯარიმო სანქციები.“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის განცხადებაში (2025 წლის 30 მაისი)

აღნიშნულ თურქულ კონსორციუმთან, 2025 წლის ივლისში, მრავალი საჯარიმო სანქციის შედეგად ხელშეკრულება შეწყდა. ის ჩანაცვლდა სხვა თურქული კომპანიით, რომელიც მაგისტრალების დამაკავშირებელი 3 კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულებაზე დღემდე მუშაობს. დაბალ ფასზე აქცენტირებულმა შესყიდვებმა და შემსრულებელი კომპანიების შიდა კრიზისებმა ამ და სხვა მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტების არა მხოლოდ ხარისხობრივი, არამედ სოციალურ-ეკონომიკური რისკებიც აშკარა გახადა. 

„TC-GATE“ პროექტი

საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინიციატივაა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ 2026 წლის ივნისში დამტკიცებული პროექტი „TC-GATE“ (Trans-Caspian Transport Corridor – Georgia Accessibility and Transport Enhancement Project). ინიციატივის საერთო ღირებულება 750 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, საიდანაც უშუალოდ მსოფლიო ბანკი 372 მილიონ დოლარს აფინანსებს. დანარჩენ ნაწილს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) და აზიის განვითარების ბანკი (ADB) ფარავენ.

პროექტი პირდაპირ უკავშირდება „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) განვითარების კონცეფციას, რომელიც აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვას ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვის გავლით  უზრუნველყოფს. ამ გლობალურ ქსელში საქართველო, ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად, უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს. ქვეყნის მთავარი ეკონომიკური უპირატესობა სწორედ ევროპასა და აზიას შორის უმოკლესი, შავ ზღვაზე გამავალი კრიტიკული სატრანზიტო ტერიტორიის სტატუსია. გლობალური სავაჭრო ნაკადების ზრდის ფონზე, ეს ინვესტიცია საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობაა თავისი გეოპოლიტიკური პოტენციალის სრულად რეალიზებისა და რეგიონული კონკურენტუნარიანობის განმტკიცებისთვის.

„პროექტი, საქართველოს საგზაო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, ხელს შეუწყობს საგზაო აქტივების მართვის გაციფროვნებას და ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების გამოყენებას, ავტომაგისტრალების კონტროლის ეროვნული ცენტრის (NHCC) შექმნით, კლიმატისადმი მედეგი სისტემების დანერგვით და გრძელვადიანი ფისკალური მდგრადობის მხარდაჭერით.“ – World Bank Group პრესრელიზი თბილისი, 2 ივნისი, 2026

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კახეთის სტრატეგიული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სადაც იგეგმება ახალი ოთხზოლიანი ავტომაგისტრალების, ბადიაური-ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთებისა და გურჯაანი-თელავის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. ეს მარშრუტი პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის დასავლეთ ნაწილს და არსებითად ამცირებს მგზავრობისთვის საჭირო დროს თელავსა და ფოთის საზღვაო პორტს შორის, რაც ხელს შეუწყობს კახეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სწრაფ და ეფექტიან მიწოდებას შავი ზღვის აუზისკენ. 

თანამედროვე კლიმატმედეგი სტანდარტებით აშენებული გზები შეამცირებს სტიქიური მოვლენებით გამოწვეულ შეფერხებებს და უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ მოძრაობას აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრა, საბაჟო-გამშვები პუნქტების განახლება და კერძო სექტორის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეამცირებს სატრანსპორტო ხარჯებს და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის მიწოდების ჯაჭვის, აგრობიზნესისა და მომსახურების სფეროებში. 

საქართველოს როლი რეგიონულ დერეფანში

სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო ლანდშაფტს მეზობელი ქვეყნების ინიციატივები სწრაფად ცვლის. სომხეთში აქტიურად განიხილება „მშვიდობის გზაჯვარედინის“ (Crossroads of Peace) პროექტი, რომელიც აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზების კვალდაკვალ სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენასა და რეგიონული სახმელეთო კავშირების გახსნას ითვალისწინებს. პარალელურად, აზერბაიჯანი არა მხოლოდ აფართოებს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) გამტარუნარიანობას ევროპული ბაზრებისთვის, არამედ აქტიურად აშენებს ახალ სატრანზიტო ჰაბებსა და კასპიისპირა ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურასაც.

რეგიონში ახალი სატრანზიტო მარშრუტების, მათ შორის აზერბაიჯანთან დაკავშირებული TRIPP-ის დერეფნის პარალელურად, თბილისსა და ბაქოს შორის სატრანზიტო ურთიერთობები დაიძაბა. გასულ წელს აზერბაიჯანულ მედიაში (Minval Politika, Caliber) გავრცელებულმა ბრალდებებმა საზღვარზე ტვირთების შეყოვნებასა და საწვავის ტრანზიტის მაღალ ტარიფებთან დაკავშირებით, ნათლად გამოაჩინა, რომ საქართველოს პოზიციებს მზარდი რეგიონული ალტერნატივები და პოლიტიკური კონკურენცია ემუქრება.

ამ ფონზე, საქართველოს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნისთვის სტრატეგიული წინსვლაა. მედეგი ინფრასტრუქტურა, საბაჟო პროცედურების გამარტივება და ციფრული პროცესების დანერგვა საგრძნობლად შეამცირებს გადაზიდვის დროსა და ხარჯებს. ეს ინვესტიციები უზრუნველყოფს, რომ “შუა დერეფანში“ საქართველოს მარშრუტმა შეინარჩუნოს მაღალი კონკურენტუნარიანობა და ქვეყანა ევროპა-აზიის ვაჭრობის შეუცვლელ, თანამედროვე ლოგისტიკურ ცენტრად აქციოს. 

დასკვნა

საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს რეგიონულ სატრანსპორტო ჰაბად ქცევის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, დაბალ ფასზე ორიენტირებულმა შესყიდვებმა და დაბალკვალიფიციური კონტრაქტორების შერჩევამ ხარისხის გაუარესება და სამუშაოების ხშირი გაჭიანურება გამოიწვია. ამ შეფერხებებმა, თავის მხრივ, პირდაპირ გაზარდა პროექტების საბოლოო ხარჯები. იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანი აქტიურად ავითარებს ალტერნატიულ სატრანზიტო მარშუტებს და რეგიონული კონკურენციაც იზრდება, მსგავსი მიდგომის გაგრძელება საქართველოს სატრანზიტო პოზიციებს საფრთხეს უქმნის. პროექტების მართვისა და ხარისხის კონტროლის გამკაცრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მხოლოდ ხარისხიანი, ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურის დროული ამოქმედება უზრუნველყოფს საზღვრისკვეთის პროცედურების დაჩქარებას, გადაზიდვების ხარჯების შემცირებას და საქართველოს პოზიციების საიმედოდ განმტკიცებას გლობალურ სატრანსპორტო რუკაზე.

ავტორი

  • ნინია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტია ევრო-ატლანტიკის მიმართულებით და სწავლობს ფრანგულ ენას. დაინტერესებულია საერთაშორისო ურთიერთობებით, კულტურისა და პოლიტიკის თანაკვეთითა და განსაკუთრებით აკვირდება დასავლური პოლიტიკის მიმდინარეობას.

ნინია ციცვიძე

ნინია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტია ევრო-ატლანტიკის მიმართულებით და სწავლობს ფრანგულ ენას. დაინტერესებულია საერთაშორისო ურთიერთობებით, კულტურისა და პოლიტიკის თანაკვეთითა და განსაკუთრებით აკვირდება დასავლური პოლიტიკის მიმდინარეობას.