რატომ გაუცხოვდნენ ახალგაზრდები პოლიტიკისგან
საქართველოში ფართოდ არის ის აზრი გავრცელებული, რომ ახალგაზრდები არ ინტერესდებიან პოლიტიკით, მაგრამ პრობლემას სრულიად სხვა რამ შესაძლოა წარმოადგენდეს, ეს კი მათ მიერ საკუთარი თავის ვერ აღმოჩენასა და გაუცხოებას უკავშირდება.
რას ნიშნავს პოლიტიკა ახალგაზრდისთვის
ქვეყანაში ახალგაზრდისთვის პოლიტიკა ხშირად პარტიების დაპირისპირებასა და წინასაარჩევნო დაპირებებთან ასოცირდება. ამ დროს, მისი ყოველდღიური კითხვები გაცილებით კონკრეტულია: „დავრჩე თუ წავიდე ქვეყნიდან?, სად ვიმუშავო?, როგორ ვიცხოვრო დამოუკიდებლად?“. ამ ყველაფრის ფონზე, როცა პოლიტიკური დღის წესრიგი და პირადი ცხოვრება ერთმანეთთან რთულად მოდის თანხვედრაში, პოლიტიკა გაუცხოების საგანი ხდება ახალგაზრდისთვის. შესაბამისად, მისთვის პოლიტიკაში ჩართულობა არა არჩევნის გაკეთებას, არამედ არჩევნის არჰქონას უფრო ჰგავს. საქართველოში ახალგაზრდების პოლიტიკურ ჩართულობაზე საუბრისას ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება უნდა გავაკეთოთ. პოლიტიკით დაინტერესება და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა ერთი და იგივე არ არის. 2023 წლის NDI-ის კვლევაში 18-34 წლის ახალგაზრდების 50%-მა თქვა, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ იყო მათ შეხედულებებთან ახლოს. ასევე NDI-სა და CRRC საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქართველი ახალგაზრდების მეხუთედზე მეტი მაინც, აქტიურად ფიქრობს ემიგრაციაზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2004 წელს საქართველოდან ემიგრანტად აღრიცხულთა რაოენობამ 121 425 ადამიანი შეადგინა. საქსტატის ასაკობრივი მონაცემების მიხედვით, მათ შორის 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდიოდა დაახლოებით 33 ათასი ადამიანი. ეს არ უსვამს ხაზს იმას, რომ ახალგაზრდები არ არიან პოლიტიკით დაინტერესებულნი, მაგრამ აჩვენებს, რომ მათ მნიშვნელოვან ნაწილს პოლიტიკური წარმომადგენლობის განცდა არ აქვს. ახალგაზრდის ქვეყნიდან წასვლის სურვილი ყოველთვის პოლიტიკური უკმაყოფილების გამოხატულება არ არის, მას შეიძლება რეალური ეკონომიკური მიზეზიც ჰქონდეს და უმეტეს შემთხვევაში ასეც არის.
ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობა
სწორედ აქ ჩნდება მნიშვნელოვანი კონტრარგუმენტი: იქნებ ახალგაზრდების პოლიტიკური დისტანცია მართლაც აპათიაა? შესაძლოა, ზოგი ახალგაზრდა საერთოდ არ ინტერესდება საზოგადოებრივი საკითხებით, პოლიტიკურ სიახლეებს არ ადევნებს თვალს და მონაწილეობა არ სურს. ასევე შესაძლებელია, რომ ემიგრაციის სურვილი ძირითადად დაბალ ხელფასებს, დასაქმების პრობლემებსა და უკეთესი ცხოვრების ძიებას უკავშირდებოდეს და არა პოლიტიკურ გაუცხოებას. ამ შესაძლებლობების უარყოფა სწორი არ იქნება. თუმცა მხოლოდ აპათიით მთელი სურათის ახსნა რთულდება, რადგან ბოლო წლების მოვლენებმა აჩვენა, რომ როდესაც საკითხი ახალგაზრდის ღირებულებებს, თავისუფლებას ან მომავალს პირდაპირ ეხება, მისი პოლიტიკური აქტიურობა მკვეთრად იზრდება.
როცა საკითხი მომავალს ეხება
ამის განსაკუთრებით ნათელი მაგალითია 2024 წლის გაზაფხული. 2024 წლის 3 აპრილს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება გამოაცხადა, რასაც მასობრივი საპროტესტო მობილიზაცია მოჰყვა. აპრილსა და მაისში რუსთაველის გამზირზე საზოგადოება ყოველდღიურად იკრიბებოდა.. 14 მაისს, როდესაც პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, პროტესტი კვლავ მასშტაბური იყო. ეს შემთხვევა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახალგაზრდების აქტიურობა არ იყო მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის ფორმა, ისინი ქუჩაში გამოვიდნენ კონკრეტული საკითხის გამო, რომელიც მათთვის ქვეყნის ევროპულ მიმართულებასა და მომავალთან იყო დაკავშირებული.
იგივე დინამიკა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის პროცესს 2028 წლამდე აჩერებდა. განცხადებას მალევე მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. აქციები დეკემბერშიც გაგრძელდა და წლის ბოლოსაც არ შეწყვეტილა.
ამ მაგალითებიდან ჩანს, რომ ახალგაზრდების პრობლემა მხოლოდ „პოლიტიკის არმოყვარულობა“ ვერ იქნება. როდესაც საკითხი მათთვის პარტიული დაპირისპირება კი არა, არამედ ევროპული მომავალი, თავისუფლება, განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების სივრცე ან სახელმწიფოს პოლიტიკური კურსი ხდება, მათ შეუძლიათ ძალიან სწრაფად გაერთიანდნენ.
მობილიზაციის გართულება
მაგრამ სწორედ აქ ჩნდება მეორე კითხვა: თუ ასეთი მობილიზაცია შესაძლებელია, რატომ არ გრძელდება იგი ყოველთვის ერთნაირი ძალით?
ამის ახსნა მხოლოდ იმით, რომ ახალგაზრდებმა „მოტივაცია დაკარგეს“, არასაკმარისია. მასობრივი პროტესტის საწყის ეტაპზე ადამიანებს აერთიანებს ერთი მკაფიო და ემოციურად ძლიერი საკითხი. 2024 წლის აპრილ-მაისში ეს იყო კონკრეტული კანონის წინააღმდეგ წინააღმდეგობა, ხოლო ნოემბრიდან კი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერება და პოლიტიკური კურსის საკითხი. ასეთ მომენტში სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანებსაც კი შეუძლიათ დროებით იპოვონ საერთო მოთხოვნა. მაგრამ შემდეგ საერთო მიზნის მიღწევა უფრო რთულდება, ვინაიდან, ჩნდება განსხვავებული ტაქტიკური ხედვები, პოლიტიკური პარტიების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება, დაღლილობა, აგრეთვე დროისა და რესურსების შეზღუდვა. 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ მის მიერ გამოკითხული 156 დაკავებულიდან 124, ანუ 80 პროცენტი, პოლიციის მხრიდან ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა. ეს ნიშნავს, რომ ქუჩის აქტივიზმს მხოლოდ პოლიტიკური მოტივაცია კი არა, პირადი რისკიც ახლდა. 2025 წელს ეს წნეხი გაგრძელდა. ამასთან, პროტესტი მთლიანად არ გამქრალა. 2025 წლის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ყოველდღიური შეკრებები გაგრძელდა და 2025 წლის ნოემბერში, 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების წლისთავზე, კვლავ დიდი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. ამიტომ უფრო ზუსტი იქნება ვთქვათ, რომ მობილიზაციის ფორმა შეიცვალა და მასშტაბი პერიოდულად მერყეობდა, ვიდრე ის, რომ ახალგაზრდებმა უბრალოდ „დაკარგეს ინტერესი“. სწორედ ეს განსხვავება არის მნიშვნელოვანი. ახალგაზრდული პოლიტიკური ჩართულობა არ უნდა იზომებოდეს მხოლოდ მასობრივი აქციის მონაწილეთა რაოდენობით. თუ ახალგაზრდა არჩევნებზე ხმას აძლევს, უნივერსიტეტსა ან სკოლაში კონკრეტულ საკითხზე კამპანიას ქმნის, ადგილობრივ ბიუჯეტზე საკუთარი იდეის წარდგენას ცდილობს, საჯარო უწყებას პრობლემის მოგვარებას სთხოვს, მონაწილეობს საზოგადოებრივ განხილვაში ან ონლაინ სივრცეში პოლიტიკური საკითხის შესახებ ინფორმირებულ დისკუსიას აწარმოებს, ის უკვე პოლიტიკური პროცესის მონაწილეა.
ამიტომ მთავარი კითხვა აღარ უნდა იყოს მხოლოდ „რატომ არ არიან ახალგაზრდები პოლიტიკაში?“, არამედ „რა ინსტიტუტები და მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ მათ ყოველდღიურ ინტერესებს გადაწყვეტილების მიღებამდე მიაღწიოს?“
რა უნდა შეიცვალოს
ცხადია, პრობლემის აღნიშვნა საკმარისი არ არის. თუ გვინდა, რომ საქართველოში ახალგახზრდების პოლიტიკური ჩართულობა გაიზარდოს, ამისთვის საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა.
პირველ ნაბიჯად პოლიტიკური განათლების გაძლიერება მიმაჩნია. ეს განათლება არ უნდა შემოიფარგლოს ერთი ზოგადი საგნით ან არჩევნების წინ ჩატარებული საინფორმაციო კამპანიით. საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლების ფარგლებში პრაქტიკული კომპონენტი უნდა გაძლიერდეს. მაგალითად, მოსწავლეებმა სიმულაციის გზით უნდა გაიარონ პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პროცესი, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაგეგმვა და საჯარო განხილვა. უნივერსიტეტებში კი შესაძლებელია შეიქმნას ყოველწლიური „ადგილობრივი პოლიტიკის ლაბორატორიები“, სადაც სტუდენტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად რეალურ პრობლემებზე იმუშავებენ. ასეთი პროგრამების ორგანიზატორები შეიძლება იყვნენ განათლების სამინისტრო, უნივერსიტეტები და მუნიციპალიტეტები, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აკადემიურმა სფერომ უზრუნველყონ ტრენერების მომზადება და მეთოდოლოგია.
მეორე აუცილებელი ნაბიჯი ახალგაზრდების რეალური მონაწილეობაა გადაწყვეტილების მიღებაში. ახალგაზრდული საბჭო მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტიანი, თუ მის მოსაზრებას კონკრეტული პროცედურული შედეგი მოჰყვება. ამისთვის მუნიციპალიტეტებში შესაძლებელია შეიქმნას ან გაძლიერდეს მუდმივი ახალგაზრდული საბჭოები, რომელთა წევრების არჩევა გამჭვირვალე კონკურსისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლობის კომბინაციით მოხდება. მუნიციპალიტეტმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გამოაქვეყნოს პასუხი, კერძოდ, რომელი რეკომენდაცია მიიღო, რომელი არ მიიღო და რატომ. უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ახალგაზრდებისთვის მონაწილეობითი ბიუჯეტის ცალკე კომპონენტის შექმნა, რომლის ფარგლებშიც 16-29 წლის მოქალაქეები თავად წარადგენენ და კენჭს უყრიან მცირე მუნიციპალურ პროექტებს. მაგალითად, სტუდენტურ სივრცეს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემას ან საჯარო სივრცის გაუმჯობესებას. საჭიროა უფრო ძლიერი სამართლებრივი გარანტიაც. საქართველოს თვითმმართველობის სისტემაში შეიძლება შემოღებულ იქნეს წესი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი ახალგაზრდებზე პირდაპირ გავლენის მქონე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, მაგალითად, განათლების, დასაქმების, ტრანსპორტის, სპორტისა და ურბანული განვითარების პროგრამის მიღებამდე ვალდებული იქნება ჩაატაროს ახალგაზრდული კონსულტაცია და გადაწყვეტილების საბოლოო დოკუმენტში მიუთითოს, როგორ გაითვალისწინა მიღებული მოსაზრებები. ეს არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს ყველა საკითხზე ვეტოს უფლება უნდა ჰქონდეთ. მიზანი არის ის, რომ მათი მონაწილეობა ფორმალური შეხვედრიდან ანგარიშვალდებულ პროცესად გადაიქცეს. მსგავსი ინსტიტუციონალიზაციის მაგალითები სხვა ქვეყნებშიც არსებობს: OECD-ის მონაცემებით, ფინეთსა და ნორვეგიაში ადგილობრივი ახალგაზრდული საბჭოების შექმნა მუნიციპალურ დონეზე სავალდებულოა, ხოლო ბელგიის ფლამანდურ საზოგადოებაში საჯარო დაწესებულებებს ახალგაზრდებთან კონსულტაციის ვალდებულება აქვთ.
მესამე მიმართულება პოლიტიკური კომუნიკაციის შეცვლაა. თუ პოლიტიკოსი ახალგაზრდას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხვდება, შემდეგ კი მისი შეკითხვები უპასუხოდ რჩება, ნდობის გაჩენა რთულია. ამიტომ კომუნიკაცია მხოლოდ პარტიის ოფისში დახურულ შეხვედრას ან წინასაარჩევნო მიტინგს არ უნდა დაეყრდნოს. პარლამენტის კომიტეტებსა და მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ თვეში ერთხელ ჩაატარონ ღია ახალგაზრდული კითხვა-პასუხის შეხვედრები, რომელთა ონლაინ წარმართვაც შესაძლებელი იქნება. შეხვედრის ინიციატორი შეიძლება იყოს როგორც შესაბამისი საჯარო უწყება, ისე ახალგაზრდული ორგანიზაციები. წინასწარ უნდა გამოქვეყნდეს განსახილველი თემები, ახალგაზრდებს ჰქონდეთ კითხვების ონლაინ გაგზავნის შესაძლებლობა, ხოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდეს წერილობითი პასუხები და შემდგომი ნაბიჯები. თემები შეიძლება იყოს პირდაპირ პრაქტიკული-უნივერსიტეტის დაფინანსება, სტაჟირება და პირველი სამსახური, მუნიციპალური ტრანსპორტი, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა, კულტურული და სპორტული სივრცეები, ციფრული უსაფრთხოება ან ემიგრაციიდან დაბრუნების შესაძლებლობები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მექანიზმები მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ახალგაზრდებისთვის შეთავაზებული ფორმატი არ იყოს. ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად დააყენონ საკითხი დღის წესრიგში. მაგალითად, უნივერსიტეტის სტუდენტურმა გაერთიანებამ შეიძლება მოითხოვოს შეხვედრა განათლების კომიტეტთან, წარადგინოს კვლევა სტუდენტური დასაქმების შესახებ და მიიღოს წერილობითი პასუხი. მუნიციპალიტეტმა კი შეიძლება შექმნას ციფრული პლატფორმა, სადაც ახალგაზრდა მოქალაქე იდეას ან პრობლემას დაარეგისტრირებს, დაინახავს მის სტატუსს და საბოლოოდ მიიღებს ინფორმაციას, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ გზით პოლიტიკური კომუნიკაცია ერთჯერადი საუბრის ნაცვლად უკუკავშირის ციკლად იქცევა, რომელიც შემდეგნაირად გამოვლინდება: კითხვა-განხილვა-გადაწყვეტილება-შედეგის გამოქვეყნება.
მონაწილე და არა მხოლოდ ამომრჩეველი
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფრის შეცვლა მხოლოდ ახალგაზრდის პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს. საჭიროა ისეთი პოლიტიკური გარემოს შექმნა, სადაც ახალგაზრდა თავს მხოლოდ ამომრჩევლად კი არა, მონაწილედაც იგრძნობს. თუ ახალგაზრდა მხოლოდ არჩევნების დროს არის საჭირო როგორც ამომრჩეველი, ბუნებრივია, რომ დანარჩენ პერიოდში პოლიტიკისგან დისტანცირება გაგრძელდება. მაგრამ თუ მას ექნება ცოდნა, საკუთარი ინიციატივის წარდგენის რეალური შესაძლებლობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ინსტიტუციური გზა და საჯარო უწყებისგან პასუხის მიღების გარანტია, პოლიტიკური ჩართულობა მხოლოდ ქუჩის პროტესტზე აღარ იქნება დამოკიდებული.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკისგან ყველაზე საშიში დისტანცია მაშინ იწყება, როცა ახალგაზრდა ამბობს: „ეს ჩემზე მაინც არ არის დამოკიდებული“, სწორედ ამიტომ, ყოველთვის შეძლება იმ მიძინებული და ძალით შექმნილი აპათიის გამოღვიძება, რომელიც რეალურად ყოველდღე ითხოვს შველასა და ინტერესის ქონის სადავეებზე ჩაჭიდებას.
რედაქტორი: ილია ჟუჟუნაშვილი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ აზრთა მრავალფეროვნებას. გამოგვიგზავნეთ თქვენი სტატია.
