Blogპოლიტიკა

ლეიბორისტების უკანასკნელი შანსი: ენდი ბერნემის პოლიტიკური გამოცდა

2026 წლის 20 ივლისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ენდი ბერნემი გახდა. მას არანაირი გამოცდილება არ ჰქონია საგარეო პოლიტიკაში. წლების განმავლობაში, ბერნემი მანჩესტერის მერი იყო და მისი საქმიანობის უდიდესი ნაწილი ტრანსპორტისა და ხელმისაწვდომი საცხოვრებლის საკითხებს ეხებოდა. პრემიერ მინისტრად დანიშვნის შემდეგ, არსებობდა მოლოდინი, რომ ის საგარეო საკითხებს მინისტრებს მიანდობდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით არ იყო მოსალოდნელი დიდი ცვლილებები.

პრემიერ-მინისტრობის ოთხი თვის თავზე, ეს მოლოდინები სრულად გაქარწყლდა. ახალმა ლეიბორისტულმა მთავრობამ სანქციები დაუწესა უკანონო ებრაულ დასახლებებს, განაახლა დებატები ევროკავშირთან ურთიერთობაზე და ახალი კურსი აიღო ვაშინგტონთან მიმართებით.

უკრაინა და სტარმერის მემკვიდრეობა

მიუხედავად ცვლილებებისა, კირ სტარმერის პოლიტიკასთან მემკვიდრეობითობაც შენარჩუნდა. ბერნემმა ეროვნული უსაფრთხოების საკითებში მრჩევლად ჯონათან პაუელი დატოვა. მისმა კანცლერმა, ჯონ ჰილმა, კი ახალი მთავრობა შეაფასა, როგორც ლეიბორისტული კურსის გაგრძელება ახალი ლიდერით.

ლეიბორისტული საგარეო პოლიტიკის უწყვეტობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია უკრაინა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო პირველი ლიდერი, ვისაც ბერნემმა უმასპინძლა. ისინი ერთმანეთს 27 ივლისს, პორტსმუტში შეხვდნენ. ბერნემმა განაცხადა, რომ ლონდონი კიევს გადასცემს Stone Cloak-ის ტექნოლოგიას. რადიოელექტრონული დახშობის სისტემას, რომელიც უკრაინულ დრონებს რუსული საჰაერო თავდაცვისგან დაიცავს. შედეგად, უკრაინა ამ სისტემების წარმოებას უკვე საკუთარ ტერიტორიაზე შეძლებს.

2022 წლიდან უკრაინისთვის გაწეულმა დიდი ბრიტანეთის მთლიანმა დახმარებამ 25 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, საიდანაც 16 მილიარდი გაიცა სამხედრო დახმარების სახით. აგვისტოში, ბერნემი კიევს ესტუმრა. უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რაც ლონდონს საბრძოლო ველის მონაცემებზე წვდომას მისცემს.

ყველაზე მკვეთრი წყვეტა

დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მკვეთრი ცვლილება ისრაელს შეეხო. 8 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ედ მილიბენდმა სანქციები დაუწესა დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ებრაულ დასახლებებს. დიდი ბრიტანეთის ამ ნაბიჯს კანადა და ათი ევროპული ქვეყანაც შეუერთდა.

სანქციების პაკეტი მოიცავს ამ დასახლებებიდან იმპორტისა და უძრავი ქონების რეკლამირების აკრძალვას. იგი ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე ფინანსურ და სამშენებლო სექტორებში საქმიანობენ. შეზღუდვების ნაწილი უკვე ძალაშია. პაკეტის სრულ ამოქმედებას კი დაახლოებით ცხრა თვე დასჭირდება.

ბერნემის მთავრობამ ისრაელი პალესტინელების ეთნიკურ წმენდაშიც დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში არცერთ მთავრობას მსგავსი მკაცრი რიტორიკა ისრაელისა და დასავლეთ სანაპიროზე არსებული ვითარების შესახებ არ გამოუყენებია.

დიდი ბრიტანეთის პოლიტიკის ცვლილება ისრაელის მიმართ უპასუხოდ არ დარჩენილა. ისრაელმა დახურა ბრიტანეთის საკონსულო აღმოსავლეთ იერუსალიმში და ბრიტანეთის 12 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ეს სანქციები ისრაელის საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ლონდონი ამ ნაბიჯით საარჩევნო პროცესში ჩარევას ეცადა.

დიდ ბრიტანეთში ბერნემის ამ ნაბიჯს პოზიტიური რეაქცია მოჰყვა. YouGov-ის გამოკითხვაში, გადაწყვეტილებას ბრიტანელების 52% ემხრობა, ხოლო 17% ეწინააღმდეგება. თავის მხრივ, ბრიტანეთის ებრაელთა დეპუტატთა საბჭომ (Board of Deputies of British Jews) სანქციების დაწესების დრო გააკრიტიკა.

მიუხედავად სანქციების დაწესებისა, მათი ეფექტი ისრაელისთვის ნაკლებად ხელშესახები იქნება. ვინაიდან შეზღუდვები მხოლოდ დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ებრაულ დასახლებებს ეხება, კომპანიებმა შესაძლოა სანქციებისთვის გვერდის ავლის გზები მარტივად იპოვონ.

ურთიერთობა ვაშინგტონთან

ბერნემმა შეერთებულ შტატებს დიდი ბრიტანეთის უმნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს საჯაროდ შეეწინააღმდეგებოდა, თუ ამას ქვეყნის ინტერესები მოითხოვდა. 

დიდმა ბრიტანეთმა, ჯერ კიდევ ყოფილი პრემიერ მინისტრი სტარმერის დროს, რამდენჯერმე განაცხადა უარი შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე.

ტრამპმა თავდაპირველად აღნიშნა, რომ ბერნემის პოლიტიკა ზედმეტად ლიბერალურია. თუმცა, პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ, მან ახალი პრემიერ-მინისტრი მოიწონა.

ვაშინგტონთან  ურთიერთობის კონტექსტში, ბერნემს ხშირად ადარებენ კანადის პრემიერ მინისტრ მარკ კარნის, რომელიც ღიად საუბრობს კრიზისულ მსოფლიო წესრიგზე. ბერნემი და კარნი კოორდინირებულად მოქმედებენ და საშუალო ძალის სახელმწიფოების გაერთიანებას ისახავენ მიზნად.

დასახლებების წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებამ ნათლად აჩვენა, რომ შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობის დინამიკა არ შეცვლილა. სანქციების ოფიციალურად გამოცხადებამდე, ბერნემმა ტრამპს დაურეკა და თავისი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ აცნობა.

ბრექსიტის შემდგომი დაახლოება

საგარეო ურთიერთობების საბჭო (Council on Foreign Relations) ბერნემს ტონი ბლერის შემდეგ ყველაზე პროევროპულ პრემიერ-მინისტრად მიიჩნევს. ლეიბორისტების კონფერენციაზე ბერნემმა განაცხადა, რომ ბრექსიტმა დიდ ბრიტანეთს იმაზე მეტი ზიანი მოუტანა, ვიდრე სარგებელი. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან ურთიერთობის ოთხი პოტენციური სცენარი დაასახელა: არსებული შეთანხმების შენარჩუნება, საბაჟო კავშირში დაბრუნება, ერთიან ბაზარზე დაბრუნება ან სრული რეინტეგრაცია.

თუმცა, მან აღნიშნა, რომ ლეიბორისტების წითელი ხაზები კვლავ ძალაშია. შესაბამისად, მიმდინარე მოწვევის პარლამენტის ვადის ამოწურვამდე დიდი ბრიტანეთი ვერ დაბრუნდება ვერც საბაჟო კავშირში, ვერც ერთიან ბაზარზე და, მითუმეტეს, ევროკავშირში.

მოკლევადიანი გეგმა უფრო მარტივია. ბერნემს სურს, ბრიუსელში დაგეგმილ 20 ნოემბრის სამიტზე დაასრულოს შეთანხმებების გაფორმება სურსათის სტანდარტების, ემისიებით ვაჭრობისა და ახალგაზრდების მობილობის შესახებ. მათგან ყველაზე რთული ახალგაზრდების მობილობის თემაა, რადგან სავიზო რეჟიმის შემსუბუქება ქვეყნის შიგნით გაძლიერებული ანტი-მიგრაციული ნარატივის ფონზე სერიოზულ პოლიტიკურ რისკებს მოიცავს.

თავდაცვა

ბერნემი საგარეო პოლიტიკას მჭიდროდ უკავშირებს შიდა პოლიტიკას. ის გეგმავს, 2035 წლისთვის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2.6%-დან 3.5%-მდე გაზარდოს. ამით, პრემიერ-მინისტრი ნატოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს  შეასრულებს. მას ასევე სურს, რომ თავდაცვის ბიუჯეტის დიდი ნაწილი ბრიტანულ კომპანიებს მოხმარდეს. ბერნემი ამ პროცესს „თავდაცვით რეინდუსტრიალიზაციას“ უწოდებს. ამ გეგმის მთავარი მიზანია, გემთსაშენებეა და ქარხნებში ინვესტიციების ჩადებით ეკონომიკურად სუსტ ქალაქებში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას.

ბერნემისთვის მთავარი გამოწვევა ფინანსებია. მან ხაზინის კანცლერად დანიშნა ჯონ ჰილი, რომელმაც თავდაცვის უწყება სწორედ იმიტომ დატოვა, რომ სტარმერი 2030 წლისთვის სამხედრო ხარჯების მშპ-ის 3%-მდე გაზრდის ვალდებულებას არ იღებდა. ახალ თანამდედობაზე გადასვლის შემდეგ კი ჰილმა ეს მიზანი დღის წესრიგიდან თავად მოხსნა.

დღევანდელ ბრიტანულ ეკონომიკაში თავდაცვის ხარჯების 3.5%-მდე გაზრდა გადასახადების მატების, სოციალური დახმარებების შემცირების ან სხვა საბიუჯეტო პროექტების შეკვეცის გარეშე თითქმის შეუძლებელია. ბერნემის წინასაარჩევნო დაპირებები კი ორივეს მოიცავდა: როგორც გაზრდილ სამხედრო ბიუჯეტს, ისე სოციალური პროგრამების შენარჩუნებას. ამ ურთიერთსაწინააღმდეგო პირობების ერთდროულად შესრულება პოტენციური სირთულეების გარეშე გამორიცხულია.

ბერნემის ექსპერიმენტი: რას ნიშნავს 2029 წლის არჩევნები

ენდი ბერნემის მმართველობა დიდი ბრიტანეთისთვის გარდამტეხი პოლიტიკური ექსპერიმენტია. მან სტარმერის ფრთხილი და ინერტული კურსი რადიკალურად შეცვალა. ბერნემი ცდილობს, ბრექსიტის შემდგომი იზოლაცია და ეკონომიკური სტაგნაცია ერთიანი სტრატეგიით დაძლიოს. მისი ხედვით, გლობალური აქტიურობა და ქვეყნის ინდუსტრიული გამოცოცხლება ერთმანეთს უნდა ავსებდეს.

თუმცა, ამ სტრატეგიის განხორციელება პრემიერ-მინისტრს უმძიმეს ფისკალურ და პოლიტიკურ გარემოში უწევს. ლეიბორისტები საკუთარი დაპირებების მძევლები არიან. მათ ერთდროულად სურთ შეინარჩუნონ სოციალური სახელმწიფო და გაზარდონ ქვეყნის თავდაცვითუნარიანობა. ამ ბალანსის დარღვევა მყისიერად გამოიწვევს საბიუჯეტო კრიზისს და ამომრჩევლების უკმაყოფილებას.

პარალელურად, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ველი რადიკალურად იცვლება. რადიკალირად მემარჯვენე “Reform UK” უკვე თვრამეტი თვეა გამოკითხვებში მოწინავე ადგილს არ თმობს, ხოლო რადიკალურად მემარცხენე “მწვანეთა პარტია” უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში. ტრადიციული პარტიების მიმართ ნდობა კრიტიკულ ზღვარზეა. უკვე ათწლიანი სტაგნაციის ფონზე, ბრიტანელი ამომრჩეველი სწრაფ და ხელშესახებ შედეგებს ითხოვს.

ამ ფონზე, 2029 წლის საპარლამენტო არჩევნები უბრალო პოლიტიკურ კონკურენციას სცდება. თუ ბერნემის მთავრობა ეკონომიკურ სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს, ხელისუფლებაში მემარჯვენე ან მემარცხენე პოპულისტები მოვლენ. მათი გამარჯვენა კი სრულად გაანადგურებს ლეიბორისტების მემკვიდრეობას. ბრიტანეთი კვლავ იზოლაციონიზმისკენ შებრუნდება, ხოლო ბრიუსელთან აღდგენილი პარტნიორობა პირველივე დღეს დასრულდება.

სწორედ ენდი ბერნემის პოლიტიკურ ალღოზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა დიდი ბრიტანეთი პოლარიზაციიდან და ეკონომიკური სტაგნაციიდან თავის დაღწევას. წარმატების შემთხვევაში, ის დიდი ბრიტანეთის თანამედროვე ისტორიაში, ერთ-ერთ გამორჩეულ რეფორმატორად შევა. მარცხი კი ბერნემს აქცევს პრემიერ-მინისტრად, რომლის ამბიციურმა ექსპერიმენტმაც ლეიბორისტული პარტიის ეპოქა დაასრულა.

ავტორი

  • გიორგი ქაჯაია

    გიორგი მერანის რედაქტორია. დაინტერესებულია საერთაშორისო პოლიტიკით, უსაფრთხოების საკითხებითა და ეკონომიკით. იკვლევს პოლიტიკურ ფილოსოფიას.

გიორგი ქაჯაია

გიორგი მერანის რედაქტორია. დაინტერესებულია საერთაშორისო პოლიტიკით, უსაფრთხოების საკითხებითა და ეკონომიკით. იკვლევს პოლიტიკურ ფილოსოფიას.