Blogპოლიტიკა

შეძლებს თუ არა ევროპა სრულმასშტაბიან ომს?

2026 წლის 12 ივნისს მონტენეგროში ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეატყობინა, რომ საერთო საჰაერო ხომალდის შექმნის ამბიცია აღარ უნდა ჰქონოდა.

თითქმის ათი წლის, €100 მილიარდიანი ბიუჯეტის და სამი ქვეყნის ერთობლივი პოლიტიკური ამბიციის მიუხედავად, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი ჩავარდა. ფრანგი Dassault-ისა და გერმანიის Airbus-ის წარმომადგენლებმა ინტელექტუალური საკუთრება ვერ გაინაწილეს.

ამ სიტუაციის პარალელურად ჩნდება კითხვა – შეუძლია თუ არა ევროპას ერთიანი სრულმასშტაბიანი ომის წარმოება?

ევროპის თავდაცვის ბიუჯეტები: რეკორდული ზრდა რიცხვებში

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა ევროპა აიძულა, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებული სამხედრო უმოქმედობის შემდეგ, მასშტაბური შეირაღების გზას დადგომოდა. ევროკავშირის წევრის სახელმწიფოების თავდაცვის ბიუჯეტები ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა. 2020-2025 წლებში სამხედრო დანახარჯები 63%-ით გაიზარდა და €381 მილიარდს მიაღწია.

გერმანია ამ ცვლილების ეპიცენტრშია. 2025 წელს ბერლინმა $114 მილიარდი დახარჯა თავდაცვაზე: 24%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს. ეს ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს $127 მილიარდამდე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გერმანია თავისუფალ ევროპაში ყველაზე მსხვილი სამხედრო მხარჯველია.

ასევე მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა იტალიასა და ესპანეთს. იტალიამ 20%-ით გაზარდა სახმედრო დანახარჯები, ხოლო ესპანეთმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა და 50%-იანი ზრდა დააფიქსირა.

ევროპის ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტების ზრდა 2025 წელს
მსოფლიო თავდაცვის ხარჯების დინამიკა 2025 წელს / SIPRI

ნატოს წევრი 30 ევროპული სახელმწიფოდან (ისლანდიის გარდა) ყველა ქვეყანა თავდაცვაზე დახარჯულ მშპ-ს 2%-იან ზღვარს აჭარბებს.

ევროპული თავდაცვის ბიუჯეტების ზრდა გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურია. ყველაზე ამბიციური ნაბიჯი იყო 2025 წლის ბოლოს წარდგენილი ReArm Europe-ის გეგმა, რომელიც 800 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსურ პაკეტს ითვალისწინებს. ამ ინიციატივის ფარგლებში, წევრ ქვეყნებს ეძლევათ უფლება 650 მილიარდი ევროს ოდენობის დამატებითი სესხები აიღონ თავდაცვისთვის, ხოლო დარჩენილი 150 მილიარდი ევრო გადანაწილდება ერთობლივი სამხედრო შესყიდვებისთვის.

შთამბეჭდავი რიცხვების მიუხედავად, ევროპის ომისთვის მზადყოფნა რეალურად რთული მისაღწევია.

სამხედრო წარმოების კრიზისი: რატომ არ ჰყოფნის ევროპას ჭურვები

2025 წლის 11 დეკემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რიუტემ, განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს ისეთი ტიპის ომისთვის, რომელიც წინა თაობებს ჰქონდათ გამოცდილი. მსგავსი სენტიმენტი აქვთ ნატოს სხვა მაღალჩინოსნებს, რომლებიც მასშტაბურ ომს 2029 წლისთვის ელიან, თუმცა ევროპა, მათი აზრით, 2035 წლამდე ვერ იქნება მზად.

ათწლეულების განმავლობაში ევროპული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი არ იყო ოპტიმიზირებული წარმოების სისწრაფესა და მასშტაბზე. სამხედრო შესყიდვები ხდებოდა მცირე რაოდენობით, რაც სრულიად გამორიცხავდა მარაგების დაგროვებას. ამ სტრუქტურულმა პრობლემამ ევროპა მწვავე რეალობის წინაშე დააყენა, რადგან ევროპული თავდაცვის დაგეგმარება უკიდურესად ფრაგმენტირებულია

ევროპა ამჟამად აწარმოებს 14 სხვადასხვა ტიპის ძირითად საბრძოლო ტანკს, მაშინ როცა აშშ მხოლოდ ერთს იყენებს. ევროპაში არსებობს ჰაუბიცას 23 განსხვავებული ვარიანტი ამერიკული ორის წინააღმდეგ, და წყალქვეშა ნავების 16 ტიპი აშშ-ს ოთხის წინააღმდეგ. ეს ფრაგმენტაცია იწვევს ყოველწლიურ დანაკარგებს 18-დან 57 მილიარდ ევრომდე, რაც ხელს უშლის მასშტაბის ეკონომიის მიღწევას.

განსაკუთრებით თვალსაჩინოა საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების კრიზისი. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა წარმატებით გაზარდა 155 მმ-იანი ჭურვების წარმოების სიმძლავრე წლიურ 2 მილიონამდე 2025 წლის ბოლოსთვის, რეალური მიწოდება სერიოზული ინდუსტრიული დაბრკოლებების წინაშე დგას. უმთავრესი პრობლემა დენთის და ასაფეთქებელი ნივთიერებების, კერძოდ, ნიტროცელულოზის (nitrocellulose) მწვავე დეფიციტია. ევროპას ნიტროცელულოზის 10 000-მდე ტონის წარმოება შეუძლია, ხოლო ამჟამინდელი მოთხოვნა ევროპაში 24 000-მდე აღწევს.

ნიტროცელულოზის წარმოება მოითხოვს ნედლეულს, რომლის გლობალურ ბაზარსაც ჩინეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები აკონტროლებენ. ევროპულმა მკაცრმა გარემოსდაცვითმა რეგულაციებმა და ათწლეულების განმავლობაში წარმოების აუტსორსინგმა კონტინენტზე არსებული ქიმიური ქარხნების დიდი ნაწილი დახურა, რაც კრიზისის პირობებში მიწოდების ჯაჭვების მყისიერ აღდგენას თითქმის შეუძლებელს ხდის. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთის სამხედრო მანქანაც იმავე გლობალური ნედლეულის ბაზარზე ეჯიბრება ევროპულ მწარმოებლებს.

ვინ წავა ომში?

სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის დეფიციტის გარდა, ევროპა დგას უფრო ღრმა, დემოგრაფიული და სოციალური, გამოწვევის წინაშე. ევროპული არმიები კადრებს უფრო სწრაფად კარგავენ, ვიდრე ახალი რეკრუტების მოზიდვას ახერხებენ, რაც ქმნის საფრთხეს, რომ ევროპამ მიიღოს ე.წ. „ფასადური ძალები“, რომლებიც ფურცელზე ძლიერად გამოიყურებიან, მაგრამ რეალური საბრძოლო მოქმედებების წარმოება არ შეუძლიათ.

2025 წლის გამოკითხვის მიხედვით, ნატოს ქვეყნების სია, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი სამშობლოს დასაცავად ომში წასვლას ეთანხმება, ასე გამოიყურება – თურქეთი (88%), ალბანეთი (69%), შვედეთი (66%), ფინეთი (64%), მონტენეგრო (63%), საბერძნეთი (63%), ნორვეგია (61%), ლიტვა (52%), პოლონეთი (49%), სლოვენია (49%).

ეს სია გვაჩვენებს ნეგატიურ სურათს. ევროპის ყველაზე მსხვილი ეკონომიკები ნაკლებად არიან მზად ომისთვის. ახალგაზრდა თაობის სოციალური ფასეულობები და ცხოვრების წესი რადიკალურად განსხვავდება ცივი ომის პერიოდის რეალობისგან. არმიაში სამსახური აღარ მიიჩნევა პრესტიჟულ ან მიმზიდველ კარიერულ გზად, რასაც ემატება მწვავე დემოგრაფიული დაბერება მთელ კონტინენტზე. 

ბელგიისა და ნიდერლანდების მიერ წამოწყებული ნებაყოფლობითი კამპანიები, რომლებიც ახალგაზრდებს ფინანსურ ანაზღაურებასა და მოკლევადიან კონტრაქტებს სთავაზობენ, მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს არსებულ დეფიციტს. გაერთიანებულ სამეფოში კი პროფესიული არმია იმდენად ღრმა კრიზისშია, რომ რეკრუტირების მესამედს კვლავ არასრულწლოვნები შეადგენენ, რაც სოციალურად დაუცველი რეგიონების ხარჯზე ხდება, თუმცა ეს მოდელი ვერ უზრუნველყოფს მაღალტექნოლოგიური ომისთვის საჭირო კვალიფიციურ კადრებს.

ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მოქმედი სამხედრო პერსონალი ახლა 1.5 მილიონია, რაც ცივი ომის პერიოდის ნახევარია. ნატოს გეგმების მიხედვით, მინიმალური თავდაცვის შესაძლებლობებისთვის კიდევ 300 000 პერსონალის დამატებაა საჭირო.

ამის საპასუხოდ, ბოლო პერიოდში კონტინენტზე აქტიურად დაიწყო სამხედრო გაწვევის რეფორმირება და გაფართოება. ხორვატიამ 2026 წლიდან აღადგენს სავალდებულო გაწვევას 18-დან 30 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის. ლატვიამ სავალდებულო სამსახური 2024 წელს დააბრუნა, ხოლო დანიამ 2025 წლის ივლისში გაწვევა ქალებზეც გაავრცელა და სამსახურის ვადა 11 თვემდე გაზარდა. გერმანიამ მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც 2026 წლიდან ყველა 18 წელს მიღწეული ახალგაზრდა მამაკაცი ვალდებულია შეავსოს სამხედრო სამსახურისთვის მზადყოფნის კითხვარი. პოლონეთი კი 2026 წლისთვის 400 000-მდე მოხალისის მომზადებას გეგმავს.

თუმცა, სავალდებულო სამსახურის შემოღება საზოგადოებაში სერიოზულ პოლიტიკურ წინააღმდეგობას აწყდება და საჭიროებს უზარმაზარ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს, რაც წლების განმავლობაში არარსებული იყო.

FCAS-ის კოლაფსი და MGCS-ის კრიზისი

ევროპული თავდაცვის ერთიანობისა და სტრატეგიული ავტონომიის ილუზია ყველაზე მკაფიოდ იმ მსხვილი ინდუსტრიული პროექტების კოლაფსში ჩანს, რომლებიც კონტინენტის სამხედრო სუვერენიტეტის ქვაკუთხედად უნდა ქცეულიყვნენ. 

2026 წლის ივნისში ოფიციალურად გამოცხადდა მეექვსე თაობის ფრანგულ-გერმანულ-ესპანური ერთობლივი გამანადგურებლის პროექტის – მომავლის საბრძოლო საჰაერო სისტემის (FCAS) – შეწყვეტა. 2017 წელს ემანუელ მაკრონისა და ანგელა მერკელის მიერ დაწყებული პროექტი ისე დასრულდა, რომ რეალური პროტოტიპიც კი არ შექმნილა.

FCAS-ის დაშლის ქრონოლოგია ნათლად ასახავს პოლიტიკურ ამბიციებსა და ინდუსტრიულ რეალობას შორის არსებულ უფსკრულს. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის დეკემბერში პოლიტიკური ზეწოლის შედეგად მოხერხდა გარკვეული ფინანსური რესურსების გამოყოფა, Dassault-სა და Airbus-ს შორის არსებული უთანხმოება ძირითად საპატენტო უფლებებზე გადაუჭრელი დარჩა. 2025 წლის მაისში გერმანიაში ახლად არჩეულმა მთავრობამ მკვეთრად შეცვალა პრიორიტეტები და გრძელვადიანი სამეცნიერო კვლევების ნაცვლად, აქცენტი მყისიერ საბრძოლო მზადყოფნასა და ამერიკული F-35-ების შესყიდვაზე გადაიტანა.

ასევე, საფრანგეთი მოითხოვდა ისეთ თვითმფრინავს, რომელიც თავსებადი იქნებოდა ავიამზიდებთან და შეძლებდა ბირთვული იარაღის გადატანას, ხოლო გერმანია ორიენტირებული იყო ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობასა და სახმელეთო ინტეგრაციაზე. შედეგად, ოპერატიული მზადყოფნის თარიღმა 2040 წლიდან 2055 წლამდე გადაიწია, რამაც გერმანია აიძულა, დროებითი ალტერნატივის სახით ამერიკული F-35 გამანადგურებლების შესყიდვები გაეზარდა.

თანამშრომლობის ჩავარდნა გავრცელდა ისეთ პროექტებზეც, როგორიცაა ერთობლივი ევროპული უპილოტო საფრენი აპარატი (Eurodrone). ფრანგული Dassault სასამართლო წესით ითხოვს კომპენსაციას გერმანული Airbus-ისგან სამუშაოების არათანაბარი გადანაწილების გამო, რაც კიდევ უფრო ძაბავს ევროკავშირის უმსხვილეს სამხედრო ძალებს შორის თავდაცვით ურთიერთობებს.

ანალოგიური ბედი ელის მეორე პროექტს – მთავარ სახმელეთო საბრძოლო სისტემას (MGCS), რომელიც Leopard 2 და Leclerc ტანკების შესაცვლელად შეიქმნა. 2026 წლის ივნისში, გერმანული თავდაცვის გიგანტის, Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა საჯაროდ გამოთქვა შეშფოთება, რომ საფრანგეთმა შესაძლოა დატოვოს პროექტი ბიუჯეტის 50%-ზე მეტით შემცირების გამო. პროექტის დაწყებიდან დღემდე კომპანიებს მხოლოდ 25 მილიონი ევრო აქვთ მიღებული. შეფერხებების გამო, MGCS-ის მზადყოფნა 2040-იან წლებამდე არ არის მოსალოდნელი.

შეუძლია თუ არა ევროპას ამერიკის გარეშე გადარჩენა?

ეს ინდუსტრიული და პოლიტიკური ფრაგმენტაცია პირდაპირ პასუხობს კითხვას ევროპის უნარზე, აწარმოოს დამოუკიდებელი სამხედრო კამპანია. ევროპის თავდაცვის სისტემა ჯერ კიდევ სტრუქტურულად არის მიჯაჭვული ამერიკულ შესაძლებლობებზე ყველა დარგში.

სანამ აშშ თავდაცვის კვლევებსა და განვითარებაზე (R&D) წლიურად 130 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთო ხარჯები ამ მიმართულებით მხოლოდ 13 მილიარდ ევროს შეადგენს

სტრატეგიული ავტონომიის მცდელობის ერთგვარი ილუსტრაციაა 2026 წლის ივნისში საფრანგეთის უშიშროების სამსახურის (DGSI) გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ამერიკულ მონაცემთა ანალიტიკურ გიგანტ Palantir-ზე და გადასულიყო შიდა პროვაიდერ ChapsVision-ზე. ფრანგი მაღალჩინოსნები მიუთითებდნენ, რომ დაუშვებელია ციფრულ სფეროში სტრატეგიული დამოკიდებულება ისეთ პარტნიორზე, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს წვდომა, როგორც ეს ვაშინგტონმა Anthropic AI-ის მოდელებთან დაკავშირებით გააკეთა. თუმცა, ChapsVision-ის მასშტაბები (2025 წელს 200 მილიონი ევროს შემოსავალი Palantir-ის 4.5 მილიარდი დოლარის წინააღმდეგ) აჩვენებს, თუ რამდენად რთულია რეალური ალტერნატივის შექმნა.

ევროპას აშშ-ს ინფრასტრუქტურა და დახმარება სჭირდება თითქმის ყველა სფეროში, როგორებიცაა სარდლობა, სატელიტური კომუნიკაციები, დაზვერვა, ხელოვნური ინტელექტი, სარაკეტო სისტემები და სხვა მრავალი.

ამას ემატება ისიც, რომ ბიუჯეტების ზრდა ამ მომენტისთვის ამერიკული ინდუსტრიის სასარგებლოდ მუშაობს და ტექნოლოგიური დამოკიდებულება ღრმავდება, ნაცვლად გაუქმებისა.

სრული ევროპული თავდაცვის ავტონომიის მისაღწევად საჭიროა მინიმუმ 500 მილიარდი ევროს ინვესტიცია მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. თუმცა, რეალური პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, ეს გეგმები მხოლოდ თეორიულ პროექტებად რჩება.

მომავლის პერსპექტივები

საბოლოო ჯამში, ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ გაზრდილი სამხედრო ხარჯები ევროპის ომისთვის მზადყოფნას ნიშნავს, მცდარია

მილიარდობით ევროს გამოყოფა მხოლოდ პირველი და ყველაზე მარტივი ნაბიჯია. რეალური მზადყოფნა მოითხოვს არა მხოლოდ ფინანსურ რესურსებს, არამედ ღრმა სტრუქტურულ რეფორმებს: ინდუსტრიული ფრაგმენტაციის დაძლევას, ნედლეულის მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციას, დემოგრაფიული კრიზისის პირობებში ცოცხალი ძალის ეფექტიან მობილიზებას და, რაც ყველაზე მთავარია, ვიწრო ეროვნული ინტერესების დათმობას საერთო ევროპული უსაფრთხოების სასარგებლოდ.

ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამერიკული ქოლგის გარეშე გადარჩენა სუვერენული შესაძლებლობების განვითარებას მოითხოვს და არა მხოლოდ ფურცელზე გაწერილ ციფრებს.

ავტორი

  • ილია მერანის რედაქტორი და ავტორია. კონცენტრირებულია ახლო აღმოსავლეთზე და სწავლობს არაბულ ენას. დაინტერესებულია პოლიტიკით, ეკონომიკით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და კულტურის კვლევებით.

ილია ჟუჟუნაშვილი

ილია მერანის რედაქტორი და ავტორია. კონცენტრირებულია ახლო აღმოსავლეთზე და სწავლობს არაბულ ენას. დაინტერესებულია პოლიტიკით, ეკონომიკით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და კულტურის კვლევებით.