მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი საქართველო
საქართველოს თანამედროვე ისტორიაში აფხაზეთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევაა. პოლიტიკურად, ეს არის ოკუპირებული ტერიტორია და საერთაშორისო სამართლის დარღვევის პრეცედენტი. ეროვნული ცნობიერებისთვის კი, აფხაზეთი არის ქვეყნის ისტორიული სხეულის ის გაუცხოებული ნაწილი, რომლის გარეშეც ქართული სახელმწიფოებრიობა არასრულია.
დღეს აფხაზეთი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლით საქართველოს ნაწილად აღიარებულ ტერიტორიას, რომელიც დღესდღეობით არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. 30-წლიანი გაყინული კონფლიქტის შემდეგ, რეგიონი აღმოჩნდა პოლიტიკურ ჩიხში, სადაც „თვითგამორკვევის“ იდეა ჩაანაცვლა მეზობელი სახელმწიფოს მიერ სრულმა ადმინისტრაციულმა და ეკონომიკურმა კონტროლმა.
როგორ დაიწყო აფხაზეთის ომი?
საბჭოთა კავშირის დაშლის პარალელურად, აფხაზეთში გააქტიურდა სეპარატისტული მოძრაობები. 1989 წელს ლიხნის კრებაზე აფხაზმა სეპარატისტებმა პირველად მოითხოვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოდან გამოყოფა. 1992 წლის 14 აგვისტოს ქართული ჯარის ნაწილები აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდნენ რკინიგზის მაგისტრალის დასაცავად, რომელსაც სამოქალაქო ომის დროს ბანდფორმირებები ძარცვავდნენ. ამას მოჰყვა შეიარაღებული შეტაკება სოხუმში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ფორმალურ მედიატორად გვევლინებოდა, ის რეალურად ამარაგებდა სეპარატისტებს იარაღითა და ცოცხალი ძალით, მაგალითად: ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული მებრძოლები, „ბაგრამიანის ბატალიონი“ და ა.შ.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით, სეპარატისტულმა ძალებმა და რუსულმა ქვედანაყოფებმა აიღეს ქალაქი, რასაც მოჰყვა მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. 200-000-ზე მეტი ადამიანი, აფხაზეთის ომამდელი მოსახლეობის თითქმის ნახევარი იძულებით განდევნდეს ტერიტორიიდან, რაც აღიარებულია ეუთოს 1994 წლის ბუდაპეშტის, 1996 წლის ლისაბონისა და 1999 წლის სტამბოლის სამიტებზე. აფხაზეთი კი საქართველოს კონტროლს გამოეყო. მან დამოუკიდებლობა 1999 წელს გამოაცხადა, თუმცა ის არაღიარებული დარჩა.
აფხაზეთის ომის დანაშაულები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთში ომის დროს და ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის მიერ წამებით მოკლული და დახვრეტილი 4321 ადამიანის შესახებ აქვს ინფორმაცია აღწერილი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 268 ადამიანი. არსებული მასალები აღწერს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულებს. მოწმეების ჩვენებების მიხედვით, ადამიანებს აიძულებდნენ საკუთარი საფლავები გაეთხარათ, რის შემდეგაც ცოცხლად მარხავდნენ. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახებს ან ადამიანთა ჯგუფებს შენობებში კეტავდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. როგორც ცოცხალ, ისე გარდაცვლილ ადამიანებზე ასხამდნენ ბენზინს.დოკუმენტებში ასევე აღწერილია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მძიმე ფაქტები: ადამიანებს სხეულის ნაწილებს აჭრიდნენ, თვალებს თხრიდნენ, ფრჩხილებსა და კბილებს აძრობდნენ. ტყვედ აყვანილ პირებს ხშირად აიძულებდნენ საკუთარი ოჯახის წევრების წამებისა და ძალადობის ყურებას, რის შემდეგაც თავადაც კლავდნენ. მოწმეების თქმით, ხშირ შემთხვევაში ახლობლებს მოკლულთა დაკრძალვის უფლებასაც არ აძლევდნენ, რის გამოც ცხედრები დღეების განმავლობაში დაუმარხავი რჩებოდა.
კაჭარავა ღუღუნი – 50 წლის, გაგრა, ცოცხლად დაწვეს საკუთარ სახლში.
უცნობი ქალი – ქ. გაგრის ოკუპაციის დღეებში მოკლეს წამებით, ორ ნაწილად დაჭრეს და ქალაქის საავადმყოფოში მიიტანეს დანაწევრებულ სხეულში მოთავსებული შემდეგი წერილით: „როგორც ამ გოგოს სხეულს ვერ შეაერთებთ, ისე ვერ გააერთიანდება საქართველო და აფხაზეთი“.
შარია ზაურ არსენის ძე – 53 წლის, დაბა ბიჭვინთა, 1993 წელს წამებით მოკლეს – მაცივარში შიშველი ჩააგდეს, ტანზე ამოწვეს ვარსკლავი, მოაჭრეს ყურები, გაიყვანეს ზღვის ნაპირზე და დახვრიტეს.
მზია – 23 წლის, სოხუმი, სომხური ბატალიონის ბოევიკებმა გაუპატიურეს და მიაგდეს გონწასული, თვითონ კი შეუდგნენ ქეიფს. გონზე მოსულმა გოგონამ ხელთ იგდო ბოევიკების ავტომატი და შვიდი მებრძოლიდან 3 მოკლა, 4 კი დაჭრა. მზია გადამალეს, მაგრამ ის გასცა მეზობელმა და ჩააბარა მებრძოლებს, რომლებმაც წამების (გააუპატიურეს, მოაჭრეს თითები, ყურები) შემდეგ დახვრიტეს.
შარია ზაური – 53 წლის, დაბა ბიჭვინთა, წამებით მოკლეს – მაცივარში შიშველი ჩააგდეს, ტანზე ამოწვეს ვარსკლავი, მოაჭრეს ყურები, გაიყვანეს ზღვის ნაპირზე და დახვრიტეს.
ძიძიგური ბოჩია – 60 წლის, 1992 წელს დახვრიტეს ძმა ჭიჭიკოსთან ერთად და გვამები ღორებს მიუგდეს.
კვაბზირიძე ნიკოლოზ – 67 წლის, წამებით მოკლეს – მიაბეს ტრაქტორს და ათრიეს ვიდრე არ მოკვდა.
ფარცვანია ნათელა – წამებით მოკლეს მეუღლე შალვასთან ერთად, მავთულხლართით გადაუკრეს ხელები და ფეხები და ორივე ცოცხლად დაწვეს.
ჯონჯუა ევგენია – 70 წლის, 1993 წლის 30 სექტემბერს საკუთარ სახლთან ნათესავებთან ერთად წამებით მოკლეს – ტანკით გასრისეს.
მარიამიძე ანა 19 წლის – 1992 წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ გაგრაში, მამის თვალწინ, 13-მა მებრძოლმა გააუპატიურა, შემდეგ ორივე ხეზე მიაბეს და დაწვეს.
ქაჯაია ლერი – გაგრაში, რკინიგზის ქუჩაზე წამებით მოკლეს – თავი მოჰკვეთეს და ფეხბურთი ითამაშეს.
აბრამიშვილი გიორგი, 40 წლის – სოფელ ბზიფში, 1992 წლის სექტემბერში ჯერ დაჭრეს, მერე ჭრილობაზე მარილი დააყარეს, ხორცი მოაჭრეს, ფეხსაცმელში ჩაალაგეს და მეუღლეს გაუგზავნეს.
ლაბარტყავა შოთა – 70 წლისსოხუმში, გაზის აპარატურის ქარხნის ეზოში დაინახა კაუჭზე ჩამოკიდებული ქართველი ახალგაზრდის გვამი, წარწერით „იყიდება ქართველის ხორცი“. შევიდა შენობაში, ააფეთქა ამის ჩამდენი ბოევიკები და თვითონაც მათთან ერთად დაიღუპა.
ეს სია სასტიკად ნაწამები და შემდეგ მოკლული ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილია. რეალურად, კიდევ ათასობით ადამიანი გახდა რუსეთის იმპერიალისტური და ოკუპაციური პოლიტიკის მსხვერპლი, რომელმაც აფხაზეთში არაერთი ოჯახი გაანადგურა და ტრაგედიის მძიმე კვალი დატოვა.
სახელმწიფო სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა
საერთაშორისო სამართალში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი (გაეროს წესდების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი) არის უზენაესი. ხალხთა თვითგამორკვევა არ ნიშნავს სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივ შეცვლას. საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც აფხაზეთს ავტომატურად აქცევს საქართველოს დე იურე ნაწილად.
თვითგამორკვევის უფლებით ვერ ისარგებლებს მოსახლეობის მხოლოდ ერთი ნაწილი, მით უმეტეს, როცა ეს ჯგუფი უმცირესობას წარმოადგენდა. 1989 წლის აღწერით, აფხაზები რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 17.8%-ს შეადგენდნენ, ხოლო ქართველები – 45.7%-ს. 1992-1993 წლების ომის დროს მოხდა ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა (რაც აღიარებულია ეუთოს 1994 წლის ბუდაპეშტის, 1996 წლის ლისაბონისა და 1999 წლის სტამბოლის სამიტებზე). სამართლებრივად, შეუძლებელია ე.წ. „თვითგამორკვევა“ ლეგიტიმური იყოს, როდესაც რეგიონის ძირითადი მოსახლეობა (200,000-ზე მეტი დევნილი) ძალადობრივადაა გადასახლებული და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევა.
აფხაზეთის დე ფაქტო არჩევნები და კრემლის გავლენა
დღეს აფხაზი ხალხი გადამწყვეტი არჩევნის წინაშე დგას. მაშინ, როცა რუსული პროპაგანდა მათ მუდმივად „ქართული საფრთხით“ კვებავს, თუმცა რეალური საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის. აფხაზეთში ჩატარებულმა ბოლო დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებმა (2025 წლის პირველი ტური – 15 თებერვალს, მეორე ტური – 1 მარტს) კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსკოვის დომინირება რეგიონში.
მეორე ტურში კრემლის ფავორიტმა კანდიდატმა, ბადრა გუნბამ, ხმების 55% მოიპოვა და ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა დაამარცხა. კრემლმა გუნბას გამარჯვება ფინანსური, ადმინისტრაციული და მედია რესურსებით უზრუნველყო. არჩევნების წინ მოსკოვმა აფხაზეთს დახმარება და ელექტროენერგია შეუწყვიტა, კამპანიის ბოლო კვირებში კი აღადგინა, რაც ამომრჩევლისთვის მკაფიო სიგნალი იყო, თუ ვისთვის უნდა მიეცათ ხმა არჩევნებზე. გარდა ამისა, პროცესში რუსი სპეციალისტები მონაწილეობდნენ და სიმბოლურად სოხუმის აეროპორტიც გაიხსნა, სადაც პირველ პირდაპირ რეისზე თავად გუნბა აღმოჩნდა.
თუმცა მიუხედავად რუსული გავლენისა, საარჩევნო პროცესს თან ახლდა ანტირუსული წინააღმდეგობაც. 2024 წლის ნოემბრის მასობრივმა პროტესტმა რუსული საინვესტიციო ხელშეკრულების, რომელიც რუსებს უძრავი ქონების შეძენის უფლებას აძლევდა, წინააღმდეგ წინა ლიდერი ასლან ბჟანია გადადგომამდე მიიყვანა. რეგიონში იზრდება უკმაყოფილება კრემლის კონტროლის გამო.
როგორ იყენებს რუსეთი აფხაზეთს საქართველოს ევროპული გზის დასაბლოკად
აფხაზეთის სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს საზღვრებს სცილდება. შავი ზღვის აუზი გახდა რუსეთსა და დასავლეთს შორის კონკურენციის კრიტიკული ზონა. აფხაზეთი არის ერთ-ერთი ტერიტორია, სადაც მოსკოვმა განამტკიცა თავისი სამხედრო და საზღვაო შესაძლებლობები.
რუსულმა სამხედრო ბაზებმა, სადაზვერვო ოპერაციებმა და მცოცავმა ოკუპაციამაფხაზეთი კრემლის მოწინავე სამხედრო პოზიციად აქცია. ეს პირდაპირ აისახება ნატოს უსაფრთხოებაზე შავ ზღვაში და ევროკავშირის მცდელობებზე აღმოსავლეთ სამეზობლოს სტაბილიზაციისთვის. აფხაზეთის გადაუჭრელი პრობლემა პირდაპირ აისახა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
ევროკავშირი და ნატო ყოყმანობდნენ საქართველოს გაწევრიანების საკითხზე, რადგან შიშობდნენ, რომ მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტები გაართულებდა უსაფრთხოების გარანტიებსა და სამართლებრივ ვალდებულებებს. ფაქტობრივად, რუსეთმა მოახერხა საქართველოს ევროპული მისწრაფებების დაბლოკვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლის მეშვეობით.
სწორედ ეს სტრატეგია გამოიყენა მოსკოვმა უკრაინაში დონეცკის, ლუგანსკის, ყირიმის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართ. აფხაზეთის იგნორირებას თავისი ფასი აქვს. იგივე ტაქტიკა, რომელიც რუსეთმა საქართველოში დახვეწა – სამხედრო ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი, ეკონომიკური მანიპულაცია და პოლიტიკური დაქვემდებარება – ახლა ბევრად უფრო მასშტაბურად გამოიყენება უკრაინაში. დასავლეთს უფრო სერიოზულად რომ აღექვა რუსეთის ქმედებები აფხაზეთში 2008 წელს ან მანამდე, მსოფლიო უკეთ იქნებოდა მომზადებული მოსკოვის აგრესიის მოსაგერიებლად 2014 და 2022 წლებში.
აფხაზეთის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარება?
2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარება წარმოჩენილი იყო როგორც რეგიონის მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვება. საქართველოში ხუთდღიანი ომის შემდეგ, მოსკოვმა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. თავდაპირველად რუსეთი ცდილობდა აღიარებების რაოდენობის გაზრდას პოლიტიკური მოკავშირეების, „მესამე სამყაროს“ ლიდერების მოსყიდვისა და დიპლომატიური ზეწოლის გზით, მაგრამ მან წარმატებას მხოლოდ ვენესუელასთან, ნიკარაგუასთან, ნაურუსთან, ტუვალუსთან და ვანუატუსთან მიაღწია. თუმცა, საქართველოს არაღიარების პოლიტიკამ, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, შეძლო ვანუატუსა და ტუვალუს აღიარებების გაუქმება. მხოლოდ ასადის სირიამ აღიარა აფხაზეთი და დამასკოში ახალი ხელისუფლების პირობებში, ესეც ბეწვზე კიდია.
მთავარი კითხვაა – რა მოიგო რეალურად აფხაზეთმა 2008 წლის აღიარების შემდეგ?
თუ მანამდე ევროპელი ლიდერები, როგორებიცაა – ხავიერ სოლანა ან ვალტერ შტაინმაიერი, სტუმრობდნენ აფხაზეთს და დასავლეთის ჩართულობა მაღალი იყო, ახლა კონტაქტები მინიმალურია და აფხაზეთი სრულიად გაქრა დასავლური დღის წესრიგიდან. სინამდვილეში, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოჰყვა სრული ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულება მოსკოვზე. ბოლო 17 წლის განმავლობაში აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ იყო ილუზია, რომელიც კარგად გაყიდეს ადგილობრივმა პოლიტიკურმა ელიტებმა, მაგრამ სინამდვილეში მან აფხაზეთი უფრო დაუცველი გახადა რუსეთის მიერ შთანთქმის წინაშე. რუსეთი ამჟამად სრულად აკონტროლებს მის საზღვრებს, სამხედრო ძალებსა და ეკონომიკას. რეგიონის ბიუჯეტი თითქმის 80%-ით სუბსიდირებულია რუსული ფინანსური დახმარებით.
თანამედროვე რეალობა აფხაზეთში
დღეს აფხაზეთი პოლიტიკურად საკმაოდ რთულ და დაძაბულ მდგომარეობაშია. რეგიონი ფორმალურად დამოუკიდებლობას აცხადებს, მაგრამ რეალურად ძლიერ არის დამოკიდებული რუსეთზე ეკონომიკურად, სამხედრო და პოლიტიკურად. რუსეთის ფინანსური დახმარება, სამხედრო ბაზები და პოლიტიკური გავლენა იქ მთავარ ძალად რჩება.
აფხაზურ საზოგადოებაში რამდენიმე განსხვავებული განწყობა არსებობს: მოსახლეობის ნაწილი რუსეთს უსაფრთხოების მთავარ გარანტად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ საქართველოსთან დაახლოება საფრთხეს შექმნის. მეორე ნაწილი კი შიშობს, რომ მოსკოვის გავლენა ზედმეტად გაიზარდა და აფხაზეთი რეალურ დამოუკიდებლობას კარგავს.
განსაკუთრებით დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმ შეთანხმებებმა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენისა და ეკონომიკური გავლენის გაფართოების საშუალებას აძლევდა. არსებობს ადამიანებიც, რომლებიც უფრო დამოუკიდებელ პოლიტიკას ემხრობიან და არც სრულ რუსიფიკაციას უჭერენ მხარს, თუმცა არც საქართველოსთან დაბრუნებას განიხილავენ რეალისტურად.
ამავე დროს, ახალგაზრდების ნაწილი იზოლაციით არის დაღლილი, რეგიონს შეზღუდული საერთაშორისო კავშირები, ეკონომიკური პრობლემები და დაბალი განვითარების ტემპი აქვს. ბევრი ახალგაზრდა სამუშაოს ან განათლებისთვის რუსეთში მიდის. საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც რთულია: ომის მეხსიერება და უნდობლობა ჯერ კიდევ ძლიერია. თუმცა გარკვეული ჯგუფები დიალოგისა და კონტაქტების აუცილებლობაზე საუბრობენ, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებში.
საერთო სურათი რომ განვიხილოთ, აფხაზეთში დღეს მთავარი პოლიტიკური დილემა არის ის, თუ როგორ შეინარჩუნონ საკუთარი იდენტობა და ნაწილობრივი თვითმართველობა რუსეთის მზარდი გავლენის პირობებში.
გაყინული კონფლიქტი
აფხაზეთის კონფლიქტი არის ეროვნული ტრაგედია, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ოჯახი და მომავალი გაანადგურა. ომმა და ოკუპაციამ არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, არამედ ადამიანებს წაართვა სახლი, ბავშვობა, მშობლიური ქუჩები და მშვიდობიანი ცხოვრება.
დღეს აფხაზეთი ფორმალურად დამოუკიდებელ რეგიონად მოიხსენიება, თუმცა რეალურად სულ უფრო მეტად ექცევა რუსეთის სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტროლის ქვეშ.
თუ ეს პროცესი გაგრძელდა, მომავალში რეგიონმა შესაძლოა სრულად დაკარგოს თვითმყოფადობაც და საბოლოოდ რუსეთის სივრცეში სრულად ინტეგრირდეს. ამავე დროს, იზოლაცია, ეკონომიკური სირთულეები და საერთაშორისო აღიარების არარსებობა აფხაზეთის მოსახლეობისთვისაც მძიმე რეალობას ქმნის. მომავალში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება მხოლოდ ძალის გარეშე, დიალოგის, საერთაშორისო მხარდაჭერისა და ნდობის ეტაპობრივი აღდგენის გზით იქნება შესაძლებელი.
მიუხედავად ომის მეხსიერებისა და ღრმა უნდობლობისა, აუცილებელია ადამიანებს შორის კავშირების შენარჩუნება, რადგან მავთულხლართები ხალხის საერთო ისტორიას, კულტურასა და ტკივილს ვერ წაშლის. აფხაზეთი საქართველოს ისტორიისა და ეროვნული მეხსიერების ნაწილია. შეიძლება დროებით დაიკარგოს ტერიტორიები, მაგრამ ვერასოდეს დაიკარგება ისტორიული სიმართლე, იმ ადამიანების ხსოვნა, რომლებიც ამ მიწას შეეწირნენ, და იმედი, რომ ერთ დღეს ოკუპაცია დასრულდება, მავთულხლართები გაქრება და ადამიანები საკუთარ სახლებში დაბრუნებას შეძლებენ.
რედაქტორი: ილია ჟუჟუნაშვილი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ აზრთა მრავალფეროვნებას. გამოგვიგზავნეთ თქვენი სტატია.
