გახდება თუ არა კუბა ტრამპის შემდეგი სამიზნე?
2026 წლის დასაწყისისთვის კუბა ბოლო ათწლეულების ყველაზე მძიმე ენერგეტიკულ და ჰუმანიტარულ კრიზისში აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც 2025 წელს თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდა, ვაშინგტონმა კუნძულის მიმართ „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა განაახლა. იანვრიდან მოყოლებული, აშშ-ის ადმინისტრაციამ მკაცრად შეზღუდა ნავთობის მიწოდება კუბაზე, რამაც გამოიწვია საწვავის კრიტიკული დეფიციტი, ფასების უკონტროლო ზრდა და ელექტროენერგიის მიწოდების სისტემური მოშლა.
კუბის ენერგეტიკული კოლაფსის დასაწყისი
აშშ-სა და კუბას შორის სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 2026 წლის 29 იანვარს, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვაშინგტონმა კუბის მთავრობა დაადანაშაულა აშშ-ის ინტერესებისადმი ზიანის მიყენებაში, რაც, თეთრი სახლის განმარტებით, გულისხმობს კუბის ღია მხარდაჭერას ისეთი ქვეყნებისადმი, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი და ირანი. ბრძანებაში ხაზგასმულია, რომ აშშ არ აპირებს „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკიდან გადახვევას კუბის კომუნისტური რეჟიმის მიმართ.
შედეგად, აშშ-მ დააწესა ახალი ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საწვავს აწვდიან კუნძულს, რის შედეგადაც მექსიკამ ჰავანასთან ნავთობის მიწოდება შეაჩერა. მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ვენესუელაში ნიკოლას მადუროს ჩამოგდების შემდეგ კონტროლი დაამყარა ვენესუელის ნავთობზე. (აღსანიშნავია, რომ კუბა ვენესუელიდან ნავთობის მესამედს იღებდა) და აკრძალა ნავთობის ექსპორტი კუბაში. მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის ბოლოს აშშ-მ დაუშვა ვენესუელური ნავთობის რეალიზაცია კერძო კომპანიებისთვის „ჰუმანიტარული მიზნით“, ეს მაინც ვერ აკმაყოფილებს კუნძულის ყოველდღიურ მოთხოვნას, რაც ჯამში 100,000 ბარელს შეადგენს.
კუბასა და ვენესუელას შორის ურთიერთობების გაწყვეტამ და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მადუროს განეიტრალებამ კუბას დამატებითი პრობლემები შეუქმნა. კუბა იღებდა შედარებით იაფ ნავთობს, ხოლო ვენესუელა სარგებლობდა კუბის უსაფრთხოებითა და სადაზვერვო და სამხედრო მხარდაჭერით. 2024–2025 წლებში ვენესუელა კუბას ყოველდღიურად დაახლოებით 70,000 ბარელ ნავთობს აწვდიდა, რაც საერთო ჯამში მილიარდ დოლარზე მეტ ღირებულებას შეადგენდა.
კუბის კომუნისტური პარტია
2018 წელს რაულ კასტროს გადადგომამ და პრეზიდენტის პოსტზე მიგელ დიას-კანელის დანიშვნამ დაასრულა კასტროების ოჯახის თითქმის 60-წლიანი მმართველობა. თუმცა, ეს ცვლილება უფრო მოჩვენებითია, რადგან კუბის კომუნისტური პარტია კვლავ სრულად აკონტროლებს ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიულ დარგებს, სამხედრო სტრუქტურებს, მედიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას. ტრამპის განცხადებებშიც ხშირად კეთდება აქცენტი იმაზე, რომ არსებულმა კომუნისტურმა რეჟიმმა საკუთარი თავი ამოწურა და დროა შეიცვალოს.
“Friendly takeover of Cuba”
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში კუბის პოზიცია მკაფიოა. ერთის მხრივ, კუბა მზად არის განიხილოს ენერგეტიკული ემბარგოს მოხსნა, მაგრამ კატეგორიულად გამორიცხავს შიდა პოლიტიკური სისტემის რეფორმირებას. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლი შექმნილ კრიზისს დათმობების მისაღწევად იყენებს, დიას-კანელი და საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებენ, რომ ქვეყნის ლიდერების პოზიცია და კომუნისტური რეჟიმი ვაჭრობის საგანი არ გახდება.
ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონული და გლობალური პოლიტიკური მოვლენები. ვენესუელას რეჟიმის დამხობის შემდეგ აშკარაა, რომ ვაშინგტონი მზად არის უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯებისთვის. შექმნილი გარემო კუბის მომავალს ბუნდოვანს ხდის და ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჰავანა შესაძლოა ტრამპის მორიგ სამიზნედ იქცეს.
ჰუმანიტარული კრიზისი
დაწესებულმა ბლოკადამ კუბის 10-მილიონიანი მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ საავადმყოფოებში შეწყდა გეგმიური ქირურგიული ოპერაციები და კრიტიკული სამედიცინო სერვისები, რამაც პაციენტების სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენა.
ყოველდღიური ყოფა კუბელებისთვის გადარჩენის მუდმივ ბრძოლად იქცა. მაცივრების მუშაობის შეწყვეტის გამო, ოჯახები კარგავენ საკვების იმ მცირე მარაგსაც კი, რომლის ყიდვაც მათ კატასტროფული ინფლაციის პირობებში ძლივს შეძლეს. BBC-ის რეპორტაჟები აღწერს ქალაქებს, სადაც ცხოვრება მზის ჩასვლასთან ერთად წყდება, ხოლო ადამიანები იძულებულნი არიან ღია ცის ქვეშ, ქუჩებში მოამზადონ საკვები შეშაზე, რადგან გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება პრაქტიკულად აღარ არსებობს.
კრიზისის კიდევ ერთი შედეგი მასობრივი ემიგრაციაა. Reuters-ის ცნობით, 2020 წლიდან კუბა მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რაც მოსახლეობის დაახლოებით მეათედს უტოლდება. ქვეყნიდან მასობრივად გაედინებიან სპეციალისტები, რაც კუბას „ტვინების გადინებისა“ და დაბერებული დემოგრაფიის პრობლემის წინაშე ტოვებს. ამგვარი მოსახლეობის შემცირების მასშტაბი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის მომავალს.
2025 წლის მონაცემებით, კუბა მსოფლიოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით მესამე ადგილზე აღმოჩნდა, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელია. სტატისტიკურად, კუნძულის ყოველ 1,000 მოსახლეზე საშუალოდ 5.3 ადამიანი ითხოვს პოლიტიკურ ან ჰუმანიტარულ თავშესაფარს საზღვარგარეთ. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ბევრი კუბელი, რომელიც აშშ-ში ბაიდენის დროს ჩავიდა (CHNV პროგრამით), ახლა საფრთხის წინაშეა. ტრამპის ადმინისტრაციამ ეს პროგრამა გააუქმა და 110 000-ზე მეტ კუბელს მოსთხოვა, 2026 წლის 24 აპრილამდე დატოვონ ამერიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დეპორტაცია ემუქრებათ.
პოლიტიკური პატიმრები
ჰუმანიტარული კოლაფსის ფონზე, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა კვლავ კრიტიკულად მაღალია. 2026 წლის ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეული სპონტანური გამოსვლები ხელისუფლებამ გამოიყენა საბაბად, რათა კიდევ უფრო გაემკაცრებინა კონტროლი ციფრულ სივრცესა და სიტყვის თავისუფლებაზე.
ადამიანის უფლებათა დამცველები ციხეებში არსებულ არაადამიანურ პირობებზე მიუთითებენ. საკვებისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი პატიმრებს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეში კუბის ხელისუფლებამ 2,010 პატიმრის გათავისუფლება დაიწყო. მიუხედავად გათავისუფლებული პატიმრების დიდი რაოდენობისა, ამ სიაში არცერთი პოლიტიკური პატიმარი არაა. დღესდღეობით კუბის ციხეებში 700-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი რჩება.
გახდება თუ არა კუბა შემდეგი ვენესუელა?
მიმდინარე მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, რომ კუნძული აღარ დგას მხოლოდ ენერგეტიკული ან ეკონომიკური გამოწვევის წინაშე, კითხვის ნიშნის ქვეშ თავად სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობაა.
კუბის მთავრობის მცდელობა, პატიმართა გათავისუფლებითა თუ დიპლომატიური მანევრირებით შეამსუბუქოს ვაშინგტონის სანქციები, არ არის საკმარისი, რადგან ამერიკა ეკონომიკურ კრიზისს რეჟიმის შეცვლის გარდაუვალ ინსტრუმენტად მიიჩნევს. თუმცა, ამ პროცესში ყველაზე მაღალ ფასს რიგითი კუბელები იხდიან. მასობრივი ემიგრაცია, „ტვინების გადინება“ და სისტემური ჩავარდნა მიანიშნებს, რომ მაშინაც კი, თუ პოლიტიკური კომპრომისი შედგება, ქვეყნის დემოგრაფიულ და სოციალურ აღდგენას ათწლეულები დასჭირდება.
კუბა 2026 წელს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სისტემურმა გაუმართაობამ და არაეფექტურმა სახელმწიფო მართვამ ქვეყანა ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანოს. მომავალი თვეები გადამწყვეტი იქნება იმის გასარკვევად, შეძლებს თუ არა კუბა დრომოჭმული მოდელის ტრანსფორმაციას.
რედაქტორი: ილია ჟუჟუნაშვილი
