Blogსაზოგადოება

თანხმობის მიღმა დარჩენილი კანონი: გაუპატიურების ცნების ტრანსფორმაცია ევროპული სტანდარტების ფონზე

სად გადის ზღვარი ძალადობასა და თანხმობას შორის? მაშინ, როდესაც ევროპული სამართალი სექსუალური ურთიერთობის კანონიერების მთავარ საფუძვლად თავისუფალ და ნებაყოფლობით თანხმობას აღიარებს, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა კვლავ ძალადობაზეა ორიენტირებული.

საინტერესოა რამდენად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის 137-ე მუხლი სტამბულის კონვენციის მოთხოვნებს და რა გამოწვევებს ქმნის თანხმობაზე დაფუძნებული მოდელის არარსებობა ქართულ რეალობაში.

ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არა მარტო საგარეო პოლიტიკური კურსის გამოხატულებას, არამედ ეროვნული სამართლებრივი სისტემის ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტთან დაახლოებასაც გულისხმობს. ევროკავშირის სამართლებრივი სივრცე ეფუძნება ადამიანის იმ ძირითადი უფლებების დაცვას, რომელიც აღიარებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით. შესაბამისად,ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი სახელმწიფოსათვის აუცილებელია აღნიშნული ღირებულებები რეალურად აისახოს ეროვნულ კანონმდებლობაში.

2022 წლის 11 აპრილს ევროკომისიამ საქართველოს ისტორიული დოკუმენტი, ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გადასცა. კითხვარი მოიცავდა სახელმწიფოს სამართლებრივი და ინსტიტუციური განვითარების ყველა სფეროს და მიზნად ისახავდა საქართველოს მზაობის შეფასებას ევროპული ოჯახის წევრობისათვის. კითხვარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, გენდერულ თანასწორობას, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. 

თვითშეფასების კითხვარის შევსების შემდეგ, 2022 წლის ივნისში ევროკომისიამ გამოაქვეყნა საკუთარი მოსაზრება საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ევროკომისიამ საქართველოს განუსაზღვრა 12 პრიორიტეტი გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისათვის. აღნიშნული პრიორიტეტები პირდაპირ არ მოიცავდა გაუპატიურების სამართლებრივი განმარტების ტრანსფორმაციის მოთხოვნას. ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაზე, მოწყვლადი ჯგუფების დაცვის გაძლიერებასა და საერთაშორისო ვალდებულებების კეთილისინდისიერ შესრულებაზე. სწორედ ამ ვალდებულებათა შესრულების კონტექსტში უნდა შეფასდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისობა იმ საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებთან, რომლებიც ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას ისახავს მიზნად.

ამ კუთხით აღსანიშნავია ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის კონვენცია, რომელიც უფრო ფართოდ არის ცნობილი, როგორც სტამბულის კონვენცია. სტამბულის კონვენცია 2011 წელს იქნა მიღებული, ხოლო საქართველო მას 2017 წელს მიუერთდა. სტამბულის კონვენციის რატიფიცირებით სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება, ეროვნული კანონმდებლობა კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოეყვანა. სტამბულის კონვენცია კი მხოლოდ ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის საკითხებით არ შემოიფარგლება. კონვენცია სახელმწიფოებს ავალდებულებს, სისხლის სამართლის კანონმდებლობა ისე ჩამოაყალიბონ, რომ იგი სრულფასოვნად იცავდეს ადამიანის სექსუალურ ავტონომიასა და პირად თავისუფლებას.

კონვენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს გაუპატიურებისა და სხვა სექსუალური ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების განახლებული კონცეფცია,რომელიც უარს ამბობს ძალადობაზე ორიენტირებულ მიდგომაზე და მას ანაცვლებს პირის თავისუფალი,ნებაყოფლობითი თანხმობის მოდელით. სტამბულის კონვენციის 36-ე მუხლის თანახმად, დანაშაულად უნდა ჩაითვალოს ნებისმიერი სექსუალური ხასიათის ქმედება, რომელიც განხორციელებულია მეორე პირის მიერ ნებაყოფლობით გამოხატული თანხმობის გარეშე. ამავე მუხლის განმარტებითი ნაწილი ხაზს უსვამს, რომ თანხმობა აუცილებლად უნდა იყოს პირის თავისუფალი ნების შედეგი და ეს თანხმობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ მოდელისგან,რომელიც დღესაც მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლში. მოქმედი ნორმა გაუპატიურების არსებობას კვლავ ძალადობას, ძალადობის მუქარას, დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებას უკავშირებს, მაშინ როდესაც ევროპული სტანდარტი დანაშაულის მთავარ კრიტერიუმად სწორედ ნებაყოფლობითი და თავისუფალი თანხმობის არარსებობას მიიჩნევს. შედეგად, სამართლებრივი შეფასების მთავარი კვლევის საგანი არა დაზარალებულის სექსუალური ავტონომიის დარღვევა, არამედ იმის დადგენაა, გამოიყენა თუ არა მოძალადემ ფიზიკური ძალა ან შეძლო თუ არა დაზარალებულმა წინააღმდეგობის გაწევა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სექსუალური თავისუფლების არსი მდგომარეობს არა ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობაში, არამედ პირის უფლებაში, თავად გადაწყვიტოს სურს თუ არა კონკრეტულ სექსუალურ ურთიერთობაში მონაწილეობა. სწორედ ამიტომ, თანხმობის მოდელი დღეს განიხილება,როგორც ადამიანის ღირსების, სხეულის ხელშეუხებლობისა და სექსუალური ავტონომიის დაცვის ყველაზე ეფექტური სამართლებრივი მექანიზმი.

გაუპატიურების ცნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, გაუპატიურება არის პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. აღნიშნული ნორმა იცავს პირის სექსუალურ თავისუფლებასა და ხელშეუხებლობას, თუმცა მისი იურიდიული შემადგენლობა კვლავ ეფუძნება ტრადიციულ, იძულებაზე ორიენტირებულ მოდელს, რომლის ფარგლებშიც დანაშაულის არსებობის დასადგენად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ძალადობის ან იძულების კონკრეტული ფორმის, ფაქტის არსებობას.

საქართველოს კანონმდებლობაში მოქმედი მოდელის მიხედვით, საგამოძიებო ორგანოებისათვის და სასამართლოსათვის მნიშვნელოვანი ამოცანაა იმის დადგენა, არსებობდა თუ არა ფიზიკური ძალადობა, ძალადობის რეალური მუქარა ან დაზარალებულის ისეთი მდგომარეობა, რომელიც მას წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას ართმევდა. შესაბამისად პრაქტიკაში მნიშვნელობა ენიჭება არა იმ ფაქტს სახეზე იყო თუ არა დაზარალებულის თავისუფალი ნების გამოვლინება სექსუალური აქტის განხორციელებისას, არამედ იმას, შეძლო თუ არა მსხვერპლმა წინააღმდეგობის გაწევა; რამდენად ინტენისური იყო გამოყენებული ძალადობა.

თანამედროვე სისხლის სამართლის დოქტრინაში აღნიშნული მიდგომა  კრიტიკით გამოირჩევა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ქცევის შესახებ ჩატარებული ფსიქოლოგიური და კრიმინოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ დაზარალებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი საფრთხის,შიშის, ფსიქოლოგიური პარალიზების ან ტრავმის გამო ფიზიკურ წინააღმდეგობას საერთოდ ვერ უწევს მოძალადეს. შესაბამისად, წინააღმდეგობის არარსებობა ვერ ჩაითვლება თანხმობის არსებობის დამადასტურებელ გარემოებად.

ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის 137-ე მუხლი არ შეიცავს თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის სამართლებრივ განმარტებას. კანონში არ არის მითითებული, რომ სექსუალური ურთიერთობის კანონიერების მათავარი და უმნიშვნელოვანესი წინაპირობა პირის თავისუფლად გამოხატული თანხმობაა. სწორედ ეს ქმნის შეუსაბამობას მოქმედ ეროვნულ რეგულაციასა და თანამედროვე ევროპულ სტანდარტს შორის.

სტამბულის კონვენციის 36-ე მუხლი და თანხმობაზე დაფუძნებული მოდელი

სტამბულის კონვენციამ, რომელიც ევროსაბჭომ 2011 წელს მიიღო, არსებითად შეცვალა სექსუალური ძალადობის სამართლებრივი შეფასების ფილოსოფია. კონვენციის 36-ე მუხლი სახელმწიფოებს ავალდებულებს სისხლისსამართლებრივი წესით დასაჯონ ნებისმიერი არაკონსესუალური სექსუალური აქტი. ამავე მუხლის განმარტებითი ნაწილის მიხედვით, მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმას, გამოხატა თუ არა დაზარალებულმა თავისუფლად და ნებაყოფლობით თანხმობა სექსუალურ კავშირზე. მეორეხარისხოვანია გამოიყენა თუ არა მოძალადემ ფიზიკური ძალა.

კონვენცია ხაზგასმით აღნიშნავს,რომ თანხმობა უნდა იყოს პირის თავისუფალი ნების შედეგი და უნდა შეფასდეს თითოეული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. ამ მიდგომის მიზანია სექსუალური ავტონომიის დაცვა,რომელიც გულისხმობს თითოეული ადამიანის უფლებას,დამოუკიდებლად გადაწყვიტოს,სურს თუ არა კონრეტულ სექსუალურ ურთიერთობაში მონაწილეობა.

თანხმობის მოდელი ეფუძნება პრინციპს “only yes means yes”, რომლის თანახმადაც, თანხმობა არ შეიძლება გამოითქვას ვარაუდით, დუმილით ან დაზარალებულის პასიური ქცევით. თანხმობა უნდა იყოს აქტიური, თავისუფალი, ნებაყოფლობითი, მკაფიო და ნებისმიერ ეტაპზე გაუქმებადი. ამ მიდგომით პასუხისმგებლობა დაზარალებულიდან მოძალადაზე გადადის, სწორედ მას ეკისრება ვალდებულება დარწმუნდეს, რომ მეორე მხარე ნამდვილად თანახმაა.

სტამბულის კონვენციის განმარტებითი ანგარიში ასევე მიუთითებს, რომ ძალადობის არსებობა შეიძლება წარმოადგენდეს ერთ-ერთ მტკიცებულებას, თუმცა იგი არ არის გაუპატიურების სავალდებულო ელემენტი. ეს მიდგომა,თავის მხრივ, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის სასამართლო გადაწყვეტილებებშიც ნათლადაა ხაზგასმული, რომ სახელმწიფოს ვალდებულება სექსუალური ავტონომიის ეფექტურად დაცვაა. შესაბამისად გაუპატიურების ცნება არ უნდა შეიზღუდოს ძალადობრივი შემთხვევებით.

ამ მხრივ აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება M.C v. Bulgaria (2003). ამ გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფოები ვალდებულნი არიან სისხლის სამართლის ნორმები ისე ჩამოაყალიბონ, რომ პასუხისმგებლობა გავრცელდეს ნებისმიერ არაკონსესუალურ სექსუალურ აქტზე, მიუხედავად იმისა, სახეზე იყო თუ არა ფიზიკური ძალადობა ან დაზარალებულის მხრიდან აქტიური წინააღმდეგობა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ევროპულმა სახელმწიფოებმა ცვლილებები შეიტანეს სისხლის სამართლის კოდექსებში.

GREVIO-ს შეფასებები საქართველოს შესახებ

საქართველოში სტამბულის კონვენციის იმპლემენტაციის შეფასების ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედ ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) შეფასებებს. GREVIO, კონვენციის მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმი, აფასებს იმას, თუ რამდენად სრულყოფილად ასრულებენ კონვენციაზე მიერთებული სახელმწიფოები სამართლებრივი დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს.

საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებაში GREVIO-მ დადებითად შეაფასა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული რიგი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ნაბიჯები, თუმცა, ამავე დროს, აღნიშნა ისიც, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ მოქმედი სისხლისსამართლებრივი რეგულირება სრულ შესაბამისობაში არ არის სტამბულის კონვენციის 36-ე მუხლით დადგენილ სტანდარტთან. GREVIO-მ ხაზი გაუსვა, რომ გაუპატიურების სამართლებრივი განმარტება უნდა ეფუძნებოდეს დაზარალებულის თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის არსებობას და არა მხოლოდ ძალადობის ფაქტის დადგენას.

ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით გასცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, უნდა გადაიხედოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის იურიდიული შემადგენლობა. GREVIO-ს შეფასებით, თანხმობაზე დაფუძნებული მოდელის დანერგვა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვას, შეამცირებს დანაშაულის არაერთგზისობის რისკს და მართლმსაჯულების პროცესს ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებულ მიდგომას დაუახლოვებს.

საქართველოს მიერ სტამბულის კონვენციის რატიფიცირებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და ქვეყნის ევროპული ინტენგრაციის პროცესი საჭიროებს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ტრანსფორმაციას. გაუპატიურების ცნების თანხმობაზე დაფუძნებულ მოდელზე გადასვლა არ წარმოადგენს მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებას. იგი გამოხატავს ადამიანის ღირსების, სექსუალური ავტონომიისა და სხეულის ხელშეუხებლობის თანამედროვე გაგებას. შესაბამისად მიზანშეწონილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის ფორმულირება ისე, რომ დანაშაულის არსებობის მთავარ კრიტერიუმად დაზარალებულის თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობა განისაზღვროს; ეს კი უზრუნველყოფს, როგორც სტამბულის კონვენციის მოთხოვნების შესრულებას, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის დანერგვას იმ სახელმწიფოში, რომელსაც გეზი ევროპისკენ აქვს აღებული.

ავტორი

  • მია. კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი და კავკასიის უნივერსიტეტის ელჩი. ჩემი ინტერესის სფეროა საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები, პოლიტიკა და რელიგიური ფილოსოფია. ვფიქრობ, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერება სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. ამ მიზნის მიღწევა კი მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებითაა შესაძლებელი.

მია ტაბატაძე

მია. კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი და კავკასიის უნივერსიტეტის ელჩი. ჩემი ინტერესის სფეროა საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები, პოლიტიკა და რელიგიური ფილოსოფია. ვფიქრობ, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერება სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. ამ მიზნის მიღწევა კი მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებითაა შესაძლებელი.